პოლიტიკა

რატომ მისცა მოსკოვმა ბაქოს სომხეთის დროდადრო მცირე-მცირედ შევიწროების ნება და როგორ აისახება საქართველოზე გამარჯვებით შეგულიანებული აზერბაიჯანის აქტიობა

№21

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 02.06, 2021 წელი

ამერიკა და რუსეთი
დაკოპირებულია

მაშინ, როდესაც ლამის მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლო აღმოსავლეთისკენაა მიპყრობილი – რადგან „ჰამასი“ უმოწყალოდ ბომბავს ისრაელს და ჯერჯერობით ებრაელებს საკუთარი თავის გარდა გვერდში მდგომი არ ჰყავთ („ჰამასს“, „მოსადის“ ცნობით, 15 000 რაკეტა აქვს და, სავარაუდოდ, ამ მარაგის დაცლას ელოდება „ცაჰალი“), აზერბაიჯანმა ყარაბაღის ტერიტორიაზე კიდევ ერთი საგუშაგო გახსნა, რომელიც, სომხეთის მტკიცებით, სომხეთის ტერიტორიაა, რის დასტურადაც რუკებს იშველიებენ. იქიდან გამომდინარე კი, რომ ამ ორ სახელმწიფოს შორის საზღვარი არ დადგენილა, რთული გასარკვევია, რა რომლის ტერიტორიაზეა. თუმცა ფაშინიანმა უკვე სთხოვა დახმარება რუსეთს (1997 წლის შეთანხმებიდან გამომდინარე) და საფრანგეთსაც (მაკრონმა აღუთქვა გაეროს ფარგლებში დახმარება სამშვიდობო კონტინგენტით), მაგრამ, ვეჭვობ, დაეხმარონ. ისრაელში მიმდინარე მოვლენები, ცხადია, ჩვენზეც აისახება, თუმცა უფრო ახლოს სომხეთი და აზერბაიჯანია და, ასევე, ცნობილია, რომ რუსეთისთვის სრულიადაც არაა ხელსაყრელი თავის სამხრეთის საზღვრებთან საომარი მოქმედებები. შესაბამისად, იბადება კითხვა: რის მიღწევას ცდილობს აზერბაიჯანი, რუსეთს აღიზიანებს თუ პირიქით, ეს უკანასკნელი მას სომხეთის კიდევ უფრო დასჯაში ეხმარება? – ამ თემას აკაკი ასათიანთან ერთად განვიხილავთ.

– აზერბაიჯანმა განზრახ დაამთხვია ისარელ-„ჰამასის“ დაპირისპირებას თავისი ქმედება ან რის მიღწევას ცდილობს ამით? ცუდია, რომ ეს ჩვენს სიახლოვეს ხდება, თუმცა ისრაელში რაც ხდება, ისიც იმოქმედებს ჩვენზე.

– ისრაელი არც ისე შორსაა ჩვენგან, რაც გინდა ევროპული პრეტენზია გვქონდეს, ჩვენი ისტორიით, კულტურითა და ღირებულებებით და ტერიტორიითაც კი, ნაწილი ჩვენი ტერიტორიისა ევროპულია, ახლო აღმოსავლეთის არეალი ვართ. ამიტომ გვეხება, რაც ხდება ისრაელში, თუნდაც, იმიტომ რომ ებრაელი ხალხი ჩვენთან ისტორიულადაა დაკავშირებული და ურთიერთსიმპათიაა ჩვენს სახლმწიფოებს შორის. ებრაელები მართლები არიან და სწორია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მათი მხარდამჭერი აქციები იმართება, მათ შორის, საქართველოში. ისრაელში ცხოვრება მათი ისტორიული უფლებაა, წავიკითხოთ ბიბლია და გვეცოდინება, რომ ეს ასეა, ამიტომაც ბოლო 50 წელია, კბილებით იცავენ თავიანთ ტერიტორიას. რაც შეეხება აზერბაიჯანს: რუსეთს რომ თავი დავანებოთ, ალიევმა, მამამაც და შვილმაც, ისე ააწყვეს ურთიერთობა რუსეთთან, რომ რაღაცნაირად სომხეთთან კონფლიქტისას მოიპოვეს მისი ნეიტრალიტეტი, რომელიც თავის მხრივ, ითვლებოდა რუსეთის მთავარ და ერთადერთ დასაყრდენად სამხრეთ კავკასიაში და კაცმა რომ თქვას, კავკასიაში სომხები ერთადერთი ხალხია, რომლებიც ყველანაირ ვითარებაში რუსეთის მხარეს იყვნენ და უნდა ყოფილიყვნენ, რომ არა ბოლო შემთხვევა – შეატოვეს პირისპირ მოსახლეობით რამდენჯერმე დიდს, მათზე ძლიერსა და მოკავშირეებით უზრუნველყოფილ აზერბაიჯანს. არ ვიცი, რამდენად სწორი იქნება, მაგრამ აზერბაიჯანი, რა თქმა უნდა, შეეცდება ამ წარმატების განვითარებას და საამისოდ დიდი წაქეზებაც არ სჭირდება, გარანტია თუ ექნებათ ჩაურევლობის და, როგორც ჩანს, აქვთ. რუსებს ხომ ჭკუამოკლეობა ახასიათებთ?! ფაშინიანს გადააყოლეს თავიანთი სტრატეგიული კავშირი სომხეთთან, რომლებიც არასდროს დაუვიწყებენ იმას, რაც მოხდა.

აზერბაიჯანისთვის მხოლოდ ტერიტორიას არ აქვს მნიშვნელობა – მათთვის უფრო მთავარია თვითდამკვიდრება. აზერბაიჯანი ახალი წარმონაქმნია და მათ აქვთ თვითდამკვიდრებისა და იდენტიფიკაციის პრობლემა. ომში წარმატება აზერბაიჯანისთვის არის ეგზისტენციური საკითხი – მათი არსებობის გამართლებაა, ალიევების დინასტიისთვის კი – დასაბუთება, რომ საჭირონი არიან ქვეყნის სათავეში და, საერთოდაც, ეროვნული სიამაყის საგანია. როგორც უკრაინაში იბადება ახლა, რუსების წყალობით, უკრაინული ცნობიერება (მხოლოდ დასავლეთ უკრაინაში იყო, ცენტრში ნაკლებად და აღმოსავლეთში საერთოდ არ ყოფილა) და ბელორუსებში – ბელორუსული, ოღონდ ცოტა სხვანაირად, ვფიქრობ, სომხეთშიც იბადება აზრი, რომ რუსეთი არ უნდა იყოს მათი ერთადერთი არჩევანი, თუ სურთ განვითარება და პერსპექტივა. სომხეთი რუსებმა გაწირეს იმისთვის, რომ ფაშინიანი მოეშორებინათ, მაგრამ ვერ ხერხდება ეს, ამიტომ არ არის გამორიცხული, კიდევ ერთხელ შეუწყონ ხელი აზერბაიჯანს მცირე-მცირე წარმატებების მიღწევაში, რომ ფაშინიანს კიდევ მეტი წყალი შეუყენონ. რუსები ფსონს ჩამოდიან ქოჩარიანზე, რომელიც „რკინის კაცის“ როლში გვევლინება, თუმცა რა მოუტანა მისმა მმართველობამ სომხეთს, არ ვიცი.

– თქვენ ფიქრობთ, რომ რუსეთის დუმილი წინასწარ ექნებოდა დაბევებული აზერბაიჯანს, წინააღმდეგ შემთხვევაში არანაირ ბლოკ-პოსტს არ გახსნიდა?

– რა თქმა უნდა. მათ შორის რომ გარიგება მიღწეულია, ეს ჩანს შეუიარაღებელი თვალითაც და, ცხადია, სომხეთის საზარალოდ. რუსეთი კარგავს მთელ ერსა და ქვეყანას ერთი კაცის გამო.

– ეს ჩვეული მანერაა რუსეთის: მთელი ჩვენი ქვეყანა და ერი დაკარგა მცირერიცხოვანი და მისთვის გამოუსადეგარი სეპარატისტების გამო.

– მე რომ ვერ ვაპატიე და თქვენ რომ ვერ აპატიეთ ეს მას, მესმის, მაგრამ მას ეგონა, რომ ამას გახდიდა ჩვენს მოსათოკ იარაღად, თუმცა ჩვენი და დასავლური სამყაროს დაახლოების პროცესი არ წყდება და ახლა სად ჯანდაბაში წაიღონ და რა უყონ ამ ორ რეგიონს, თვითონაც არ იციან. პირდაპირ ამბობენ, ორი უსახელო ჩემოდანი გვიჭირავსო. რაღაც მარაზმით არიან დაკავებული: ასადს ხვდება ბჟანია. ბჟანიაზე ცუდის თქმა არ მინდა, მაგრამ ასადი რა ხვითოცაა, ვიცით: თავის დედაქალაქშია გამოკეტილი ბუნკერში. ასეთი წვრილმანებით არ უნდა ერთობოდეს ამხელა იმპერია, ყოველ შემთხვევაში, რაც ჩვენმა ძვირფასმა თანამემამულემ შეუქმნა მათ. სტალინის დივიდენდებით არსებობენ დღემდე, მაგრამ ის კაპიტალიც იწურება და პუტინი ცდილობს, მოსალოდნელი შიდა გართულებები გადაფაროს.

პუტინს პრობლემა აქვს – დაიკარგა მისი პირველი წლების ადეკვატურობა, როდესაც მან შეაჩერა რუსეთის დაშლა, ამოქაჩა სოციალური, ეკონომიკური ვითარება, ალაგმა კრიმინალი, ფაქტობრივად, სამოქალაქო ომები ჰქონდათ კრიმინალურ დაჯგუფებებს, რაც ასახულია ფილმში „ბანდიტური პეტერბურგი“. სხვათა შორის, რუსეთის პირველ არხზე ხშირად აჩვენებენ ან „გაზაფხულის ჩვიდმეტ გაელვებას“, ან „ბანდიტურ პეტერბურგს“. მეხუთედ გადის უკვე, შტირლიცი კი ერთ არხზე რომ დამთავრდება, მერე მეორეზე იწყება, მერე მესამეზე და მივხვდი, ეს პუტინისთვისაა. შტირლიცი თავისი თავი ჰგონია – გერმანიაში, ხომ, მზვერავი იყო და „ბანდიტური პეტერბურგიც“ მისი 90-ანი წლებია, მისი პეტერბურგული პერიოდი და ამით ამაყობს. მონაწილეობდა კრიმინალურ გარჩევებში, ფულის განაწილებაში. მიაჩნია, რომ იქაც კარგად გამოიჩინა თავი. როგორც პეტერბურგელი ქართველებისგან ვიცი, იმხანად ცდილობდა, სამართლიანობა დაეცვა და ამიტომაცაა, რომ მისი წარმოდგენები დამყარებულია „გაგებაზე“ და არა კანონზე. ის „გაგებები“ სამართლიანობის მეტ ელემენტს შეიცავს და მასაც მეტი პატივისცემა აქვს კრიმინალების, ვიდრე ოლიგარქების, პუტინი თვლის, რომ ოლიგარქები არიან ხაზინის მხდალი ქურდები, ხოლო ბანდიტები – რისკიანი ბიჭები და სამართლიანობაც ახასიათებთ, ასეთი დამოკიდებულება აქვს მას შიგნითაც და გარეთაც. აი, ასეთი აღმოჩენა გავაკეთე და, ვფიქრობ, რომ ასეა. ერთი სიტყვით, წაქეზებით არ მგონია, მაგრამ აზერბაიჯანს აქვს მისი მდუმარე თანხმობა, რომ მცირე-მცირედ შეავიწროვოს სომხები. ალიევი მამის არ მიკვირდა, მას დიდი გამოცდილება ჰქონდა: უშიშროების სკოლა, რესპუბლიკის მართვა, შემდეგ საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს წევრობა, სხვათა შორის, გორბაჩოვსა და მას შორის უნდა არჩეულიყო საბჭოეთის ხელმძღვანელი. ალიევის კანდიდატურა განიხილებოდა მზარდი მუსლიმი მოსახლეობის გულის მოსაგებად. საბჭოთა კავშირი რომ დარჩენილიყო, მოსახლეობის უმეტესობა მუსლიმი იქნებოდა. ჩემს ბავშვობაში აზერბაიჯანის მოსახლეობა იყო ხუთ-ნახევარი მილიონი, დღეს ათ მილიონამდეა.

დღეს აზერბაიჯანი რუსეთის აშკარა ფავორიტია. ვიმეორებ – არა სახელმწიფოებრივ სტრატეგიაში, არამედ ფაშინიანის გამო. ალიევი, რაც უნდა თურქეთთან დაახლოებული იყოს და არც „ოდეკაბეს“ წევრობას ჩქარობდეს, უფრო მისაღებია რუსეთისთვის, ვიდრე ფაშინიანი, რომელიც ყველა კავშირშია – ევრაზიულშიც, საბაჟოშიც, მაგრამ ჯერ არც სომხებს ეშველათ ამის გამო და არც ფაშინიანს. პოლიტიკის ისეთ დაწვრილმანებას ვხედავთ, რომ ჩვენთან დაწვრილმანებული პოლიტიკა რა მოსატანია, შეხედეთ, რა ხდება იმხელა სახელმწიფოებში.

– აშკარად შეიმჩნევა, რომ მსოფლიო პოლიტიკაში გონი არ მოეკითხება არავის: არც განვითრებულს და არც განვითრებადს.

– დიახ, უცნაური სიტუაციაა და, ვფიქრობ, სახიფათო არა მხოლოდ პანდემიისა და ბირთვული იარაღის გამო, ერთი დასამახსოვრებელი არ შექმნილა კულტურაში. ჩვენებიც და უცხოელებიც იმეორებენ 70-იანების „ჰიტებს“. ინერციით ვალს იხდის ყველა და პოლიტიკაში – განსაკუთრებით. ეს ძალიან ცუდი მუხტის შემცველია, არავინ იცის, რა ქნას. მე მგონია, დმანისში რაც მოხდა, ცუდი ამბავია. მაშინ პირდაპირ საბჭოეთის მიერ იყო ინსპირირებული და დღესაც არ გამოვრიცხავ, რუსეთის ხელი ერიოს, იმიტომ რომ არ გვაკლია ხალხი, რომლებიც საბჭოეთზე ოცნებობენ. რას მისტირიან ოღონდ, არ ვიცი. ცოტა გამიგრძელდა საუბარი. ერთი სიტყვით, 90-ანებისგან განსხვავებით პუტინი აღარ არის არც თავისი ქვეყნის ინტერესების გამომხატველი, არც მსოფლიოსი და ებღაუჭება ძალაუფლებას, რომ სიკვდილის ბოლომდე იჯდეს სავარძელში. ვიმეორებ: ჩვენ უნდა მოვეგოთ გონს: ამ ხელისუფლების იმედი ნაკლებად მაქვს, კიდევ უფრო ნაკლებად – ოპოზიციის ერთი ნაწილის, რომელიც რა სამყაროშია, ვერ გავიგე. ეს არის ჩვენთვის სამწუხარო რეალობა, რასაც არ ვიცი, რა ეშველება. სიმშვიდესა და უშფოთველობას არ უნდა ველოდოთ: ისეთ ადგილას ვცხოვრობთ, სერიოზულ ქარბორბალაში შეიძლება, მოვხვდეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი