პოლიტიკა

როგორ იქცა პოლიტიკურ იარაღად ისლამი და რატომ არის ყურანში ნახსენები ერთადერთი ქალი – მარიამი

№8

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 03.03, 2021 წელი

აღმოსავლეთმცოდნე დავით
კობერიძე
დაკოპირებულია

ისლამი, როგორც პრობლემა, საკმაოდ სერიოზულია და ამის დასტური თავად ისლამური სახალიფოს შექმნის ამბავია, მართალია, კორონავირუსმა ეს პრობლემა მიანავლა, თუმცა, რაკი არაფერია მუდმივი მზისქვეშეთში, პანდემიაც ჩაივლის და ტერორიზმი შესაძლოა, კვლავ იქცეს მსოფლიოს ნომერ პირველ პრობლემად – იმიტომ რომ ტერორისტები არსად წასულან და მათ სრულად ვერც კორონა იმსხვერპლებდა. რატომ იქცა ისლამი პოლიტიკურ იარაღად და, ბოლოს და ბოლოს, ყურანი ჰუმანიზმისკენ მოუწოდებს თავის აღმსარებლებს თუ აგრესიისკენ არამუსლიმებისადმი? – ამ თემას აღმოსავლეთმცოდნე დავით კობერიძესთან ერთად განვიხილავთ.

– როდიდან იქცა ისლამი პოლიტიკურ იარაღად, ჩვენი კავკასიელი მეზობლები თითქოს ტრადიციული ისლამის მიმდევრები არიან, ამიტომაც არ გვექმნებოდა მათთან გადაუჭრელი პრობლემები?

– მოკლედ რომ ვთქვა, ისლამი პოლიტიკურ იარაღად ზუსტად 14 საუკუნის წინათ იქცა, ანუ როგორც კი გაჩნდა, მაშინვე. საერთოდაც, ისლამი პოლიტიკის გარეშე არ არსებობს. მცდარი შეხედულებებისა და ტერმინების მოზღვავებაა თანამედროვე მსოფლიოში, რაც ნაწილობრივ გამოწვეულია ინფორმაციის ნაკლებობით და, მეორე მხრივ, ყალბი პოლიტკორექტულობით. ითვლება, რომ ვიღაცები არიან ზომიერი მუსლიმები, მეორენი – არაზომიერები. რაც შეეხება ტრადიციულ ისლამს, ეს არის სალაფია, ანუ ისინი თავად უწოდებენ თავს ნამდვილ მუსლიმებს და ეს სიმართლეა. სალაფიას მიმდევარს რომ ჰკითხო, სალაფია ხარ ან ახლა სხვა ტერმინიცაა დამკვიდრებული – ვაჰაბიტი ხარ? ძალიანაც არ ესიამოვნება და იტყვის, მე მუსლიმი ვარ. ესეც სიმართლეა, რადგან სალაფიას არანაირი სახელმძღვანელო არ გააჩნია, ისევე, როგორც ყველა მუსლიმის, მისი წიგნია „ყურანი“. რა არის ეს სალაფია: უნდა ვიცოდეთ, რომ ისლამში არის არაბული ტერმინოლოგია: არაბული ენა არის ისლამის ენა. ისლამი არ ცნობს სხვა ენებს. „ყურანის“ თარგმნა შესაძლებელია, მაგრამ არა რელიგიური მოხმარებისთვის, ქართულადაც გვაქვს გიორგი ლობჟანიძის მშვენიერი თარგმანი, რომელსაც მეჩეთში არავინ წაიკითხავს, რადგან სხვა ენაზე დაწერილი „ყურანი“ არ დაიშვება რელიგიური საქმიანობისთვის. სხვათა შორის, ეს ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს ისლამისთვის. იმიტომ რომ მუსლიმების დიდმა უმრავლესობამ არაბული არ იცის, მაგალითად, გავიდეთ მარნეულში ან ავიდეთ ზემო აჭარაში და ვნახოთ, ვინ იცის არაბული.

– აბა, როგორ ლოცულობენ? არ ესმით, რაზე ლოცულობენ?

– მათთვის ბევრი რამაა გაუგებარი და ეს წარმოშობს ძალიან ბევრ პრობლემას. ერთმა ადამიანმა, უბრალოდ, არ იცის, რა წერია „ყურანში“, მასთან მოდის სხვა ადამიანი, რომელმაც რელიგიური განათლება მიიღო, ვთქვათ, საუდის არაბეთში, თურქეთში, პაკისტანსა თუ სხვაგან და რასაც ეუბნება, იმის ბრმად სჯერა. წარმოგიდგენიათ, რა ხდება?! თან, ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ არის.

– თუ სწორად მივხვდი, ცალკეული პიროვნებების ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული „ყურანის“ გაგება? ეს ხომ ნიშნავს, რომ დაინტერესებულმა სახელმწიფოებმა, ჯგუფებმა შეიძლება, მოამზადონ კადრები, გაუშვან სხვადასხვა ქვეყნებში და იქ მუსლიმებს ისე აუხსნან „ყურანს“, როგორც მათთვისაა ხელსაყრელი?

– ასეც ხდება, მაგრამ, როგორც გითხარით, არსებობს „ყურანის“ თარგმანები და ნებისმიერს შეუძლია, ჩაიხედოს და გადაამოწმოს, ეუბნებიან თუ არა სიმართლეს, მაგრამ ყურანის ტექსტია იმდენად რთული, რომ იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას, თუმცა „ყურანში“ არის უამრავი მოსაზრება, რის ორმაგი წაკითხვაც თავში არც მოუვა ადამიანს, იმდენად ნათლად წერია. ხშირად კი არაპირდაპირი საუბარი და შეფარული აზრებია. მეტიც, ბოლომდე არცაა გაშიფრული და ბევრი ნიუანსია, რაც დღემდე არ იციან, რას ნიშნავს. „ყურანი“ ძალიან საინტერესო წიგნია და ბევრს საუბრობს ებრაელებსა და ქრისტიანებზე. ერთი პარადოქსული ფაქტიც შემიძლია, გითხრათ. ხომ ამხელა მნიშვნელობის წიგნია ყურანი, მაგრამ არც ერთხელ არ არის ნახსენები მუჰამედის დედის სახელი და საერთოდ არც ერთი ქალის სახელი არ არის ნახსენები. ერთადერთი გამონაკლისია მარიამი და ერთ-ერთ თავს, მოგეხსენებათ, ყურანი 114 თავისგან შედგება, მარიამიც კი ჰქვია. ისიც უნდა გითხრათ, რომ უამრავჯერაა მოხსენიებული იესო. ასე რომ, გამორიცხულია, მუსლიმმა პატივი არ სცეს მარიამსა და ქრისტეს. მაშინ ის მუსლიმი არ არის, თუ აუგად მოიხსენია მარიამი ან იესო, სხვა საქმეა, რომ „ყურანს“ განსხვავებული შეხედულება აქვს იესოზე. მაგალითად, ისლამი არ ცნობს წმიდა სამებას. იმის გამო, რომ ქრისტიანები აღიარებენ წმიდა სამებას, მუსლიმისთვის ქრისტიანი არ არის ერთი ღმერთის მაღიარებელი, ანუ პოლითეისტია.

– არსობრივი განსხვავებაა. ვინ არის ქრისტე მუსლიმისთვის?

– ძალიან კონკრეტული როლი აქვს მუსლიმისთვის იესოს, ისევე, როგორც მუჰამედს, ის არის მოციქული. ალაჰის ერთ-ერთი მოციქული, მოსე, ქრისტე, მუჰამედი, დაახლოებით, ერთი რანგის მოღვაწეებად ჰყავს წარმოჩენილი ისლამს.

– მარიამ ღვთისმშობელი?

– ძალიან დიდ პატივს სცემენ. რთული სახელდება აქვს პიროვნებას ისლამში, იესო ძე მარიამისა, აი, ასე მოიხსენიება ისლამში იესო, რაც უნიკალური შემთხვევაა, თუ ერთდერთი არა, იმიტომ რომ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ნახსენებია მამის სახელები. მაგალითად, მათი წინასწარმეტყველის, მუჰამედის, მამას ერქვა აბდალა და ის ხშირად ასე მოიხსენიება: მუჰამედ იბნ აბდალა, ანუ მუჰამედი აბდალას ძე, მაგრამ იესოს მოიხსენიებენ, როგორც მარიამის ძეს. მუსლიმებისთვის აბსულუტურად მიუღებელია ძე ღვთისა – ამას საერთოდ არ აღიარებენ და არც უნდა გვიკვირდეს.

ასევე, ისლამი არ აღიარებს ჯვარცმას – „ყურანში“ ასეა ნათქვამი, იქ მყოფ ადამიანებს მოეჩვენათ, რომ იესო იყო გაკრული ჯვარზე, სინამდვილეში, იქ სხვა ადამიანი აცვეს ჯვარს, იესო კი ამაღლდა უფალთან, სანამ მეორედ მოვა და მათთვისაც მეორედ მოსვლა უკავშირდება იესოს, ოღონდ ის მათთვის მოვა არა, როგორც ღმერთკაცი, არამედ, როგორც ალაჰის მოციქული.

– ჩვენ, მართლმადიდებლებს, გვყავს მამა ღმერთი და ჩვენი განკაცებული უფალი, ქრისტე, ამბობს, ვინც მიხილა მე, იხილა მამა. იგივე დატვირთვა აქვს ალაჰს ისლამში, რაც ჩვენთვის მამა ღმერთს?

– არა, იქ ალაჰი ერთადერთი ღმერთია. ისლამში არსებობს უნივერსალური ფორმულა, რომელსაც ყველა მუსლიმი წარმოთქვამს, როდესაც შედის ისლამში: არ არსებობს ღმერთი ალაჰის გარდა და მუჰამედი მისი მოციქულია. არაბები ისლამამდე წარმართები იყვნენ და ძალიან ბევრი ღმერთი ჰყავდათ, ამიტომ მათ დასჭირდათ ეს თეზა: არ არსებობს ღმერთი ალაჰის გარდა. ამდენად, სამების გამო დიდი პრეტენზიები აქვთ მუსლიმებს.

– უცნაურია, მე ხომ არ მაქვს პრეტენზია, რომ, მაგალითად, თურქი, ირანელი, არაბი სხვა მუსლიმია?

– ეს ყურანის მოთხოვნაა, რამდენადაც ისლამი თვლის, რომ ადამიანი უნდა იყოს მორწმუნე და მუსლიმები იქამდე და იმდენს უნდა ეცადონ, სანამ ყველა არ იქნება მუსლიმი.

– ძალით უნდა ვიყო მუსლიმი თუ როგორ?

– როდესაც არაბები დაპყრობით ომებს აწარმოებდნენ და ეს ხდებოდა ისლამის გარიჟრაჟზე, მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ გაფართოება დაიწყო არაბულმა სახალიფომ. ისლამის ტრადიციის მიხედვით და ეს ტრადიცა გრძელდება, ხალხს, სადაც შედიოდნენ მუსლიმები, ჰქონდათ სამი ალტერნატივა: იღებდნენ ისლამს ან არ იღებდნენ ისლამს და იბრძოდნენ და არის მესამე ვარიანტი, რაც ვრცელდებოდა მხოლოდ ქრისტიანებსა და იუდეველებზე (მათ წიგნის ხალხს უწოდებენ, იმიტომ რომ ზეციური წიგნი ებოძათ – ძველი და ახალი აღთქმა – არ გადადის ისლამში), მათ უწესდებოდათ შეზღუდვები, ახალ ეკლესიას ვერ ააშენებდნენ, ძველი ეკლესიის აღდგენა არ შეეძლოთ, ზარები დაბალ ხმაზე უნდა დაერეკათ და სხვა, ამას გარდა, უნდა გადაეხადათ სპეციალური გადასახადი – ჯიზია. ეს წერია პირდაპირ: საკუთარი ხელით უნდა გადაიხადონ ჯიზია და ამით იქნებიან დამცირებულები. მოგახსენეთ, რომ ეს ტრადიცია გრძელდება და, სულ რამდენიმე წლის წინათ, როდესაც განახლდა და შეიქმნა ისლამური სახელმწიფო, ანუ ისლამური სახალიფო, რომელსაც უამრავგან ჰქონდა ფილიალები, მათ შორის, კავკასიაშიც – დღემდე, ისინიც ასეთ ხელშეკრულებას დებდნენ ადგილობრივ ქრისტიანებთან, ან გადმოხვალთ ისლამში, ან გვებრძვით, ან იხდით ჯიზიას.

– არის თუ არა ისლამი აგრესიული რელიგია, ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია ვრცელდება.

– რას ნიშნავს ისლამში ურთიერთგამომრიცხავი დებულებები: ამას აქვს საფუძველი. ძალიან პირობითად ყურანი ორ ნაწილად შეიძლება, გავყოთ, პირველი ნაწილი მექაში გარდმოევლინა მუჰამედს, მას შემდეგ, რაც მუჰამედი თავის მცირერიცხოვან მომხრეებთან ერთად იძულებული იყი, გადასულიყო მადინაში, იქ მას გარდმოევლინა ყურანის მეორე ნაწილი. მექაში მუჰამედს ძალიან ცოტა მომხრე ჰყავდა და მექის სურებში ნათქვამია: რელიგიაში არ არსებობს ძალდატანება. მადინაში უკვე შეიცვალა სიტუაცია: მუჰამედი მოძლიერდა, იქ უკვე ყურანი ძალიან მკაცრია და საკმაო აგრესიულობით გამოირჩევა, რამაც ძალიან ბევრს მისცა საფუძველი იმის თქმის, რომ ყურანი აგრესიულია. მადინის სურებით თუ იხელმძღვანელა ადამიანმა, მაშინ იქ ბევრი სისხლი დაიღვრება, თუ მექის სურებით – გაცილებით ნაკლები...

– ევროპაში იზრდება მუსლიმების რაოდენობა. ყურანის მიხედვით, ეს რას ნიშნავს? მიგრანტებს თავიანთი წესები შეაქვთ, რის მსხვერპლიც გახდება ევროპული ღირებულებები?

– ევროპელებმა უკვე დაინახეს ის საფრთხეები, რაც ემუქრებათ. თითქოს რელიგიისგან რა საფრთხე უნდა მომდინარეობდეს?! მაგრამ დასაწყისშივე გითხარით, რომ არაპოლიტიკური ისლამი არ არსებობს. ისლამის პოლიტიკური მოთხოვნაა: მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, სადაც უნდა ცხოვრობდეს ის, მიისწრაფვოდეს ისლამური სახელმწიფოს, სახალიფოს შექმნისთვის და გაიგებს თუ არა, რომ სადმე შეიქმნა სახალიფო, უნდა ეცადოს, წავიდეს და იქ იცხოვროს, რადგან მხოლოდ ისლამურ სახელმწიფოში შეიძლება, იყოს შარიათის კანონები. მეორე მხრივ, მუსლიმი უნდა ცხოვრობდეს ისლამის გარემოში და ისლამის მიხედვით. ხოლო ისლამის მიხედვით ცხოვრება მხოლოდ ყურანით ცხოვრება არ არის, არსებობს ჰადისები, გადმოცემები, რომლებსაც არანაკლები მნიშვნელობა აქვს და, ამდენად, მუსლიმი არა მხოლოდ უნდა ცხოვრობდეს ისლამის კანონებით, არამედ, სადაც ცხოვრობს, იქაც უნდა დაამკვიდროს ისლამის კანონები და თუ ეს არ გამოდის, მაშინ უნდა წავიდეს იმ ქვეყნიდან იქ, სადაც მოქმედებს ისლამის კანონები. იმ ხალხს, რომლებიც აღმოსავლეთიდან და უამრავი ქვეყნიდან გადადიან ევროპაში, არ აქვთ ადგილობრივ საზოგადოებასთან ადაპტაციის სურვილი. აქედან მოდის პრობლემები და ეს ევროპის ბევრ ქვეყანაში ხდება, მაგრამ ევროპელები უკვე მიხვდნენ ამას და რაღაც ზომების მიღებას ცდილობენ, თუ დაგვიანებული არ არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი