პოლიტიკა

რატომ ვერ მოახერხა ქართველმა საზოგადოებამ 30 წლის განმავლობაში პასუხისმგებლიანი და სახელმწიფოს განვითარების გეგმის მქონე პოლიტიკური ძალის შექმნა

№47

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 01.12, 2021 წელი

ვახტანგ ძაბირაძე
დაკოპირებულია

დამოუკიდებლობის მოპოვების პერიოდიდან მოყოლებული თითოეული არჩევნები ეფუძნება წინა ხელისუფლების უარყოფას: ვინ თუ არა გამსახურდია – კომუნისტური პარტიის საპირწონედ; ვინ თუ არა შევარდნაძე – გამსახურდიას საპირწონედ; ვინ თუ არა სააკაშვილი –შევარდნაძის საპირწონედ; ვინ თუ არა ივანიშვილი – სააკაშვილის საპირწონედ?! რასაც ლაიტმოტივად გასდევდა მოსაზრება, რომ არჩევანს ვაკეთებთ ცუდსა და უარესს შორის, იმის პარალელურად, რომ ვართ მესამე ძალის მოლოდინში, რასაც მოწმობს ფაქტი, რომ ამომრჩევლის ნახევარი არჩევნებზე არ დადის. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს მესამე ძალა არ ჩანს. მეტიც, ობიექტურადაც არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს ქვეყნის განვითარების 10-წლიანი (ორვადიანი) გეგმა მაინც და ჰყავს კადრები, რომლებითაც შეუძლია, დააკომპლექტოს აღმსრულებელი ხელისუფლება თავისი გეგმის განსახორციელებლად. ეს, ბუნებრივია, არ ნიშნავს, რომ პროფესიონალები არ არსებობენ, მაგრამ ფაქტია, რომ მათი რესურსი გაფანტულია. არის თუ არა ეს ჩიხი და არსებობს თუ რა გამოსავალი ამ ჩიხიდან? – ამ კითხვაზე პასუხის მიღებას ვახტანგ ძაბირაძისგან შევეცდებით.

– რატომ ვერ შვა ქართველმა საზოგადოებამ ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ექნებოდათ გააზრებული ამ სახელმწიფოს მომავალი და შეძლებდა ქვეყნის მართვას ისე, რომ მისგან შეექმნა სახელმწიფო?

– მე არ ვიტყოდი, რომ ჩვენ მუდმივად ასე გვედგა საკითხი: ეს თუ არა, სხვა ვინ?! საკითხის ასე დასმა ბოლო პერიოდს უფრო უკავშირდება. ჩვენ ხელისუფლებას ვცვლიდით ლოზუნგით: ოღონდ ეს არა და ვინც გინდა, იყოს. როდესაც იმდენად დაეცემოდა არსებული ხელისუფლების რეიტინგი და იმდენად მიუღებელი ხდებოდა მთელი საზოგადოებისთვის, ჩნდებოდა ლოზუნგი: ოღონდ ესენი არა. ასე იყო კომუნისტების დროს და მოვიდა გამსახურდია; ასე იყო შევარდნაძის დროს, თუმცა ეს უფრო რთული თემაა, რა და როგორ მოხდა – 1991-1992 წლები ძალიან მტკივნეული თემაა ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის და ამას ცალკე კვლევა სჭირდება; მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ უკვე, ფაქტობრივად, მეოთხე ხელისუფლებაა და დღესაც კი არ ვიცით და არ გაიცა პასუხი ერთ კითხვაზე: ვინ ისროლა პირველმა 1991 წლის დეკემბრის იმ რიცხვებში მთავრობის სასახლესთან?! რა მოხდა, ვინ გასცა ბრძანებები?! მაშინდელი დროიდან მახსოვს, გამსახურდია სახლში იყო, ჩაის სვამდა, როდესაც რუსთველის გამზირზე ატყდა სროლაო. ისევე, როგორც ბოლომდე ვერ გამოვიძიეთ ვერც ერთი ტრაგედია, რაც დაგვატყდა; არც 2008 წლის ამბები – არ ვიცით, სინამდვილეში რა მოხდა და ამიტომ ისრები გადაგვაქვს სხვა მიმართულებით... შევარდნაძის პერიოდი რომ სააკაშვილმა ჩაანაცვლა, მაშინაც იგივე ხდებოდა: ოღონდ შევარდნაძე წავიდეს და იგივე მოხდა სააკაშვილის მისამართითაც 2012 წელს. დღეს დგას საკითხი: ვინ თუ არა ეს, იმიტომ რომ წინა ხელისუფლებების ცვლილებების დროს მუდმივად იყო ერთი მომენტი: ახალი ხელისუფლება წინა ხელისუფლების ნარჩენებს ანადგურებდა, ანუ, როგორც პოლიტიკური ძალა, წინა ხელისუფლება ვერ რჩებოდა პოლიტიკურ ველზე. ამიტომ „მრგვალი მაგიდა“ არა მარტო დაიშალა პარტიებად, არამედ ერთმანეთსაც დაუპირისპირდნენ, „მოქალაქეთა კავშირი“ საერთოდ გაქრა ასპარეზიდან, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობაც“ დარჩა და მიხეილ სააკაშვილიც. დღეს ქვეყანაში მიდის ძველი ლიდერის რეანიმაციის პროცესი, ანუ, თუ ადრე ძველს ყოველთვის ცვლიდა ახალი ლიდერი, ახლა სხვა ვითარებაა. მართალია, სააკაშვილი ლიდერია, მაგრამ პარტიის ლიდერია და ვერ გახდა სახალხო ლიდერი, როგორც გამსახურდია. ანუ ვერ გააერთიანა ოპოზიციური ელექტორატი, ამიტომ ბევრისთვის მიუღებელია. მე ვიტყოდი, საზოგადოების, დაახლოებით, ორი მესამედისთვის და ალტერნატივა თითქოს არ ჩანს. ამ ალტერნატივის ძებნაში ვართ და ის აუცილებლად გამოჩნდება. ოღონდ ამ ეტაპზე „ქართული ოცნებაც“ ცდილობს, შეინარჩუნოს „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ პარტიული ლიდერობიდან სააკაშვილი გარდაქმნას ნაციონალურ ლიდერად. თუ ამას შეძლებს „ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება“, როგორც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა, აუცილებლად დაკარგავს ხელისუფლებას, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებს, ამიტომაცაა, რომ უნდათ, მოარგონ წამებულის მანტია და, თუ უყურებთ ოპოზიციურ არხებს, მთელი ყურადღება მიმართულია იქით, რომ წამებული რაინდია და, თუ წამებულია, რაინდია და „თბილი“ ქვეყნებიდან იმისთვის ჩამოვიდა, რომ ქვეყანა გადაარჩინოს, მაშინ ის უნდა გახდეს ნაციონალური ლიდერი. აი, ეს პროცესი მიდის.

– და სხვა არჩევანი რატომ არ გვაქვს?

– იმიტომ რომ, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება, უფრო ზუსტად, არ მიყვარს ეს ტერმინი, მაგრამ ასეა – საზოგადოებრივი ელიტა, ხალხი, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ, ჩვენი ჩათვლით, გამოვიდნენ და თქვან თავიანთი სიტყვა ტელევიზიით, პრესით თუ სოციალური ქსელით, ჩამოუყალიბებელია. ჩვენ არასდროს არაფერი გამოგვიკვლევია. არაფერს მივყვებით ბოლომდე. სადღაც ვწყვეტთ ან გადავდივართ სხვა თემაზე და ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს მივაფუჩეჩებთ ხოლმე. დღეს თითქოს ყველა მოწადინებულია, რომ პოლარიზებული არ იყოს საზოგადოება და ამ დროს ყველა მუშაობს პოლარიზებაზე. გაყოფილია მედიასაშუალებებიც, ერთსა და იმავე თემას ერთი – ერთი კუთხით აშუქებს, მეორე – მეორე კუთხით. ობიექტურად რომ აშუქებდნენ, ეს კიდევ არაფერი. მარტივ მაგალითს მოვიტან სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ: ხელისუფლება ამბობს, რომ ცუდადაა სააკაშვილი, ვერ შეძლებს მისი უსაფრთხოების დაცვას და გადაყვანის მიზეზად ასახელებს მის ჯანმრთელობას; ოპოზიცია ამბობს, გადაყვანა საჭირო არ არის, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებაო, მაგრამ, თუ ხელისუფლება აღარ ლაპარაკობს სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, ოპოზიცია ამბობს, სააკაშვილი კვდებაო. ერთსა და იმავე გადაცემაში ათწუთიანი სხვაობით მოისმენ ასეთ აზრებს.

– ურთიერთსაპირისპიროს და ეს დისკომფორტს არ უქმნის მაყურებელს, ანუ საზოგადოებას.

– არც მაყურებელს უქმნის დისკომფორტს და არც მას, ვინც ამას ამბობს.

– ვინც ამას ამბობს, გასაგებია, რატომაც ამბობს, მე ის მიკვირს, მაყურებელს რომ არ უქმნის დისკომფორტს.

– ამიტომ სხვისკენ კი ნუ ვიშვერთ ხელს, ჩვენში ჩამოვყალიბდეთ. ხშირად მითქვამს და გავიმეორებ: 2012-ში ვამბობდი, დავხუროთ ისტორიის ეს ფურცელი და დავიწყოთ სახელმწიფოს მშენებლობა; დავანებოთ თავი იმას, რაც წარსულში მოხდა, იმიტომ რომ რთულია, ვერ შევძლებთ. ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ შეძლო, რომელმაც მსგავსი პერიოდი გაიარა. წინსვლა მოახერხეს მათ, რომლებმაც შეძლეს ძველის დახურვა და ახლის გაჩენა. წინააღმდეგი ვიყავი რეპრესიების, მაგრამ არა იმის, რომ გვეკვლია, რა ხდებოდა მაშინ. დღეს რომ გვაყვედრიან, სახელმწიფო ავაშენეთო, რა სახელმწიფო იყო ის სახელმწიფო?! როგორი იყო ის სახელმწიფო?! ეს რომ გვეკვლია და გამოგვეტანა სააშკარაოზე, მაშინ ცოტა სხვაგვარად იქნებოდა საქმე, მაგრამ ამას რომ გააკეთებს ხელისუფლება, ანუ ასეთ ნაბიჯს გადადგამს, მაშინ მან ის სისტემა უნდა შეცვალოს. და, როდესაც არ გინდა არც სისტემის შეცვლა, არც სასამართლოს შეცვლა და მოსამართლეების შეცვლაც კი არ გინდა, ამ ნაბიჯს არ გადადგამ. ამიტომაც აღმოვჩნდით ამ ვითარებაში და დღეს ვამბობთ, რომ ვართ გაყოფილი, ვერ შევქმენით მესამე ძალა... ლიდერი იქმნება ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ელიტას აქვს ამის უნარი. ჩვენ მცირე სახელმწიფო ვართ. ჩვენ, გულწრფელად რომ ვთქვათ, მხოლოდ ორი პარტიის ჩამოყალიბების პოლიტიკური რესურსი გვაქვს და ესეც ბევრია, 20 ან 30 პარტიის შექმნის რესურსი ჩვენ არ გვაქვს. დღეს რომ იკითხო, დამისახელე მთელი პოლიტიკური სპექტრიდან 50 კაცი, რომლებსაც თვალდახუჭული ენდობი – წესიერებით, წარსულით... ძალიან გაჭირდება, თუ გულწრფელი იქნება ამ კითხვაზე პასუხის გამცემი. პრობლემა ის კი არ არის, რომ ქვეყანაში ასეთი ხალხი არ არის, არამედ პრობლემა ის არის, რომ მმართველ ძალას არ სჭირდება ასეთი ხალხის მოძიება. უფრო ზუსტად, სისტემას არ სჭირდება. სახელმწიფო სისტემას არ სჭირდება ჭკვიანი ხალხი, იმიტომ რომ ეს არის მონო-სისტემა – ანუ ერთი სათავეში. დღეს ვითომ საპარლამენტო რესპუბლიკა გვაქვს, მაგრამ სინამდვილეში არანაირი საპარლამენტო რესპუბლიკა არ არის. ქაღალდზე არის, მაგრამ სინამდვილეში არ გვაქვს. და რაც მთავარია: არც პარტიებშია შიდა დემოკრატია. უცნაური რამ მივიღეთ – ქვეყანას, ფაქტობრივად, მართავს ორი კაცი: ივანიშვილი და სააკაშვილი და არც ერთია პარტიის თავმჯდომარე და არც მეორე. ხელისუფლებას ჰყავს მმართველი, რომელიც ჩრდილშია და არ ჩანს.

– ოპოზიციასაც ჰყავს მმართველი, რომელიც ჩრდილშია.

– დიახ, ჩრდილშია, ციხეშია ახლა, მაგრამ ჩრდილშია მაინც, საერთოდაც, მოქალაქე არ არის ამ ქვეყნის. და ამაზე ვლაპარაკობთ ჩვეულებრივად და, რატომღაც, საზოგადოება გვქვია, მაგრამ ვართ კი საზოგადოება?! ამიტომაც გვაქვს პრობლემა – ჩვენ ხომ ემოციურად და ადამიანურ დონეზე ვარჩევთ ლიდერს. ისევ ელიტას ვგულისხმობ, ვინაიდან მთელი საზოგადოება არასდროს ერთვება ამ პროცესში. ჩვენი პრობლემა ელიტაა: საჯარო პირები – ექსპერტები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორი... აი, ამათი პრობლემაა. დღევანდელი ხელისუფლება რომ არ მოგწონს, ეს მესმის, მაგრამ ვერ გავიგე, რატომ მოგწონს გუშინდელი?! ის ხომ ვნახეთ?! შევარდნაძე რომ ჩამოვიდა, თქვა, სიტყვა „პლურალიზმი“ ძლივს ვისწავლეო. მერე კი დაიმახსოვრა, მაგრამ შინაარსი მაინც ვერ გაიგო. ის ისევ იმ შევარდნაძედ დარჩა, 70-ანებში რომ მოვიდა ხელისუფლებაში, უბრალოდ, ისეთი რეპრესიები აღარ სჭირდებოდა, თორემ, სხვა მხრივ, იგივე შევარდნაძე იყო, როგორიც ცეკას მდივნობისას. ისევე, როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეანიმირება ვერ მოახდინა. ჩვენ ვერ შევძელით სერიოზულ და დემოკრატიულ საზოგადოებად ჩამოყალიბება. ამიტომ ძალიან ძნელია, ისევ თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდე, იმის თქმა, მოვძებნით თუ არა პოლიტიკურ ძალას. ამ ეტაპზე ერთადერთი ის შეგვიძლია, რომ რამენაირად თავიდან ავიცილოთ სამოქალაქო დაპირისპირება. და, თუ ღმერთმა ქნა და ისეთ დონეზე მაინც შევძელით დამოუკიდებლობის შენარჩუნება, როგორც ახლაა, 10-15 წელი მაინც, მერე შეიძლება, მოვიდეს ახალი თაობა, რომელიც უბრალოდ, სხვაგვარად გადააფასებს პროცესებს და შესაძლოა, რაღაცის იმედი გაჩნდეს. სხვა შემთხვევაში, ძალიან მეეჭვება, რომ არსებულებმა ან მათ, ვინც ცდილობს არსებულის შეცვლას, შეძლოს რაღაც რეალური საქმის გაკეთება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი