პოლიტიკა

რატომ რჩებოდა საქართველო ყოველთვის მოტყუებული როგორც რუსეთის, ისე დასავლეთის მიერ

№17

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 04.05, 2022 წელი

მამუკა არეშიძე
დაკოპირებულია

უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა თავისი შეიარაღებული ძალების ნაწილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც გაიყვანა და მხოლოდ მცირერიცხოვანი შემადგენლობები დატოვა, გაჩნდა მოწოდებები, რომ მომენტით უნდა გვესარგებლა და დე ფაქტო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაგვეკავებინა. მეორე მხრივ, თუკი მართლაც შემცირდა იმ რეგიონებზე რუსული გავლენა, კიდევ უფრო აშკარა გახდა, რამდენი დროა დაკარგული იმისთვის, რომ ჩვენს სეპარატისტულ რეგიონებში ქართული გავლენის ჯგუფები შეგვექმნა და რაოდენ დიდი შეცდომაა, რომ არ ვმუშაობთ ამ მიმართულებით. საბედნიეროდ, შეჭრის მოწოდებების სიხშირე მინელდა, თუმცა აშკარაა, რომ ამ კამპანიის უკან იდგნენ ძალები, რომლებსაც ნაკლებად ადარდებდათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, პირიქით, საქართველოს სახელმწიფოსთვის უფრო მეტი პრობლემის შექმნას ცდილობდნენ. ამ თემას მამუკა არეშიძესთან ერთად განვიხილავთ.

– ჩემთვის ძალიან სამწუხაროდ, აღმოვაჩინე, რომ ჩვენი საზოგადოება კვლავ ძალისმიერი გზის მომხრეა. რატომ გაჩნდა მსგავსი მოწოდებები: სპონტანურად, სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურის ძალისხმევით თუ, უბრალოდ, ჩვენებური ოპოზიცია, ჩვეულებისამებრ, სათავისოდ ცდილობდა უკრაინაში რუსეთ-დასავლეთის გეოპოლიტიკური დაპირისპირების გამოყენებას?

– ხმამაღლა არც ერთი ოპოზიციური პარტია არ იტყვის, რომ ამის ინიციატორი იყო, მაგრამ რადიკალურ ოპოზიციაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვის დაკვეთას ასრულებენ: ან სასარგებლო იდიოტებივით არიან, რომლებიც თავს აყენებინებენ ვიღაცას, ან შეგნებულად მუშაობენ ამ მიმართულებით. არაერთხელ მითქვამს და ვიმეორებ, ომის პირველ ფაზაში ძალიან მნიშვნელოვანი ძალები იყო ბარიკადების ორივე მხარეს როგორც დასავლეთში, ისე რუსეთში, რომლებსაც ძალიან უნდოდათ ამ ომში საქართველოსა და მოლდოვის ჩართვა. ახლა, ამ მხრივ, მდგომარეობა შეიცვალა და ძველი ინტენსივობით აღარ ისმის მსგავსი მოწოდებები. მე არა მხოლოდ ვვარაუდობ, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს განზრახული ჰქონდა საქართველოსა და მოლდოვის ჩართვა ამ ომში, არამედ ვიცი კონკრეტული ფაქტები. მათ შორის, აქ უცხოეთის ზოგიერთი წარმომადგენელიც ზრუნავდა ამ ამოცანის შესრულებაზე. რასაკვირველია, ამ პოლიტიკურ ჯგუფებს – დასავლურსა თუ რუსულს, ადგილზე თავისი შემსრულებლები ჰყავდათ, რომლებმაც, კიდევ ვიმეორებ, ან არ იცოდნენ, რა ტიპის დავალება ჰქონდათ და ხელისუფლების დისკრედიტაციის გამო ყველაფერზე მიდიოდნენ, ან, უბრალოდ, კონკრეტული ჯგუფების დავალებებს ასრულებდნენ. მე ამის ფაქტები მაქვს. თან, ვიცი ის პიროვნებები, რომლებიც ამ თემის გააქტიურებას ცდილობდნენ აპოლიტიკური ძალებიდან, ვგულისხმობ უცხოურ წარმომადგენლობებს. ის, რაც თქვა დანილოვმა, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არ იყო წამოცდენა: ერთი მხრივ, ეს, მათი მდგომარეობიდან გამომდინარე, ლოგიკური ფრაზაა და, მეორე მხრივ, ჩემი აზრით, ამ ვარიანტს განიხილავდნენ სხვადასხვა დონეზე და დანილოვმა დაუფიქრებლად თქვა, რაც თქვა.

– შეიძლება, ვივარაუდოთ, ომამდე დაჰპირდნენ უკრაინის ხელისუფლებას, რომ საქართველოდან და მოლდოვიდანაც გაიხსნებოდა ფრონტის ხაზები?

– მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ის, რომ მეორე ფრონტის გახსნის მიმართულებით აქტიურობა შეიმჩნევა, ეს ჩანს. რაც დღეს ხდება ჩვენი რეგიონის გარშემო და მსოფლიოში, ძალიან სერიოზული ანალიზის საფუძველს იძლევა. ვიმეორებ, მხოლოდ დასავლეთიდან არ მოდის ეს პრობლემა, იქაც არიან ასეთები, რუსეთშიც და სხვაგანაც. ცეცხლის რაც მეტი კერა გაჩნდება ევრაზიის კონტინენტზე, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, მით უფრო ხელსაყრელია ეს მხარეებისთვის, თუმცა მათ თავიანთი ინტერესები აქვთ.

– ამიტომ მიკვირდა მოწოდებები, ნუთუ ვერ ხვდებიან, რამდენი სახელმწიფოს ინტერესი იკვეთება სამხრეთ კავკასიაში და საკმარისია, ერთი ტყვიის გავარდნა, რომ რამდენიმე სახელმწიფო წამოყოფს თავს და ეს არ იქნება მხოლოდ დასავლეთისა და რუსეთის გეოპოლიტიკური დაპირისპირება.

– რასაკვირველია და მინდა, დავამატო. ცეცხლის ახალი კერების გაჩენა, ზოგიერთ შემთხვევაში, არის მსხვილი მოთამაშეების პოლიტიკის შედეგი და მხოლოდ დასავლეთს არ ვგულისხმობ. ბევრი სარგებლობს სხვადასხვა ქვეყნის არეულობაზე ყურადღების გადატანით და ცდილობენ სათავისო დივიდენდების მოპოვებას. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა თურქეთის შეჭრა ერაყის ჩრდილოეთში. ეს არ ჯდება იმ გეოპოლიტიკური დავის კონტექსტში, რაც უკრაინაშია, მაგრამ მომენტით სარგებლობაა. თუ დავაკვირდებით საქართველოს მდგომარეობას, თუმცა ფორმას ვუწუნებ ხელისუფლებას, შინაარსით ხელისუფლება აბსოლუტურად ლოგიკურად იქცეოდა იმ ვითარებაში. სხვათა შორის, ძალიან აქტიურად და მყარად გამოჩნდა საზოგადოების პოზიციაც, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე ინფორმირებული არ იყო, საზოგადოების დიდი ნაწილი ხვდებოდა, რა უბედურებაში შეიძლებოდა, გახვეულიყო საქართველო და, ამდენად, ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული აქტიურობის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. მე ვერ ვხედავ, რომ საქართველო შერცხვენილი და შეშინებული იყოს. 1990 წლიდან დღემდე 4 ომი და უამრავი შეურაცხყოფა გადავიტანეთ ზუსტად იმიტომ, რომ ყოველთვის ვცდილობდით, საბჭოთა კავშირის ნგრევისა და რუსეთის სივრციდან გათავისუფლების პროცესის ავანგარდში ვყოფილიყავით. არაერთხელ მითქვამს, რომ საკუთარ ქვეყანაში შევქმენით ლაბორატორია, რომელშიც საკუთარ თავზე ვატარებდით ცდებს. საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა სივრცეში ხალხი ამას უყურებდა, სწავლობდა და ცდილობდა, ჩვენი შეცდომები არ გაემეორებინა. განსაკუთრებით, ბალტიისპირეთმა გაიარა საქართველოს მაგალითზე დიდი სკოლა 1989 წლის 9 აპრილიდან მოყოლებული. როგორც იქნა, დადგა მომენტი, როდესაც ჩვენ დინჯად მივუდექით საკითხს. ვიღაცას შეიძლება, არ მოეწონოს, მაგრამ, ვისაც კარგად ახსოვს, რა ხდებოდა ამ წლების განმავლობაში და მე, როგორც მთელი ამ პროცესის მონაწილე, მათ შორის, მოლაპარაკებებისაც, როდესაც ვხედავდი, როგორ გვატყუებდნენ და არა მხოლოდ რუსები, არამედ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც, ვთვლი, რომ არ შეიძლებოდა საქართველოს ჩართვა საომარ მოქმედებებში. ჯერჯერობით ჩართვის მცდელობა არ დამთავრებულა, მაგრამ, ვინაიდან მაქვს საინფორმაციო ბერკეტები, მინდა, გითხრათ, რომ ზეწოლის ხარისხი, რაც პირველ ხანებში იყო, აღარ არის.

– აფხაზეთსა და ცხინვალში შეჭრის მოწოდებებიც მეორე ფრონტის გახსნის კონტექსტისაა?

– რასაკვირველია, როდესაც არ გამოვიდა, რომ საქართველო შეერთებოდა ორმხრივ სანქციებს, თორემ საერთაშორისო სანქციებს საქართველო პირველივე დღეიდან შეუერთდა, იმიტომაც გააქტიურდა შეჭრის თემაც, რაც, სხვათა შორის, აფხაზმა საზოგადოებამ სწორად აღიქვა. მართალია, შიში გაჩნდა, მაგრამ იმაზეც საუბრობდნენ, რომ ვიღაც ხელოვნურად ქმნის ამ სიტუაციას. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ შეჭრის თემის გააქტიურებამაც არ იმუშავა. მაგრამ, მინდა, ობიექტური ვიყო: ომით დაკარგულს მხოლოდ ომით დაიბრუნებ, თუმცა ვიცი, რომ ეს ფრაზა უამრავ ადამიანს არ მოეწონება და მართლებიც იქნებიან, მაგრამ ეს აქსიომაა.

– მე არ მომწონს.

– მესმის, მაგრამ ომი ყოველთვის არ ნიშნავს სროლასა და ტანკებით აქეთ-იქით სირბილს. ომი იარაღის ჟღარუნსაც ნიშნავს, ეკონომიკურ ბლოკადასაც და ასე შემდეგ. ნებისმიერი ქართველის გულში დალექილია შეურაცხმყოფელი მოგონება, რომელიც უკავშირდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, არა იმიტომ, რომ დავმარცხდით, იქ ბევრი სხვა რამაა, რაც, საბოლოოდ, ერთი სიტყვით შეიძლება, შეფასდეს: შევრცხვით, თავი მოგვეჭრა. ვიმეორებ, იმიტომ კი არა, რომ წავაგეთ, იმიტომ რომ არასწორად მოვიქეცით. ეს არ ნიშნავს, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ ან იმათ დაიწყეს, სულ სხვა, ფსიქოლოგიური სფეროდან მოდის ეს პრობლემა. ისიცაა, რომ მუდმივად გვატყუებდნენ. როდესაც ვაანალიზებ აფხაზეთში ომის დაწყებას, რომ არა ის უზარმაზარი ხაფანგი, რომელიც მაშინ რუსებმა დაგვიგეს, ომი არ დაიწყებოდა. იმიტომ რომ ომამდე შევიდა ყარყარაშვილი, გაიარა მთელი აფხაზეთი და მივიდა ფსოუმდე.

– მახსოვს, 1992 წლის თებერვალში.

– ასევე მოხდებოდა მეორედაც, ვინაიდან არ ყოფილა განსაკუთრებული განწყობა, რომ აი, აფხაზებს უნდა ვეომოთ. მაგრამ გახსოვთ, ალბათ, როდესაც დაინახა ჩვენმა მტერმა, რომ ომი არ გამოდიოდა, გახსნა ახალციხის ბაზა და საქართველოს თავდაცვის უწყებას გადასცა უამრავი შეიარაღება.

–ბეპაევის ნათქვამიც მახსოვს: თქვენ ახლა გაქვთ საკმარისი შეიარაღება, რომ გადაწყვიტოთ თქვენი პრობლემებიო.

– დიახ. მოგვატყუეს, თუმცა უცნაურია, რომ ამხელა ისტორიული გამოცდილების მქონე ხალხი ერთსა და იმავე ნაღმებზე ფეთქდებოდეს. როგორც ჩანს, ახლა ამ დაგროვილმა გამოცდილებამ თავისი როლი შეასრულა და ვერავინ მოახერხა სიტუაციის შეცვლა, მიუხედავად მრავალმხრივი მცდელობისა. მე არ მჯერა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება ყოველგვარი სამხედრო ნაბიჯების გარეშე, მაგრამ ჩვენ უნდა გავძლიერდეთ, რათა მოწინააღმდეგემ იცოდეს, რომ ჩვენთან კონფლიქტი: სამხედრო, ეკონომიკური თუ სხვა ტიპის, უშედეგო იქნება. უკრაინელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სამხედრო მდგენელი აუცილებელია.

– დიახ, თუმცა საქართველოსა და უკრაინას შედარება ძალიან არაადეკვატური მგონია, ქვეყნების მოსახლეობის ოდენობისა და ფართობის გათვალისწინებით.

– რასაკვირველია. მინდა, დავუბრუნდე დასაწყისში თქვენ მიერ დასმულ კითხვას: მართალია, დღევანდელ ნაბიჯებს ვუწონებ ხელისუფლებას, თუმცა ფორმას ვუწუნებ, აქვე ვამბობ, უამრავი დრო დავკარგეთ წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც, რომ არ შევქმენით სეპარატისტულ რეგიონებში სამუშაო სისტემა, რომელსაც შეიძლება, დავარქვათ რბილი ძალის პრინციპების გამოყენება. ეს კატასტროფული პასიურობაა. ვერანაირმა პროექტმა შედეგი ვერ გამოიღო, რადგან დასაყრდენის შექმნის საშუალება თავადვე მოვისპეთ ოკუპირებულ რეგიონებში. არ მარტო იქ, სავარაუდო კონფლიქტურ რეგიონებშიც ვერ შევძელით ჩვენი ინტერესების გატარება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი