პოლიტიკა

რატომ მოიწვია თურქეთმა სამხრეთ კავკასიაში პაკისტანი და როგორ აჯობა სეპარატიზმთან ბრძოლაში აზერბაიჯანმა საქართველოს ყველა კომპონენტში

№40

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 13.10, 2021 წელი

ვასილ პაპავა
დაკოპირებულია

2016 წლიდან პაკისტანში რუსეთის მონაწილეობით ყოველწლიურად ტარდება სამხედრო წვრთნები, სახელწოდებით – „დრუჟბა“, მეტიც, 2020 წელს ტრადიციულ სამხედრო წვრთნებში, რომლებსაც ჩრდილო კავკასიაში ატარებს რუსეთის ფედერაცია, სხვებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს პაკისტანელმა სამხედროებმაც. სულ ახლახან კი კასპიის ზღვაზე ჩატარდა წვრთნები/ სახელად - „სამი ძმა“, თურქეთის, აზერბაიჯანისა და, არც მეტი, არც ნაკლები, პაკისტანის მონაწილეობით. მე არ ვიცი, როდის დაძმობილდა ზემონახსენები სამი და არც ის, რატომ დაინტერესდა პაკისტანი (აქვე შეგახსენებთ – პაკისტანს აქვს ბირთვული იარაღი) კავკასიით და, ბოლოს და ბოლოს, ვისი ძმაა: რუსეთის თუ თურქეთის, თუ ორივესი ერთად, თუმცა, მიუხედავად ჩემი მხიარული შესავლისა, თემა მართლაც საინტერესოა, რასაც ახლო აღმოსავლეთის ექსპერტთან, ვასილ პაპავასთან ერთად განვიხილავთ.

– საკმაოდ მეუცნაურება, რომ პაკისტანი ხან ჩრდილოეთიდან უვლის კავკასიას და ახლა უკვე – სამხრეთიდანაც. პაკისტანს რაღა ესაქმება ამ რეგიონში, რა ინტერესი აქვს?

– მოკლედ რომ ვთქვათ, აზერბაიჯანის, თურქეთისა და პაკისტანის სამხედრო წვრთნები იყო ამ სამი სახელმწიფოს თავდაცვითი და ტექნოლოგიური თანამშრომლობის ლოგიკური გაგრძელება. თურქეთის მონაწილეობა გასაკვირი არ არის, რადგან აზერბაიჯანის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველი დღიდანვე თურქეთს მოწინავე ადგილი უჭირავს აზერბაიჯანის მხარდაჭერაში ეკონომიკურად, ტექნოლოგიურად, დიპლომატიური და სამხედრო თვალსაზრისით, სწორედ, თურქეთია აზერბაიჯანის მთავარი ლობისტი საერთაშორისო არენაზე. პაკისტანის მონაწილეობა შესაძლოა, გასაკვირიც იყოს – რა ესაქმება მას სამხრეთ კავკასიასა და აზერბაიჯანში, მაგრამ, თუ გადავხედავთ აზერბაიჯან-პაკისტანის ურთიერთობას, 1991 წლის დეკემბერში, თუ არ ვცდები, თურქეთის შემდეგ, სწორედ, პაკისტანმა აღიარა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა. სხვათა შორის, პაკისტანი სომხეთს, როგორც სახელმწიფოს, საერთოდ არ ცნობს და ესეც ყურადღებამისაქცევია, რაც თავისთავად, აზერბაიჯანის მზაობის საფუძველიცაა, ჰქონდეს პაკისტანთან კარგი ურთიერთობა. აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანია სამხედრო თანამშრომლობა ნებისმიერ სახელმწიფოსთან, მით უფრო, რომ პაკისტანი ბირთვული სახელმწიფოა.

– სწორედ ეს საკითხი მაღელვებს – პაკისტანს აქვს ბირთვული იარაღი.

– აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახელმწიფოს თანადგომა და კონკრეტულად ამ მომენტში თურქეთ-პაკისტანთან ურთიერთობა ლოგიკური გაგრძელებაა აზერბაიჯანის მოქმედებების. სავარაუდოდ, პაკისტანი უფრო თურქეთის მიერაა მოწვეული, იმიტომ რომ უფრო მჭიდრო და დიდი ურთიერთობა აქვთ: ავღანეთშიც თანამშრომლობენ, რეგიონულ დონეზეც და ამ სამხედრო თანამშრომლობის ძირითადი მიზანი, რაც ითქვა წვრთნების ჩატარებამდე, იყო სამხედროების მომზადება სამშვიდობო და სამხედრო მოქმედებებისთვის, გამოცდილების გაზიარება და შეძენა.

– კასპიის ზღვის ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას და რაღაც არ მახსოვს, რომ არაკასპიის ზღვის ქვეყნებს ჰქონოდეთ სამხედრო, თუნდაც, წვრთნებში მონაწილეობის უფლება. დაირღვა ეს შეთანხმება პაკისტანის კასპიის ზღვაზე გამოჩენით თუ, რაკი რუსეთი თავადაც თანამშრომლობს პაკისტანთან, ჩავთვალოთ, რომ არ გაღიზიანდებოდა?

– თვითონ თურქეთის ფაქტორი უნდა იყოს რუსეთისთვის გამაღიზიანებელი, ვინაიდან ბოლო 200 წელია, რუსეთი იყო დომინანტი სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ გეოპოლიტიკა შეიცვალა – სამხრეთ კავკასიისადმი რუსეთის პოლიტიკა საკმაოდ ხისტია და მიუღებელი რეგიონით დაინტერესებული მოთამაშეებისთვის. სხვა სახელმწიფოებსაც აქვთ ინტერესები და რუსეთის მეთოდებმა – დაყავი და იბატონე, კონფლიქტების წახალისებით სამშვიდობო მანდატის მოპოვება – თავი ამოწურა. შეირყა რუსეთისადმი ნდობა. ჩვენ ისედაც შერყეული გვქონდა ეს ნდობა აფხაზეთისა და ცხინვალიდან გამომდინარე, სომხეთშიც ვხედავთ, რა ხდება: უცებ პოლიტიკური ვექტორის შეცვლა რთულია, მაგრამ ჩანს იმპულსები, რომ სომხეთმა თავად დადოს ფსონი დასავლეთზე და შეეცადოს ურთიერთობის დალაგებას თურქეთთან და აზერბაიჯანთან. გამოუვა თუ არა, სხვა საკითხია, იმიტომ რომ რუსეთს ჯერჯერობით მყარი პოზიცია აქვს სომხეთში. თუმცა აზერბაიჯანის მიერ თავისი 7 რაიონისა და ყარაბაღის ავტონომიის ტერიტორიის ნაწილის დაბრუნება არის არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ მისი მოკავშირეების: თურქეთის, ისრაელისა და პაკისტანის დამსახურებაც. მე ვახსენე თურქეთისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში და, ასევე აზერბაიჯანისა და პაკისტანის ურთიერთობის გაღრმავება და, თუ ანკარა და ბაქო თანამშრომლობენ სტრატეგიულად, პაკისტანი უფრო დამხმარეა, იმიტომ რომ თურქეთის გავლენას ვერ დაჩრდილავს. ისლამაბადი და ანკარა თანამშრომლობენ თავდაცვით სფეროში: თურქეთი პაკისტანს აწვდის სხვადასხვა სამხედრო შეიარაღებას და თავის მხრივ, პაკისტანი სამხედრო და საზღვაო-სამხედრო ტექნოლოგიებს აწვდის თურქეთს. შესაბამისად, აზერბაიჯანისთვის თავისთავადაა მნიშვნელოვანი ამ ტიპის მოკავშირეების მხარდაჭერა, რაც დაამტკიცა ყარაბაღის ომმაც: ასეთი მჭიდრო საგარეო თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდა ბაქოსთვის.

– თურქეთმა გამოხატა მთვარეზე ექსპედიციის გაგზავნის ამბიცია და, ამასთან, ამბობენ, რომ დაინტერესებულია ბირთვულ სახელმწიფოდ ქცევაშიც. შეიძლება, მივიჩნიოთ, რომ პაკისტანი ამ მხრივაცაა მნიშვნელოვანი თურქეთისთვის?

– თურქეთის მცდელობა, შექმნას ატომური იარაღი მთლიანად მოშლის ისედაც მორყეულ მსოფლიო უსაფრთხოების სისტემას. ასეთ შემთხვევაში, ვერავინ შეაკავებს ირანს და ვერც საუდის არაბეთს, ვინაიდან მასაც აქვს ატომური იარაღის შექმნის რესურსი, იქით კიდევ ეგვიპტეა, ამდენად, ასეთი მცდელობა ძალიან სავალალოდ შეიძლება, დასრულდეს.

– ჩვენ უფრო ამოვარდნილი ვართ კავკასიის გეოპოლიტიკური კონტექსტიდან თუ სომხეთი?

– დღეისთვის კავკასიაში წამყვანი სახელმწიფო, ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით, ასევე, თავისი გავლენით, არის აზერბაიჯანი. ეს ყარაბაღის ომმა დაამტკიცა. მას შემდეგ, რაც ყარაბაღის კონფლიქტი იმ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როგორშიც აღმოჩნდა, 1994 წლის ხელშეკრულებით, აზერბაიჯანმა ძალ-ღონე არ დაიშურა, რომ ეს კონფლიქტი გაეყინა და საერთაშორისო სამართლის გამოყენებით, შავ სიაში შეეყვანა ყარაბაღის სეპარატისტული ხელისუფლების წევრები როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ,

– მე მახსოვს, როგორ იბრძოდა პაატა დავითაია შევარდნაძის პერიოდში, რომ ჩვენებური სეპარატისტები გადაეცათ ინტერპოლისთვის, მათ წინააღმდეგ აღეძრათ სისხლის სამართლის საქმეები, მაგრამ მაშინ, როდესაც ის სააკაშვილის ხელისუფლების დროს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა, არაფერი გააკეთა. რაც მე ძალიან მიკვირდა. რატომღაც, არც დღეს იჩენს, ამ მხრივ, ინიციატივას საქართველოს ხელისუფლება, რასაც ვერ ვხსნი.

– ხელში გვიჭირავს ქართველების ეთნოწმენდის დამადასტურებელი საბუთები და ჩემთვისაც გაუგებარია, რატომ ვამბობდით და ვამბობთ ამაზე უარს. უმოქმედობით ჩვენ, ფაქტობრივად, ლეგიტიმაცია გავუკეთეთ რუსებისა და სეპარატისტების თანამშრომლობას. ისევ „სამი ძმის“ წვრთნებს რომ დავუბრუნდეთ. რუსეთმა, ცხადია, გამოთქვა უკმაყოფილება ამის გამო და ბაქოს მოუწოდა, არ იაქტიუროს, რადგან 2018 წლის ხელშეკრულებით, კასპიის სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ არ დაუშვებენ რომელიმე მეექვსე სახელმწიფოს (კასპიის ზღვაზე გასასვლელი 5 სახელმწიფოს აქვს) ჩართულობას და ყველაზე მწვავე რეაქცია ამ წვრთნებზე ჰქონდა ირანს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უკანონო უწოდა და ბაქოს შეახსენა, რომ კასპიის ზღვის კონვენცია კრძალავს მესამე ქვეყნების რამე ტიპის სამხედრო მონაწილეობას კასპიის ზღვის რეგიონში.

– გასაგებია, რომ სამხრეთ კავკასიაში ამჟამად ყველაზე ძლიერი პოზიცია აქვს აზერბაიჯანს, თუმცა არ მიწყინონ და, ეს სიძლიერე მაინც მართულია, იმიტომ რომ არავინ იცის, რას მოითხოვს ბაქოსგან სანაცვლოდ თურქეთი ან რუსეთიც, მაგრამ სად ვართ ჩვენ ამ ახლებურ ვითარებაში?

– ჯერ ვერაფერს ვიტყვით საქართველოს რეგიონულ აქტივობაზე. რაღაც ნიშნები არის: მაგალითად, ჩვენი პრემიერ-მინისტრის შეხვედრა თურქულ მხარესთან, მან კიდევ ერთხელ შესთავაზა თბილისი, როგორც მოლაპარაკების ადგილი, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რაც თურქეთისთვისაც მისაღებია, ერევნისთვისაც და ბაქოსთვის მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. კულუარული ინფორმაციით, სომხეთის ხელისუფლება გამოთქვამს ბაქოსთან და ანკარასთან ურთიერთობის მოწესრიგების სურვილს.

– თურქეთ-სომხეთის მოლაპარაკებებისთვისაც იდეალური ადგილია თბილისი.

– თავისთავად, თუმცა ჯერ მაინც რეგიონულ დონეზე უნდა მოხდეს მოლაპარაკება. მოსკოვში ვერ ეწვევიან. მაგრამ საამისოდ ჩვენი მხოლოდ დიპლომატიური აქტივობა არ კმარა, ამას თან უნდა ახლდეს სამხედრო კომპონენტიც. როდესაც შენ ხარ ძლიერი, შენს ინტერესებს უფრო ითვალისწინებენ. სუსტის ინტერესებს იშვიათად ითვალისწინებენ დიპლომატიაში, ეს მაინც უფრო დასავლეთისთვისაა დამახასიათებელი, სადაც უფრო ცივილური ფორმით თანამშრომლობენ და არ არის ისეთი მწვავე ვითარება, როგორც ჩვენს რეგიონში. ჩვენს სინამდვილეში სუსტი, ჩვეულებისამებრ, იჩაგრება და ამ გადმოსახედიდან, აქცენტი უნდა გავაკეთოთ სამხედრო გაძლიერებაზე და ამდენად, „ნატოში“ გაწევრიანებასა და დასავლეთთან სამხედრო თანამშრომლობაზე საუბარი საკმარისი არ არის. სუსტ სახელმწიფოს არ გაითვალისწინებენ, ვინაიდან კავკასია მაინც რჩება არასტაბილურ რეგიონად. არაერთი კონფლიქტია მოუგვარებელი და რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, კიდევ დიდხანს გაგრძელდება არსებული ვითარება. აზერბაიჯანმა კი თავიდანვე მართებული სტრატეგია შეარჩია. ყარაბაღში სასტიკი მარცხის შემდეგ ფსონი დადო საერთაშორისო სამართალზე, რითაც ძირშივე მოუსპო რუსეთს შესაძლებლობა, რამე ტიპის მხარდაჭერა გამოეხატა ყარაბაღელი სეპარატისტებისთვის და პარალელურად, გააღრმავა ურთიერთობა თურქეთთან.

– მაგრამ ჩვენ ფიზიკურად არ გვყავს თურქეთის მსგავსი მოკავშირე.

– ვინც გვყავს, ისინი უნდა გამოვიყენოთ უფრო რაციონალურად, მაგრამ გადავხედოთ ჩვენს ადრინდელ თავდაცვის მინისტრებს: კეზერაშვილს, ახალაიას... ასეთ ხალხთან რომელი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზეა საუბარი?! თან, როდესაც ოკუპაციის საფრთხე ისევ არსებობს. ვიმეორებ – „ნატოში“ გაწევრიანება სტრატეგია არ არის, ეს ერთ-ერთი ინსტრუმენტია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი