პოლიტიკა

როგორ ამზადებდნენ უკრაინას წლების განმავლობაში რუსეთთან ომის პლაცდარმად და რატომ ჩაანაცვლეს ამ როლისთვის საქართველო უკრაინით

№18

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 11.05, 2022 წელი

დემურ გიორხელიძე
დაკოპირებულია

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ისევ გააქტიურდნენ საქართველოს მიმართულებით. პრეზიდენტი ზელენსკი გაგებით ეკიდება აზერბაიჯანის მოქმედებას, მაგრამ უფრო მეტსა და მეტს მოითხოვს უკრაინისადმი გაწეული ჰუმანიტარული დახმარებით პირველ ადგილზე მყოფ საქართველოსგან. მას არც არესტოვიჩი ჩამორჩება და არც სხვა მისთანანი, რომელთა მიზანი, მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს ჩათრევაა რუსეთთან ომში. მეორე მხრივ, მართლაც, უცნაურია, რატომ არის ამდენი ქართველი უკრაინის ფორმალურ ხელისუფლებასა თუ არაფორმალურ წრეში. ამ საკითხებზე თავის მოსაზრებას დემურ გიორხელიძე გაგვიზიარებს.

– რატომაა უკრაინის პრეზიდენტი ჩვენდამი ასეთი პრეტენზიული?

– საქმეც ის არის, რომ ზელენსკის განცხადება ნამდვილად არ შეიძლება, აღვიქვათ, როგორც შეურაცხყოფა. იმ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, ვფიქრობ, ყველაფერი ეპატიება.

– უბრალოდ, საქართველოს გარდა ყველას უგებს, ანუ არც ისე მძიმედაა.

– საქმეც ისაა, რომ საქართველო და უკრაინა ერთი ტექნოლოგიური ჯაჭვის სხვადასხვა რგოლებია და ამიტომაცაა, რომ თითქმის 46 მილიონ ადამიანში, რომლებსაც ძალიან ძლიერი სამრეწველო და სამეცნიერო პოტენციალი ჰქონდათ, ვერ მოძებნა სუფთა ეროვნული, საღად მოაზროვნე უკრაინელი და მივიღეთ ის, რომ უკრაინას, ფაქტობრივად, მართავენ ადამიანები, რომელთა კეთილგონიერების რწმუნება ძნელია. ასე რომ, არაფერი მიკვირს. ზელენსკის მმართველობა უკრაინის სახელმწიფოს, სამწუხაროდ, ტრაგედიით დაუსრულდება და ადამიანები რა დღეშიც არიან, სრული კოშმარია. იმდენად მძაბავს ეს ყველაფერი, რომ დამერღვა მუშაობის ნორმალური რეჟიმი. დიახ, ერთი ტექნოლოგიური პროცესის ორი, ერთმანეთზე გადაბმული, სხვადასხვა რგოლია და, ამდენად, არაფერი უნდა გვიკვირდეს. ზელენსკის უნდა, რომ რუსეთის რაღაც სამხედრო ნაწილები დაკავდნენ საქართველოში, მისი პრობლემა არაა, რა მოუვა საქართველოს, რაც საწყენი არ არის, იმიტომ რომ კაცს საკუთარი სახელმწიფოს, თავისი ხალხის მომავალიც არ ადარდებს, უფრო სწორად, იმ ხალხის მომავალი არ ადარდებს, რომლებიც უკრაინულ ეთნოსს ეკუთვნიან, თორემ თავად რას აკეთებს, ძალიან კარგად იცის და ბოლომდეც მიიყვანს.

– მაინც დავალებაა?

– შედეგით მიხვდებით, იყო თუ არა ეს დავალება. ყოველ შემთხვევაში, უკრაინას ამ ფუნქციის შესასრულებლად, ანუ პლაცდარმად რუსეთის წინააღმდეგ წლებია, ამზადებენ და ამაში უამრავი ფულია ჩადებული. ეს ჩემი შეფასება არ არის, ეს არის უკრაინის პირველი პროპაგანდისტის, არესტოვიჩის, შეფასება. ნახეთ მათი წლების წინანდელი ინტერვიუები, რომლებშიც ისინი ამბობენ, თუ როგორ ემზადებიან ომისთვის. დღეს უკვე ყველამ ნახა ის მიწისქვეშა ნაგებობები, ეშელონიზებული დაცვები, რომლებიც აიგო და ეს უდიდეს ფულთანაა დაკავშირებული. ჩვენ ვხედავთ, რა რაოდენობის იარაღი მიეწოდება უკრაინას, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ იარაღის მიწოდებას არაფრის შეცვლა აღარ შეუძლია.

– ერთი ტექნოლოგიური მექანიზმის ორი რგოლია საქართველო და უკრაინაო. მესმის, რატომ შეირჩა უკრაინა, ჩვენ, უბრალოდ, ვერ გამოვდგებოდით ამ როლისთვის, მოსახლეობის ოდენობის, ქვეყნის ფართობისა და მდებარეობის გამო...

– არის კიდევ ერთი მომენტი: წლების განმავლობაში საქართველო იყო წამოწეული ამ მიმართულებით, მაგრამ შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, რომ ყველა ტესტი, რომლებიც საქართველოში ჩატარდა, არ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ უმტკივნეულოდ გამოიყენებდნენ ქვეყანას, რადგან საოცარი წინააღმდეგობის უნარი გამოაჩნდა ქართველ ხალხს. ეგონათ, თითქოსდა წაქცეული და გაღარიბებული ქვეყანაა და ასეც არის, ბოლო 30 წელია, ძალიან დამცირებულია ქართველი საკუთარ სახელმწიფოში, მაგრამ ხასიათი უცვლელია. ძალიან ტყუვდება ვიღაც, თუ ჰგონია, რომ დაჩოქებულია ქართველი. ქართველი არ არის დაჩოქებული და სწორედ ეს შეამჩნიეს, რომ აქ დიდ პრობლემებს გააჩენდა ხალხი, რომელთა მართვა შემდეგ შეუძლებელი იქნება. უკრაინაში კი ყველა ტესტი „შესანიშნავად“ ჩააბარა უკრაინელმა ხალხმა. არ გამოუმჟღავნებია არანაირი წინააღმდეგობა და ბოლო ტესტი იყო 2019 წელს ხრეშატიკზე უზარმაზარი გეი-აღლუმის ჩატარება, რომელშიც ჯარის ნაწილებს მიაღებინეს მონაწილეობა. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ბუნებრივად განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებისადმი, ბუნება ბუნებაა და ჩემი პატივისცემა მათ, მაგრამ ისინი უნდა ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ თავიანთი ცხოვრებით, ჩვენ – ჩვენი ცხოვრებით და ერთმანეთს არ უნდა მოვახვიოთ თავს ჩვენ-ჩვენი ცხოვრების წესი. მე ვლაპარაკობ იმ გეი-აქტივისტებზე, რომლებიც ამ პოლიტიკას იყენებენ ფულის საკეთებლად, რაც ამაზრზენია თავისი დანიშნულებითა და შინაარსით. რაკი ტესტი ჩააბარა უკრაინელმა ხალხმა, ამ ხალხს შეიძლება, ქვეყანაც კი წაართვა და უკრაინელებს ართმევენ ქვეყანას.

– ჩვენთან თავისი როლი შეასრულა იმან, რომ ძველი ერი ვართ, ბებერი, გამოცდილებადაგროვებული.

– დიახ, ის იმედი გამართლდა, რაც მე ყოველთვის მქონდა. ხალხმა, უბრალოდ, აჩვენა, რომ აქ დიდ პრობლემებს გაუჩენდა ნებისმიერს. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი იმპერიაა, ადრე თუ გვიან, ქართველი აჩენს პრობლემას. ამიტომ ჯობს, ამ ხალხს ცოტა სხვანაირდ მოექცნენ, ვინაიდან უკვე დაიწყო გამოფხიზლების პერიოდი და ეს აუცილებლად მოიტანს შედეგს. რადგან ჩვენ ამ 30-წლიანი განადგურების ტექნოლოგიებს გადავურჩით, ვფიქრობ, რომ შევძლებთ ფეხზე დადგომას, ამისთვის ყველაფერი აქვთ სახელმწიფოსა და ხალხს.

– დავასრულებ შეკითხვას: ზელენსკის მდგომარეობა გასაგებია, იმისდა მიუხედავად, ასრულებს თუ არა დავალებას, მაგრამ ვერ ხვდება, რომ ასეთი განცხადებები კონტრპროდუქტიულია, აჩენს უკრაინის ხელისუფლებისადმი უარყოფით განწყობებს და კიდევ უფრო განამტკიცებს აზრს, რომ საქართველო არ უნდა ჩაერთოს დასავლეთისა და რუსეთის სამხედრო დაპირისპირებაში?

– ზელენსკიმ კარგად იცის, რომ მისი დრო შეზღუდულია. რა არის მიზანი? რუსეთის მაქსიმალურად შეკავება, მისი მაქსიმალური დისკრედიტაცია და მაქსიმალური ზიანის მიყენება ნებისმიერ ფასად, თუნდაც, როგორც დასავლეთში წერენ, ბოლო უკრაინელამდე. ეს კარგია თუ ცუდი, შეიძლება თუ არა, ასე იქცეოდეს ხელისუფლება, სხვა საკითხია. დღეს უკვე ყველაფერი ცხადია – იცვლება მსოფლიო წესრიგი და უკრაინა მხოლოდ ერთი რგოლია, რომელმაც თავისი ფუნქცია შეასრულა, დაპირისპირების პლაცდარმად გამოიყენეს. რა თქმა უნდა, უკრაინით არაფერი მთავრდება, მთავარი ამბები მოხდება უკრაინის მოვლენების შემდეგ.

– საიდან ამდენი ქართველი უკრაინაში? აქ დაბადებული და შემდეგ უკრაინაში დასახლებული თუ აქ დაბადებულ-გაზრდილი და ახლახან იქ დასახლებული? „აზოვის“ სამი შემქნელიდანაც კი ორი ქართველიაო. „აზოვსტალის“ დირექტორიც ქართველია.

– საბჭოთა კავშირის დროსაც კი უკრაინაში ქართველები იყვნენ, იყო შერეული ქორწინებები, მაგრამ პოლიტიკის სფეროში ქართველების მომრავლება წინა ხელისუფლებიდან დაიწყო, იმიტომ რომ, როგორც უკვე გითხარით, მოვლენები ერთი სცენარის ფარგლებში ვითარდება. მთავარია, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში: უკრაინელები ჩამოაცილეს სახელმწიფო მმართველობას, ისინი ჩაანაცვლეს ებრაელებითა და ქართველებით. საქართველოს პრეზიდენტის უკრაინაში გადასახლება, მისთვის უკრაინის მოქალქეობის მინიჭება და იმხელა თანამდებობებზე დანიშვნა უპრეცედენტოა მსოფლიოში.

– თან, იმხანად უკრაინას არაპროდასავლური მთავრობა ჰყავდა. იმის თქმა მინდა, რომ ეს ხდებოდა უკრაინის ნებისმიერი პოლიტორიენტაციის მთავრობის დროს.

– ამიტომ ვამბობ, რომ უკრაინას დიდი ხანია, არა მხოლოდ 2014 წლის შემდეგ, ამზადებენ. დღეს ეს უკვე აშკარაა. მაგრამ ეს ყველაფერი მთავრდება უკრაინული სახელმწიფოს კრახითა და უკრაინელი ხალხის ტრაგედიით.

– როდესაც ამბობთ, რომ მთავარი მოვლენები უკრაინის შემდეგ დაიწყება, ვარაუდობთ უშუალოდ „ნატო“-რუსეთის სამხედრო დაპირისპირებას?

– დიახ, იმიტომ რომ არანორმალური რაოდენობის შეიარაღება ლაგდება რუსეთის საზღვართან და უკრაინა მხოლოდ ნაწილობრივ ხურავს ამ თემას. უკრაინის შემდეგ მშვიდობიანობის რაღაც პერიოდი რომც დაიწყოს, რუსეთ-„ნატოს“ დაპირისპირება გარდაუვალია. მე ვამბობ: რუსეთი -„ნატოს“ და არა რუსეთი-შტატების. სანამ საკითხი არ გაირკვევა, პროცესი არ დასრულდება. მე ყველაზე მძიმე ვითრებას მოველი მას შემდეგ, რაც უკრაინაში საომარი მოქმედებები დასრულდება და დიდხანს ვერც გასტანს ეს საომარი მოქმედებები. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა არის საბოლოო მიზნები?! მაგრამ უკრაინა იმ სახით, რაც იყო, ვერასდროს იარსებებს, ოღონდ რა სახით დარჩება, ამის თქმა დღეს არ შეგვიძლია.

– „ნატო“-რუსეთის დაპირისპირების შემთხვევაში საქართველო, როგორც პლაცდარმი, დასჭირდება ორივეს.

– გასატარებელია ფილიგრანული პოლიტიკა. იმას არ ვამბობ, რომ ვინმესი ან რამის უნდა გვეშინოდეს, პოლიტიკაში შიში არაფრის მომცემია. ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ დაპირისპირების ეპიცენტრი არ ვართ, გვინდა თუ არა, ჩართულები ვართ გლობალურ დაპირისპირებაში, ამიტომ განსაკუთრებით მყარი პოლიტიკური ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ ყველა მიმართულებით მთავარ მოთამაშეებს ჰქონდეთ გარანტია, რომ საქართველოდან საფრთხე არავის ემუქრება. ჩვენ არა მხოლოდ რუსეთიდან გვემუქრება საფრთხე. საკმარისია, აშშ-ის წინააღმდეგ დავიწყოთ მოძრაობა და არანაკლები საფრთხე დაგვემუქრება. ორივემ იცის თავისი დაპირისპირების საზღვრები, თავიანთი შესაძლებლობები, ჩვენგან მათ უნდა ჰქონდეთ ერთადერთი ინფორმაცია, რომ გვინდა ჩვენი სახელმწიფოს შენარჩუნება მშვიდობიანად და არც ერთი მათგანისთვის საფრთხეს არ წარმოვადგენთ. ჩვენ შეგვიძლია, ორივეს შევუქმნათ საფრთხეები ჩვენი სახელმწიფოებრიობის განადგურების რისკით. სახელმწიფო მმართველობა კი არ შეიძლება, ჰგავდეს ბანქოს თამაშს, როდესაც შეგიძლია, წახვიდე ვა-ბანკზე. პოლიტიკა, რომელიც ამხელა რისკებს დაუშვებს და ვა-ბანკზე მიდის, ავანტიურაა და არა პოლიტიკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი