პოლიტიკა

როგორ მოკლეს აფხაზეთში ასლან ბჟანიას სირიაში ვიზიტის დროს ვლადისლავ არძინბას კლანის მემკვიდრე, ნახევრად კრიმინალი და უკონტროლო ქემალ არძინბა

№22

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 09.06, 2021 წელი

მამუკა არეშიძე
დაკოპირებულია

მართალია, მსოფლიო პოლიტიკაში დიდი არეულობაა, რუსეთმა მაინც გამონახა დრო დე-ფაქტო აფხაზეთის, ეგრეთ წოდებული, „პრ.-ს“ პიარისთვის. კერძოდ, ასლან ბჟანია სირიაში ჩავიდა, მეტიც, დე-ფაქტო აფხაზეთის დელეგაცია სირიის არჩევნებს დააკვირდება (მეორე მხრივ, ნიშანდობლივია, რომ ბაშარ ასადის გასაკეთილშობილებლად რუსეთს სეპარატისტების გარდა არავინ ჰყავს). ოღონდ გაცილებით საყურადღებო ბჟანიას ანტიოქიის პატრიარქთან შეხვედრა გახლდათ – ბუნებრივია, უმაღლესი სასულიერო იერარქი ვალდებულია, შეხვდეს ყველას, მით უმეტეს, გზასაცდენილ სეპარატისტებს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ანტიოქიის პატრიარქის ვებგვერდზე დე-ფაქტო აფხაზეთის, ეგრეთ წოდებული, „პრ.“ „აფხაზეთის პრეზიდენტადაა“ მოხსენიებული. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის საპატრიარქო ფორმალურად არ აღიარებს არც აფხაზებისა და არც ოსების ეკლესიას (და ორივე ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილია ოფიციალურად), რთული არ არის იმის გამოცნობა, ვისი ხათრით დააფასა პატრიარქმა იოანემ ჩვენებური სეპარატისტები. მამუკა არეშიძესთან ერთად განვიხილავთ კრემლის მიერ დე-ფაქტო აფხაზეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის პოლიტიკური გაცოცხლების მოტივებსაც და იმასაც, თუ რისი თქმა სურს ამით ჩვენთვის ოკუპანტ სახელმწიფოს.

– რატომ გახდა აუცილებელი ბჟანიასთვის პოლიტიკური სულის შთაბერვა?

– რაც ზედაპირზე დევს, შედეგია იმ ფარული თამაშების, რასაც ჩვენ მიგვაჩვია გეოპოლიტიკამ, ანუ მსხვილი მოთამაშეების სვლების შედეგია. ამ შემთხვევაში იგულისხმება რუსეთი. რუსეთი მუდმივად ცდილობს, რომ გამოიყენოს ბჟანიას რეჟიმი სხვადასხვა ამპლუაში. მაგალითად, თბილისში ცოტა გაკვირვებულები იყვნენ შამბასა და ბჟანიას აქტიურობით, როდესაც მათ განაცხადეს, რომ უნდათ დანარჩენ საქართველოსთან ახლებური ურთიერთობა. თუ შამბას შემთხვევაში შეიძლება, ვიფიქროთ, რომ ის, როგორც გამოცდილი პოლიტიკოსი, შეიძლება, ასე მართლაც ფიქრობდეს, ბჟანიას შემთხვევაში მოსკოვმა გადაწყვიტა, დათანხმებოდა დე-ფაქტო აფხაზეთის „მთავრობის“ ამ პოზიციას, რომ შემდეგ ბჟანიას ეს ხმამაღლა ეთქვა. ჩვენ ხშირად გვისაუბრია, რომ დასავლეთი, რომელიც ყარაბაღის ომის კონტექსტში სრულიად ამოკვეთეს სამხრეთ კავკასიური პოლიტიკიდან, ცდილობს, უკან დაბრუნდეს ჩვენი რეგიონის პოლიტიკაში და მას სჭირდება პლაცდარმი. პლაცდარმი შეიძლება, იყოს მხოლოდ საქართველო, ამიტომ სჭირდებოდა დასავლეთს აქ სტაბილური ვითარება. სხვათა შორის, მოსკოვსაც ძალიან სჭირდებოდა საქართველოსთან ურთიერთობის დალაგება. ცხადია, არ არის საუბარი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, მაგრამ თბილისის მონაწილეობა ექვსეულის ფორმატში უმნიშვნელოვანესი იყო და არის მოსკოვისთვის, რადგან მაშინ ისეთი რეგიონული ფორმატი შეიქმნება, რომელშიც რუსეთს უკვე აქვს ორი ხმა: ირანი და რუსეთი, საქართველოს თანხმობა კი ნიშნავს, რომ დასავლეთის შეზღუდვა სამხრეთ კავკასიურ პოლიტიკაში კიდევ უფრო გაღრმავდება.

– დიახ, ამიტომაც ჩვენ არ დავთანხმდით ამ ფორმატს.

– რასაკვირველია, არ დავთანხმდით, მაგრამ ეს იმიტომ ვთქვი, რომ დე-ფაქტო აფხაზეთის „ხელისუფლების“ გზავნილი თბილისთან ახალი ურთიერთობის სისტემის შექმნის შესახებ იყო გზავნილი თბილისისთვის მოსკოვიდან, რომ ისინი მზად არიან დიალოგის ახალი ფორმატისთვის და მეორე – დიალოგის სხვა რაუნდზე შეგვძლია, გადავიდეთ, თუ ამ პირველ ნაბიჯს გაგებით მოეკიდება თბილისი. ყველაფერი ყველაფერში იცვლება და იმისთვის, რომ ბჟანიას ჰქონდეს მეტ-ნაკლები თავისუფლების განცდა, ის უნდა დათანხმდეს მოსკოვის შეთავაზებებს. რით გამოიხატება ბჟანიას თავისუფლება? მოსკოვი აფხაზეთში სიტუაციას არეგულირებდა კრიმინალური სამყაროს მეშვეობითაც. ცხადია, მოსკოვს ბევრად მნიშვნელოვანი ბერკეტებიც აქვს, ვიდრე კრიმინალური სამყარო, მაგალითად, ტრანშის გადარიცხვა- გადმორიცხვა, თუმცა ტრანშები, რომლებსაც აფხაზეთს ჰპირდება მოსკოვი, ჩვეულებისამებრ, არასტაბილურად ირიცხება და არა იმიტომ რომ მოსკოვს ფული არ აქვს, უბრალოდ, უნდა აწრუწუნონ აფხაზები.

– ბჟანიას „გაპრეზიდენტების“ შემდეგ კარგა ხანს არ ჩაურიცხეს ფული.

– დიახ, ვიდრე არ ჩავიდა მოსკოვში და იქ რაღაც რაღაცაში არ გაიცვალა. მოსკოვისთვის ბჟანიას ახლო აღმოსავლეთში აქტიურობა დაკავშირებულია იმასთან, რომ, ჯერ ერთი, დე-ფაქტო აფხაზეთი წარმოჩინდეს, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი და, მეორე, ბჟანიამ მოსკოვის გარკვეული დაკვეთა უნდა შეასრულოს. ჩვენი საზოგადოებისთვის უცნობია, მაგრამ საკმაოდ სერიოზული დაპირისპირებაა ახლო აღმოსავლეთში იქაურ ჩერქეზებსა და აფხაზებს შორის გავლენების მოპოვებისთვის. აფხაზი სირიასა და მიმდებარე ქვეყნებში ცოტაა, ჩერქეზები კი ბევრნი არიან. დაახლოებით, 350 000 ჩერქეზი ცხოვრობს სირიაში, ლიბანსა და იორდანიაში, ხოლო აფხაზების რიცხვი, დაახლოებით, 8 000-10 000-ია სამივე ქვეყანაში. ქართველმა დიპლომატებმა მოახერხეს იორდანიელი ჩერქეზების პოზიციის შეცვლა. იმ სამ ქვეყანაში მაცხოვრებელ ჩერქეზულ დიასპორებს შორის წამყვანია იორდანიული. ეს არის დიასპორა, რომელსაც ჰყავს ბევრი სამხედრო პირი.

– იორდანიის მეფის დაცვაში არიან ჩერქეზები.

– იყვნენ, ახლა აღარ არიან, მაგრამ მაინც სამხედრო ელიტაა. ერთადერთი დიასპორული ორგანიზაციაა, რომელსაც აქვს თავისი ტელევიზია და, შესაბამისად, დიდი გავლენაც დანარჩენ ორ ჩერქეზულ და აფხაზურ დიასპორებზეც. ნუ დაგვავიწყდება, რომ ერთადერთ სამხედრო-საზღვაო ბაზაზე, რომელიც რუსეთს ჰქონდა სირიაში, დაქირავებულ არასამხედრო პერსონალს შეადგენენ აფხაზები. ეს კეთდებოდა შეგნებულად. ასე რომ, სირიაში აფხაზურსა და ჩერქეზულ დიასპორაზე რუსეთს დიდი გავლენა აქვს, თუმცა იორდანიულ ჩერქეზულ დიასპორაზე გავლენა დაკარგეს ქართული დიპლომატიის მეშვეობით. იმისთვის, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება შეიცვალოს, საჭიროა ბჟანიას ვიზიტები. ბჟანიას ვიზიტს წინ უძღოდა სირიაში აფხაზური დელეგაციის ვიზიტები სხვადასხვა დონეზე. თან, ასეთი ტიპის, ანუ მოსამზადებელი, უკვე მესამე თუ მეოთხე ვიზიტია ბოლო წლების განმავლობაში. მათ შორის, სირიაში ჯერ დავით სასანია, აფხაზეთში ცნობილი ბლოგერი იყო ჩასული, მაგრამ იორდანიელმა ჩერქეზებმა არ მიიღეს. ამიტომ ახლა აუცილებელი გახდა ისეთი მსხვილი ფიგურის ჩასვლა, როგორიც ბჟანიაა, ანუ ჩერქეზულ-აფხაზური სისხლის ყველაზე მაღალი პოლიტიკური დონის ფიგურის ჩასვლა. სამაგიეროდ რას იღებს ბჟანია? ჯერ ერთი, საკუთარ პიარს ახლო აღმოსავლეთში, თანაც, ანტიოქიის პატრიარქთან შეხვედრა ცალკე თემაა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, თუ გახსოვთ, 2014 წელს ხაჯიმბაც იყო ჩასული მსოფლიო პატრიარქთან, მეორე მხრივ კი, ბჟანიას თვითონ აფხაზეთში გაეხსნა ხელ-ფეხი. ის დაერია კრიმინალურ სამყაროს აფხაზეთში და, ფაქტობრივად, გაანადგურა.

– ახრა ავიძბაც დაიჭირა.

– ახრა დაიჭირეს, ყველაზე ცნობილი სამი კრიმინალური ავტორიტეტი, „პიზას“ მეთაურობით, დახოცეს. მათ შორის, ორის – შამბასა და ავიძბას – სიკვდილს შეეწირა ხაჯიმბა და ამ ბოლო პერიოდში მოკლეს ქემალ არძინბა, რომელიც, ასევე, ძალიან გავლენიანი ფიგურა იყო, ოღონდ ნახევრად კრიმინალი. ვლადისლავ არძინბას ვაჟი არ ჰყავდა და მისი ძმისშვილი ქემალი ითვლებოდა მისი ქონების მემკვიდრედ. ის იყო უთავხედესი და უცერემონიო პიროვნება, რომელიც, რასაც უნდა, იმას აკეთებდა სოხუმში და იყო უმდიდრესი კაცი. ისიც ახალახან მოკლეს სოხუმში, თან, მაშინ, როდესაც ბჟანია სირიაში იყო. ამდენად, რუსები და აფხაზები მოქმედებენ პრინციპით, ხელი ხელს ჰბანს.

– ანტიოქიის პატრიარქი როგორ მოხვდა ამ გაუგებრობაში?

– ბუნებრივია, ანტიოქიის პატრიარქი ფიგურაა მართლმადიდებლურ საეკლესიო იერარქიაში, უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმოამდგენელია, მაგრამ დღეს არანაირი გავლენა არ აქვს.

– კონსტანტინეპოლის პატრიარქისნაირ მდგომარეობაშია, აქვს ტიტული, მაგრამ არ ჰყავს მრევლი.

– კონსტანტინოპოლის პატრიარქს მსოფლიო პატრიარქი მაინც ჰქვია, ანტიოქიის პატრიარქს ასეთი გავლენაც კი არ აქვს.

– აქვე მკითხველს შევახსენებ, ანტიოქიის ეკლესია ჩვენი დედა-ეკლესიაა, ანუ ვინც ცნო ჩვენი, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია.

– დიახ, ასე იყო. არ მინდა, ვინმეს ცილი დავწამო, მაგრამ დღეს მსოფლიოში პოლიტიკა კეთდება გარკვეული კომპრომისების საფუძველზეც და ასეთი რამ, სამწუხაროდ, ხდება საეკლესიო იერარქიაშიც. არ არის გამორიცხული, რომ ანტიოქიიის პატრიარქმა გარკვეული პრეფერენციების გამო გადადგა ეს ნაბიჯი, ეს პრეფერენციები, რასაკვირველია, მოდის მოსკოვიდან და რუსეთის ეკლესიიდან. ოღონდ მე არ ვიცი, კონკრეტულად რაში გამოიხატება. თუ გახსოვთ, მსოფლიო პატრიარქთან ხაჯიმბას ვიზიტიც პომპეზური იყო, მაგრამ არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. ეს იყო შეხვედრა კადრისთვის. როდესაც ანტიოქიის პატრიარქს საქართველოდან საპროტესტო წერილს მიაწოდებენ, ის აუცილებლად იტყვის, არ ვიცოდიო. ასე ხდება ხოლმე. უნდა ითქვას, რომ მართლმადიდებლური ეკლესიების ბევრი იერარქისთვის საქართველოს ეკლესია ქმნის პრობლემებს: იმიტომ რომ საქართველოს ეკლესია არასდროს მონაწილეობს პოლიტიზებულ ღონისძიებებში, პირიქით, ყოველთვის, კარგი გაგებით, პოზაშია. ყოველთვის ხელმძღვანელობს საეკლესიო კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლის წესებით. ეს ცოტა გამაღიზიანებელია მავანისთვის, რადგან საქართველოს ეკლესიას პოლიტიკურ თამაშებში ვერ იყენებენ. თან, საქართველოს ეკლესიას თავისი საპატიო ადგილი უჭირავს, ყველამ იცის, რომ ქართული ეკლესიის ნამდვილი ადგილი დიპტიქში მეხუთეა. ქრისტიანულ სამყაროში ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვინ უფრო ადრე შექმნა თავისი ეკლესია და მცირე ქვეყნებს შორის საქართველო ერთადერთია, რომელსაც უძველესი ეკლესია აქვს და, თან, მსოფლიო საეკლესიო კრების წევრია. არ ჩამოქცეულა ქვეყანა იმით, რომ ბჟანია შეხვდა ანტიოქიის პატრიარქს, თუმცა უსიამოვნო ფაქტია, რომელსაც ანტიოქიის პატრიარქის მხრიდან აუცილებლად მოჰყვება შერბილების მცდელობა. ეს, სამწუხაროდ, ასე ხდება ხოლმე.

– არ არიან აფხაზები ასე თავგადაკლული მართლმადიდებლები და რა მიიღო ბჟანიამ ანტიოქიის პატრიარქთან შეხვედრით ასეთი ფასდაუდებელი?

– ახლა უკვე არიან. მართალია, აფხაზეთში გაიზარდა მუსლიმთა საერთო რაოდენობა, მაგრამ სირიიდან და ზოგიერთი არაბული ქვეყნიდან ჩასულების ხარჯზე. ადგილობრივი აფხაზები მასობრივად არ იღებენ ისლამს.

– მაგრამ ისევ მუხას აკერპებენ?

– აფხაზების 72 პროცენტი ქრისტიანია, ფორმალურად მაინც, 10-12 პროცენტი მუსლიმია, დანარჩენი კი მუხის კულტის მიმდევარია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი