პოლიტიკა

როგორ იყენებენ უკრაინას ევროპული ნეონაციზმის აღორძინების პლაცდარმად

№24

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 22.06, 2022 წელი

დემურ გიორხელიძე
დაკოპირებულია

დასავლურ მედიაში, რატომღაც, ჩნდება პუბლიკაციები, რომელთა ავტორებიც ყურადღებას ამახვილებენ ევროპაში ნაციზმის აღორძინებასა და ამ პროცესში უკრაინის როლზე. მეორე მხრივ, უცნაურია ნაციზმის ბრალდება უკრაინისადმი (თუნდაც, ირიბი და ზედაპირული), ვინაიდან უკრაინა არავის დასხმია თავს და საკუთარი ნება არ მოუხვევია. ამ აქცენტებს ანალიტიკოს დემურ გიორხელიძესთან ერთად განვიხილავთ.

– თქვენ გააზიარეთ ამერიკული გამოცემის სტატიის სათაური – „უკრაინა ნაციზმის ინკუბატორი, უარესი წინაა“. რა შუაშია უკრაინა და ნაციზმი და რა უარესი მომავალი იგულისხმება?

– მე არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ იმ გამოცემაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, ვინაიდან ამ ტიპის სტატიები მრავალ გამოცემაში ქვეყნდება, მათ შორის, ისეთ უმნიშვნელოვანეს გამოცემაში, როგორიც „გარდიანია“. გვინდა თუ არა, ეს მოვლენა შენიშნულია: ევროპაში ნეონაციზმის აღორძინება, ყოველ შემთხვევაში, გერმანიის ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის წარმომადგენელთა ბიოგრაფიებიც გაშიფრულია და უმთავრეს თანამდებობებზე მყოფნი, ფაქტობრივად, „ესესის“ მაღალჩინოსნების შვილიშვილები არიან. ეს სიფრთხილის გამო დაწერილი სტატიებია, იმიტომ რომ არავის უნდა წარსულში დაბრუნება და, თავისთავად ცხადია, ამ ტენდენციას წინააღმდეგობას გაუწევენ. ჩვენს საზოგადოებაში საკმაოდ დიდ ნაწილს არ უნდა რეალობის აღიარება, ფაქტებს ეჩხუბებიან და, რაც დავწერე, დავწერე იმ შიშის გამო, რომ ამ ყალბმა მხარდაჭერამ და იდეოლოგიამ რაღაცნაირად არ გააჩინოს ნეონაცისტური განწყობები და, სამწუხაროდ, უკვე გააჩინა. გამომიგზავნეს რამდენიმე სტატია, რომლებშიც ქართველები პირდაპირ ამბობენ, რომ ნეონაცისტები არიან და ეს ყველაზე კარგ მიმართულებად მიაჩნიათ.

– როდესაც ვფიქრობ, საიდანაა ჩვენს საზოგადოებაში ამდენი აგრესია და ნეობოლშევიზმის მიმდევარი, მახსენდება, რომ გასული საუკუნის დამსმენების, დამხვრეტების, ჯალათების, „ტროიკების“ წევრების გენეტიკური შთამომავლები ჩვენ გვერდით ცხოვრობენ. იმის თქმა მინდა, რომ ნაციზმის მეორე მხარის, ბოლშევიზმ-ტროცკიზმის, პრობლემა ჩვენც გვაწუხებს.

– ცხადია. ჩვენ ეს ყველაფერი გავიარეთ და ტოტალიტარული სულისკვეთება 100 წლის შემდეგ, საუბედუროდ, საკმაოდ მძლავრად აისახა ქართულ სინამდვილეზე. გაიხსენეთ ოთარ იოსელიანის ფილმი „ყაჩაღები“. დრო გადის და არაფერი იცვლება, ის პარალელები სხვადასხვა დროის მოვლენებს შორის, რაც იოსელიანმა წარმოუდგენელი პროფესიონალიზმით აღწერა, ჩვენი ისტორიაა და დღეს ის ტენდენცია, რაზედაც გერმანიაში სამზარეულოების დონეზე საუბრობდნენ მესამე რაიხის დიდებაზე, გარეთ გამოდის. განსხვავება ისაა, რომ ადრე ნაცისტების შვილების თაობას ახსოვდა ის ტრაგედია, რაც გადაიტანა გერმანიამ და ამიტომ გაცილებით დიდ სიფრთხილეს იჩენდნენ, მაგრამ შვილიშვილების თაობას ეს არ ახსოვს, ხოლო წლების განმავლობაში სამზარეულოებში ესმოდათ მესამე რაიხის დიდება, მით უმეტეს, მათი ბაბუების საქმიანობის შესახებ. გაიხსენეთ, თუნდაც, შოლცის ბაბუა, „ესესის“ გენერალი. გერმანული ხასიათი არ ეგუება მარცხს და ცდილობს, დაძლიოს. იგივე ხდება საქართველოშიც. ნახეთ, როგორ უსწორდებოდნენ ადამიანები ერთმანეთს, ზოგს ვიღაცის ცოლი უნდოდა, ზოგს – ვიღაცის მანქანა. „ტროიკები“ დღესაც რომ დაუშვა, ის ხალხი, რომლებიც თითქოს დასავლურ ორიენტაციასაა ამოფარებული, სინამდვილეში კი არაფერი სცხიათ დასავლური კულტურის, გაანადგურებდა ყველას, რომელთა მიმართაც ოდნავ მაინც გაუჩნდებოდათ ეჭვი თუ მიუღებლობა. ამდენად, ჩვენ საშიშ ზღვარს გავდივართ და თუ ვწერ იმას, რასაც ვწერ, მხოლოდ იმისთვის, რომ ქართველი საზოგადოების უმრავლესობა, რომელსაც ძალიან გაუჭირვეს ის 70 წელი, საღია და ამ საღ ადამიანებს მინდა, იმედი და ძალა შევმატო ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში. ყველაფერს სჭირდება კონტროლი და სიფრთხილე, რომ არ დავკარგოთ სახელმწიფოებრიობა, რისი ალბათობაც ძალიან მაღალია.

– კარგა ხანია, საუბრობენ იმ საფრთხის შესახებ, რომ ის ულტრალიბერალიზმი, რაც გავრცელებულია დასავლეთში, რასაც მე ხელოვნურ ლიბერალიზს ვუწოდებ, აუცილებლად გამოიწვევდა ნაციზმის, როგორც საპირწონის, აღზევებას ევროპაში. მაგრამ რატომ გაჩნდა ეს ტერმინი „ნაციზმი“ უკრაინის კონტექსტში?

– საქმე ის არის, რომ ტოტალიტარიზმის, იმავე ტროცკიზმის აღორძინება ძალიან პოპულარული იყო შეერთებულ შტატებსა და ევროპაშიც და აღმოჩნდა, რომ ის დღესაც საოცრად დომინირებული შეხედულებათა სისტემაა. მისი პირდაპირ ამ სახით აღორძინება შეუძლებელი იქნებოდა და ამიტომ შეიფუთა ნეოლიბერალიზმით, ანუ სხვა ტერმინოლოგიით შეიფუთა ტოტალიტარიზმი. ლიბერალიზმსა და ნეოლიბერალიზმს ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ. ნეოლიბერალიზმი აშკარა ტოტალიტარიზმია, ანუ მედლის მეორე მხარე, რაც კარგად იქნა კულტივირებული და, სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ისეთ უზარმაზარ კულტურაზეც კი, როგორიც დასავლურია, რომლის აკვანიც ევროპაა. რატომ უკრაინა?! იმიტომ რომ 2014 წლის გადატრიალების შემდეგ უკრაინამ აიღო კურსი, რამაც დღემდე მიიყვანა ის ქვეყანა, მაგრამ იქ კიდევ სხვა რამეც მოხდა: იმ მოსამზადებელსა თუ გადასამზადებელ სამხედრო ცენტრებში, თურმე, როგორც ევროპულ გამოცემებში წერია, ევროპელ ნეონაცისტებსაც ამზადებდნენ. ანუ მათ ერთმანეთთან კავშირი აქვთ. მარიუპოლში, სკოლის გვერდით, იპოვეს „აზოვის“ საიდუმლო დოკუმენტები. საკმაოდ ბევრი მასალაა. ფაქტობრივად, ყველამ ყველაფერი იცოდა, ასე რომ, რაც დრო გავა, მით მეტი ფაქტი გამომზეურდება და მე მესმის ევროპელების შეშფოთება, იმიტომ რომ მეც ამით ვარ შეშფოთებული – ამ პროცესის მიშვება არ შეიძლება, ვინაიდან შემდეგ ამის დათრგუნვა მხოლოდ ძალით იქნება შესაძლებელი. მაშინ, როდესაც ახლა შესაძლებელია, ხელისუფლებების საღი და კანონიერი ნაბიჯებით შეიზღუდოს ეს განწყობები, თუმცა, ბუნებრივია, ვერ ამოიძირკვება. ტოტალიტარიზმი ყოველთვის აგრესიულია და ამ აგრესიას ისინი, როგორც კი მოძლიერდებიან აუცილებლად გამოიყენებენ საპირისპირო ძალის გასანადგურებლად.

– „აზოვსტალის“ დამცველებისადმი რატომ გაჩნდა მაკომპრომეტირებელი ცნობები? ისინი, ხომ, არავის დასხმიან თავს?

– თუ ამას დავარქმევთ მაკომპრომეტირებელ მასალას; ადამიანები წლების განმავლობაში თავად ამჟღავნებდნენ თავიანთ შეხედულებებს. იყო უამრავი საიტი, ქვეყნდებოდა მათი ფოტოები, ლოზუნგები, ნიშნები და ასე შემდეგ... მათ ამზადებდნენ სერიოზული ომისთვის, მაგრამ, ვიმეორებ, ყველაფერი, რაც შეიძლებოდა, ვარაუდით დაგესკვნა, გამოჩნდა. ადამიანს სხეულზე აქვს ჰიტლერის სვირინგი და სვასტიკა, რაც უნდა ახსნა, რატომ გაიკეთებს ადამიანი ასეთ სვირინგს, თუ ამისადმი სიმპათია არ აქვს?! თავადვე აკეთებდნენ ამის დემონსტრაციას. მგონი, დარწმუნებულები იყვნენ თვიანთ სიმართლეში, მაგრამ, როდესაც მიხვდნენ, რომ ამისგან არაფერი გამოვიდოდა და არც კიევიდან მოვიდოდა დახმარება, ჩაბარდნენ. ამ საბუთების გაშიფვრის შემდეგ, ალბათ, დაიდება მასალები და, ვფიქრობ, ბევრი შემზარავი რამ გამოაშკარავდება. ამიტომაა საჭირო სიფრთხილე. მე არ ვარ ადამიანი, ვისაც განსხვავებული აზრის ეშინია. პირიქით, ღმერთმა ნუ დაგვამსგავსოს ერთმანეთს და ერთნაირად არ გვაფიქროს, მაგრამ გვაქვს ჩვენი ქვეყანა, კულტურა, ჩვენი მომავალი და ამ ფარგლებში თუ ვართ შეთანხმებული, მაშინ მე სხვანაირი ვიქნები, თქვენ – სხვანაირი, ოღონდ გვჭირდება პოლიტიკური გრამატიკა, რომ ერთმანეთის გვესმოდეს, ერთმანეთის გამონათქვამებისადმი ძალიან კრიტიკულები ვიყოთ და ამაზე შეგვეძლოს ცივილიზებული საუბარი და კამათი და არ წამოვიწყოთ ის ტოტალიტარული შეტევები და სიშლეგემდე მისული აურზაური, რაც საჯარო სივრცეში ხდება.

– როგორც მივხვდი, ნაციზმის ინკუბატორად იგულისხმება არა უკრაინა, არამედ უკრაინის ტერიტორიაა?

– დიახ, მე რაც წამიკითხავს, იქ მინიშნებულია, რომ უკრაინაში შექმნილი ვითარება გამოიყენეს ევროპელი ნეონაცისტების მოსამზადებლად ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სამხედრო ცენტრებში.

– და რა შეიძლება, იყოს მათი მიზანი?

– ვთქვათ ზოგადად: როდესაც ტოტალიტარისტები რამისთვის ემზადებიან, რა ჯურის ტოტალიტარიზმიც უნდა იყოს, ისინი გარკვეული მიზნისკენ მიდიან. ამას სჭირდება მომზადება, ამას სჭირდება შესაბამისი სიტუაცია და ამისთვის მზადება საკმაოდ დიდი ხნის წინათ დაიწყო მსოფლიოში, იმიტომ რომ ის უზარმაზარი რესურსი, რომელიც მესამე რაიხის შემდეგ გაქრა, სადღაც მუშაობს და, ვფიქრობ, გარკვეული კატეგორიის ხალხს აქვს რევანშის განწყობა. დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი რევანში არ გამოვა, მაგრამ ამას შეიძლება, ძალიან ბევრი მსხვერპლი მოჰყვეს, ისევე, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს არანორმალური ოდენობის ადამიანი შეეწირა იმ დაპირისპირებას.

– მე ლოგიკურად ვერ ვხსნი, ან რატომ იბრძოდნენ ასე თავგანწირვით „აზოვსტალის“ დასაცავად, ან რატომ ჩაბარდნენ ისეთი კონტექსტის სამხედრო პირები, რაც თქვით?

– არანაირი ზელენსკი არ არის გარეული ამ ჩაბარებაში. როგორც მე მივხვდი, უბრალოდ, ის ადამიანები, რომლებიც, მართლაც, უმაღლესი კლასის მეომრები არიან, აღმოჩნდნენ რთულ ვითარებაში; ეგონათ, რომ კიევი მათ გამოიხსნიდა და, როგორც კი იმედი გადაიწურა და გადარჩენის შანსი აღარ დარჩათ, ხელმძღვანელებმა მიიღეს კოლექტიური გადაწყვეტილება. ვიმეორებ: მათ არც საკვები აკლდათ, არც მობილურები, მაგრამ, ვფიქრობ, სპეცსამსახურებმაც იმუშავეს, ანუ გარანტიები მისცეს. როგორც ხედავთ, არაფერი ისმის სამხედრო ხელმძღვანელების შესახებ, მიდის დაკითხვები და, როგორც მე ვხვდები, წინასწარ მიიღეს გარანტია, რომ ჩაბარების შემთხვევაში მათ ხელს არავინ ახლებდა.

– სწორად გავიგე: „აზოვსტალის“ დამცველებმა ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღეს რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან?

– როგორც მე სხვადასხვა წყაროს გაცნობის შემდეგ მივხვდი, რუსეთისა და დონბასის სპეცსამსახურებისგან, რაც, ფაქტობრივად, ერთი და იგივეა.

– მეც ბევრი მიფიქრია ამაზე და გეთანხმებით: სავარაუდოდ, მიხვდნენ, რომ დამატებითი მსხვერპლი იქნებოდა უაზრო და ჩაბარდნენ, მაგრამ იმავდროულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი მათ, როგორც ტერორისტების, გასამართლებას აპირებს.

– ცხადია, გასამართლების შემდეგ მათ არავინ გაუშვებს პრესტიჟულ კურორტებზე, ვადებს, ალბათ, მოიხდიან... როდესაც თქვენ იბრძვით იდეისთვის ვიღაცის წინააღმდეგ და მიხვდებით, რომ მხოლოდ ინსტრუმენტი ხართ და არაფერს წარმოადგენთ ამ ბრძოლაში, გარდა იდეოლოგიური სიშლეგისა, ამან ამ ტიპის ადამიანებს, ძალიან მაგარ მებრძოლებს, შეიძლება, გადააწყვეტინოს ჩაბარება. რაკი ისინი მიხვდნენ, რომ წირავდნენ, ამ შეურაცხყოფის გამო თავი გადაირჩინეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი