პოლიტიკა

რატომ უნდა დასრულდეს საქართველოს სახელმწიფოს მათხოვრობა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, თუ ეს სურვილი მხოლოდ ცალმხრივია

№32

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 17.08, 2022 წელი

აკაკი ასათიანი
დაკოპირებულია

არ შევუდგები იმის განხილვას, არის თუ არა სამართლიანი, ობიექტური თუ სუბიექტური დასავლეთის ქვეყნების ელჩების კრიტიკა, მაგრამ ფაქტია, რომ არც კრიტიკა მოეწონათ ჩვენს პარტნიორებს და არც სიტყვის შებრუნება. ადრე თუ გვიან დგება მომენტი, როდესაც პარტნიორისა და მეგობრის მეორე მხარის დანახვაც გიწევს. სწორედ ამ თემას განვიხილავთ აკაკი ასათიანთან ერთად.

– ჩვენ გვინახავს მხოლოდ ტკბილმოუბარი დასავლეთი, ანუ დადგა დრო, დავინახოთ, როგორ იქცევა დასავლეთი, როდესაც არ მოსწონს შენი რეაქცია? თუ, უბრალოდ, ჩვენ იმდენად განუვითარებლები ვართ მათ თვალში, რომ ყველაფერზე უნდა დავეთანხმოთ? არადა, ადამიანი სამოთხეშიც კი აკრიტიკებდა ღმერთს.

– მაგრამ ძვირად დაუჯდა.

– თუმცა ასეც იყო ჩაფიქრებული, სხვა შემთხვევაში ადამიანი ვერ განვითარდებოდა და მზამზარეულ სამოთხეს მიიღებდა, როგორც ღმერთის კლონიო. ახლა გამძვინვარებულ დასავლეთს ვეცნობით, რაზედაც მხოლოდ შორიდან გვსმენოდა, იობის არ იყოს, ღმერთს რომ ეუბნება იმავეს?

– ჩვენი ერი იმეორებს იობის თავგადასავალს თავისი ისტორიის განმავლობაში, მაგრამ იობს ბოლოს დაუფასდა და იმედი მაქვს, ასევე იქნება ჩვენს შემთხვევაშიც და, რატომღაც, ვფიქრობ, რომ მალე. რაც შეეხება დასავლეთსა და ამ ამბავს: გავამარტივოთ სიტუაცია. მე ვფიქრობ და ასეც ჩანს, რომ პირადად ივანიშვილმა და არა საქართველომ და საქართველოს ხელისუფლებამ, ეს ერთი ცხელი საჭადრაკო პარტია მოუგო შეერთებულ შტატებს კონკრეტულად.

– გავშალოთ ეს თემა, რას გულისხმობთ?

– გინდა, შანტაჟი დავარქვათ და გინდა – სხვა რამ, რაც ხმა ტრიალებს, რომ სანქციებთან მიუერთებლობის გამო ვითომ ივანიშვილს დაუყადაღეს თანხა შვეიცარიის ბანკში და მისი დასანქცირების საკითხიც დადგა, ევროპარლამენტში პირადად მისი დეოლიგარქიზაციის მოთხოვნები გაისმა, მან ასე შეასრულა ეს პარტია: საქართველო გამოვა დასავლეთის მოკავშირეობის ზოლიდან, თუ ასე წავა საქმე. როგორც უნდა შევაფასოთ ეს ქცევა, ფაქტია, შეერთებულმა შტატებმა და კელი დეგნანმა საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი – ეს ამერიკაა და ის, რომ რომელიღაც ქვეყანას აიძულებდი, გინდა თუ არა რაღაც მოიმოქმედეო, ნებისმიერ შემთხვევაში, სრულად დადასტურდება თუ ნაწილობრივ ან მხოლოდ ეჭვი დარჩება, მნიშვნელოვანი სკანდალია. ჩვენ ვიცით, რომ ბაჰამის კუნძულებზე, თავის დროზე რა როლსაც შვეიცარია ასრულებდა, დღეს ვესტ ინდოეთის ეს კუნძულები ასრულებენ, სასამართლომ ჯარიმა დააკისრა შვეიცარიის ბანკს, იქ კი დირექტორი მოხსნეს, ანუ ხელი შეიწმინდეს მასზე. და ამას ყაიმიც არ ჰქვია, პარტია მოგებულია. სხვა საკითხია, რომ ეს იყო შამათი სამ სვლაში.

– ივანიშვილმა ეს პარტია მოიგო, მაგრამ ჩვენ, საზოგადოებამ, სახელმწიფომ თუ მოვიგეთ?

– მე მგონია, რომ ივანიშვილის მოტივაციის მიუხედავად, მოდი, ყველაზე რბილად ვთქვათ, არ არის ცუდი, რომ საკუთარი პოზიცია გამოავლინა ჩვენმა ქვეყანამ. იმიტომ რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, გამსახურდიას დამხობის შემდეგ, პირადად მეც ვიყავი ამის მომსწრე შევარდნაძის დროს: ახლო ურთიერთობა მქონდა აშშ-ის საელჩოსთან და პირველი ელჩები, მართლაც, შესანიშნავი ადამიანები იყვნენ, საკმარისი იყო შტატების საელჩოს რომელიმე თანამშრომლის წარბის აწევა და სმენაზე იდგა მთელი ქართული ხელისუფლება. ამას ოდესმე უნდა მოღებოდა ბოლო.

– მეც ასე მგონია. ყურმოჭრილი მონა არავის ეპიტნავება.

– და უფრო დაგაფასებენ, სხვათა შორის. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ეს ჩვენი მათხოვრობაც და მათი დამოკიდებულებაც, კარგი, რადგან ასე გინდათ, ოდესმე მიგიღებთ. ერთხელაც უნდა ითქვას: მარტო ჩვენ გვინდა? თქვენ თუ არ გჭირდებით, მაშინ დავრჩეთ მეგობრებად; რა აუცილებელია, მაინცდამაინც, ერთ კავშირში ვიყოთ?! თუმცა „ნატოს“ საკითხია ყველაზე სერიოზული, რაც პრობლემურია, ოღონდ სრულიად მოულოდნელად შეიძლება, გახდეს რეალობა და, თუ მაინცდამაინც, რაღაც ორმხრივი ურთიერთობები დავამყაროთ შტატებთან. იმიტომ რომ ევროკავშირი საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდის უზენაეს საბჭოს დაემსგავსა, როდესაც არანაირი საქმე არ ჰქონდათ. ევროპარლამენტი კი ჩვენით იჩენს საქმეს: ყველამ იცის, რომ ამ ხალხს საქმე არ აქვს და ძალიან დიდი პენსიაა მათი დეპუტატობა, მაინც საფრანგეთი და გერმანია გადაწყვეტენ ყველაფერს. ამდენად, ვის სჭირდება ეს პამპულაობა, არავინ იცის. ამიტომ ქვეყნისთვის აქვს მნიშვნელობა, რომ მას ჰქონდეს თავისი პოზიცია და შეუძლია, რომ ეს პოზიცია ცალმხრივი მოკავშირეობის ხათრით არ დათმოს. აი, ეს მოხდა ახლა ძალიან კონკრეტული საქმის გამო. ივანიშვილს თავისი ფული აინტერესებდა თუ ქვეყანა დაიფარა, ამას უკვე ნაკლები მნიშვნელობა აქვს. სანამ შევარდნაძე იყო, სულ ვუპირისპირდებოდი მას, თუმცა ქვას არ ვესროდი, მაგრამ მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, იყო მომენტები, როდესაც მისი პირადი ინტერესები სრულად ემთხვეოდა ქვეყნის ინტერესებს. მაგალითად, კონსტიტუციის მიღება. ასე ხდება ხოლმე, მმართველი რაც უნდა პირადი მოტივებით, კარიერულით თუ ფინანსურით, ხელმძღვანელობდეს, თუ მისი ეს ინტერესები იმ მომენტში ემთხვევა ქვეყნის ინტერესებს, პირადად მე ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. რაც შეეხება გამძვინვარებას: დასავლეთს არ უყვარს წესების გარეშე თამაში და შეიძლება, დაგანებოს წესების დაცვით მოგება, მაგრამ ეს არ არის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ანუ ერთი მატჩისგან არ შედგება. ეს არის ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, რომელიც მრავალი პარტიისგან შედგება. ამდენად, ჩვენ უნდა ველოდოთ არა გამძვინვარებას, არამედ ახალი პარტიის დაწყებას. ჭადრაკში მიღებულია სვლის ჩაწერა და გააჩნია, რა სვლებია ჩაწერილი ერთის ან მეორის მხრიდან.

– კიდევ ერთ რამეს მივაქციე ყურადღება: ჩვენი საზოგადოების ნაწილიც აღშფოთებულია და დეგნანმაც შენიშნა, პრივატული შეხვედრის გასაჯაროება არ ღირდაო, მაგრამ შინაარსი ხომ არ თქმულა და რატომ არ უნდა გვცოდნოდა ამ შეხვედრის ამბავი?

– დიახ, შინაარსი არ მჟღავნდება.

– და თუ შეხვედრის შესახებაც არ შეიძლება არაფრის თქმა, მაშინ რა განსხვავებაა ცეკას ინტრუქტორსა და დასავლეთის წარმომადგენელს შორის?

– ძალიან ბევრი რამ არათუ საბჭოეთიდან, გერმანიის მეთოდებიდანაც კი აქვთ გაზიარებული: პროპაგანდაშიც და ბევრ სხვა რამეშიც. ის ამერიკა, რომელიც შექმნა მშრომელმა, მორწმუნე ამერიკელმა ხალხმა მეჩვიდმეტე საუკუნიდან მოყოლებული და მეცხრამეტის ბოლოსკენ მსოფლიოს მოწინავე სახელმწიფო გახადა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძალიან შეიცვალა და მისი მმართველი ელიტა თვალთმაქცობის, პირფერობისა და ორპირობის ნიშნებს ამჟღავნებს ხოლმე. ამდენად, რას ჰქვია, გაამჟღავნა, რომ შეხვდნენ?! სხვა საქმეა, რომ ივანიშვილი ამით აშანტაჟებს, მერე იმასაც ვიტყვი, რაზედაც ვილაპარაკეთო. ეგ კი, მართლაც, არასწორი იქნებოდა. შინაარსის პრობლემაა, თორემ შეხვედრა რა დასამალი იყო, არ მესმის და ეს დეგნანის სერიოზული შეცდომა იყო. სხვათა შორის, დეგნანი დიპლომატობაზე მეტად ცოტა სხვა ტიპის მისიებს ასრულებდა და, ეტყობა, გამოყოლილი აქვს ეს ჩვევები.

– მეც ასე ვიცი, რომ უფრო უსაფრთხოების სისტემის კადრია.

– დიახ. თან, ისეთ რეგიონებში, სადაც შეერთებული შტატების რეკომენდაციებს ბრძანებების, დირექტივების ხასიათი ჰქონდა. ასე რომ, დეგნანისგან შეხვედრის უარყოფა შეცდომა იყო, მაგრამ ეს მისი და ამერიკის საქმეა.

– აზერბაიჯანის სწორი პოლიტიკის შედეგია, რომ ევროპარლამენტარები აზერბაიჯანს ეფერებიან? თუ საქართველო არ იქნა, სად გაივლის აზერბაიჯანული გაზი, არც კი ვიცი.

– კასპიის ზღვა ტბაა და ის, რომ ფარავნის ტბაზე დიდია, არაფერს ნიშნავს. აზერბაიჯანის დამსახურება ისაა, რომ ის ფრთხილობს, თუმცა მაინც ნავთობისა და გაზის დამსახურებაა აზერბაიჯანისადმი დამოკიდებულება. ვფიქრობ, რომ ეს ისაა, რასაც მამა ალიევმა ჩაუყარა საფუძველი და რასაც შევარდნაძემაც აუბა მხარი, თუმცა უერთმანეთოდ ამას ვერ შეძლებდნენ. უჩვენოდ მაინც ვერსად გაატარებენ, მაშინ რუსეთზე უნდა გაატარონ და ვნახეთ, რა პრობლემები შეექმნა ყაზახეთს რუსეთზე ნავთობისა და გაზის გატარებისას და უარესი წინაა. ამიტომ მთელი მსოფლიო დაინტერესებული იქნება ცენტრალური აზრიის, კასპიისა და საქართველოს გავლით ევროპასთან დასაკავშირებლად. იყო კიდეც ნაბუქოს პროექტი, რომელიც მერე მიიფარცხა, იმიტომ რომ რუსული ნავთობი და გაზი უფრო იაფი იყო ევროპისთვის. ამერიკისაც გამკვირვებია, გახსენი ნავთობის დალუქული საბადოები?! მოკლედ, აზერბაიჯანს უზარმაზარი ფული შესდის ნავთობიდან და გაზიდან, რასაც, წესით, 9-მილიონიანი აზერბაიჯანი უნდა აეყვავებინა. მაგრამ გადავიდეთ და ვნახოთ, როგორია გაზისა და ნავთობის ბედნიერება, იმიტომ რომ იქ არსებული პოლიტიკური სისტემა არ გულისხმობს საყოველთაო ბედნიერებას. მოსახლეობის ერთ სულზე შემოსავალი ჩვენზე მეტი აქვთ, ოღონდ როგორ ნაწილდება, სხვა თემაა.

– ივანიშვილ-დეგნანის შეხვედრა ომის თემას უკავშირდებოდა?

– მინიმუმ, სანქციების მიერთებას, აბა, ჰემინგუეისა და ფოლკნერზე რომ არ ისაუბრებდნენ, ცხადია. არ ვიცი, არის თუ არა დეგნანი მათი მოყვარული, ბიძინა კი ნამდვილად არ უნდა იყოს. სამ საათს კი ეს შეხვედრა, ვფიქრობ, იმის გამო გაგრძელდა, რომ, სავარაუდოდ, ბიძინა უხსნიდა, რატომ არ წესდება სანქციები, თუნდაც, შიშის ან სიმამაცის გამო. ახლა თავად რომ უკან მიაქვთ ზოგიერთი სანქცია, ეგაა საქმე?! თუმცა ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში ლაზიკის მეფე გუბაზ მეორე მოკლეს ბიზანტიელმა ოხრებმა, დიდი სახალხო ყრილობა გაიმართა და კინაღამ სასანური ირანის მხარეს გადაიხარნენ, ასეთ რამეებს მაინც არ გვიკეთებსო, მაგრამ ოპონენტმა უთხრა, დიახ, ასეთები არიან ბიზანტიელები, უარესებიც, მაგრამ ეს ჩვენი არჩევანია, მაინც ჯობიან ირანელებსო. აი, ასეა ჩვენთვის დღეს დასავლეთი და რუსეთი. რაც გინდა იყოს, ამ ბარბაროსებს, ისინი ჯობიან და, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ტერიტორია აქვთ მიტაცებული!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი