პოლიტიკა

როგორ აღმოჩნდა „ალბანური კულტურის ძეგლად“ ბერთუბნის ეკლესია, რომელშიც თამარ მეფის ოთხი ფრესკიდან ერთ-ერთია

№6

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 17.02, 2021 წელი

სომხეთ აზერბაიჯანის ომი
დაკოპირებულია

იმის გათვალისწინებით, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კუთვნილების თემა კვლავ სადავოა (და არათუ აზერბაიჯანსა და საქართველოს, თვით ქართველებს შორის) მამუკა არეშიძესთან ერთად გავიხსენებთ, თუ როგორ იცვლებოდა ადმინისტრაციული საზღვარი საბჭოთა საქართველოსა და საბჭოთა აზერბაიჯანს შორის 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ. მანამდე კი შეგახსენებთ – რომ 1920 წელს დამოუკიდებელ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა ხელშეკრულება (აღსტაფის ხელშეკრულებად ცნობილი), რომელმაც დაადგინა საზღვრები ამ ორ სამხრეთკავკასიურ სახელმწიფოს შორის და იმ რუკით, ბუნებრივია, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სრული ტერიტორია შემოდიოდა საქართველოს შემადგენლობაში.

– ამ ინტერვიუს აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი, ამიტომ, მოდი, ვუამბოთ ჩვენს მკითხველს, სად დგანან ამჟამად ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები და საბჭოთა პერიოდში დროთა განმავლობაში როგორ აღმოჩნდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი უცებ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე?
– წარმოვიდგინოთ თხემი, რომელსაც ჩვენი მკითხველი ხშირად ხედავს ხოლმე სატელევიზიო ეკრანზე, ამ თხემის აქეთ მხარეს საქარათველოა, იქით – აზერბაიჯანი, თხემზე არის აღდგომის მონასტერი, ცოტა აღმოსავლეთისკენ – ჩიჩხიტურის კოშკი და კომპლექსი, აქვეა უდაბნოს კომპლექსი, ბერთუბანი კი უკვე – აღსტაფის ხიდთან, უფრო ჩრდილოეთით.
– 4-5 კილომეტრის სიღრმეზე თხემიდან, ანუ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უფრო ღრმადაა?
– დიახ. დანარჩენი კომპლექსის უდიდესი ნაწილი არის თხემის აქეთა მხარეს, ანუ საქართველოს ტერიტორიაზე.
ისიც ვთქვათ, რომელი ეკლესიებია მოქმედი და არამოქმედი, რომლებიც თხემზე და თხემთან მდებარეობენ?
– ყველაფერი მოქმედია, ერთადერთი გამონაკლისია ბერთუბანი, სადაც ვერ შედიან ჩვენი მოქალაქეები და ეს პრობლემაა გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან, ხან შედიოდნენ, ხან – ვერა. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-ან წლებში ეს ყველაფერი ითვლებოდა მუზეუმად და მაშინ ჩვენი მუზეუმის თანამშრომლებსაც კი არ უშვებდნენ ხოლმე, თუმცა იმ მიზეზით არა, რომ ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაა და ნუ შემოდიხართო. უბრალოდ, არ უშვებდნენ, ეუბნებოდნენ, რომ ის იყო დახურული ზონა.
– ბერთუბანში, ანუ?
– დიახ. იქვე მიედინება მტკვარი და მტკვრიდან ჩვენ მიერ ნახსენებ თხემამდე არის 23 კილომეტრი. საინტერესო ის არის, რომ 2007 წლიდან დაიწყო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა. მაგალითად, თხემის იმ ადგილიდან, სადაც უდაბნოს მონასტერია, დაახლოებით, 600 მეტრში, პირობითად, აზერბაიჯანის მხარეს აშენდა პირველი ყაზარმა აზერბაიჯანი მესაზღვრეებისთვის, ახლახან აშენდა მეორე ყაზარმა, დაახლოებით, 300-400 მეტრში თხემიდან, პირველი ყაზარმის ზემოთ. მაგალითად, აზერბაიჯანის მხარე არ ამბობს, რომ მათია აღდგომის ეკლესია.
– მათი ვერსიით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის რომელი ეკლესიებია „ალბანური კულტურის ძეგლები“?
– მათი ვერსიით, ალბანურია ბერთუბანი, უდაბნო და ჩიჩხიტური. აღდგომის მონასტერი და ლავრა, რაც საქართველოს მხარესაა, აღარაა ალბანური. მთელ ამ მონაკვეთში – აღდგომის ეკლესიიდან ვიდრე ჩიჩხიტურამდე –ერთმანეთისგან 2-3-მეტრიან დისტანციაზე დგანან ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, რაც, თავისთავად, ძალიან სახიფათოა.
– არც კი ვიცი, რა ვთქვა: თამარის ოთხი ფრესკა გვაქვს შემორჩენილი და ერთ-ერთი „ალბანური კულტურის ძეგლად“ გამოცხადებულ ბერთუბანშია. უბრალოდ, ჩვენმა სპეციალისტებმა, გასული საუკუნის 80-ანი წლების ბოლოს, როდესაც საბჭოთა პოლიგონი იყო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან და სამხედრო სწავლებები აზიანებდა ფრესკებსა და ნაგებობებს, თვითნებურად მოხსნეს კედელი და ფრესკა ჩვენს მუზეუმშია დაცული.
– დიახ. და აი, ამ 2-3-მეტრიანი დისტანციით მთელი დღეების განმავლობაში ერთმანეთის პირისპირ დგანან ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. მე, მაგალითად, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პროვოკაციის საფრთხე ნამდვილად არსებობს.
– რას გულისხმობთ პროვოკაციაში?
– გახსოვთ, რომ რამდენიმე თვის წინათ ამ ადგილას აზერბაიჯანელი მესაზღვრეები სცემეს, ყოველ შემთხვევაში, ფიზიკური შეხლა-შემოხლა გაიმართა. მე მესმის საქართველოს მოქალაქეების პოზიცია, მათი ემოციებიც და სწორი დამოკიდებულებაც, მაგრამ ჩემი მცდელობაც ისაა, რომ საზოგადოებას ავუხსნათ, რეალურად როგორი სურათია, რას გვედავება მეორე მხარე და ამასობაში ხაზი გავუსვა იმასაც, რომ პროვოკაციის დიდი საფრთხეა, რადგან ეს მესამე ძალის წისქვილზე ასხამს წყალს. ძალიან სერიოზული ძალებია ჩართული იმ საქმეში, რომ აზერბაიჯანელები და ქართველები ერთმანეთს დააჯახოს და ამას მოწმობს არაერთი ინფორმაცია, რაც სხვადასხვა სააგენტოს მეშვეობით ვრცელდება.
– ყველგან მდინარეებს მიჰყვება საზღვარი და რაღა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ არ მიჰყვება მტკვარს?
– საქმეც ესაა: ისტორიული საზღვარი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სწორედ მტკვარზე გადიოდა.
– ანუ თხემიდან 23 კილომეტრში?
– დიახ. 1920 წელს, როდესაც საბჭოთა აზერბაიჯანი და საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკა შეთანხმდა საზღვრებზე, სახელმწიფო საზღვარი გადიოდა აღსტაფის ხიდზე და სწორედ იქ იდგნენ აზერბაიჯანელი და ქართველი მესაზღვრეები.
– ესე იგი, ბერთუბანიც ჩვენს მხარესაა?
– დიახ, ბერთუბანიც ჩვენი მესაზღვრეების უკან იდგა. მაგრამ გასული საუკუნის 20-ან წლებში მოხდა ასეთი რამ: მოსახლეობა არც მაშინ ცხოვრობდა ამ ადგილებში, ამიტომ იყენებდნენ საქონლის გადასადენად. და ქართველი ბოლშევიკების გადაწყვეტილებით, დე-ფაქტო, დროებით გადაეცათ აზერბაიჯანელ მწყემსებს ჩვენს მხარეს ერთი კონკრეტული რაიონი საქონლის გადასადენად. ეს, სწორედ, ის ტერიტორიაა, რომლის კუთვნილებაზეც დღეს მთელი ამბავია ამტყდარი.
აი, ამ დე-ფაქტო მდგომარეობით, 1938 წელს გაიმიჯნა ტერიტორიები, მანამდე 1936 წელს, 1945 წელსაც შეიქმნა დოკუმენტი. 1977 წელს კი, პირიქით, საქართველოს მთავრობამ გამოსცა დოკუმენტი, რის მიხედვითაც, აღსტაფის ხიდიდან მოყოლებული ტერიტორია ეკუთვნის საქართველოს, მაგრამ ეს ყველაფერი არის ფარატინა ქაღალდი, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან. მხარეებს შორის შეთანხმებული ერთადერთი დოკუმენტი არის 1938 წლის რუკა.
– როდესაც საბჭოთა აზერბაიჯანსა და საქართველოს პირველ რესპუბლიკას შორის შეთანხმდა საზღვარი, აღიწერა, სად გადიოდა? ვიცით, რომ იმავე 1920 წელს საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს პირველ რესპუბლიკას შორის გაფორმებულ დოკუმენტში აღწერილია, სად გადიოდა საზღვარი ამ ორ ქვეყანას შორის.
– საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია ვერ მოესწრო.
– მაგრამ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი სრულად ჩვენს ტერიტორიაზე ხვდებოდა?
– რასაკვირველია. მაგრამ, როდესაც 1938 წელს დაიწყო რუკების შედგენა და ადმინისტრაციული საზღვრების დადგენა, აზერბაიჯანელი მწყემსებისთვის საქართველოს ტერიტორიის დროებით გადაცემა გათვალისწინებული არ ყოფილა და ჩაიწერა, როგორც მუდმივად გადაცემული ტერიტორია, მაგრამ ხაზს ვუსვამ – 1938 წლის რუკითაც კი, მხოლოდ ბერთუბანი ხვდებოდა აზერბაიჯანის მხარეს. რაც შეეხება რუკების მასშტაბს: არის ძალიან დიდი მასშტაბის, ანუ 500 000-ანიც და 200 000-ანიც. 500 000-ანი უფრო აბუნდოვნებს სურათს, 200 000-ანი ბევრად მკაფიოა. 200 000-ანის მიხედვით, აშკარად ჩანს, რომ მთელი ეს ძეგლები, რაც თხემზეა: აღდგომის მონასტერი, უდაბნო და ჩიჩხიტური, ცხადია, მთელი თხემიც არის ქართულ მხარეს. ბერთუბანი რჩება იქით. ახლა გადავინაცვლოთ 1996 წელს, მათ სამუშაოდ აიღეს 1938 წლის რუკა...
– და 1920 წლის რუკა რატომ არ აიღეს სამუშაოდ?
– არ ვიცი... მე ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, თუ წინა დოკუმენტს არ ეყრდნობა მომდევნო დოკუმენტი, ის კარგავს ლეგიტიმურობას. 1938 წლის დოკუმენტი ეყრდნობა 1920 წლის დოკუმენტს, 1922 წლის დოკუმენტიც არსებობს და ასე შემდეგ, მაგრამ 1938 წლის დოკუმენტში დე-ფაქტო მდგომარეობა ასახულია დე-იურედ, ისევე, როგორც ლორე-ტაშირის შემთხვევაში: იყო ბუფერული ზონა და სამუდამოდ დარჩა სომხეთს. ისევე, როგორც 800-მეტრიანი ზონა ლარსთან ნეიტრალური ზონა იყო და დარჩა სამუდამოდ რუსეთს. სამწუხაროდ, ასე ხდება ხოლმე. ასე რომ, 1938 წლის დოკუმენტს დაეყრდნო 1996 წელს ორმხრივი კომისია და დამთავრდა: ეს არის სამუშაო დოკუმენტი. თუ არადა, უნდა თქვა, რომ გამოდიხარ ამ დოკუმენტიდან და თავიდან იწყებ მუშაობას. გაგახსენებთ, რომ რუკების უმეტესი ნაწილი განადგურებულია. ამას ემატება რუკის მასშტაბი, 500 000, რაც ძალიან ბუნდოვანია. მაგრამ ახლა, რაოდენ უცნაურადაც უნდა მიგვეჩვენოს, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საკითხი გადავიდა პოლიტიკურ ჭრილში. ასეთი დაუსრულებელი კამათით, ჯერ ერთი, ვძაბავთ სიტუაციას, ვახარებთ ჩვენს მეზობლებს და, გარდა ამისა, ვერ მივიღებთ ვერანაირ შედეგს.
მე ვფიქრობ, რომ უნდა დასრულდეს ამ თემაზე ლაპარაკი, ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ. რასაკვირველია, საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად და არ უნდა დაუშვას არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის მიერ ამ საკითხის სათავისოდ გამოყენება, მაგრამ ის, რომ ლოგიკურ ფინალამდე მივიდეს ეს ამბავი, ამისთვის საჭიროა სიფხიზლე. ვიმეორებ – დღეს იმდენად გავახურეთ ეს თემა, რომ მესამე ძალა, რომელიც დაინტერესებულია კონფლიქტის გაღვივებით საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, აუცილებლად მიაღწევს თავის შედეგს. და ეს მესამე ძალა მაინცდამაინც და მხოლოდ რუსეთი არ არის. ის აუცილებლად გამოჩნდება, როგორც კი ურთიერთობა დაიძაბება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი