პოლიტიკა

რატომ მოხმარდა რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის 88 პროცენტი დე-ფაქტო აფხაზეთის მომარაგებას

№41

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 20.10, 2021 წელი

სოსო არჩვაძე
დაკოპირებულია

სანამ გვიხარია, რომ „ნამახვანჰესი“ აღარ აშენდება, შევიტყვეთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ ამ წლის აგვისტოს ჩათვლით (ანუ 8 თვეში) მილიარდ 716 მილიონამდე კილოვატსაათის ელექტროენერგია შეიძინა მეზობელი ქვეყნებიდან. ამ მაჩვენებელში რუსეთიდან შესყიდული ელექტროენერგიის წილი 61.15 პროცენტია (მილიარდ კილოვატსაათზე ოდნავ მეტი). „ესკოს“ (საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის) ინფორმაციით, რუსეთიდან იმპორტირებული ენერგიის 88.02 პროცენტი კონკრეტულად დე-ფაქტო აფხაზეთის ელექტრომომარაგებას მოხმარდა. ანუ, თუ ენგურჰესი გაჩერებულია წყალმარჩხობის ან რემონტის გამო, თბილისი დე-ფაქტო და რუსეთის მიერ ოკუპირებული და, იმავდროულად აღიარებულიდე-ფაქტო აფხაზეთისთვის ელექტროენერგიას სწორედ ოკუპანტი რუსეთისგან ყიდულობს. ბუნებრივია, იბადება კითხვა: რატომ და არის თუ არა შესაძლებელი ამ მოცემულობის შეცვლა? - ამ თემაზე ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძეს გავესაუბრეთ.

- უცნაური ამბავი არ არის, როდესაც ენგურჰესი არ მუშაობს, ელექტროენერგია მაინც ჩვენ უნდა შევუძინოთ დე-ფაქტო აფხაზეთს და ისიც რუსეთიდან და იმ გადამცემი ხაზებით, რომლებიც რუსეთიდან პირდაპირ აფხაზეთში შედის?

- გააჩნია, როგორ შევხედავთ საკითხს: თუ ვთვლით, რომ აფხაზეთის ტერიტორია დე-იურე საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაშია, ამით ცენტრალური ხელისუფლება, ნებით თუ ძალად, საკუთარ ტერიტორიას უზრუნველყოფს ელექტროენერგიით.

- მაგრამ ეს პოლიტიკური რომანტიკაა მაინც.

- დიახ, უნდა ვიყოთ რეალისტები, რომანტიკა კი უმჯობესია, სხვა სფეროში გამოვიყენოთ. ხოლო, თუ რეალისტები ვიქნებით და ცოტა მკაცრად შევაფასებთ ვითარებას, რუსეთს არა მარტო ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, არამედ რბილ ძალს იყენებს - ესაა კონტრიბუციის რბილი ფორმა. ენგურჰესი ქმნის დე-ფაქტო აფხაზეთის სახელმწიფოს იმიტაციას, რესპექტაბელურ თუ ნახევრად რესპექტაბელურ ფორმას სძენს მას. რომ არა ენგურჰესი, საკმაოდ რთულად ექნებოდათ საქმე, ეკონომიკის განვითარების მხრივაც და რუსეთსაც გაცილებით მეტი თანხის გაღება მოუწევდა როგორც ამ ტერიტორიის, ისე თავისი სამხედრო ნაწილების ელექტროენერგიით მომარაგებისთვის. ამიტომ საჭიროა, რომ ჩვენმა სახელმწიფო სტრუქტურებმა სახელმწიფოებრივი აზროვნება დაიწყონ და სირაქლემას პოზა კი არ მიიღონ, არამედ რეალობას თვალი გავუსწოროთ და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ენგურჰესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს დე-ფაქტო აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის იმიტაციაში და 1993 წლის, ანუ ომის დასრულების შემდეგ მათ იმდენი ელექტროენერგია აქვთ წაღებული, თვითღირებულებით რომ ვიანგარიშოთ, ერთი ნამახვანჰესის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ეყოფოდა. მეორე მხრივ, ჩვენ უმეტესწილად რუსეთიდან ვიძენთ ელექტროენერგიას და შესაბამისი წლების ფასები რომ დავაჯამე მექანიკურად, გამოვიდა 762 მილიონი დოლარი, თუ მიმდინარე წელსაც დავამატებთ და, თუ 2021 წლის მიმდინარე ფასებით გადავიანგარიშებთ (დოლარიც განიცდის დევალვაციას და 2001 წელს გადახდილი 15 მილიონი დოლარი 2021 წელს უნდა შევაფასოთ 25 მილიონ დოლარად), ეს თანხა უკვე მილიარდ დოლარს უკაკუნებს და ეს გაცილებით მეტია, ვიდრე, ვიმეორებ, დასჭირდება იმავე ნამახვანის საპროექტო სიმძლავრის შესაბამისი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას და კიდევ დარჩებოდა თანხა 100-100-მეგავატიანი ერთი-ორი ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად.

- საინტერესოა ისიც, რომ, ოფიციალური ინფორმაციით, ამ რვა თვის განმავლობაში თბილისი რუსეთიდან ელექტროენერგიას იღებდა სპეციალურ ფასად - 0.5 ცენტად, მაშინ, როდესაც კილოვატსაათი რუსული ელექტროენერგიის საბაზრო ფასი 4.5-5.3 ცენტიაო.

- სპეციალურად გადავხედე იმპორტის ოდენობასა და ფასს და 2018-2019-2020 წლებში ერთი კილოვატსაათის საშუალო ფასი გამოდის 4.61 ცენტი. მაგრამ ჩვენ ელექტროენერგიას ვყიდით 3.46 ცენტად, ასეთია ამ სამი წლის საშუალო სარეალიზაციო ფასი. ანუ თითოეული კილოვატსაათი ელექტროენერგიის ყიდვისა და გაყიდვის საშუალო ფასთა სხვაობა არის 1.2 ცენტი. თითქოს ეს არაფერია, მაგრამ, ვინაიდან იმპორტი 6-ჯერ სჭარბობს ექსპორტს, წარმოიდგინეთ, რა თანხებზეა საუბარი. ამას გარდა, ელექტროენერგიას არ აქვს მხოლოდ ენერგეტიკული დატვირთვა. ორი მომენტი უნდა გავითვალისწინოთ: ჯერ ერთი, დენის წარმოების ოდენობა მაღალ კორელაციაშია ეკონომიკის განვითარების დონესთან. საშუალო მსოფლიო სტატისტიკას რომ გადავავლოთ თვალი, ყოველი 100 კილოვატსაათი მეტი ელექტროენერგიის წარმოება, დაახლოებით, 500 დოლარით მეტი მთლიანი შიგა პროდუქტია მოსახლეობის ერთ სულზე. ჩვენ ახლა თითქმის თანაბრად ჩამოვრჩებით საშუალო მსოფლიო დონეს. ბოლო მონაცემებით, 90 პროცენტზეა ელექტროენერგიის მოხმარების დონე და 92 პროცენტზე მთლიანი შიგა პროდუქტის. ანუ, თუ გვინდა საშუალო მსოფლიო დონესთან მიახლოება, დაგვჭირდება, დაახლოებით, 400 მეგავატი სიმძლავრის ჰესები, რომლებიც მილიარდ 200 მილიონ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ. ანუ ეს იმაზე ცოტა მეტია, რასაც რუსეთიდან ვყიდულობთ და იმპორტირებულ დენზე ცოტა ნაკლები.ვიმეორებ, საშუალო მსოფლიო დონეზე რომ გავიდეთ, მეტი ელექტროენერგია უნდა ვაწარმოოთ. სამთავრობო პროგრამის მიხედვით, 2030 წლისთვის ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ჩვენი მშპ-ს მოცულობა, ამისთვის კი აუცილებელია 2 600-3 000 მეგავატის სიმძლავრის ჰესები, რომლებიც მოგვცემენ საშუალებას, ვაწარმოოთ 9 მილიარდ კილოვატსაათამდე ელექტროენერგია და ამას დასჭირდება 6-დან 10 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე. ის, რაც ქაღალდზე დაიწერა, მართლაც რომ განხორციელდეს, გაცილებით მეტი დენი უნდა ვაწარმოოთ. მეორე მხრივ კი, დენი პოლიტიკური იარაღიცაა. მაგალითად, გასული საუკუნის 70-იან წლებში არაბულმა სახელმწიფებმა ემბარგო გამოუცხადეს და ენერგეტიკული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა ევროპა. ამდენად, ელექტროენერგია შეიძლება, იქცეს მსგავს იარაღად არაკეთილმოსურნისა და ჩვენი დაუძინებელი მეზობლის ხელში. ასე რომ, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პოტენციალი, რომ ელექტროენერგიის დიდი ნაწილი თავად აწარმოოს: იქნება ეს ჰიდროელექტროსადგურის თუ თბოელექტროსადგურის. როდესაც გავზრდით მშპ-ს და არ მივაყოლებთ ჰესების მშენებლობას, ეს ყველაფერი დარჩება ქაღალდზე და ჩვენ, ფაქტობრივად, აღმოვჩნდებით გაბზარულ ვარცლთან.

- რამდენი ელენერგიაც უნდა ვაწარმოოთ, როდემდე უნდა ვათრიოთ დე-ფაქტო აფხაზეთი?

- ჩვენი საუბრის დასაწყისში ვთქვი, რომ ომში დამარცხებულის კონტრიბუციის როლს ასრულებს ეს და, ვფიქრობ, საჭიროა, მეტი ეროვნული თავმოყვარეობა, რაც სახელმწიფო პოლიტიკაშიც უნდა აისახოს. კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, მაგრამ ფაქტია, ამ მიმართულებით მეტი ფიქრი და მუშაობაა საჭირო. ჩვენ უნდა დავიწყოთ ალტერნატიული წყაროების მოძიება. საქართველოს აქვს ძალიან დიდი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი იმისთვის, რომ მხოლოდ ენგურჰესზე არ იყოს დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკისა და მოსახლეობის სტაბილური უზრუნველყოფა ელექტროენერგიით. ჩვენ უნდა შევძლოთ ამ ანტიჰესური განწყობის დაძლევა. მაგალითად. ნორვეგიაში ენერგიის სხვადასხვა წყარო აქვთ, მაგრამ დენს, ჩვენთან შედარებით, თითქმის 10-ჯერ მეტს აწარმოებენ მოსახლეობის ერთ სულზე. ეს აძლევთ საშუალებას, რომ მთლიანი შიგა პროდუქტი, დაახლოებით, 70 000 დოლარი ჰქონდეთ მოსახლეობის ერთ სულზე. ჩვენ მათ საგრძნობლად ჩამოვრჩებით. მაგალითად, ავღანეთში 200 კილოვატსაათი ელექტროენერგია აქვთ მოსახლეობის ერთ სულზე და 2 500 დოლარია მთლიანი შიგა პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე, ანუ საქართველოზე 6-ჯერ ნაკლები და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობენ. ორი გზაა: წავიდეთ ნორვეგიის ან ავღანეთის გზით. რა თქმა უნდა, შეგვიძლია, მეორე ავირჩიოთ და მაშინ ნუღარ გვექნება პრეტენზია, რომ გვაქვს რამდენიმეათასწლიანი ისტორია, ვართ კულტურული, განათლებული ერი და გვინდა, დავიმკვიდროთ ადგილი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

- რაღაც უნდა მოვიფიქროთ, მაგრამ ენგურჰესი, ხომ, ჩვენც გვჭირდება და შევძლებთ, რომ თავის დაუზიანებლად ჩავხსნათ დე-ფაქტო აფხაზების ლამის უკვე 30-წლიანი პარაზიტიზმი?

- ენგურჰესი აწარმოებს საქართველოს ჰესების მიერ წარმოებული დენის 40 პროცენტამდე. ამ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას დღეს სჭირდება, სულ მცირე, 3,5-4 მილიარდი დოლარი. ჰესების მშენებლობას ასეთი „ოქროს წესი“ აქვს, თანამედროვე საპროექტო ღირებულება, სხვადასხვა მიზეზით, შემდეგ 1.5-ჯერ იზრდება. ამდენად, ერთბაშად ასეთი მძლავრი ჰესის მშენებლობის რესურსი ჩვენ არ გვაქვს. ნამახვანის მშენებლობა 5-ჯერ ნაკლები ჯდებოდა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით: განვავითაროთ ეკონომიკა და მივცეთ მეცნიერებატევად დარგებს ჩართვის საშუალება. მაგალითად, რაც უნდა ავითვისოთ სავენახედ ყველა ფართობი და იქიდან დაწურული ღვინო გავიტანოთ მსოფლიო ბაზარზე, ფრანგული ღვინის ფასადაც კი, საქართველოს არ აქვს იმდენი მიწა, რომ მსოფლიო ბაზარზე შევძლოთ 700 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ღვინის ექსპორტი. საშუალო მსოფლიო დონეზე რომ გავიდეთ, 13-15-ჯერ მეტის წარმოება დაგვჭირდება. მაგრამ თუ შევძლებთ მეცნიერებატევადი ტექნოლოგიების გამოყენებას და ყურადღებას გავამახვილებთ ჩვენი პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გატანაზე, მაშინ გვექნება საშუალება, უფრო სწრაფად განვავითაროთ ეკონომიკა, მეტი თანხა მოვიზიდოთ ბიუჯეტში, რომ საქართველომ საკუთარი წვლილიც შეიტანოს მსოფლიო ენერგეტიკის განვითარებაში და არ იყოს უცხოელი ინვესტორის მოწყალების მოლოდინში, როდის მოინდომებს საქართველოში ჰესების აშენებას. ანუ საკუთარი ეკონომიკის განვითარება შეგვიძლია, დავიწყოთ საკუთარი რესურსების უფრო რაციონალური გამოყენებით და უფრო ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი