პოლიტიკა

როგორ ახერხებს რუსული სპეცსამსახური ისევ შექმნას მართვადი ქაოსი სავიზო რეჟიმის გაუქმებითა და ორმხრივი ფრენების აღდგენით

№21

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 31.05, 2023 წელი

ბესო ალადაშვილი
დაკოპირებულია

ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც ეგრეთ წოდებული, რუსული კანონით ამტყდარი ვნებათაღელვა მიინავლა, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებითა და ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებით (რომელიც მოსკოვმა, თავის დროზე, თავადვე შეზღუდა) რფ–ამ სატოპკე აუწია ქართულ ოპოზიციას ქვეყანაში, ეგრეთ წოდებული, მართვადი ან, სულაც, უმართავი ქაოსის შესაქმნელად, ვინაიდან გამორიცხულია, არ სცოდნოდათ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება კვლავ იქცეოდა საპროტესტო გამოსვლების საბაბად. მეორე მხრივ, თუმცა ზოგიერთი ჩვენი ევროპელი პარტნიორის განცხადებები, მართლაც, გამაღიზიანებელია (და საბჭოურ სტილშიცაა), ისიც ცხადია, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები მათ ხისტად პასუხობენ, მაგრამ პირადად მე მგონია, რომ პარტნიორს უნდა ელაპარაკო, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა. შესაბამისად, ფრიად გაურკვეველი ვითარება იქმნება ჩვენს ქვეყანაშიც და მის გარშემოც და ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოს გადაფორმატების პროცესი ჯერ კიდევ არათუ არ დასრულებულა, შუა ფაზამდეც კი არ მისულა. სწორედ ამ თემას განვიხილავთ უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკთან, ბესიკ ალადაშვილთან.

– რუსებს ჩვენი სიყვარულის ბუშტი არ გასკდომიათ, ფაქტია, სხვა მიზნები აქვთ. რა აუცილებლობა იყო ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გუქმება?

– საქართველოში მოვლენები ძალიან დინამიკურად ვითარდება და, სამწუხაროდ, ეს დინამიზმი უფრო უარყოფითი კონტექსტისაა: უფრო და უფრო იხლიჩება საზოგადოება. სხვა ქვეყნის თვალით რომ შევხედოთ, სამწუხაროდ, დავინახავთ, რომ მთლიანად ქვეყანას, ხელისუფლებასა და ოპოზიციასაც ერთიანი სტრატეგია არ აქვთ. ანუ, ძირითადად, რეაგირებებია რუსეთის მიერ აშკარად და ფარულად შემოგდებულ თემებზე, რაც შიდა აფეთქებებს უწყობს ხელს.

– მართვადი ქაოსი.

– ზუსტად ესაა. ცოტა შორიდან რომ დავიწყოთ, სრულიად გაუგებარი იყო იმ ანტიენჯეოშნიკური პროექტის ინიცირება, რის აუცილებლობა არც იდგა. იმას ვგულისხმობ, რომ, როდესაც ხელოვნურად ქმნი პრობლემას, გამოდის, რომ შარს უტეხავ საკუთარ თავს, ხელისუფლებას ვგულისხმობ. და საინტერესოც ისაა, ვინ ქოქავდა სიტუაციას, რომ ეს კანონი უნდა მიგვეღო; ვინ ასაბუთებდა და რა არგუმენტებით?! არადა, თავიდანვე ჩანდა, რომ ხელისუფლების წაგებული თამაში იყო ამ კანონპროექტის შემოგდება. ავიღოთ ამ სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენაც, რაც ზუსტად იმ მომენტს ემთხვევა, როდესაც რუსეთის იზოლაცია, მის წინააღმდეგ სანქციები მაქსიმუმზეა. ვის სჭირდება ეს?! უკვე ვხედავთ, რომ რუსეთის ყურმოჭრილი მეგობრებიც კი უცნაურად იქცევიან: მაგალითად, სომხეთი რა დღეშია; ალიევი არც კი ჩავიდა 9 მაისის აღლუმზე, შუა აზიის ქვეყნების ლიდერები ნაძალადევი ზრდილობისთვის, ცივად ეახლნენ პუტინს, ანუ ფაქტობრივად, მარტო რჩება რამდენიმე მარგინალური ქვეყნის გარემოცვაში. ბელორუსია უკვე შეიძლება, არც კი ჩავთვალოთ სახელმწიფოდ. ლუკაშენკომ თავისი სკამი, ფაქტობრივად, გაცვალა ქვეყნის დამოუკიდებლობაში და დარჩა ფორმალურ პრეზიდენტად. დე–ფაქტო პუტინი მართავს ბელორუსიასაც: ჯარიც ჰყავს იქ განთავსებული და სპეცსამსახურებსაც პუტინი აკონტროლებს. აი, ამ სიტუაციაში ჩვენთან მართვადი ქაოსი იქმნება და ეს ყველაზე ცუდი პროცესია, რაც ჰგავს ადამიანის სხეულში ფარულად მიმდინარე სენს, რომელიც არ ჩანს, რომ მკურნალობა დაინიშნოს ან პაციენტი თავად არ მიდის ექიმთან, რომ გაარკვიოს, რა სჭირს. ალეგორიულად რომ ვთქვა, დღეს ჩვენი ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია: ვხედავთ ისეთ მოქმედებებს, რომლებიც არ არის ხელსაყრელი ხელისუფლებისთვის და იმისთვის ხდება, რომ კიდევ და კიდევ დაიძაბოს ვითარება საზოგადოება–ხელისუფლება–ოპოზიციას შორის. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ გარედან შეიძლება, იყოს ინიცირებული და მართული.

– ჩვენი სახელმწიფოს რეაქცია როგორი უნდა იყოს? აშშ–დან ან ევროკავშირიდან მკვეთრი განცხადებები არ გაკეთებულა რუსეთის ამ გადაწყვეტილების გამო, უარი თქვით ან გააპროტესტეთო, თუმცა, მეორე მხრივ, არის ქვეყნები, რომლებთანაც რუსეთს აქვს უვიზო მიმოსვლაც ანდა ორმხრივი ფრენები.

– ვთქვათ პირდაპირ: ეს არის სიმბოლური ჟესტი, ანუ ამით რუსეთი ეკონომიკურად ვერანაირ მოგებას ვერ მიიღებს და ეს სიმბოლური ჟესტი უბრალოდ სჭირდებოდა. ვიცით, რომ პუტინი ამ სვლას ინახავდა და ის დრო შეარჩიეს, როდესაც ამ გადაწყვეტილების მიღება რუსეთს ყველაზე მეტად აძლევდა ხელს. დიახ, დღეს რუსეთს ორმხრივი ფრენები შენარჩუნებული აქვს თურქეთთან, ისრაელთან, აზერბაიჯანთან და ყოფილ საბჭოთა სივრცესთან, ზოგადად, ჩვენ რომ ნორმალური, დალაგებული ქვეყანა ვიყოთ და ჩვენი საზოგადოება გახლეჩილი არ იყოს, ამ საკითხის მოგვარება შეიძლებოდა, მაგრამ ისე საგულდაგულოდაა საზოგადოება დაპირისპირებული, რომ ერთიანი ეროვნული ინტერესების გატარებისთვისაც კი ვერ სხდებიან ერთად. რა თქმა უნდა, იქმნება ხოლმე ისეთი მდგომარეობა, რომ ქვეყანამ არც თავისი უცხოელი პარტნიორების წინაშე უნდა შეირცხვინოს თავი და არც ეკონომიკური მოგება დაკარგოს; ასეთ შემთხვევაში უნდა გათამაშდეს „კარგი და ცუდი პოლიციელის“ სცენა. ჩვენი პრეზიდენტი ასეთ დროს უნდა გამოვიდეს ანტირუსული, მკაცრი განცხადებებით, რაც გააკეთა კიდეც, დაგმო ფრენების აღდგენა, ოკუპანტისგან საჩუქარი არ გვინდაო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არის მისი პირადი ინიციატივა და არ არის შეთანხმების შედეგი. ანუ ეს არ არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა. ჩვენ არ გვაქვს დიპლომატია. უკაცრავად და, ტვინი არ აქვთ, რომ ასე მაინც მოიქცნენ და ქვეყანას ნამუსი მოწმინდონ. ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინათ კიდევ დაიჭირეს ჩვენი ერთი მოქალაქე ერგნეთთან, ქართველებს წიწილებივით იჭერენ, მოუნდებათ, გაათავისუფლებენ, მოუნდებათ, არ გაათავისუფლებენ, თავზე დაგვასვეს სეპარატისტები. ასეთ დროს აღმასრულებელ ხელისუფლებას შეეძლო, საერთოდ არ გაეკეთებინა კომენტარი და სოციალური ფონი შეექმნა. მაგრამ ესეც უნდა გაკეთდეს კოორდინირებულად და ამას წინ უნდა უძღოდეს საუბარი იმავე უკრაინასთან, ჩვენს პარტნიორებთან, რომ აი, ჩვენ ასე ვგეგმავთ. დაუსაბუთე, რომ ეკონომიკურად მომგებიანია ამ სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა. რომ ბიუჯეტში შემოსავალი გვაქვს ტურიზმიდან და ღვინოს ვყიდით, ერთადერთი პარტნიორია რუსეთი, ყველაფერში თქვენ ხომ არ ჩამოგეკიდებით კისერზე?!

– დიახ, მიაწოდე ისეთი ფორმით ინფორმაცია, რომ, პირიქით, შენი პარტნიორისთვისაც მისაღები გახდეს.

– რა თქმა უნდა: უთხარი, რომ შენი პროდუქციის გასაღების ბაზარი რუსეთია, უკრაინა, ობიექტური მიზეზებით, ვეღარ არის აქტიური ეკონომიკური პარტნიორი, ეკონომიკას ხომ ვერ გავაჩერებთ და თქვენ არ დაგაწვებით მხრებზე, ამიტომ ასე დავგეგმეთ. ბუნებრივია, ასეთი საუბარი უნდა იყოს კონფიდენციალური. ამისთვის არ არის აუცილებელი სადმე ჩასვლა. შეიძლება, მოგვარდეს საელჩოს ან სპეცსამსახურების დონეზე. დიპლომატია იქმნება ფარულად, რაც აშკარად ჩანს და ითქმება, ეს ტყუილია. რასაც ჩვენ ვხედავთ ხოლმე, ეს დადგმული სპექტაკლია, სადაც როლები განაწილებულია: ვგულისხმობ სახელმწიფოს მეთაურების შეხვედრებს. კაბინეტებში უკვე გადაწყვეტილია ყველაფერი.

შეიძლება, ვიღაცას ჰგონია, რომ აი, ქართველები თამაშობენო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ, პრეზიდენტი რას იტყვის, საერთოდ არ არის შეთანხმებული აღმასრულებელ ხელისუფლებასთან; აღმასრულებელი ხელისუფლება რას გააკეთებს, ის საერთოდ არ იცის ზურაბიშვილმა, ოპოზიცია ბალზე ზის და ქლიავს ჭამს და ამ დროს შორეულ კრემლში სხედან ის კაცი და კიდევ რამდენიმე კაცუნა და იცინიან.

– ვერაფრით ვიგებ, რა აუცილებელია ასეთი ბრექა ევროსტრუქტურების წარმომადგენლებთან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან ხშირად გადადიან „დაუკრეფავში“, რასაც არაფერი აქვს საერთო დასავლურ მიდგომასთან, ფორმის დაცვასთან, რაც პირადად მე ძალიან მიზიდავს დასავლურ სამყაროში.

– რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა დასავლელი ელჩების განცხადება და თემა ისევ „ელ გე ბე ტეა“. როგორ შეიძლება, ქართველი კაცი თუ ქალი არ დაეთანხმოს იმას, რაც ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში თქვა?! ქალი რომ ქალია და მამაკაცი მამაკაცია და საქართველო ტრადიციების ქვეყანაა, ეს, ხომ, ელემენტარულია. თუ ეს ერთადერთი საკითხია, რაც დაპირისპირების საგანია ჩვენსა და დასავლეთს შორის და, ფაქტია, სათავეს იღებს ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან, მაშინ რატომ არ გაივლო ამ საკითხზე, ჩვენი მხრიდან, წითელი ხაზები?! რომ ჩვენ ყველას უფლებას ვიცავთ, მიუხედავად ყველაფრისა, დანარჩენი კი, რომ ჩვენ აქტიურ რეკლამას ვერ გავუწევთ „ელ გე ბე ტე“ თემას, უნდა თქმულიყო კულუარებში, კაბინეტებში, დახურულ შეხვედრებზე. თუ გინდათ, მიგვიღეთ ასე, თუ არადა ნუ მიგვიღებთო. მაგრამ ჩვენი სისუსტე კიდევ ისაა, რითიც სარგებლობს რუსეთი, რომ ამ საკითხს აყენებს, როგორც საერთო მართლმადიდებლური ქვეყნების საერთო პოზიციას და უნდა, რომ ამის ირგვლივ შემოიკრიბოს პოლიტიკური კავშირი, ანუ ქვეყნები დააჯგუფოს ამ ნიშნით. ესე იგი, ფაქტობრივად, კამათი მხოლოდ ამ თემაზეა., რუსულ სპეცსამსახურებს შესწავლილი აქვთ ქართული ტრადიციები, გენეტიკა. რომელი პარტიაც დღეს საქართველოში გამოვა და იტყვის, მე მხარს ვუჭერ ერთნაირსქესიანთა ქორწინებასო, ის პარტია განულდება არჩევნებში. ეს ხომ ყველამ კარგად იცის?! ამიტომაცაა, რომ ამ თემას რუსეთის სპეცსამსახურები იყენებენ და ამაში ჩართული ჰყავთ მთელი თავიანთი აგენტურა. სწორედ აი, ამ საკითხს უკავშირებენ პირდაპირ ევროსტრუქტურებში გაწევრიანებას: თუ გინდათ ევროპა, ესე იგი, გინდათ „ელ გე ბე ტე“ პროპაგანდა. ერთ ფაქტს მოვყვები: 12 მაისს კახეთში ვიყავი სტუმრად, ყველა ასაკის ადამიანი უსხდა სუფრას და შთაგონებული აქვთ, რომ ევროპა არის „ელ გე ბე ტე“. ვუხსნიდი, რომ ასეთი მოთხოვნა არ არის, არავინ გვიყენებს მსგავს ულტიმატუმს, მაგრამ არავინ მიჯერებდა. თუ პირდაპირ მიდის საქმის გარჩევა პრესა–ტელევიზიით, რა თქმა უნდა, ეს წამგებიანია საქართველოსთვის, იმიტომ რომ მე არ ვიცი, ამ თემაზე თუ უსაუბრიათ დახურულ კარს მიღმა. მკაფიოდ უნდა იყოს ნათქვამი, რომ საქართველო ამაზე არ წავა და ოპოზიციამაც მკაფიოდ უნდა თქვას, რომ ჩვენ ქართველები ვართ და ეს ჩვენთვის მიუღებელია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი