საკუთარი გარეგნობისადმი გაფაქიზებულები
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 22.08, 2023 წელი
ანუ სხვისი ფულით
მოგეხსენებათ, ჩვენ ძლიერ ვეტრფით განა თბილისის, ევროპულ ჰავას და ხშირად დაგვწყვეტია გული, როდესაც სადა ჩაცმული ევროპელი მაღალჩინოსნები დაგვინახავს ან იმ ფოტოებისთვის მოგვიკრავს თვალი, როდესაც ისინი ველოსიპედით გადაადგილდებიან. ბუნებრივია, ეს გვაფრთიანებდა, რომ ჩვენებურთა ფუფუნებისადმი მიდრეკილება გაგვეკრიტიკებინა (აი, ის კიდევ ცალკე თემაა, თავად ჩვენ თუ გადავადგილდებით ველოსიპედებით და მოკრძალებულ სამოსს ვანიჭებთ უპირატესობას, მაგრამ, ალბათ, ჩვენ გვეპატიება, იმიტომ რომ არც პრეზიდენტები ვართ, არც პრემიერ-მინისტრები და მინისტრის მოადგილე რა, ისიც კი – არა).
ჰოდა, სანამ ჩვენ ამ ტკბილ ზმანებებში ვიყავით და, მათ შორის, ანგელა მერკელის სადა სამოსსა და საყიდლებზე საკუთარი ფეხით სიარულს შევნატროდით, გერმანულმა გამოცემამ (Tagesspiegel) ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომ ყოფილი კანცლერის, ანუ ქალბატონი ანგელას სტილისტების მომსახურებაზე თვით ქვეყნის ბიუჯეტიდან 55 ათას ევრომდე ფული დაიხარჯა და, რაც მთავარია, მას შემდეგ, რაც კანცლერის პოსტი დატოვა (ვითომ კანცლერობისას თმას არ ივარცხნიდა?!).
სხვათა შორის, მას არც მოქმედი კანცლერი ოლაფ შოლცი ჩამორჩენია. ასე, მაგალითად, 2022 წელს გერმანიის მოქმედი კანცლერის მაკიაჟისა და ფოტოებისთვის გერმანიის ფედერალური ბიუჯეტიდან მილიონ-ნახევარ ევროზე მეტი დახარჯულა.
მე არ ვიცი, რა რეაქცია ექნება გერმანელ ამომრჩეველს ამ ინფორმაციაზე (თუმცა უდავოა, რომ მოვლილი კანცლერი ჯობს, ალბათ, მოუვლელს), მაგრამ, თუ ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ კოსმეტოლოგიურ პროცედურებს გავიხსენებთ, როგორც ჩანს, მაღალ-მაღალი სკამები ადამიანებს საკუთარი გარეგნობისადმი დამოკიდებულებას უფაქიზებს და, რაც მთავარია, სავარაუდოდ, განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც ამ სიამოვნებისთვის სხვების ფული იხარჯება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან