პოლიტიკა

რატომ ვერ მოახერხეს პოლიტიკოსმა ქალებმა ისტერიული მამაკაცების დაშოშმინება და როგორ გახადეს დაპირისპირებული ისედაც რადიკალიზებული ქართული პოლიტიკა

№47

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 01.12, 2021 წელი

რამაზ საყვარელიძე
დაკოპირებულია

რაკი სამი ათეული წელია, ვიცით, როგორ მართავენ მამაკაცები სახელმწიფოს (პოლიტიკური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა მამაკაცებითაა გადავსებული), ევროკავშირიც გვთხოვდა და პირადად მეც ვფიქრობდი, რომ ქალები ერთგვარად გააკეთილშობილებდნენ კიდეც ქართულ პოლიტიკას და, ამას გარდა, მეტ გონივრულობასა და სიდინჯესაც შეიტანდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ავანსცენაზე ქალებმა დაიწყეს გამოჩენა და მათი ოდენობაც მომრავლდა, სულო ცოდვილო და, უკვე ვფიქრობ, რომ ჯობდა, მითად დარჩენილიყო ქალის მიერ პოლიტიკაზე დადებითი ზეგავლენა, იმდენად ისტერიული და გაუწონასწორებელი გახდა, ზოგადად, ქართული პოლიტიკური სცენა (მამაკაცები ისედაც არ აკლებდნენ არც ისტერიკას და არც მუშტი-კრივს) და ლამისაა, დავეთანხმო მოსაზრებას, რომ ქალის ადგილი სამზარეულოა. ისტერიულ ქართულ პოლიტიკას, აწ უკვე ქალების შესრულებითაც – ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად მიმოვიხილავთ.

– ჩემდა სამწუხაროდ, ვინაიდან მეც ქალი ვარ, პოლიტიკოსმა ქალებმა გამიცრუეს იმედი, ისეთ ისტერიკებს აწყობენ. საკონტროლო გასროლა იყო მეგი გოცირიძის ქცევა სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან. რატომ აღმოჩნდნენ ქართველი ქალები ეგზომ ისტერიულები? გულშემატკივრის პოზიციიდან ვამბობ, გავიმეორებ, ვინაიდან მეც ქალი ვარ.

– თქვენს გულწრფელობაში ეჭვი არ მეპარება, მით უმეტეს, რომ დიდი ხანია, ვიცნობთ ერთმანეთს და მახსოვს პოლიტიკის თქვენეული გააზრება და, საერთოდაც, ბევრგანაა პრინციპი, რომ, რაც მეტი ქალი იქნება პოლიტიკაში, მშვიდობა და კაცთმოყვარეობა უფრო გაიზრდება იმ სივრცეში, სადაც ქალები იტრიალებენ. ეს ვერსია უსაფუძვლო არ არის, მაგრამ რასაც თქვენ ჩივით, ესეც პრობლემაა. ვინაიდან, მეორე მხრივ, ფანატიკურ იდეებს უფრო ხშირად ქალები აჰყვებიან ხოლმე. გაგახსენებთ, რომ სექტაში, ძირითადად, ქალები არიან ხოლმე, რომლებიც სექტის ლიდერს ეთაყვანებიან.

– თუმცა სექტის ლიდერი, ჩვეულებისამებრ, მამაკაცია.

– უმრავლეს შემთხვევაში. ასე რომ, ქალს იმის პოტენციალიც აქვს, რომ დაალაგოს, ამ სიტყვის ძალიან ფართო გაგებით, სახლით დაწყებული და სახელმწიფოთი დამთავრებული, ყველაფერი, მაგრამ, თუ ვინმე სიყვარულითა თუ სიძულვილით ამოიჩემა, მერე ყველაფერს ანაცვალებს ამ ემოციას.

– ანუ ქალი პოლიტიკოსი მაინც ქალად რჩება? მაგალითად, მე ვმიჯნავ: როგორც ქალი ვიქცევი სხვანაირად, როგორც ჟურნალისტი – სხვანაირად.

– ეს პროფესიონალიზმს ნიშნავს. ადამიანს თავისი პროფესია ცვლის, როდესაც ის პროფესიონალია. გამიგია ზოგიერთი ექიმისგან, ხალათს რომ ჩავიცვამ, კარს უკან რჩება დანარჩენი ცხოვრებაო; ანალოგიური მომისმენია მასწავლებლებისგან... მექანიზმი, რომ, როდესაც შენს როლში შედიხარ, დანარჩენი ქრება ან ფერმკრთალდება, ადამიანს აქვს. მაგრამ, როდესაც არის მკაფიო პროფესია, მკაფიო როლი, ქალს ავიწყდება ყველაფერი; თუმცა შეიძლება, სამსახური არ ჰქონდეს და ოჯახი იყოს ასეთი ადგილი, დედობა იყოს ასეთი როლი. მაგრამ გამორიცხულია, რომ არსებობდნენ ქალებიც და მამაკაცებიც, რომლებსაც ასეთი საყრდენი ღირებულებები არ აქვთ?! რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის. მე, უბრალოდ, არ გავმიჯნავდი ასე მკაფიოდ მამაკაცსა და ქალს, იმიტომ რომ ცუდი ერთიც შეიძლება, იყოს და მეორეც. კაცის ცუდი ვარიანტი, რამდენიც გინდა, იმდენია და ქალის ცუდი ვარიანტიც, თქვენ რომ ისტერიულობა უწოდეთ, იმით ნაკარნახები. უბრალოდ, ქალები ბევრნი არ არიან პოლიტიკაში.

– მაგრამ გამოჩნდნენ თუ არა, ქართული პოლიტიკა უფრო გაგიჟდა, ნაცვლად იმისა, რომ მამაკაცების ისტერია დაეშოშმინებინათ.

– ქალებს რადიკალიზაციის უნარიც აქვთ. მათ თავისთავად აქვთ რადიკალური ხასიათი და დაბალანსების სურვილი ყოველთვის არ უჩნდებათ. ხოლო, როცა რადიკალურია, ისეთი რადიკალურია, რომ მამაკაცი მონაგონია. ასე რომ, ქალს მრავალნაირი ეპითეტი ერგება: ისიც, რომ მობილიზებულია; ისიც, რომ გულგრილია; ისიც, რომ არაემოციურია – გავიხსენოთ, რომ ქალები იყვნენ და არიან კარგი სნაიპერები; ისიც, რომ ემოციურია; ისიც, რომ ემოციების გამო შეუძლია, მთელი სამყარო დაშალოს და ყველაფერი გადადოს გვერდზე იმისთვის, ვინც უყვარს. ამდენად, ერთ უკიდურესობასაც ქალი ქმნის და მეორე უკიდურესობაც ქალის შესაძლებლობაა.

– ეს ზოგადადაც ასეა, თუ ჩვენი, ქართული, ბუნებაც ასრულებს თავის როლს? ხანდახან ეკრანს თვალს ვარიდებ ხოლმე, ისეთებს სჩადიან. ერთადერთხელ ვუყურე ორიოდე წუთით ერთ-ერთ ჟურნალისტ ქალთან მიწვეულ ოთხ ქალს და ისეთი წიოკი გაიმართა, ბაზარში რომ მინახავს.

– მამაკაცებთანაც ანალოგიური სიტუაციაა.

– მე არ მომწონს, როგორც ქალს, ქალები რომ იქცევიან ასე.

– ეს ასპარეზი – ისტერიკა, წყობიდან გამოსვლა, ჰიპერემოციურობა, ზრდილობიანად რომ ვთქვათ – ქალებისაა. წესით, მამაკაცი ასეთი არ უნდა იყოს. ასე რომ, უარესი მოვლენაა, როდესაც მამაკაცები გამოავლენენ ისტერიულ ხასიათს, ვიდრე ქალების ისტერიულობა. მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავს, რომ პოლიტიკაში ქალი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ პოლიტიკაში ქალებს თავიანთი საქმე აქვთ, ისევე, როგორც ყველაფერში.

– და რა საქმე აქვთ ქალებს პოლიტიკაში?

– რაც სახლში: დალაგება, მოწესრიგება, დანარჩენი წევრების მდგომარეობის გათვალისწინება, ჰუმანურობა, გამჭრიახობა, ადამიანების გამოცნობის ბრწყინვალე უნარი, თუ მოინდომეს. თუ აქეთკენ წავიდა, ქალს უნიკალური სოციალური ინტუიცია აქვს, მაგრამ, თუ გაჯიქდა და იძახა, მე მხოლოდ ერთი ადამიანი მიყვარს ამ ქვეყანაზე და დანარჩენები არ მაინტერესებსო, ერთი უბედურებაა, ქალი გააკეთებს ამას თუ მამაკაცი. ფანატიზმი, ნებისმიერ შემთხვევაში, უბედურებაა, თუმცა ქალებთან უფრო ხშირია.

– კვლევების თანახმადაც, თანამშრომელი ქალები არიან უფრო მუყაითები, მოწესრიგებულები და ჯობნიან მამაკაც თანამშრომლებს შესრულებული სამუშაოს ხარისხით, თუმცა მმართველ რგოლებში უფრო მეტი მამაკაცია დასაქმებული. თუ ეს ხერხდება კერძო სექტორში, რატომ ვერ მოხერხდა პოლიტიკაში? იქნებ საზოგადოება ითხოვს ისტერიულებს, განურჩევლად სქესისა?

– საინტერესო საკითხი წამოჭერით: სად უფრო ეფექტიანია მართვა, კერძო თუ სახელმწიფო სექტორში, მიუხედავად სქესისა?! მთელ მსოფლიოში მართვა გაცილებით ეფექტიანია კერძო სექტორში და ამიტომაცაა კარგი პრივატიზაცია, ვინაიდან კერძო სექტორი უვლის თავის ქონებას, საჯარო სექტორი კი თავის ქონებას ვერ უვლის. ამდენად, სად შეიძლება, იყოს ბევრი რამ მოუწესრიგებელი? რა თქმა უნდა, სახელმწიფო სექტორში და ამას ემატება ის, რასაც თქვენ ამბობთ: საჯარო პირად ყოფნა, ანუ ვისაც სულ აქვს სცენაზე ყოფნის განცდა. ეს, რა თქმა უნდა, ქალებზე უფრო იმოქმედებს. ქალებს, ბუნებით, უფრო მეტად ახასიათებთ ისტერიულობა. ისტერიულ ხასიათს კი სიამოვნებს, როდესაც სხვები უყურებენ და აკეთებს იმას, რაც აუდიტორიას უნდა. აუდიტორიის მოთხოვნებს მიჰყვება ისტერიული ხასიათი. ბავშვებსაც იგივე ხასიათი აქვთ. ამ მხრივ, თქვენ სწორად ამბობთ, თუ საზოგადოებას უნდა ქაოსი, ორომტრიალი, ისტერიკა, ამას გრძნობს ქალი და ასრულებს ამ დაკვეთას. მაგრამ ქალიცაა და ქალიც. ტეტჩერიც ქალი იყო და ვერ იტანდა აი, სწორედ, მაგ ხაზს: გავაკეთო ის, რაც საზოგადოებას უნდა.

– ტეტჩერს არ ვედრები, ცხადია, მაგრამ, თუმცა ისტერიული არ ვარ, მწარე ენა მაქვს და მსაყვედურობენ, რატომ არ ვილანძღები, ეს პოპულარულს გაგხდისო. არ მესმის, რატომ უნდა ვწერო ასე, არადა ფაქტია, რაც მეტად იგიჟიანებს თავს, მით მეტად პოპულარული ხდება ადამიანი ჩვენთან.

– სამწუხარო ბევრი რამაა ჩვენს ცხოვრებაში და სამწუხაროა ისიც (პოლიტიკაში არ ვარ, არც შებიჯებას ვაპირებ და ამიტომ ხალხის წყენინება შემიძლია), რომ ხალხი არ არის შესაფერის დონეზე. ქართველი საზოგადოება, ძალიან ბევრი თვალსაზრისით, ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რასაც აყენებს დრო, ვითარება და ასე შემდეგ. ის ძალიან ხშირად არის სკანდალურობის მსხვერპლი. მისი გემოვნებაა ისეთი, რომ სკანდალები მოსწონს. ვერ ვიტყოდი, რომ ასეთი მხოლოდ ქართველი საზოგადოებაა. ყველა ქვეყანაში ანალოგიური სიტუაციაა. ეს რომ არ იყოს, მაშინ „ყვითელი პრესა“ არ იარსებებდა, თუმცა ქართველ საზოგადოებას აქვს სპეციფიკური ხასიათი. თუნდაც, ის, რომ 30 წელი გავიდა და ერთი პოლიტიკური პარტია ვერ შექმნა ამ საზოგადოებამ. და მხოლოდ ეს არა. 30 წელი გავიდა და ძალიან ბევრ რამეში ჩამოვრჩებით, რაც საზოგადოების ბრალია. იმაზე ლაპარაკი, რომ პოლიტიკოსები არ გვივარგა, ღიმილის მომგვრელია: საზოგადოება არ გვივარგა, იმიტომ რომ იმ საზოგადოებიდან არიან ეს პოლიტიკოსები. 30 წელს იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 5 წელიწადში გერმანიაც ფეხზე იდგა და იაპონიაც. და იაპონია ისე იდგა ფეხზე, რომ გერმანელებს სესხს აძლევდა. როგორ შეძლეს ეს იაპონიამ და გერმანიამ?! განსაკუთრებულები არიან?! არა. ერთადერთი რამ დგას მათ უკან – ამ ხალხს აქვს მუშაობის უნარი! სულ ესაა!

– ისტერიულობის დონეც დაბალი აქვთ. ჩვენთან ისტერიულობის ნორმაც კი მაღალია მათთან შედარებით.

– დიახ. იაპონიაში ისტერიულობა სირცხვილია. აღმოსავლეთში იაპონიაშია მიუღებელი ზედმეტი ემოციები და დასავლეთში – ინგლისში. ინგლისი ევროპული ცივილიზაციის საკვანძო ქვეყანაა, იაპონია კი – აღმოსავლური ცივილიზაციის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა.

– ჩვენთან, რატომღაც, მიიჩნევა, რომ, თუ გაწონასწორებული ხარ, უგულო ხარ.

– ფსიქოლოგიაში ლექციების წაკითხვისას აქცენტს ვაკეთებ, რომ ზედმეტი ემოცია ცუდია და შეცდომების წყაროს როლს ასრულებს. პასუხად ვიღებ, აბა, რობოტი ხომ არ ვიქნებიო?! ემოციებისთვის ხელის ხლების სრული მიუღებლობაა. მიიჩნევა, რომ, როგორიცაა ემოცია, ისეთი უნდა გამოამჟღავნო და შედეგიც შესაბამისი გვაქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი