პოლიტიკა

როგორ იქცა ხორბალი გეოპოლიტიკის იარაღად და რატომ ცვლის დასავლეთი თავის მიერვე დაწესებულ თამაშის წესებს გზადაგზა

№25

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 29.06, 2022 წელი

სოსო ცინცაძე
დაკოპირებულია

დასავლეთი ბელარუსისთვის სანქციების დრობით მოხსნის ვარიანტს განიხილავს, რომ მოახერხოს უკრაინული ხორბლის უკრაინიდან გამოტანა. მართალია, ევროპის უკანასკნელ დიქტატორად შერაცხულ ლუკაშენკოს ჯერ პასუხი არ უთქვამს, თუმცა დასაფიქრებელია თამაშის ასეთი ფორმა, ანუ როდესაც წესები გზადაგზა იცვლება (ან სანქციებს აწესებ, ან ხსნი). მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ უკრაინის წილი მსოფლიო მოხმარების ხორბალში სანქციების დაწესებამდეც იყო ცნობილი (და არა მარტო ხორბლის, სხვა მარცვლეულისაც და პროდუქტებისაც), ისევე, როგორც რუსეთის. ამდენად, ვფიქრობ, უხერხული მდგომარეობა იქმნება. ამ თემას ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად განვიხილავთ.

– რატომ დავრჩით პუტინის გულმოწყალების იმედზე, იქნებ გამოატაროს უკრაინული ხორბალი, რომ შიმშილი არ იყოს და ახლა ბელარუსსაც ევაჭრებიან სანქციების დროებით მოხსნით?

– დავასახელეთ უკრაინა და ბელარუსი, მაგრამ ეს გლობალური თამაშის ორი მონაწილეა, რომლებიც არ ასრულებენ პირველი ვიოლინოს როლს და მათ უწევთ იმ გლობალური პროცესებისთვის ანგარიშის გაწევა, რასაც გაცილებით დიდი მოთამაშეები აწესებენ დიდი თამაშის თეორიის მიხედვით. ამდენად, ბელარუსიც და უკრაინაც იძულებული არიან, მისდიონ თამაშის იმ წესებს, რომლებიც შეიძლება, მათ სახელმწიფოებრივ ინტერესებში არ ჯდებოდეს.

– ოღონდ სხვადასხვა მხარის თამაშის წესებს მისდევენ.

– დიახ, ანგარიშის გაწევის გამო უწევთ ხარკის გაღება. უკრაინისთვის ეს არის ადამიანური, ფინანსური, მატერიალური დანაკარგები, ნგრევა, ბელორუსისთვის კი – ის ერთგულება, რასაც ის იჩენს რუსეთისადმი, როგორც ერთიანი სამოკავშირეო სახელმწიფოს წევრი და ამ ამორფული გაერთიანების ერთ-ერთი სუბიექტი. რაც შეეხება იმას, რატომ უნდა მოეხსნას და ეხსნება თუ არა სანქციები ბელარუსს: მთავარი როლი შეასრულა უკრაინელი ხალხის მედგარმა წინააღმდეგობამ. სიტუაცია სწორედ ამ მედგარმა წინააღმდეგობამ აჭრა – საკუთარი ქვეყნის დაცვის სურვილმა, თორემ, ერთი მხრივ, რუსეთი ვარაუდობდა, რომ სამხედრო კამპანია რამდენიმე დღეს გაგრძელდებოდა, ხოლო ამერიკის დაზვერვა და დასავლეთის კომპეტენტური ორგანოები ფიქრობდნენ, რომ უკრაინას რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის რამდენიმედღიანი რესურსი ჰქონდა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში საკმაოდ მაღალ დონეზეა კორუფცია, კანონი არ კანონობს და ასე შემდეგ, ეს ხალხი მაინც შედარებით თავისუფალი, კაზაკური სულის მატარებელია და ყოველთვის ცდილობდნენ, თავი დაეღწიათ დესპოტური, ცენტრალიზებული სახელმწიფოსგან, თავისუფლების გემო მათ უფრო აქვთ გამჯდარი ძვალსა და რბილში, ვიდრე რუსეთის ოლქებისა და გუბერნიების ამჟამინდელ მოსახლეობას. ასე რომ, უკრაინელებმა იციან თავისუფლების ფასი და ამ თავისუფლებისთვის იბრძვიან. თანაც, იბრძვიან არა მხოლოდ ეთნიკური უკრაინელები, არამედ რუსებიც და სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც. ბელორუსისთვის სანქციების შეჩერება დიდი პოლიტიკის ნაწილია და უკრაინა მოლაპარაკებას არ აწარმოებს მარტო პოლონეთთან და რუმინეთთან – ამ ორი ქვეყნის გავლით უკვე გავიდა უკრაინული მარცვლეულის გარკვეული ოდენობა, თუმცა ეს საკმაოდ შეზღუდული რესურსია, ამიტომ რკინიგზით მარცვლეულის გადატანა გაცილებით რთულია, ვიდრე ზღვით. მეტიც, გემით გადატანილი მარცვლეული რკინიგზის რამდენიმე ეშელონის ეკვივალენტურია. ამიტომ გემით გადატანას აქვს უპირატესობა როგორც ხარჯების, ისე ერთდროულად დიდი ოდენობის გატანის მხრივაც. რუსეთი ცინიკურად ამბობს, განნაღმეთ ის პორტები, რომლებიც უკრაინის მიერ კონტროლდება და მაშინ ჩვენ მივცემთ ტვირთის გატანის საშუალებას, მაგრამ ეს ორლესური მახვილია: თავის დროზე ამ პორტების დანაღმვა გადაწყდა იმიტომ, რომ ზღვიდან რუსული დესანტი არ შეჭრილიყო ოდესისკენ. შესაბამისად, რუსეთისადმი ნულოვანი ნდობის პირობებში, პორტების განნაღმვა რთული გადაწყვეტილებაა უკრაინისთვის, თუმცა მიდის მოლაპარაკება თურქეთის მეშვეობით. სხვათა შორის, ბოლო დღეებში დაიწყო მოლაპარაკება ბალტიის ქვეყნებთან, რომ იმავე ბელარუსის გავლით ბალტიის პორტებიდან ჩაიტანონ მარცვლეული და შემდეგ გემებით გაიტანონ. მარცვლეულის ძალიან დიდი მარაგი ინახება უკრაინის ელევატორებში: დაახლოებით, 23 ტონაზეა საუბარი. სპეციალისტების აზრით, მთელი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა რომ გადაერთოს მარცვლეულის გატანაზე, შესაძლებელი იქნება მხოლოდ 10 მილიონი ტონის გადაზიდვა.

– თან, რკინიგზით გატანა არ არის უსაფრთხო გაქანებული საომარი მოქმედებებისას.

– რა თქმა უნდა, საომარი მოქმედებების გამო რკინიგზა ხშირად ზიანდება. ამიტომ, ტრადიციულად, საზღვაო ტრანსპორტს ენიჭებოდა უპირატესობა. ამ პირობებში საკმაოდ ცინიკურია რუსეთის განცხადება, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ უკრაინის 2 პორტს და მოგცემთ საშუალებას, რომ აქედან გავიდეს უკრაინული ხორბალიო. ამას გარდა ეკონომიკურისა, პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. ეს იგივეა, „კოკა-კოლას“ მფლობელმა ჭყონიამ საჯაროდ „პეპსი-კოლას“ დალევა რომ დაიწყოს, ირონიით რომ ვთქვათ. თუმცა, მარცვლეულის გატანა მნიშვნელოვანი პრობლემაა და ის პოლიტიკური ბრძოლის იარაღი გახდა. ბოლო წლებში საკმაოდ გაიზარდა მარცვლეულის ფასები და ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება. რუსეთის წილად, ბოლო წლების მიხედვით, მოდიოდა მსოფლიო მომარაგების 15-17 პროცენტი, ახლა ეს მაჩვენებელი არანაკლებ 21 პროცენტი იქნებაო. უკრაინასაც საკმაოდ მაღალი წილი ეკავა: დაახლოებით, 10-12 პროცენტი, საომარი მოქმედებების გამო ეს პროცენტი დაიწევს, თუმცა, საბოლოოდ, ამ ორი ქვეყნის ჯამური სიდიდე 27-30 პროცენტია.

– ბელარუსი რატომ უნდა დათანხმდეს ხორბლის გატანის სანაცვლოდ სანქციების დროებით შეჩერებას?

– ბელარუსის მთავარი ამოცანაა, შეინარჩუნოს იმიჯი, რომ სამომავლოდ ჰქონდეს დასავლეთის სახელმწიფოებთან მოლაპარაკებებისას თავისთვის სასარგებლო სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნების ან აღდგენის პერსპექტივა. მართალია, ბელარუსს არ დაუწყია სამხედრო ინტერვენცია, მაგრამ მისი ტერიტორია რუსეთმა პლაცდარმად გამოიყენა, რაც თანამონაწილეობას ნიშნავს. მართლაც, თუკი რუსეთი აფრთხილებს „ნატოს“ წევრ ქვეყნებს, მივიტან იერიშს იმ ქვეყნებზე, რომლებიდანაც სამხედრო ტვირთი მოხვდება უკრაინაშიო, ბელარუსის ტერიტორიის გამოყენება უკრაინაში შეჭრისთვის ცალსახად თანამონაწილეობაა. სავარაუდოდ, ბელარუსი ყველა ნაბიჯს გადადგამს საიმისოდ, რომ როგორმე სანქციების სიმძიმე შეიმსუბუქოს. ამ შემთხვევაში თავის ტერიტორიაზე უკრაინული მარცვლეულის ნაწილის გატარება ერთგვარი მაშველი რგოლია რეპუტაციის გადასარჩენად.

– აქვს თუ არა ბელარუსს რუსეთისგან დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობა?

– რუსეთის ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში გატარებული ღონისძიებების ფონზე, საკმაოდ რთულია რამე რაციონალური დასკვნის გაკეთება, თუმცა, წესით, რუსეთისთვისაც უნდა იყოს ხელსაყრელი ისეთი მოკავშირე, რომელთანაც დასავლეთს არ აქვს მკაცრი დამოკიდებულება. სხვათა შორის, 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციებით დიდწილად სწორედ ბელარუსმა ისარგებლა. დასავლეთ ევროპიდან შეტანილ საქონელს მარკას უცვლიდნენ და რუსეთში შედიოდა, როგორც ბელარუსული საქონელი. ორივე მხარე ამაზე თვალს ხუჭავდა და ბელარუსი საკმაოდ დიდ სარგებელს ნახულობდა. მთლიანობაში, რჩება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკოსთა უმეტესობა უფრო ტაქტიკურ შედეგებზეა ორიენტირებული და მათი მიზანიც ისტორიის პირველ მოსახვევამდეა გათვლილი. იმაზე, თუ რა მოჰყვება ამას შემდეგ, შედარებით ნაკლებად მსჯელობენ. ამიტომაც მსოფლიოში შეინიშნება არა მხოლოდ მარცვლეულის, არამედ სტრატეგიული ხედვის მქონე პოლიტიკოსების დეფიციტიც და სანამ ეს პროპორციები არ შეიცვლება, მსოფლიო არ არის დაზღვეული ასეთი რყევებისგან.

– რუსულ ხორბალს, სავარაუდოდ, არ შეისყიდიან. სად გაყიდის?

– რუსული ხორბალი ბევრ ქვეყანაში გადის.

– კონკრეტულად სად?

– ევროპას რუსული ხორბალი არ სჭირდება, იმიტომ რომ საფრანგეთი, რუმინეთი, გერმანია თავად აწარმოებენ მარცვლეულს და გააქვთ ექსპორტზე. საქართველოში მოსახლეობის ერთ სულზე ვაწარმოებთ, დაახლოებით, 100-120 კილოგრამ ხორბალს; ევროპაში ეს მაჩვენებელი, საშუალოდ, 750-800 კილოგრამია. უკრაინა ჩვენზე გაცილებით წინაა: მოსახლეობის ერთ სულზე ჩვენზე 16-ჯერ მეტი ხორბალი მოჰყავთ.

– ანუ რუსეთი ვერ მოახდენს გავლენას ევროპაში ხორბლის ფასსა და ოდენობაზე?

– რუსეთს ჰყავს თავისი კლიენტურა. ხორბალს ყიდის აფრიკის ცალკეულ ქვეყნებში, მაგრამ უკრაინასაც თავისი სეგმენტი ჰქონდა მსოფლიო ბაზარზე და ეს შემცირდა. ასევე, ინდოეთმა გარკვეული დროით შეწყვიტა მარცვლეულის ექსპორტი. ინდოეთი ხორბლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მწარმოებელია. მართალია, მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ჰყავს, მაგრამ მაინც ახერხებდა ხორბლის ექსპორტს და ცალკეული წლების მიხედვით, ეს მაჩვენებელი 10-12 მილიონი ტონაა, რაც წელს მოაკლდება მსოფლიო ბაზარს და ეს საკმაოდ დიდი წილია. მსოფლიოში ყოველწლიურად, დაახლოებით, 200 მილიონ ტონამდე ხორბლის ექსპორტი ხორციელდება. ინდოეთმა შეწყვიტა ექსპორტი, დიდი ოდენობით უკრაინული მარცვლეული რჩება უკრაინაში რეალიზაციის გარეშე – დაახლოებით, 13-15 მილიონი. ეს აკლდება მსოფლიო ბაზარს. ექსპორტიორების ვარაუდით, ამას იგრძნობს მსოფლიოს 11-19 მილიონი მოსახლე იმ ქვეყნებში, რომლებიც იყვნენ უკრაინისა და ინდოეთის ხორბლის იმპორტიორები. თუ სიტუაცია არ დალაგდა, კიდევ უფრო დრამატული მოვლენები შეიძლება, განვითარდეს.

– ამის გათვლა არ შეიძლებოდა?

– ამიტომ ვთქვი, პოლიტიკოსთა უმრავლესობა უფრო ტაქტიკოსია და ცდილობს, სპრინტერულ დისტანციაზე მოიპოვოს წარმატება: არჩევნებიდან არჩევნებამდე, გრძელვადიან პერსპექტივაზე ნაკლებად ფიქრობენ. უკრაინის ამბებმაც დაადასტურა, რომ ბევრი ხელისუფლება კარგად არ იცნობს თავისი ხალხის პოტენციალს და ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინას.

– ჩვენ, ძირითადად, რუსეთიდან ვიღებთ ხორბალს. ჩვენი პერსპექტივა როგორია?

– ჩვენ დღემდე ვიღებთ მარცვლეულს რუსეთიდან, თუმცა ბოლო პერიოდში რუსეთმა ხორბლის ნაცვლად ფქვილის მოწოდება დაიწყო: მეტ სამუშაო ადგილს ქმნის თავის ტერიტორიაზე და უფრო ძვირად ყიდის ფქვილს. ხორბლის გადამუშავების შემდეგ რჩება ქატო, რომელსაც ვიყენებთ მეცხოველეობაში და ესეც ცალკე გვექნება შესაძენი. ამდენად, ქართული ზღაპრების ფინალმა: „ფქვილი აქა, ქატო იქა“ სიმბოლური დატვირთვაც შეიძინა, ფქვილს გვაძლევენ, ქატოსთვის კი შეიძლება, დამატებითი ხარჯის გაღება მოგვიწიოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი