პოლიტიკა

რატომ შეირჩა სამხრეთ კავკასია სსრკ-„ნატოს“ სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში საბჭოთა ბირთვული ბომბებით „ნატოს“ ჯარების შეკავების ადგილად

№17

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 04.05, 2022 წელი

ვახტანგ მაისაია
დაკოპირებულია

მართალია, რუსეთ-უკრაინის ომის თეატრის სცენაზე უამრავი იარაღი გამოჩნდა, მაგრამ ისიც ვიცით, რომ რფ-ის პრეზიდენტმა ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებაც დაიტოვა. კაცობრიობას აქვს ბირთვული იარაღის გამოყენების სამწუხარო გამოცდილება: აშშ-მა ხიროსიმასა და ნაგასაკიში ჩამოაგდო ორი ბომბი, დღეს აშშ-სა და იაპონიას მშვენიერი ურთიერთობაც აქვთ და არც დედამიწა დაქცეულა; არც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქებას დაუსრულებია კაცობრიობის ისტორია. ბირთვული კატასტროფა გარდაუვალია, თუ ერთი ბირთვული სახელმწიფო ესვრის მეორეს, მეორე კი საპასუხო დარტყმას მიაყენებს. რა შეიძლება, მოხდეს უკრაინაში, თუკი რუსეთი მაინც მიმართავს ამ უკიდურეს ფორმას? – ამ საკითხს ვახტანგ მაისაიასთან ერთად განვიხილავთ.

–იმედია, ეს ინტერვიუ საინფორმაციო ინტერვიუდ დარჩება, მაგრამ, რაკი ბირთვულ დარტყმაზე ტაბუ მოიხსნა, მაინტერესებს, რა ტიპის ბირთვული იარაღი არსებობს და როგორია მათი ზემოქმედების მასშტაბები და შედეგი?

– ბირთვული დარტყმის ძალა 5 კატეგორიად ნაწილდება და იზომება კილოტონობით. ძალიან მცირე დარტყმისთვის საჭიროა ერთ კილოტონაზე ნაკლები; მცირე დარტყმისთვის: 1-დან 10 კილოტონამდე; საშუალოსთვის: 10-დან 100 კილოტონა; მსხვილისთვის: 100 კილოტონიდან 1 მეგატონამდე; ზემსხვილისთვის: 1 მეგატონაზე მეტი.

– ჩავშალოთ. მეუხერხულება ამ კითხვის დასმაც კი, მაგრამ სხვა გზა არაა. ნგრევის რა მასშტაბს გულისხმობს თითოეული კატეგორია?

– მაგალითად, ზოგიერთი სპეციალისტი ამბობს, რომ ამერიკელებმა ხიროსიმასა და ნაგასაკიში გამოიყენეს მცირე კატეგორიის ბირთვული დარტყმა; იგულისხმება ორივე ბომბის სიმძლავრე და ვიცით, რაც გამოიწვია ამ ორი ბომბის ჩამოგდებამ იაპონიის იმ ორ ქალაქში. ამერიკულსა და რუსულ ბალისტიკურ რაკეტებს შეუძლია 16 მეგატონა სიმძლავრის ბირთვული ქობინების გადატანა, რომლებსც შეუძლიათ მთლიანად დედამიწის შერყევა და არმაგედონის, ანუ ბირთვული ზამთრის ეფექტის შექმნა. ამას გარდა, ბირთვული იარაღის გადატანაც კატეგორიებად იყოფა: სუბტაქტიკური, ტაქტიკური, ოპერატიული და სტრატეგიული. სუბტაქტიკური ნიშნავს, რომ ბირთვული დარტყმის მიყენება შესაძლებელია 2-დან 10 კილომეტრის რადიუსზე; სუბტაქტიკურის მოქმედების რადიუსია 10-დან 100 კილომეტრი; ტაქტიკურის – 100-დან 1 500 კილომეტრი, ოპერატიულ-ტაქტიკურის – 1 500-დან 5 000 კილომეტრი და სტრატეგიულის – 5 000 კილომეტრს, ზემოთ. მაგალითად, საბჭოთა კავშირის სამხედრო დოქტრინაში, იმ შემთხვევაში, თუ „ნატოს“ სამხედრო ძალები შემოიჭრებოდნენ საბჭოეთის ტერიტორიაზე ან პირიქით, საბჭოთა კავშირი შეუტევდა „ნატოს“ ძალებს, შემუშავებული ჰქონდათ დარტყმის ჩაჩეხვის სცენარი სუბტაქტიკური და ტაქტიკური ბირთვული იარაღით, რომ შეეჩერებინათ „ნატოს“ ძალების წინსვლა საბჭოთა კავშირის ტერიტორიის სიღრმეში. სხვათა შორის, ასეთი მისია ჰქონდა დაკისრებული სამხრეთ კავკასიას და ის ბირთვული არსენალი, რომლებიც ინახებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, რომლებიც შემდგომ რუსებმა გაიტანეს, ამ მიზანს ემსახურებოდა. ანუ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აპირებდნენ „ნატოს“ ჯარების შეკავებას.

– მე მარტივად ვიტყვი: ჩვენს ტერიტორიაზე ჩამოყრიდნენ მცირე კატეგორიის ბირთვულ იარაღს, რომ შეეფერხებინათ „ნატოს“ ჯარები.

– დიახ, იმიტომ რომ „ნატოსა“ და საბჭოთა კავშირს საზღვარი ჰქონდათ კავკასიაში და ნორვეგიასთან. ამდენად, სამხრეთ კავკასიაში შესაბამისი საარტილერიო სისტემებიც იყო განთავსებული და, მათ შორის, საქართველოში, ახალქალაქსა და ბათუმში. ბუნებრივია, ფრთოსან ბალისტიკურ რაკეტებს შეუძლიათ, გადაიტანონ საშუალო სიმძლავრის ბირთვული ქობინები, ზემძლავრი ბირთვული ქობინები გადაიტანება სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო კომპლექსებით. ასევე, არსებობს საავიაციო ბომბების კატეგორიებიც.

– საავიაციო ბირთვული ბომბების?

– დიახ. ეს არის საზღვაო ბაზირების ბალისტიკური ფრთოსანი რაკეტები და სახმელეთო ბაზირების ბალისტიკური კონტინენტშორისი სარაკეტო სისტემები. ეს სამივე კრავს ბირთვულ ტრიადას: საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ბირთვულ დარტყმებს. ასევე, კოსმოსიდანაცაა შესაძლებელი ბირთვული დარტყმა. აშშ-სა და რუსეთს აქვთ საბრძოლო თანამგზავრები, რაც იმას ნიშნავს, რომ სტრატოსფეროდანაც შეუძლიათ ბირთვული დარტყმები. ცოტა შეზღუდული შესაძლებლობაა, მაგრამ შესაძლებლობა მაინც არის. თავის დროზე, როდესაც რეიგანმა წამოაყენა კოსმოსური ომების იდეა, ეს გულისხმობდა, რომ სტრატოსფეროში ამერიკელებს უნდა დაეყენებინათ ლაზერული ქვემეხები და ლაზერის სხივით ჯერ გაენდგურებინათ აი, ეს საბჭოთა კოსმოსური საბრძოლო დანადგარები და შემდეგ გადაეჭირათ მოწინააღმდეგის ბალისტიკური კონტინენტშორისი რაკეტები, რომ ბირთვული პირველი დარტყმის უპირატესობა ჰქონოდა აშშ-ს. თუმცა ამერიკელები უფრო ბლეფობდნენ, საბჭოთა კავშირმა იმდენად დაიჯერა, რომ თავად უფრო შექმნა ეს სისტემა. მას ერქვა: „ფარი და მახვილი“, პროექტს კი - „ბრილიანტის“. საბჭოთა კავშირმა შექმნა ლაზერული ქვემეხები და ექსპერიმენტიც ჩაატარა კოსმოსში, რაც ძალიან ძვირი დაუჯდა და ესეც იყო საბჭოთა კავშირის ეკონომიკის დაქცევის ერთ-ერთი მიზეზი. შემდეგ, როდესაც რუსეთის ფედერაცია გახდა საბჭოთა ბირთვული არსენალის მეპატრონე, ელცინის გაღატაკებულ მთავრობას ამისთვის არ სცხელოდა და არც იმდენი ფული ჰქონდათ, რომ შეენახათ ბირთვული ტრიადის კომპონენტები. სხვათა შორის, ამერიკელები აძლევდნენ ფულს. მაგრამ შემდეგ პუტინის რეჟიმმა დაიწყო ამაზე მუშაობა და მათ ლაზერული კომპლექსი აქვთ, თუმცა არ ვიცი, არის თუ არა დამონტაჟებული საბრძოლო თანამგზავრებზე. ისევე, როგორც რეალობაა ზებგერითი სარაკეტო კომპლექსების შექმნაც, რომელთა გადაჭერა შეუძლებელია.

– ლაპარაკობენ ბირთვული ომის საშიშროებაზე, მაგრამ, ვთქვათ, რუსეთმა გამოიყენა მცირემუხტიანი ბირთვული იარაღი, „ნატო“ უკრაინის ტერიტორიაზე უპასუხებს მას?

– „ნატოს“ ჰყავს ბირთვული დაგეგმარების ჯგუფი და აქვს ბირთვული ძალების შტაბი. მათ ეკუთვნით „ნატოს“ სამი ბირთვული სახელმწიფოს – აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ბირთვული არსენალი. ბუნებრივია, ალიანსს შეუძლია, გამოიყენოს ბირთვული მახვილი ნებისმიერი მოწინააღმდეგის მიმართ. „ნატოს“ ახალი სტრატეგიული კონცეფციით, მტერია რუსეთი და მოწინააღმდეგე – ჩინეთი, მაგრამ დიდი განსხვავება ამ ორ ცნებას შორის აღარ არის. ფაქტობრივად, „ნატომ“ ჩინეთიც მტრად გამოაცხადა. არც ჩინეთი დარჩენია ვალში, მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა. რაც შეეხება „ნატოს“ საპასუხო დარტყმას, თუ რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენა, ეს, ფაქტობრივად, უსაფრთხოების ჩიხამდე მიგვიყვანს. რუსეთმა უკრაინაზე რომ განახორციელოს ტაქტიკური და სუბტაქტიკური დარტყმა, უკრაინა არ არის „ნატოს“ პასუხისმგებლობის ზონა, რომ უპასუხოს. მართალია, „ნატოს“ გენერალურმა მდივანმა გააკეთა განცხადება, რომ, თუ რუსეთი გამოიყენებდა მასობრივი განადგურების იარაღს, რაშიც იგულისხმება ბირთვულიც, ქიმიურიც, ბიოლოგიურიც, ბაქტერიოლოგიურიც, „ნატო“ გასცემდა პასუხს, მაგრამ რუსეთმა უკვე გამოიყენა ქიმიური იარაღი, მაგრამ „ნატოს“ პასუხი არ გაუცია; ასევე რუსეთმა გამოიყენა სტრატეგიული დანიშნულების ბომბდამშენები და აპირებს, გამოიყენოს თერმობარულო იარაღიც.

– ვუთხრათ მკითხველს, რას ნიშნავს თერმობარული იარაღი?

– ეს არის ვაკუუმური ბომბი. ბომბი, რომელსაც იგივე სიმძლავრე გააჩნია, რაც ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, უბრალოდ, არ გამოყოფს რადიაციას. ვაკუუმური ბომბების გამოყენება ბირთვული დარტყმების ტოლფასია.

– კიდევ მეუხერხულება ამ კითხვის დასმა, მაგრამ სხვა გზა არაა: ვაკუუმური ბომბის გამოყენება უფრო რაციონალურიცაა, ვინაიდან, დამატებით, სხვა სახელმწიფოები აღარ დასდებენ ბრალს, რომ ისინიც დააზარალა, მაგალითად, რადიაციით.

– ბუნებრივია. პასუხი ცინიკურია, მაგრამ, ზოგადად, ომია ცინიკური მოვლენა. ანუ ორი ტიპის სტრატეგიული დანიშნულების იარაღი არსებობს: ბირთვული და არაბირთვული. ამ არაბირთვულ იარაღს აქვს ისეთივე სიმძლვრე, როგორც ბირთვულს.

– ომის დროს არ არის აკრძალული ამ ტიპის იარაღის გამოყენება?

– საერთაშორისო კონვენციებით, იკრძალება ასეთი ტიპის შეიარაღება, როგორც არაჰუმანური, მაგრამ ვინ დაიწყებს დევნას?! აკრძალვა არსებობს ბირთვული იარაღის გამოყენებაზეც: გაეროს 1968 წლის კონვენცია; 2002 წელსაც მიიღეს ამ კონვენციის დამატებითი პროტოკოლი. ამას გარდა, სხვა შეზღუდვებიცაა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაზე. საბჭოთა კავშირმა, მაგალითად, გამოიყენა ტაქტიკური ბირთვული იარაღი 1954 წელს. როდესაც აშშ-მა საომარ მოქმედებებში გამოიყენა ატომური ბომბი იაპონიის წინააღმდეგ, საბჭოთა კავშირმა იმავე ტიპის ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენა საკუთარი შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ჩელიაბინსკის სამხედრო წვრთნებში, მარშალ ჟუკოვის ბრძანებით. ასე რომ, რუსეთი არად აგდებს საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლეს. წარმოიდგინეთ, საკუთარი ჯარის მიმართ გამოიყენეს ბირთვული იარაღი და, როდესაც ჩერნობილის ტრაგედია მოხდა, საბჭოთა არმიის ნაწილები მასობრივად მიუშვეს ელექტროსადგურზე და არც კი გააფრთხილეს, რომ ბირთვული რადიაციის საფრთხე არსებობდა. მილიონი ადამიანი, სამედროც და არასამხედროც, გაწირეს ბირთვული რადიაციით გამოწვეული დაავადებებისთვის.

– გამოიყენებს რუსეთი ბირთვულ იარაღს თუ მაინც ვაკუუმურ ბომბებს დასჯერდება ან იქნებ არც ერთს არ გამოიყენებს?

– გააჩნია, როგორ განვითარდება სცენარი. უკრაინაში ომი გადაიზარდა „ნატო“-რუსეთის ჰიბრიდულ ომში და არც არავის გაუკვირდება, რომ „ნატოს“ შეიარაღებული ძალები შევიდნენ უკრაინაში. „ნატო“ უკვე გადასცემს უკრაინას მძიმე შეიარაღებასაც და უკრაინის შეიარაღებული ძალებიც „ნატოს“ სტანდრტებითაა გაწვრთნილი, ყოველ შემთხვევაში, მისი ბირთვი. და უკრაინელები „ნატოს“ სამხედრო-ოპერატიულ საბრძოლო ხელოვნების ელემენტებსაც იყენებენ. ესაა ყველაზე საშიში რუსებისთვის, ამიტომ, თუ ნატოელები შევლენ უკრაინაში, რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, ეს მათ პირდაპირ უწერიათ სამხედრო დოქტრინაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი