პოლიტიკა

რატომ მიისწრაფვის ომისკენ საზოგადოების ის ნაწილი, ვინც ომში წასვლას არ აპირებს

№12

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 29.03, 2023 წელი

სოსო მანჯავიძე
დაკოპირებულია

ჩვენი საზოგადოება ისედაც არასდროს გამოირჩეოდა ერთიანობით, თუმცა, რაც ბოლო პერიოდში ხდება, სცდება ყველა მანამდე არსებულ საზღვარს: ერთმანეთის სრული მიუღებლობა და რადიკალიზმი ჩვეულ მოვლენად იქცა. დაპირისპირებულ მხარეებს არათუ ერთმანეთის მოსმენა არ შეუძლიათ, იმის ატანაც კი, რომ არსებობს ისეთი ნაწილი, რომელიც მის აზრს არ ეთანხმება. რა შედეგით შეიძლება, დასრულდეს როგორც საზოგადოებისთვის (უარყოფითი შედეგი ყველასთვის უარყოფითი იქნება), ისე ქვეყნისთვის ერთმანეთის წრეგადასული მიუღებლობა? – ამ თემაზე თავის მოსაზრებას სოსო მანჯავიძე გაგვიზიარებს.

– რა შედეგი შეიძლება, მოიტანოს საზოგადოების ასეთმა დაპირისპირებამ და ისტორიულად როგორ სრულდებოდა ხოლმე ასეთი დაპირისპირებები?

– ზოგადად, ასეთი დაპირისპირებები, როგორც წესი, მთავრდებოდა სამოქალაქო ომებით. ანალოგიებით აზროვნება ნაყოფიერია, თუმცა, იმავდროულად, თითოეულ ისტორიულ პროცესს აქვს თავისი სპეციფიკა და ცალკეა განსახილველი. თუ თვალს გადავავლებთ სამოქალაქო ომების ისტორიას, ერთი საერთო ნიშანია: ურთიერთსიძულვილი აღწევს უკიდურეს ზღვარს, რასაც მოჰყვება ხოლმე სისხლის ღვრა. ჩვენი ეპოქა, ძირითადად, ინფორმაციულია და ეს სიძულვილი უფრო აკუმულირებულია საინფორმაციო საშუალებებსა და განსაკუთრებით, სოციალურ ქსელებში.

– ვერ ვიგებ, რა ხეირს მიიღებენ საინფორმაციო საშუალებები, ტყვია გაარჩევს?

– ადამიანთა მასების მოქმედებებს ვერ განვიხილავთ იმ ილუზიით, რომ ადამიანები მოქმედებენ თავიანთი საუკეთესო ინტერესებისთვის და კაცობრიობის ისტორიაა ამის ნათელი მაგალითი, იმიტომ რომ მუდმივი ომებია და ურთიერთგანადგურების პროცესი. შესაბამისად, არც ერთ იმ ადამიანს, რომელიც ამ დროს მოკლეს, არ უნდოდა, რომ მოეკლათ და ისიც ფაქტია, რომ ძნელი განსასაზღვრი არ არის, რა შედეგები მოჰყვება ასეთი ტიპის მოქმედებებს, ანუ მტრობას, მაგრამ ისეა მოწყობილი ადამიანი, საზოგადოება, რომ ეს მტრობა დაუსრულებელია და ახასიათებს ჯაჭვური რეაქცია. „ბიბლიიდანაა“ ცნობილი აბელისა და კაენის ამბავი და რაც ჩვენ ისტორია ვიცით, ეს არის ომებისა და ურთიერთგანადგურების ისტორია. არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი სპეციფიკა გვაქვს და ეს სპეციფიკაა განსაკუთრებული კონტრასტი რეალობასა და წარმოსახვით რეალობას შორის, რაც ტრაგედიებს იწვევს. დღესაც იგივე მდგომარეობაა. არ ვიყენებთ ლოგიკას, არასწორი წარმოდგენა გვაქვს ჩვენს გაბარიტებზე, ჩვენს შესაძლებლობებზე და, ასევე, შედეგებზე, რაც შეიძლება, მოგვიტანოს არასწორმა წარმოდგენებმა. იმის მიუხედავად, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში, აღარაფერს ვამბობ წინა ისტორიაზე, ძალიან მძიმე და დრამატული შედეგები მივიღეთ რეალობის არასწორი აღქმის შედეგად.

– სხვათა შორის, მაოცებს ის ფაქტიც, რომ ისევ ფიქრობს ჩვენი საზოგადოების ნაწილი, რომ ჩვენ ისევ დავხოცავთ სეპარატისტებს და ვაგებინებთ პასუხს. ერთხელ რომ კისერი წაიტეხე, მეორედ რომ წაიტეხე და საქართველოს ორი ძირძველი მიწა ქართველებისგან დაცარიელდა, ხომ უნდა მიხვდე, რომ რაღაცას არასწორად აკეთებდი, ანუ სხვა გზა ხომ უნდა მონახო?

– რა თქმა უნდა, ეს არის არაადეკვატური აღქმების შედეგი და ამ არაადეკვატურმა აღქმებმა გამოიწვია უდიდესი ტრაგედიები და ჩვენი ისტორია არის ტრაგედიების ისტორია. ახლა უკვე დამოკიდებულები ვართ რამდენიმე ქვეყანაზე და ეს დამოკიდებულება სულ უფრო და უფრო დამამცირებელ ფორმას იძენს, იმის კვალდაკვალ, თუ რამდენად ვსუსტდებით ჩვენ და გაყოფილია საზოგადოება. გადავხედოთ საკუთრივ ილუზიებს: ადამიანთა კრიტიკულად დიდ მასას სრულიად ილუზორული წარმოდგენები აქვს გეოპოლიტიკურ ვითარებაზე. მაგალითად, დიდი ნაწილი არ ითვალისწინებს ფაქტს, რომ შავი ზღვა გვყოფს ევროკავშირისგან; ასევე, ევროკავშირისგან გვყოფს თურქეთის რესპუბლიკა. ჯერ კიდევ ბჟეზინსკი ამბობდა თავის „დიდ საჭადრაკო დაფაში“, რომ იმ შემთხვევაში თუ თურქეთი შეინარჩუნებს თავის ურყევ ნებას, შევიდეს ევროკავშირში, ხოლო ევროკავშირი მას ამ კარს არ დაუკეტავს, სომხეთსა და საქართველოს აქვთ შანსი, გარკვეული ფორმით ინტეგრირდნენ ევროკავშირში, ხოლო, თუ თურქეთი არ შევა ევროკავშირში, საქართველოსა და სომხეთის ბედი დამოკიდებული იქნება ევროკავშირსა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობის სპეციფიკაზე. იგივე თქვა მაკრონმა, სხვა გეოგრაფიააო.

– ტყუილი არ უთქვამს, იმიტომ რომ სამხრეთ კავკასია, მართლაც, სხვა გეოგრაფიაა.

– შესაბამისად, ტოპოგრაფიული კრეტინიზმია, როდესაც ადამიანი ვერ ამჩნევს თურქეთს, რომელიც ევროკავშირს სულ უფრო და უფრო სცილდება და შავ ზღვასაც კი. ზოგიერთებს რუსეთის ფედერაციის ადგილას ეგულებათ ოკეანე და ასე შემდეგ. ამას გარდა, ჩვენ ხომ გვახსოვს 2008 წელი?! როგორი განწყობა იყო ქართველ საზოგადოებაში? დიდი ნაწილი დარწმუნებული იყო, რომ ჩვენ დავამარცხებდით რუსეთის ფედერაციას. შემდეგ, როდესაც დამძიმდა სიტუაცია, მოსახლეობის ნაწილს სჯეროდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ატომურ ომს დაიწყებდა რუსეთთან და ძალიან უხაროდათ. თითქოს იმ ატომურ ომში ატომური ბომბი სარგებლობას მოგვიტანდა. ზეიმიც გვახსოვს რუსთაველის გამზირზე და სხვა უამრავი სიგიჟე და შემდეგ ამ ომის შესახებ შექმნილი ტყუილები. თანაც, ამის შემდეგ ის ტყუილები, რომლებიც დამკვიდრდა, გადაიქცა დოგმატებად, რომლის უარყოფაც იწვევს აგრესიას, რაც ახალ პრობლემებს წარმოშობს. აქედან გამომდინარე, თავის მოტყუებებს საზოგადოება მიჰყავს სუიციდისკენ. რა არის დღეს დაპირისპირების მიზეზი? ის, რომ საზოგადოების ნაწილი მიისწრაფვის ომისკენ და პარადოქსია, რომ ომისკენ მიისწრაფვის საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც...

– ომში წასვლას არ აპირებს.

– დიახ და ვიხილეთ ატოცთან მათი მოშიშვლებული უკანალები. ანუ ერთი მხრივ, ებრძვიან ჯარსა და ეკლესიას და, მეორე მხრივ, ამუნათებენ მათ, რომლებსაც არ უნდათ აშკარა თვითმკვლელობა. ეს ვითარებაა და, ბუნებრივია, რომ ადამიანთა გარკვეული ოდენობა აღწევს ისეთ მდგომარეობას, რასაც შეპყრობილობა ჰქვია. ეს ავტომატურად იწვევს სოციუმში დაძაბულობას და დაძაბულობა ბოლოს გადადის ფიზიკურ დონეზე. აქვე ერთი ნიუანსიც უნდა ვთქვათ: როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, პირველი არჩევნები ჩატარდა და ამის შემდეგ მოხდა სახელმწიფო გადატრიალება. ანუ არაკონსტიტუციური მეთოდებით შეიცვალა ხელისუფლება. ამან გამოიწვია ცენტრისკენული ძალების დასუსტება და ცენტრის კონტროლიდან გავიდა რეგიონები, მივიღეთ უკონტროლო ანკლავები, მათზე კონტროლის დამყარების მცდელობას კი მოჰყვა ომები... ანუ სახელმწიფო გადატრიალებას მოჰყვა სამოქალაქო ომი, სამოქალაქო ომს – ქვეყნის კონტროლიდან რეგიონების გასვლა. რა მოხდა ამის შემდეგ? მოხდა თითქოს გარკვეული პოზიტიური ცვლილებები: გალში ხალხის დაბრუნება, მიმოსვლა, მოლაპარაკებები, ერგნეთის ბაზრობის გახსნა და ნელ-ნელა თითქოს გვარდებოდა პრობლემა, მაგრამ მოხდა 2003 წლის რევოლუცია და ამის პირდაპირი შედეგი იყო 2008 წლის ომი. რაც მოხდა 2008 წელს, ვიცით – ფაქტობრივად, დავკარგეთ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალზე და გაფართოვდა დაკარგული ტერიტორიების ფართობი. რაც 2012 წელს მოხდა, გაფორმდა, როგორც ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა, შესაბამისად, 11 წელია, ომი არ გვქონია და ეს დადებითი მოვლენაა, მიუხედავად ბევრი პრობლემისა. ახლა კი ჩვენ ვხედავთ მცდელობებს, რომ მოხდეს ახალი რევოლუცია, რაც გამოიწვევს სახელმწიფოს დაშლას, სახელმწიფოებრიობის დაკარგვას. როდესაც ვთქვი ამის შესახებ, გამაოცა ადამიანების რეაქციამ. არადა, ეს ძალიან მარტივად გასათვლელი პერსპექტივა და, ჩემი აზრით, ელემენტარული რამ, ანუ კავშირი გადატრიალებასა და ქვეყნის ტერიტორიულ რღვევას შორის ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, მაგრამ მათ ამაში დაინახეს ის, რომ მე, თურმე, ვატყუებ და ვაშინებ.

– ამას მეც მივაქციე ყურადღება, როდესაც ვამბობ, რომ ძველი თაობის ბომბდამშენს 5-7 წუთი სჭირდება საქართველოს განივად გადასაკვეთად, ეს მოცემულობაა და, აბა, წარმოვიდგინოთ, რა მოხდება, თუკი საქართველო დაიყოფა სექტორებად და ეს ავიაგამანადგურებლები შემოფრინდებიან-მეთქი, მპასუხობენ, რომ ეს საბჭოური აზროვნებაა და, აბა, ბაბაია დავუძახოთო?!

– ესაა სწორედ არაადეკვატურობის ის ხარისხი, რომელიც სოციუმის არსებობას შეუძლებელს ხდის, რადგან ამის შემდეგ ირთვება არაადეკვატურ სისტემათა თვითლიკვიდაციის მექანიზმი. ანუ როდესაც 30 წელიწადში გაქვს ორი ოფიციალურად გამოცხადებული რევოლუცია, სამოქალაქო ომი, ოთხი ომი, გალის მოვლენები, პანკისის ხეობა, თავიდან აცილებული რამდენიმე ომი, პირდაპირი მნიშვნელობით – ღვთის წყალობით და ის, რომ ამ დროს ამდენი ხალხი მაინც იმავეს ფიქრობს და, რაც მთავარია, ეს მარგინალური აზრი კი არ არის, არამედ ისინი იქით ამუნათებენ საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე სიმპტომია.

– ადამიანები არ უყურებენ რუკას: რამხელაა უკრაინა, რამდენი ჰყავს მოსახლეობა, სად მდებარეობს, რამხელაა საქართველო, რამდენია მოსახლეობა და ვინ ჰყავს მეზობლებად. თან, მთაში ვეღარ დაიმალები, ავიაციაა დღეს, მთაში იხიზნებოდი, ცხენებით რომ გესხმოდნენ თავს.

– ჯერ ერთი, მთაში რომ იმალებოდნენ, არსებობდა თავდაცვის სისტემა, ეკონომიკასთან დაკავშირებული. წიგნი მაქვს დაწერილი ამ თემაზე, თუ როგორ მოვახერხეთ გადარჩენა იმ პირობებში, მაგრამ ახლა ხომ სხვა ვითარებაა?! საქართველოს გეოპოლიტიკური პარამეტრები ბუფერად ყოფნის საშუალებასაც არ აძლევს, არათუ თვითონ შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა ისეთი გიგინტური სახელმწიფოსთვის, როგორიც რუსეთის ფედერაციაა. არანაკლებ გასაოცარი რამაა, რომ თითქმის ლოცულობენ რუსეთის ფედერაციის დაშლაზე, თითქოს ეს ჩვენ მოგვიტანს სიკეთეს და ავიწყდებათ თურქეთი, ირანი, ჩრდილო კავკასია... რატომ გვემართება ასე? იმიტომ რომ საბჭოთა პერიოდში ურაპატრიოტულად განწყობილი ფილოლოგებისა და ისტორიკოსების მიერ შეიქმნა ფანტასმაგორიული კლიშეები და ხალხს გაუჩინა ილუზიები სამყაროს შესახებ. კერძოდ, ისეთი სურათი შეიქმნა, რომ მხოლოდ საბჭოთა კავშირი იყო ბოროტების იმპერია, დანარჩენ სამყაროში კი ჭრელი პეპლები დაფრინავდნენ, მათ მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის ინტერესები ჰქონდათ და არ ჰქონდათ არანაირი საკუთარი ინტერესი. მოსახლეობის უმრავლესობას სჯეროდა ამის და უბედურება ისაა, რომ დღესაც იგივე ილუზია აქვთ. უმრავლესობა ისეთ რამეებს ამბობს, სასოწარკვეთილებაში ჩავარდები. არადა აზრი მოქმედების პროგრამაა, ჯერ აზრია, რასაც მოჰყვება ქმედება და როდესაც სოციუმში ბოდვითი იდეებია გაბატონებული, ის, რაზედაც ვისაუბრეთ, რაა სალაპარაკო?! როდესაც ეუბნები იმას, რასაც ახლა ვამბობ, გპასუხობენ, აბა, რა ვქნათ, დავუწვეთ?! ადამიანს ახასიათებს, რომ მეტაფორას მიანიჭოს უფრო მეტი მნიშვნელობა, ვიდრე რეალობას, მაგრამ, როდესაც არაადეკვატურობა აღწევს იმ ხარისხს, რომ ადამიანებს შორის შეუძლებელი ხდება ნორმალური კომუნიკაცია, მაშინ იწყება სამოქალაქო დაპირისპირება. როგორც ჩანს, ეს ის მდგომარეობაა, როდესაც სამყარო ვეღარ ითმენს არაადეკვატურ ადამიანებს. ისინი ქიმიურად შეუთავსებლები არიან სამყაროს კანონებთან. როგორც ორგანიზმში ებრძვის იმუნიტეტი პათოგენურად გარდაქმნილ უჯრედებს, ანალოგიური პროცესია მაკროსამყაროშიც; მოქმედებს უნივერსალური კანონი: „რაც ზემოთაა, ისაა ქვემოთ, რაც შიგნითაა, ისაა გარეთ“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი