პოლიტიკა

როგორ იმართება და ზომბირდება საზოგადოებრივი აზრი სოციალურ ქსელებში ადამიანების განწყობების შესწავლით

№47

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 30.11, 2022 წელი

ბესო ალადაშვილი
დაკოპირებულია

ჩვეული მოვლენაა, რომ მას შემდეგ, რაც საძიებო სისტემაში ან სოციალურ ქსელებში კონკრეტულ ინფორმაციას მონახავ, შესაბამისი რეკლამებიც არ ახანებს, მაგრამ პირადად მე დავაკვირდი, რომ კარგა ხანია, არა მხოლოდ იმ პროდუქციის რეკლამას მიჩვენებს სოციალური ქსელი, არამედ იმის რეკლამასაც კი, რის შესახებ უბრალოდ ველაპარაკე ვინმეს პირისპირ. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ საკმარისია, მავანი ვახსენო მიმოწერაში ან დავურეკო, ფბ აუცილებლად ამომიგდებს იმ ადამიანის პროფილს, შეგონებით: „შესაძლოა, იცნობდეთ“. შორს ვარ იმ აზრისგან, მთელი სამყაროა მოყურადებული, ნინომ რა თქვა და გაიფიქრაო, მაგრამ ფაქტია, რომ ტექნიკის მიღწევის შედეგად შექმნილი მოწყობილობები უმალ რეაგირებენ ჩემს სიტყვებსა და ლამის ფიქრებზე კი. მეორე მხრივ, ეს კომფორტულიცაა, ვინაიდან მე არ მიწევს არაფრის ძებნა და რაც მაინტერესებს, ხონჩით მომართმევენ, შესაბამისად, მეც კმაყოფილი უნდა ვიყო (წესითა და რიგით) და იმ პროდუქციისა თუ მომსახურების გამწევი და მწარმოებელიც, თუმცა მაინც არასასიამოვნოა ასეთი კონტროლის განცდა. ამ თემაზე თავის მოსაზრებას უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი ბესიკ ალადაშვილი გაგვიზიარებს.

– ბიზნესის მხრივ, ეს მოსახერხებელია, მაგრამ ადამიანები ხომ სხვა თემებზეც ვსაუბრობთ? ანუ როგორაა დაპროგრამებული შესაბამისი ალგორითმები, რომ მიღებული ინფორმაციით ეფექტიანად ვმართოთ ადამიანები? ეს მართლაც ტოტალური კონტროლია?

– შეიძლება, ვთქვათ, რომ ორივე. ზოგადად, ტექნოლოგიების განვითარებამ უფრო გაამარტივა სპეცსამსახურების მუშაობა, რადგან, თუ ადრე ქალაქის ტელეფონებზე უნდა „ეჩალიჩათ“, ეგრეთ წოდებულ, „ატეესში“, სატელეფონო სადგურში უნდა დაემონტაჟებინათ მოსასმენი, ან პარალელური ხაზი გაეყვანათ, ან თვითონ ამ კონკრეტულ ნომერს უნდა შეერთებულიყვნენ და ასე შემდეგ, რაც საკმაოდ შრომატევადი პროცესი იყო და დიდ ყურადღებას მოითხოვდა, დღეს ძალიან მარტივადაა შესაძლებელი მობილური ტელეფონის მიყურადება. ფაქტობრივად, ონლაინრეჟიმში გადაიცემა ნომერი და ავტომატურად იწერება. მეტიც, იქ შეიძლება, აღირიცხოს, რომელ ნომრებს დაუკავშირდა და ყველა საუბარი ჩაიწეროს. ორიოდე წლის წინ დიდი სკანდალი გამოიწვია სატელეფონო ჩანაწერების ფაილებმა, ძირითადად, სატელეფონო საუბრები იყო ჩაწერილი და ამ საუბრების ბეჭდური ვერსიები გამოვიდა. არ გამიკვირდება, რომ თქვენ ან მეც, განსაკუთრებით, თქვენ, გაცილებით შემტევი და აქტიური ჟურნალისტი ბრძანდებით, კომპლიმენტი არ არის, გვიყურადებდნენ. ეს რაც შეეხება სპეცსამსახურებს. იმავე სოციალურმა ქსელმა და ინტერნეტმა სპეცსამსახურებს, ასევე, გაუადვილა წვდომა მათთვის საინტერესო სუბიექტებზე და მათ შესახებ ინფორმაციის შეგროვება.

– როდესაც ვრეკავ, ჯერ ერთი ზარი გადის, სად, არ ვიცი და შემდეგ მასთან, ვისთანაც ვრეკავ.

– დიახ, ეს ჩემს ტელეფონზეც ხდება. სპეციალისტებს ვესაუბრე ამის შესახებ და ორი ვერსიაა: ხაზების პრობლემაა და არ უკავშირდება მოსმენას, მეორენი კი არ გამორიცხავენ, რომ გადართვის პროცესი ხდება.

– საინტერესო ისაა, რომ რეკლამებს მიჩვენებს იმ პროდუქციისაც, რომელიც მე ვთქვი არა სატელეფონო საუბრისას, არამედ მაშინ, როდესაც ტელეფონი უბრალოდ იდო ჩემ გვერდით. ზოგადად, მობილური ტელეფონი ძალიან მაღიზიანებს, როგორც მუდმივი კავშირის თავს მოხვევა.

– ტელეფონს დადებითიც აქვს, ვხედავთ, ვინ რეკავს და ვწყვეტთ, ვართ თუ არა იმ აბონენტთან საუბრის ხასიათზე და, ბოლოს და ბოლოს, შეგვიძლია, მობილური გამოვრთოთ და დავისვენებთ.

– მე ასეც ვიქცევი ხოლმე.

– რაც შეეხება თქვენი დაეჭვების მიზეზს: რომ გავაანალიზოთ და გამადიდებელი შუშით შევხედოთ, რომ ის ინფორმაცია, რაზედაც თქვენ საუბრობდით და ინტერნეტში დაგხვდათ, გამოდის, ბმა უნდა იყოს იმ კონკრეტულ კომპანიასა და მოსმენას შორის, რაც არარეალურად მიმაჩნია.

– კონკრეტული ფირმა რატომ? „ფბ“ აგდებს იმ რეკლამებს და ის დაინტერესებულია, რომ რეკლამებმა იმუშაოს.

– მაგრამ „ფეისბუქი“ როგორ მოგვისმენს?!

- აი, ეს მაინტერესებს მეც.

– პირდაპირ რომ ვთქვათ. სოციალური ქსელი თავადაა ინფორმაციის უზარმაზარი მასივი. მათ აღიარეს კიდეც, რომ ყიდიან ინფორმაციას თავიანთი მომხმარებლების ინტერესებზე, მათ მისწრაფებებზე, ჩვევებზე, რას ანიჭებენ უპირატესობას. ამის შემსწავლელი სპეციალური დანაყოფები არსებობს და ეს არის სპეცსამსახურის პატარა მოდელი. იქ არის ანალიტიკური განყოფილება, კონკურენტებზე დაკვირვების განყოფილება და მარკეტინგი, ფაქტობრივად, არის ინფორმაციის მოძიება და საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება, მინი-სპეცსამსახურად შეიძლება, ჩავთვალოთ ყველა წარმატებული კომპანია. მე არ ვიცი, ეს რამდენად ეხება ქართულ კომპანიებს, იმიტომ რომ ჩვენთან ისევ ძველი, მამაპაპაური მეთოდებით მუშაობენ. ვხედავთ, როგორი ვნებათაღელვაა „ტვიტერის“ გამო. ილონ მასკი „ტვიტერში“ რევოლუციებს იწყებს და ბევრი უკვე „ინსტაგრამზე“ გადადის. ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ერთი უნდა ვთქვათ, ინტერნეტმა, 2000-იანი წლებიდან გამოიწვია, ჩემი აზრით, მასობრივი დაავადება, შეიძლება, ბევრი ხვდება ამას, მაგრამ ბევრიც ვერ ხვდება. არც თუ მცირე ოდენობის ადამიანისთვის დილა იწყება იმით, რომ „ჩასქროლოს“ და ნახოს, ვინ მისწერა. ჩემი შვილებიც, გათენდება თუ არა, მისცვივდებიან ტელეფონებს. პრობლემაა, ვაითუ, ტელეფონი დაჯდა, ვეღარ დავტენო. სამწუხაროდ, ინტერნეტზე დამოკიდებულება, ალბათ, ოცდამეერთე საუკუნის ცუდი დაავადებაა. თან, ჩვენ, გარდა ამისა, ბევრ ინფორმაციასაც გავცემთ ისე, რომ არც კი ვაკონტროლებთ. მგონი, წლების წინათ ვისაუბრეთ, როდესაც ქართველი მინისტრები, წინა ხელისუფლების დროს, ტრაბახობდნენ, რომ „ოდნოკლასნიკებში“ არიან. წარმოიდგინეთ, ეს აგვისტოს ომის შემდეგ ხდებოდა.

– დიახ, მახსოვს და ისიც, ვინც ამას ამბობდა.

– ის აღარც ხელისუფლებაშია და არც ძველი ხელისუფლების გუნდში, მგონი, ამერიკაში მძღოლად მუშაობს. არადა ამ ქმედებებით, ფოტოებით, სტატუსებით, უამრავ ინფორმაციას გასცემდა თავისი თავის შესახებ, სამთავრობო შეხვედრების შესახებ. ასეთი ინფორმაცია სპეცსამსახურებისთვის პური და წყალია, საარსებო საშუალებებია. არანაირი აგენტურა არ იყო საჭირო. კარგი ანალიტიკური პროგრამა ავტომატურად ალაგებს, ვთქვათ, ალადაშვილის შესახებ მთელ ინფორმაციას, რასაც ის „ფეისბუქზე“ აქვეყნებს. მით უმეტეს, რომ არც ელფოსტაზე წვდომაა სპეცსამსახურებისთვის რთული. ყველა ეს ინფორმაცია თავს ერთად იყრის. თუ დაინტერესებისა და შესწავლის ობიექტი ვართ, დოსიე დგება თითოეულ პიროვნებაზე. ხოლო კერძო კომპანიები კი, რა თქმა უნდა, ჩვენს აქტივობებს აჯგუფებენ, ბაზას აკეთებენ და შემდეგ ამ ინფორმაციას ყიდიან. მათთვის ეს საკმაოდ დიდი შემოსავალია და ვიცით ეს „ფეისბუქის“ მაგალითზე.

– და ძალიან აუტანელი ამბავი: „გუგლი“ იმახსოვრებს ყველაფერს, ჩემი ყველა პაროლის ჩათვლით, მასთანაა სინქრონიზბული ჩემი მობილური, რომელშიც გარდა სოციალური ქსელებისა და სხვა საკომუნიკაციო პროგრამებისა, ჩემი მობაილბანკიცაა და ნავიგატორიც და შემდეგ მთავაზობს ინფოს, ამ თვეში ამდენი და ამდენი კილომეტრი გაიარეთ და აქა და აქ იყავით. გადაშლილი წიგნები ვართ, არადა სხვანაირად ვერც იცხოვრებ.

– მე, მაგალითად, ვცდილობ, ელექტრონული გადარიცხვები არ გავაკეთო. გამოვიტანო თანხა და ჯობია, ასე მოვიქცეთ ხოლმე, ეს თავიდან აგვაცილებს ჰაკერების მიერ საბანკო ანგარიშების გახსნის საფრთხესაც. ამავე დროს, ჩვენი აქტივობა, ბუნებრივია, ფიქსირდება მობილური ტელეფონის სიმბარათის გადაადგილებითაც. ანტენები გადასცემენ ერთმანეთს, როგორ და სად გადაადგილდება ჩვენი სიმბარათი. ჩვენი რეალური მოძრაობის ტრაექტორია ფიქსირდება, რა თქმა უნდა, კონტროლდება ჩვენი შემომავალი და გამავალი ზარებიც, საუბრებიც. რაც მეტი ფუნქცია აქვს ტელეფონს, უფრო მეტად იშიფრება ადამიანი და დაინტერესების შემთხვევაში, როგორც ხელისგულზე, ისე ვართ. ამ 30 წლის წინ ამას ვერც წარმოვიდგენდით, მაგრამ თანდათანობით უცხოპლანეტელებზე ფანტასტიკური ფილმების ეპოქაში შევდივართ და არაა გამორიცხული, რობოტების აჯანყებაც ვიხილოთ. ყოველ შემთხვევაში, ტექნოლოგიების აჯანყება. დღეს ძალიან ბევრ ქვეყანას ელექტრონული მთავრობები ჰყავს. ელექტრონულად ტარდება თათბირი თუ მიიღება გადაწყვეტილება, იგზავნება პროექტები თუ საიდუმლო დოკუმენტები, ვითომ დაცვაც აქვს სისტემას, მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი იკითხება, წვდომაა ნებისმიერ ელექტრონულ აქტივობაზე. და ჩვენ ამაში დავრწმუნდით – უამრავი ვირუსული პროგრამაა, რომლებიც, აზრზეც არ ვართ, ისე ხსნიან ჩვენს ელფოსტას, ჩვენს მიმოწერას ან ვირუსს შემოუშვებს, ან ეს ჩვენი მიმოწერა პირდაპირ მიაქვს. ამის მაგალითიც უამრავი იყო და არის.

– ეს სადღაც ერთ ცენტრში იყრის თავს თუ სხვადასხვა ცენტრში?

– სამწუხაროდ, ისეა, რომ დღეს მობილური ტელეფონების მიყურადება შესაძლებელია საელჩოების, კერძო კომპანიების ან პიროვნების მიერ, ვინაიდან არსებობს ამის სპეციალური ტექნოლოგია, მცირე ზომის მოსასმენი საშუალებებია, ანუ, ამ მიმართულებით ისე ვითარდება ტექნოლოგიები, რომ შესაძლებლობებიც იზრდება და და ჩვენ უკვე ამ ქსელში ვართ. ჩვენ შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალეა. მასების მართვისა და ტვინების კონკრეტული მიმართულებით წაყვანისთვის სოციალური ქსელები მართლაც იარაღია და უფრო და უფრო განვითარდება. ზუსტად სოციალური ქსელებიდან დგინდება, ამა თუ იმ რეგიონში მოსახლეობის რა რაოდენობა როგორ უყურებს რასობრივსა თუ სხვა თემებს. შემდეგ ხდება წერტილოვანი დარტყმების შემუშავება იმ რეგიონისთვის, რომ საზოგადოების აზრზე იმოქმედონ, გაიხლიჩონ და დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, თუ საჭიროა.

–ჩვენ მათთვის ვართ ნომრები, რაოდენობა და უბრალოდ, შეისწავლიან განწყობებს, რომ კონკრეტული რეგიონისადმი ესა თუ ის პოლიტიკა შეიმუშაონ. და, თუ ნინო დააინტერესებთ, ნინოს დოსიეს ამოიღებენ და გაშიფრავენ.

– სამწუხაროდ, ასეა, რა თქმა უნდა.

– ესე იგი, თუ არ გინდა, იქცე მასად, უნდა წახვიდე ტყეში?

– ტყეშიც შეიძლება მოსმენა მართული მიკროფონებით... ამდენად, ადამიანი თავად უნდა წყვეტდეს, აქვს თუ არა საიდუმლო ინფორმაცია, არის თუ არა დაინტერესების ობიექტი და ამის მიხედვით უნდა გეგმავდეს თავის მოქმედებებსა და ცხოვრებას. ჩვენ საჯაროდ იმას ვწერთ და ვლაპარაკობთ, რასაც ვფიქრობთ და მე, მაგალითად, ზედმეტი გართულება არ მაქვს, თუ ვინმე მისმენს. პირიქით, ვთავაზობ, სტატიაც წაიკითხონ და ინტერვიუსაც მოუსმინონ, რომ უკეთ გაიგონ, რას ვფიქრობ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი