პოლიტიკა

რატომ შეირჩა პუტინ-ბაიდენის შეხვედრის ადგილად ჟენევა, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ რეიგანი და გორბაჩოვი და რითიც აღდგა ურთიერთობა აშშ-სა და სსრკ-ს შორის

№24

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 23.06, 2021 წელი

სოსო ცინცაძე
დაკოპირებულია

რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დადგინდა, რომ პუტინი და ბაიდენი ერთმანეთს ივნისის თვის შუა რუცხვებში შეხვდებიან. მართალია, ვიცით, რომ გეოპოლიტიკაშიც იგივე პრინციპები მოქმედებს, როგორც ყოფაში, ანუ ბრიყვს ცოლ-ქმრის (ამ შემთხვევაში, პოლიტიკური მოწინააღმდგეების) ჩხუბი მართალი ეგონაო, მაგრამ მაინც უცნაურია, რომ, თუმცა ტრამპს პუტინთან თანამშრომლობას აბრალებდნენ, ბაიდენმა, სწორედ, ტრამპის მიერ დაწესებული სანქციები მოუხსნა იმ გერმანულ კომპანიებს, რომლებიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ აშენებაში იღებდნენ მონაწილეობას, ასევე, გააუქმა ტრამპის გადაწყვეტილება ირანისთვის სანქციების გაყინვის შეჩერების შესახებ. ამდენად, ბუნებრივია, იბადება კითხვა, რატომ არ შეიძლებოდა რუსეთთან თანამშრომლობა ტრამპისთვის და შეიძლება ბაიდენისთვის, თუ ხდება ის, რის შესახებაც ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს? – ამ თემას სოსო ცინცაძესთან ერთად განვიხილავთ.

– აშშ-ის პრეზიდენტმა წინასაარჩევნო კამპანიისას თქვა, რომ აშშ დაბრუნდება სუფრის თავში. პუტინისთვის ჯერ ირიბად მკვლელის წოდება, შემდეგ ერთგვარი დატკბობა და, ბოლოს, შეხვედრაა ის გზა, რითაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აპირებს გეოპოლიტიკური სუფრის თავში დაჯდომას?

– სხვათა შორის, ნინო, დღესაც არ დამცხრალა ვნებათაღელვა კონგრესში, „რესპუბლიკელები“ ხელიდან არ უშვებენ შანსს, რომ „დემოკრატებს“ შავი დღე აყარონ და რატომ: ბაიდენმა სანქციები მოუხსნა „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია შვეიცარიაში და განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს ის, რომ ამ კომპანიის მესაკუთრე არის აღმოსავლეთ გერმანიის „შტაზის“ ყოფილი მაღალჩინოსანი, პუტინის ძველი მეგობარი.

– ეს ამბავი არ ვიცოდი, მაშინ აქვე გავახსენოთ მკითხველს, რომ გერმანული „შტაზი“ იგივე „კა გე ბე“ იყო.

– დიახ, სხვათა შორის, ლეგენდარული პიროვნება იყო ემილ მილკე, აღმოსავლეთ გერმანიის „კა გე ბეს“ უფროსი, რომელსაც ხელი არ ახლეს, იმდენად ლეგენდარული პიროვნება გახლდათ. როდესაც დრეზდენში მუშაობდა პუტინი, „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მმართველი კომპანიის ხელმძღვანელთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა. შემდეგ ის კაცი გამდიდრდა და აი, სწორედ, მას მოუხსნა სანქცია ბაიდენმა. მოიმიზეზა ის, რომ ევროპელების გადაკიდება არ მინდაო. და, მართლაც, განხეთქილების ვაშლი იყო ეს მილსადენი გერმანიასა და ამერიკას შორის. თანაც – სამუშაოების 95 პროცენტი დამთავრებულია, ანუ მაინც აშენდებოდა და რა ძალა ედგა ბაიდენს, რომ ამ აღმოსავლეთ გერმანელი „კაგებეშნიკისთვის“, პუტინის მეგობრისთვის სანქციები მოეხსნა, რასაც მის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ, გაუგებარია. რაც შეეხება შეხვედრას: პუტინი ტრამპს რამდენჯერმე შეხვედრია, „დიდი შვიდიანის“, სანამ იქიდან პუტინს გააგდებდნენ, „დიდი ოციანის“ ფორმატში, მაგრამ პუტინ-ბაიდენის შეხვედრა წინასწარაა მომზადებული და განსხვავებულია. თანაც, სიმბოლურია. რით დაიწყო ურთიერთობა საბჭოთა კავშირსა და ამერიკას შორის? რეიგანი და გორბაჩოვი ერთმანეთს ჟენევაში შეხვდნენ – ეს იყო ისტორიული შეხვედრა და ახლაც პუტინი და ბაიდენი ერთმანეთს ჟენევაში ხვდებიან. ძალიან ბევრი კომენტარი კეთდება და თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა კრიტიკულია. იმიტომ რომ ამ შეხვედრას არაფერი მოჰყვება. ეს იქნება ახალი იალტა, ვინაიდან ბაიდენმა უკვე განაცხადა, რომ პუტინთან მისი სალაპარაკო მთავარი თემა იქნება ადამიანის უფლებებიო.

– მაგრამ ოფიციალური განცხადებები არ ემთხვევა ხოლმე იმას, რაზეც მართლაც საუბრობენ.

– რასაკვირველია, სხვა საკითხებსაც შეეხებიან, მაგრამ ითქვა, რომ ისაუბრებენ ადამიანის უფლებებზე. არადა პუტინთან ადამიანის უფლებებზე ლაპარაკი იგივეა, რომ მგელს წაუკითხო ლექცია ვეგეტარიანელობის სარგებლობაზე.

– აქვე გავიხსენებ: პუტინმა განაცხადა, ამ შეხვედრიდან დიდს არაფერს ველი, მაგრამ ამერიკასა და რუსეთს აქვთ საერთო ინტერესებიო. რა საერთო ინტერესები აქვთ აშშ-სა და რფ-ს?

– ეს არის სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვა. 5 წლით გააგრძელეს ის ხელშეკრულება, რომელსაც ამ წლის დასაწყისში გაუვიდა ვადა. არ უნდა ავურიოთ: ეს არ არის შემცირება, ლაპარაკია შეღუდვაზე, ანუ გაიზრდება სტრატეგიული შეიარაღების ოდენობა, ოღონდ გაკონტროლდება ზრდა. ყველაზე დიდი მიღწევა, რასაც მე ველი, არის ნავალნის გათავისუფლება.

– ნავალის გათავისუფლება არის საპირწონე იმის, რომ ბაიდენი პუტინს შეხვედროდა?

– რასაკვირველია, არ არის, მაშინ, როდესაც პუტინი, ფაქტობრივად, იზოლაციაშია და აქედან ერთი ნაბიჯიღაა, რომ აღადგინონ ისევ „დიდ შვიდიანში“, რომ ამ იზოლაციიდან როგორმე გამოძვრეს, მით უმეტეს, ბელორუსიაში მომხდარის შემდეგ. პუტინმა ლამის დედა იფიცა პეტერბურგის ფორუმზე, თვითმფრინავის დასმასთან ჩვენს სპეცსამსახურებს კავშირი არ აქვსო, მაგრამ ყველამ ხომ იცის, პუტინს რომ უნდოდეს, ლუკაშენკო ზეგ გაქრება პოლიტიკიდან. ამდენად, ძნელი სავარაუდოა, რა უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი, მაშინ, როდესაც ტრამპი ასე ჩასაფრებულია. გასულ კვირას „რესპუბლიკელების“ კონფერენცია იყო. სიტყვით გამოვიდა, დაანგრია იქაურობა, ვბრუნდები დიდ პოლიტიკაშიო და ამ დროს რატომ მოიქცა ასე ბაიდენი, გაუგებარია. რაზე უნდა ილაპარაკოს პუტინთან?! გასულ კვირას ჰააგის სასამართლომ დაიწყო მალაიზიის „ბოინგის“ საქმის გარჩევა, არადა პუტინმა იმთავითვე განაცხადა, რომ არც ერთი ევროპული საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვცნობო, როგორც ნათელაშვილი ამბობს, რომ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოვაწერო. ვის უფრო სჭირდებოდა ეს შეხვედრა? რა თქმა უნდა, პუტინს. ამდენად, ბევრი ინტრიგაა. ის, რასაც ჩვენ ახლა ვამბობთ, რასაც მე ვხედავ აქედან, თბილისიდან, გამოკეტილი, გამორიცხულია, ამას ვერ ხედავდნენ თეთრ სახლში.

– ბისმარკი არ ვარ, მაგრამ გარეგნულად ბაიდენისთვის, ანუ აშშ-ისთვისაა წამგებიანი ეს შეხვედრა.

– ცოტა ფანტაზია მოვიშველიოთ: ეს შეხვედრა ვაშინგტონში უკვე 2 თვეა, მზადდება და შეიძლება, რაღაც ისეთზე შეთანხმდნენ, რასაც შემდეგ ბაიდენი ააფრიალებს, რომ აი, პუტინმა რაღაც დათმო, მაგრამ დათმობა პუტინის სტილი არ არის. ინტრიგა ის არის, რომ ბაიდენმა ზელენსკი ივლისში დაპატიჟა ვაშინგტონში. ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. ტრამპს ზელენსკი არასდროს დაუპატიჟებია შეხვედრაზე.

– იქნებ განაჩენი უნდა გააცნოს?

– შეიძლება... უკრაინის პრობლემა გადასაჭრელია. ჯერ „დიდი შვიდიანის“ შეხვედრაა და ბაიდენის ევროპული ტურნე დასრულდება ჟენევაში. მანამდე ის შეხვდება გერმანელებს, ფრანგებს, ინგლისელებს... შეიძლება, იქ რაღაც გადაწყვიტონ და შემდეგ ბაიდენმა თავის თავზე აიღოს, რომ განაჩენი ზელენსკის თავად გააცნოს: სხვა გზა არ იყო, ეს პრობლემა გადავჭერით, რაღაც სერიოზულ კომპრომისზე უნდა წახვიდე. მანამდე ამაზე შეთანხმდებიან პუტინთან და უკრაინის პრობლემა ჩაითვლება გადაჭრილად. უკრაინელებისთვის სამართლიანობის დასამკვიდრებლად არც ამერიკელები მოიკლავენ თავს და არც ევროპელები. მეორე – შეიძლება, ბაიდენს ახლა სჭირდება რუსეთის დახმარება ირანთან ხელშეკრულების გაცოცხლებისთვის. როგორც ჩანს, კურსი მაინც იქითკენაა, რომ ირანის ნავთობი წავიდეს დასავლეთისკენ, იმიტომ რომ ბაიდენმა აკრძალა ფიქალის გაზის მოპოვება, რის ნებართვაც ტრამპმა გასცა. შეიძლება, ალტერნატივას ელოდებიან ირანიდან, ხოლო ირანთან შუამავლად ბაიდენი პუტინზე უკეთესს ვერ მონახავს. ანუ პუტინიც საჭირო ადამიანია მათთვის. დიდი პოლიტიკა ძალიან ჩახუჭუჭებულია. ეს ის დონე არაა, შევა თუ არა პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ, ვიმეორებ, ჩვენ ვარაუდებზე ვსაუბრობთ. ევროპელებს უნდათ, რომ ირანთან ხელშეკრულება აღდგეს, ბაიდენმა თქვა, რომ უნდა აღდგეს და ერთი ისრაელია წინააღმდეგი, მაგრამ იქ ნათანიაჰუ, შეურიგებელი, წავიდა. მისი ეპოქა, როგორც ჩანს, დასრულდა. ბევრი საკითხია. მე მაინც ვფიქრობ, არ არის შემთხვევითი, რომ ბაიდენს ჯერ ევროპელებთან ექნება კონსულტაციები და შემდეგ ევროპელების სახელით ილაპარაკებს უკვე პუტინთან. რასაკვირველია, იქნება ორმხრივი დათმობები. შეიძლება, პუტინმა შეამციროს რეპრესიები რუსეთში. იქ უკვე ოპოზიციონერი აღარ დარჩა და ეს მაინცდამაინც კარგი იმიჯი არ არის პუტინისთვის. იმაზეც კია ლაპარაკი, რომ ნავალნი შეიძლება, ნობელის პრემიაზე წარადგინონ.

– დიდად სამარცხვინო ამბავია. იმას კი არ ვამბობ, რომ ნავალნის არსებობის უფლება არ აქვს, მაგრამ ნავალნი ხომ პუტინია, იმპერიული აზროვნების თვალსაზრისით?

– დიახ, ჩვენთვის ასეა. მეტიც, ჩვენთვის ყველა რუსი პოლიტიკოსი პუტინია, ოპოზიციონერების ჩათვლით. ასე რომ, ხელწამოსაკრავი არ არის ეს შეხვედრა. ბაიდენს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს და მათთან შეთანხმების გარეშე ამას არ გააკეთებდა, ეს ტრამპი იყო, თავში რომ რაღაც მოაფრინდებოდა, დაწერდა „თვითერზე“ და ავრცელებდა მთელ მსოფლიოში ისე, რომ არავისთან ათანხმებდა. გარდა ირანისა და უკრაინის, ნუ დავივიწყებთ პალესტინასაც: ძალიან ყვირის ეს პრობლემა. ცივილიზებულ ევროპას პალესტინელების საკითხი სინდისის ტვირთად აწევს. მსოფლიოში 14 მილიონი პალესტინელია და ქვეყანა არ აქვთ, ის, რომ ისრაელს არ უნდა პალესტინის სახელმწიფოს არსებობა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ სახელმწიფომ არ უნდა იარსებოს. მთელი მსოფლიო ვამბობთ, რომ მშობლებსა და მეზობლებს არ ირჩევენ, მაგრამ ისრაელი ამბობს, მე მეზობლებს ვირჩევ და მე არ მინდა, პალესტინელები იყვნენ ჩემი მეზობლები, მაშინ რა ქნან პალესტინელებმა, სად დასახლდნენ?!

– უკრაინის ტერიტორია ევროპასა და რუსეთს შორისაა, ჩვენი ტერიტორია ან აქეთ უნდა იყოს სრულად, ან იქით და ირანის ენერგომატარებლებმა თუ სადმე უნდა გაიაროს, ჩვენზე უნდა გაიაროს. მგონი, ჩვენ საფრთხე ყველაზე ნაკლებად გვემუქრება.

– ჩვენ უკვე არც არაფერი გვაქვს მისაცემი. არავინ გვეტყვის, რომ აფხაზეთი აღიარეთო. ჩვენ პიკი გავიარეთ, როდესაც მიშამ ბუში ჩამოიყვანა და აი, მაშინ შეგვეძლო დივიდენდების მიღება. მაგრამ მაშინ დავხარბდით მხოლოდ სიტყვიერ შეფასებას „დემოკრატიის შუქურას“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი