პოლიტიკა

როგორ გახდა „კავკაზუსი“ მონოპოლისტი საქართველოს ინტერნეტბაზარზე, ასევე, საბითუმო მიმწოდებელი თბილისის, ერევნისა და ბაქოსთვის და როგორ აღმოჩნდა კომპანიის 100-პროცენტიანი წილი აზერბაიჯანის მოქალაქის მფლობელობაში

№14

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 14.04, 2021 წელი

ბესო ალადაშვილი
დაკოპირებულია

ისე მოხდა, რომ „კავკაზუსის“ 100-პროცენტიანი წილის მფლობელი უცხო ქვეყნის მოქალაქე გახდა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ბევრი მიზეზით, უპირველესად კი, უდიდესი საფრთხეა სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის. გაგახსენებთ, „კავკაზუსის“ მფლობელობაშია შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ინტერნეტკაბელი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს ამარაგებს ევროპული ინტერნეტით (რუსეთის გვერდის ავლით), არამედ, სწორედ, საქართველოა სამხრეთ კავკასიის დანარჩენი ორი სახელმწიფოსთვისაც ინტერნეტის ბითუმად მიმწოდებელი, აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ დღეს, სწორედ, ინტერნეტით კონტროლდება ინფორმაცია (რაც ყველაზე ფასეულია სპეცსამსახურებისთვის), პროვაიდერს არ სჭირდება „პაროლების“ გატეხვა – მას ეს ინფორმაცია ბუნებრივად აქვს. უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკთან ბესიკ ალადაშვილთან ერთად განვიხილავთ, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია ამ სტრატეგიული ინტერნეტკაბელის უცხო ქვეყნის მოქალაქის ხელში აღმოჩენას. მით უფრო, რომ კიბერუსაფრთხოება დღეს მსოფლიოს უპირველესი ამოცანაა, რადგან ის თანამედროვე, ჰიბრიდული ომის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.

– ინტერნეტამდე როგორ მოიპოვებდნენ საიდუმლო ინფორმაციას სპეცსამსახურები?

– სტრატეგიული ინფორმაციის გადაცემის საშუალებები გასულ საუკუნეში, სანამ ინტერნეტი შეიქმნებოდა, იყო სატელეფონო ხაზები. ამიტომ ეს სატელეფონო კაბელები გაჰყავდათ ოკეანეების ფსკერზე, დებდნენ მიწის ქვეშ, რომ თავიდან აეცილებინათ მოწინააღმდეგის მიერ ამ კაბელებთან მიერთება და სატელეფონო საუბრების მოსმენა. იმდენად მნიშვნელოვანია ინფორმაციის ხელში ჩაგდება, რომ ამერიკელებმა და ინგლისელებმა 1949 წელს ორად გაყოფილ გერმანიაში აი, ასეთი ოპერაცია ჩაატარეს: იცით, რომ ორად გაყოფილი იყო ბერლინიც და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დაზვერვის შეფმა რეინჰარდ გელენმა 1953 წელს ალან დალესს, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მაშინდელ დირექტორს, აღმოსავლეთ ბერლინის სატელეფონო კომუნიკაციების ნახაზები წარუდგინა. აღმოჩნდა, რომ დასავლეთ ბერლინის საზღვრიდან დაახლოებით ხუთას მეტრში გადიოდა ის სატელეფონო სადენები, რომლებსაც საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელები და საბჭოთა დიპლომატები იყენებდნენ მოსკოვ-ბერლინის კავშირისთვის. ეს სადენები მიწაში 1.8 მეტრის სიღრმეზე იყო ჩადებული. ამერიკელებმა დიდი ბრიტანეთის დაზვერვის წარმომადგენლებს გააცნეს ეს ინფორმაცია და გადაწყვიტეს ერთობლივი ძალებით გაეყვანათ გვირაბი და სატელეფონო სადენებზე ინფორმაციის „მოსახსნელი“ აპარატურა დაემონტაჟებინათ. ალენ დალესის საიდუმლო ბრძანებით დაიგეგმა და განხორციელდა განსაკუთრებით საიდუმლო ოპერაცია კოდური სახელწოდებით „ოქრო“. 1953 წლის დეკემბერის ბოლოს გვირაბის გაყვანის სამუშაოები დაიწყო. ერთ წელზე მეტი დახარჯეს თითქმის 500-მეტრიანი გვირაბის გასაყვანად, რომელიც მიწის ზედაპირიდან 4.5 მეტრის სიღრმეში იყო და სიმაღლე ორ მეტრამდე ჰქონდა. გვირაბის გაყვანა და შესაბამისი აპარატურით აღჭურვა შვიდ მილიონ დოლარამდე დაჯდა. დღევანდელი კურსით, ეს, დაახლოებით, 90-100 მილიონი დოლარია. თითქმის ერთი წლის განმავლობაში ფარულად უსმენდნენ ბერლინში მდებარე საბჭოთა სამხედრო კომენდატურის საუბრებს მოსკოვთან. საიდუმლო მასალა ისეთი მოცულობის იყო, რომ ვაშინგტონში მთარგმნელები და ანალიტიკოსები დღედაღამ მუშაობდნენ. იმ პერიოდში ჩაწერილი იყო დაახლოებით 450 ათასი სატელეფონო საუბარი, თუმცა ამერიკელებისა და ბრიტანელებისთვის სრულიად მოულოდნელად, 1956 წლის 22 აპრილს საბჭოთა ჯარისკაცები აღმოსავლეთ ბერლინში მდებარე გვირაბის შესასვლელში შევიდნენ, გაოცებულმა ამერიკელმა ოპერატორებმა ძლივს მოასწრეს გაქცევა. საბჭოთა „პროპაგანდისტულმა მანქანამ“ საიდუმლო გვირაბის „შემთხვევით აღმოჩენის“ ფაქტი მშვენივრად გამოიყენა საერთაშორისო სკანდალის გასაბერად. მხოლოდ 1961 წელს გაირკვა, რომ „კა გე ბეს“ გვირაბის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ მის გაყვანამდე ჰქონდა და მთელი წელი მოწინააღმდეგეებს დეზინფორმაციით კვებავდა. „კა გე ბემ“ ჩვეულ სტილში გათვალა – მოწინააღმდეგეს გვირაბის გაყვანა აცალა, ბლომად ფული დაახარჯვინა, დეზინფორმაცია გაასაღა და ბოლოს სკანდალიც ააგორა. მეტსაც გეტყვით, 1981 წელს ამერიკელები ოხოტის ზღვაში წყალქვეშ იყვნენ მიერთებულები საბჭოთა კავშირგაბმულობის კაბელთან – მის დაუზიანებლად ხსნიდნენ ინფორმაციას, რისთვისაც 3-4 თვეში ერთხელ სპეციალური მცირე გაბარიტების წყალქვეშა ნავი მიდიოდა ამ კაბელთან, მიჰქონდა ჩანაწერები და ახალ მოსასმენებს აყენებდა, რათა საბჭოთა შეიარაღებული ძალების კოსმოსური და სარაკეტო დანაყოფების ხელმძღვანელობის საუბრები ხელში ჩაეგდოთ, ამის შესახებ საბჭოთა კავშირს ეს ინფორმაცია მიაწოდა თავად ამერიკელმა, რომელიც საბჭოთა მხარეს გადავიდა და აგენტი რომ არ გაეშიფრათ, ვითომ შემთხვევით, საბჭოთა თევზმჭერი გემი წამოედო კაბელს და დააზიანა. კიდევ ერთი საინტერესო ამბავია – 80-ანი წლების შუა ხანებში ამერიკელებმა მოსკოვში შეძლეს ერთ-ერთი სტრატეგიული მიწისქვეშა კავშირგაბმულობის კაბელამდე ჩაღწევა და, ასევე, კაბელის დაუზიანებლად შეძლეს ჩამწერი აპარატურის დაყენება, თუმცა ეს ინფორმაციაც ერთ-ერთმა ამერიკელმა მზვერავმა გასცა. თუნდაც, ეს სამი ფაქტი მეტყველებს, რომ ინფორმაციის ხელში ჩასაგდებად დიდი თანხა იხარჯება. ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ ხელში ჩაიგდოს ინფორმაცია, რაც ერთ-ერთი ყველაზე ძვირი პროდუქტია.

– ახლა შავი ზღვის ფსკერზე დევს ინტერნეტკაბელი, რომელიც აკონტროლებს არა მხოლოდ ინტერნეტს, სატელეფონო საუბრებსაც და ეს კაბელი გადავიდა უცხო ქვეყნის მოქალაქის ხელში. რა საფრთხეს ქმნის ეს ფაქტი?

– თუ მეოცე საუკუნეში ინფორმაციის გადაცემის მთავარი წყარო იყო ტელეფონი, დღეს უკვე ინტერნეტით ხდება ყველაფერი, მთავრობები, ფაქტობრივად, ელექტრონულ რეჟიმში მუშაობენ, მით უფრო, ახლა პანდემიაა და სახელწიფოები იმართებიან ინტერნეტით, იმიტომ რომ ყველა ინფრასტრუქტურა, ყველა კერძო სტრუქტურა, ფაქტობრივად, ინტერნეტს იყენებს მუშაობისთვის. სტრატეგიული ობიექტები: მეტრო, გაზსადენები, აეროპორტები, ელექტროსისტემა და სხვა იმართება ინტერნეტით. და ძალზე მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გააკონტროლოს სტრატეგიული საკომუნიკაციო არხი და ამიტომაც არ შეიძლება, მაგალითად, საქართველოს რკინიგზის გაყიდვა, იგივე შეიძლება, ითქვას ინტერნეტზე. ერთადერთ მონოპოლისტ პროვაიდერს, „კავკაზუსს“ აქვს 1 200-კილომეტრიანი ვარნა-თბილისის დამაკავშირებელი ინტერნეტკაბელი, რომელიც თავის დროზე ჩადო მამია სანადირაძემ.

– დიახ, „კავკაზუს ონლაინის“ შემქმნელმა, რომელიც დღემდე დაობს, რომ ბიზნესი წაართვეს და ვერაფერს გახდა.

– დიდი თანხა დაიხარჯა ამაში და იყო კერძო საკუთრება მაშინაც, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაშინ ეს კომპანია ბაზარზე მინოპოლისტი არ ყოფილა. იმიტომ რომ საქართველოს რკინიგზის გასწვრივაც გადიოდა ინტერნეტკაბელი, რომელიც სანადირაძის შემდეგ ამავე კომპანიამ შეიძინა, ახლა კი კომპანიის მფლობელმა მაქაცარიამ, კომპანიის 49 პროცენტი ერთი წლის წინათ გაასხვისა სხვა ქვეყნის, კერძოდ, აზერბაიჯანის მოქალაქეზე, გვარად ჰასანოვზე, რომელიც იმავდროულად, უკრაინაშიც აკონტროლებს ერთ-ერთ ვიდეოპროვაიდერს, სომხეთში – 85 პროცენტამდე სეგმენტს და აზერბაიჯანში – 60 პროცენტამდე. ჯერ ერთი კანინმდებლობაში უნდა იყოს დათქმა, რომ ასეთი სტრატეგიული ობიექტების საკონტროლო პაკეტი არც უნდა მოხვდეს უცხო ქვეყნის მოქალაქის ხელში.

– კანონმდებლობით ასეც არის, თუ არ ვცდები, აბა, რატომ ედავება მაშინ სემეკი „კავკაზუსს“ და აჯარიმებს და აჯარიმებს?

– მე ვცადე ამ ამბის სამართლებრივ მხარეში გარკვევა, თუმცა ორივე მხარე სათავისოდ ცდილობს კანონის გამოყენებას. მარეგულირებელი კომისია იმთავითვე ამტკიცებდა, რომ ჰასანოვისთვის 49-პროცენტიანი წილის მიყიდვის უფლებაც არ ჰქონდა მაქაცარიას მასთან შეუთანხმებლად, მაგრამ მეორე მომენტია, როგორ დაარეგისტრირა წილები საქართველოს რეესტრმა, თუ ეს აკრძალულია?! რეესტრმა როგორ გაუფორმა წილი ჰასანოვს, როცა ასეთი დათქმა არსებობს? მარეგულირებელი ჰაერზე ხომ არ ედავება და აჯარიმებს კომპანიას?! მოკლედ, ამის გამო კომპანიას დააკისრეს 270 000 ლარის ჯარიმა და ჰასანოვი აქეთ ჩივის და ლონდონის საარბირტაჟო სასამართლოში ჰყავს დაქირავებული ადვოკატები და ედავება ჩვენს მარეგულირებელ კომპანიას. მეორე მხრივ, დღეს საქართველოში ერთადერთი მონოპოლისტი პროვაიდერია, რომელსაც შემოაქვს ინტერნეტი ბითუმად და საქართველოშიც მიჰყიდის პატარ-პატარა კომპანიებს.

– და გააქვს სომხეთსა და აზერბაიჯანშიც.

– დიახ და წარმოიდგინეთ, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ინტერნეტია და ძვირდება მუდმივად. დავამატოთ, რომ ხარისხიც არ არის დასავლური დონის. უცნაურია, საქართველოს ტერიტორიიდან შედის ინტერნეტი აზერბაიჯანსა და სომხეთში და, წესით, აქ გაცილებით იაფი უნდა ღირდეს, მაგრამ პირიქითაა.

– რა საფრთხის შექმნა შეუძლია, ეგრეთ წოდებულ, ჰასანოვის ფაქტორს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, თუკი ის აღმოჩნდება არაკეთილსინდისიერი, თუნდაც, ეროვნებითაც ქართველი იყოს და საქართველოს მოქალაქეობაც ჰქონდეს.

– გვარს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, საქართველოს მოქალაქე არ არის და რომც იყოს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი თემაა, რომ კანონი ამას მკაფიოდ და მკაცრად უნდა არეგულირებდეს. ევროპიდან ჩვენს პარლამენტს, ხელისუფლებასაც, როდესაც ამ საკითხს განიხილავდნენ, შენიშვნა მისცეს, რომ სახელმწიფო ერევა კერძო ბიზნესში, უკაცრავად, მაგრამ 21-ე საუკუნის დასაწყისში, 11 სექტემბრის ტერაქტამდე, საუდის არაბეთმა, რომელიც აშშ-ის სტრატეგიული მოკავშირეა, შესთავაზა, რომ ამერიკის 6 პორტი იჯარით აეღო, მაგრამ აშშ-ის შესაბამისმა სტრუქტურებმა გააანალიზეს ვითარება და უთხრეს, ეს პორტები არის შტატების სტრატეგიული ობიექტები და იქ უცხოელს ვერ შევუშვებთო, ანუ ეს აპრობირებული მეთოდია. ამიტომ ჩვენი ხელისუფლება ცოტა ხისტი უნდა იყოს. მკითხეთ – რა პრობლემები შეიძლება, შეგვექმნას: პირველი – ინტერნეტის გათიშვა, ეს ჩამოშლის მთელ სახელმწიფო სისტემას, მთელი ქვეყანა ახლა ინტერნეტზეა დამოკიდებული, ეს კომპანია კი საბითუმოა; ასევე, საფრთხეა ინფორმაციის მოხსნა, ანუ საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა, როდესაც ყველაფერი გადასულია დისტანციურ საქმიანობაზე, ეს განსაკუთრებით დიდი პრობლემაა. ამ ინტერნეტპროვაიდერს ხელი მიუწვდება საიდუმლო ინფორმაციაზე და, ამდენად, ეს მნიშვნელოვანი თემაა, მით უმეტეს, რომ ინტერნეტს უკავშირდება მომავალიც. ამდენად, ამ გარიგების შედეგი შეიძლება, იყოს კატასტროფული და ისეთი კატასტროფული, რასაც არანაირი საზღვარი არ აქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი