პოლიტიკა

რატომ მიაჩნიათ აზერბაიჯანში, რომ აზერბაიჯან- თურქეთის ალიანსში გაწევრიანება საქართველოს უსაფრთხოების ერთადერთი გარანტიაა

№21

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 31.05, 2023 წელი

ზაალ კასრელიშვილი
დაკოპირებულია

ახლახან ჩავწერე ვიდეო-ბლოგი აზერბაიჯანელ ანალიტიკოს ფიქრატ შაბანოვთან, ვისგანაც რამდენიმე პოლიტიკური მესიჯი მოვისმინე, უპირველესად, საქართველოს ხელისუფლებისადმი, კერძოდ, რომ საქართველოს უსაფრთხოების გარანტია აზერბაიჯან-თურქეთის ალიანსთან უმჭიდროესი თანამშრომლობაა და, ამასთან, თუ საქართველოს ხელისუფლება რუსეთისკენ გადაიხრება, ეს ნიშნავს, რომ მას დასავლეთი, უბრალოდ, გადაუვლის. ზაალ კასრელიშვილთან ერთად გავაანალიზებთ ამ მესიჯებსა და მათ რეალურობას.

– მართლაც, რას მოუტანს საქართველოს თურქეთ-აზერბაიჯანის ალიანსთან მჭიდრო თანამშრომლობა. ეს შეიძლება, გახდეს საქართველოს უსაფრთხოების გარანტია? იგულისხმება, რომ ანგლოსაქსური სამყაროსთვის, რომელიც ერთგვარად უპირისპირდება კონტინენტურ ევროპას (საფრანგეთის მეთაურობით) ეს თანამშრომლობა მისაღებია. იქვე ითქვა, რომ ეს სამთა კავშირი მომგებიანია, ვინაიდან საქართველო იქნება შუამავალი მუსლიმურ სამყაროსთან, ხოლო ჩვენ – მუსლიმურ სამყაროსთან საქართველოსთვისო.

– გულწრფელად გეტყვით, კონკრეტული პიროვნების განცხადებაზე კომენტარს არ გავაკეთებდი, მაგრამ ამ თემაზე ჩემი და ჩემი თანამოაზრეების აზრს მოგახსენებთ, როგორც ქართველების, ისე კავკასიელების. თურქეთ-აზერბაიჯანს შორის სამხედრო-სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება დაიდო და მას შემდეგ თურქეთი აქტიურად ეხმარება აზერბაიჯანს თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში. გარდა ამისა, თურქეთის რაციონალური დამოკიდებულება რუსეთის ხელმძღვანელობასთან გახდა საფუძველი იმისა, რომ აზერბაიჯანს რუსეთთან, ფაქტობრივად, ურთიერთდაუსხმელობის შესახებ გაეფორმებინა ხელშეკრულება და შემდეგ ამის საფუძველზე დაებრუნებინა ყარაბაღი, ანუ ტერიტორიული მთლიანობა აღედგინა.

– სრულად არა, რადგან ყარაბაღის ავტონომიის ნაწილში რუსი სამშვიდობოები დგანან და იქვე რჩება, ეგრეთ წოდებული, არცახის, ეგრეთ წოდებული, ადმინისტრაცია.

– რა თქმა უნდა, მაგრამ ეს იმ ტერიტორიის, დაახლოებით, 20 პროცენტია და ჩვენი ღრმა რწმენით, რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეს ტერიტორია სჭირდება რუსეთის სამხედრო ბაზის განსათავსებლად. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სავაჭრო თემაა. მაგრამ ტერიტორიის დიდი ნაწილი უკვე დაიბრუნა აზერბაიჯანმა. გარდა ამისა, იწყება მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტები, რომლებმაც უნდა გაიარონ აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე: ნაწილი ევროპაში შავი ზღვით გავა, ნაწილი აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის გავლით მოხვდება ევროპაში. შესაბამისად, აზერბაიჯანი და თურქეთი სასიცოცხლოდ არიან დაინტერესებული იმით, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, რომ ერთმა ქვეყანამ, როგორც მწარმოებელმა და მომპოვებელმა, ხოლო მეორე ქვეყანამ, როგორც დისპეტჩერმა, ანუ რეალიზატორმა, ესე იგი, თურქეთმა, სერიოზული სარგებელი ნახონ, საქართველოს გარეშე კი ეს მოლოდინი ვერც ერთს ვერ გაუმართლებს, იმიტომ რომ მათ შორის სომხეთია, რომელიც აკონტროლებს და მომავალშიც გააკონტროლებს ზანგეზურის დერეფანს, რომლითაც შეიძლებოდა, თურქეთი დაკავშირებოდა აზერბაიჯანს. ეს შეიძლება ათწლეულები გაგრძელებულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, საერთოდ არ გაგრძელდება, იმიტომ რომ რუსეთის, ევროპისა და აშშ-ის ინტერესია, რომ ზანგეზური აკონტროლოს სომხეთმა. ამდენად, აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის პარტნიორიც ვართ, ენერგეტიკული დერეფანიც და სასურველი პარტნიორიც, ეკონომიკური თვალსაზრისით. ასე რომ, თუ საქართველოში არ იქნება სტაბილურობა, რა თქმა უნდა, ისინი სასურველ მიზანს ვერ მიაღწევენ და ევროპული კონტინენტის მდიდარი მომხმარებლის ენერგეტიკულ მოთხოვნილებებს ვერ დააკმაყოფილებენ. საქართველოში დესტაბილიზაციის ფაქტორი მხოლოდ პოლიტიკური ორიენტაცია თუ იქნება, რაც პირდაპირაა დაკავშირებული ტერიტორიულ მთლიანობასთან, ამიტომ აზერბაიჯანი და თურქეთი, ალბათ, გულისხმობენ იმას, რომ ჩვენ შორის კარგი ურთიერთობის შემთხვევაში ისინი საქართველოს დაეხმარებიან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში.

– როგორ?

– რუსეთთან უშუამდგომლებენ. შესთავაზებენ თუ არა რამეს, რაც საინტერესო იქნება რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის, ამის შესახებ ვერ მოგახსენებთ, იმიტომ რომ, სანამ რუსეთ-უკრაინის ომი არ დამთავრდება, ვერავინ იტყვის, ვისთან შეიძლება, დაილაპარაკონ კრემლში. ფაქტია, რომ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამ შემადგენლობით ვერ დარჩება. სავარაუდოდ, ამას გულისხმობენ და მათი ხედვის ეკონომიკური საფუძველი გახლავთ ის, რომ აზერბაიჯანს, როგორც საერო ცნობიერების ქვეყანას, და, ასევე, თურქეთს, რომლის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას საერო ცნობიერება აქვს და ისინი არასდროს მოსწყდებიან დასავლურ ორბიტას, სჭირდებათ საქართველოსთან ურთიერთობა დასავლეთთან საპრეზენტაციოდ.

– აქცენტი საქართველოზე, როგორც ქრისტიანულ ქვეყანაზე, იმიტომ გაკეთდა?

– რა თქმა უნდა, რომ მათ ყველაზე ქრისტიანულ, ყველაზე მართლმადიდებლურ, ყველაზე ნატანჯსა და ყველაზე დიდი ისტორიის მქონე საქართველოსთან ურთიერთობა არ უჭირთ, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში რთული ურთიერთობა გვქონდა. ეს კარგი გზავნილი იქნება დასავლეთისთვისაც, იმ მხრივ, რომ, ესე იგი, ისინი მზად არიან ანალოგიური თანამშრომლობისთვის დასავლეთთან. ასეთია ქართულ-აზერბაიჯანულ-თურქული პარტნიორობის ზოგადი ხედვა. ეს არ არის ალიანსი, ეს არის თანამშრომლობა, ცივილიზებული, პოზიტიური და რეგიონული მასშტაბის. ალიანსი კი იკვრება მაშინ, როდესაც ურთიერთობებში ჩნდება სამხედრო-პოლიტიკური მდგენელი. ეს ჩვენს ურთიერთობაში ჯერ არ არის, სამომავლოდ როგორ იქნება, არ ვიცი, იმიტომ რომ ამ ორ ქვეყანასთან ურთიერთობა ნიშნავს არაპირდაპირ პატნიორობას „ნატოსთან“. ამდენად, რა ფორმას მიიღებს, რა შინაარსით დაიტვირთება სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის კონტექსტი, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ვიმეორებ, მანამ, სანამ რუსეთ-უკრაინას შორის ომი არ დამთავრდება.

– თუ საქართველო გადაიხრება რუსეთისკენ, დასავლეთიდან გადაუვლიან „კატოკივითო“, ზუსტად ასე მითხრა. თუმცა მე არ მგონია, სანამ რუსეთ-უკრაინის ომი არ დამთავრებულა, ჭკუათმყოფელი ადამიანი სადმე გადაიხაროს.

– საქართველოს მთელი თავისი არსებობის განმავლობაში მუდმივად გადაუვლიდნენ ხოლმე „კატოკივით“.

– სულ ბოლოს აღა მაჰმად-ხანმა ორასი წლის წინათ მიწასთან გაასწორა თბილისი და მანამდეც უამრავჯერ დაუნგრევიათ ეს ქალაქი. ხშირად მახსენდება ხოლმე ეს ფაქტი და ეს ჩემთვის ყოველთვის ოპტიმიზმის საფუძველი უფრო არის ხოლმე, როდესაც დღევანდელობას ვუყურებ.

– საქართველოს საუკუნეების განმავლობაში ანგრევდნენ და აზარალებდნენ ფიზიკურად, მაგრამ ეს ტერიტორია ვერავინ წაგვართვა. 8 000 წლის არსებობის განმავლობაში ვერც ჩვენი შორეული წინაპრები, ვერც ჩვენი უფრო ახლო წინაპრები და ვერც ჩვენი თანამედროვე ქართველები ვერავინ გაგვტეხა შინაგანად, ვერც მორალურად გაგვანადგურა და ვერც დაგვიმორჩილა. ასე რომ, ჩვენ ვიღაცების გადავლისა და გადმოვლის არ გვეშინია, როდესაც რაღაცას ვგეგმავთ – ნორმალურ ქართველებს ვგულისხმობ, თორემ უვარგისები ყველა ქვეყანაში არიან – საფრთხეებსაც ვითვალისწინებთ, იმასაც, რომ ვიღაცამ შეიძლება, გადაგვიაროს და იმასაც, თუ როგორ ვუპასუხოთ ამის მსურველებს. ეს ჩემი ემოციური პასუხია თქვენს კითხვაზე. ძალიან მაღიზიანებს, როდესაც ემუქრებიან ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს ერს. ან რით უნდა შეგვაშინონ?! გადახედონ ჩვენს ისტორიას.

– რაც ჩვენთვის უქნიათ, იმაზე უარესს ვეღარავინ გვიზამს.

– დიახ. თუმცა მეორე საკითხია, თვითონ საქართველოს უნდა თუ არა, რომ რუსეთისკენ გადაიხაროს.

– და რამდენად გონივრულია გადახრა, ცოტა ცინიკურად გამომდის, მაგრამ, როცა ჯერ ომი არ დამთავრებულა, ანუ მსოფლიო გადანაწილება?

– რა თქმა უნდა. აქ სიტყვის მნიშვნელობას შევცვლიდი და გადახრის ნაცვლად ვიტყოდი არჩევანს. საქართველომ თავისი არჩევანი გააკეთა 1991 წლის 31 მარტს, მან მოიპოვა დამოუკიდებლობა და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ღირსეულად, საერთაშორისო თანამეგობრობის ფარგლებში თავისი დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა ჯერ შეინარჩუნოს და შემდეგ სრულფასოვანი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო ააშენოს. და უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, ამისთვის რუსეთთან დასჭირდება დიალოგი თუ დასავლეთთან, როდესაც დამთავრდება რუსეთ-უკრაინის ომი. რუსეთთან ჩვენ ჩვენი ურთიერთობა გარკვეული გვაქვს და ჩვენი ერთმანეთისადმი უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზი ტერიტორიული მთლიანობაა. ეს არ იცვლება და არც შეიცვლება. ამდენად, საქართველო არავის მხარეს არ აპირებს გადახრას. საქართველო ომის დამთავრების შემდეგ გადაიხრება საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებისკენ, ანუ მოიქცევა ისე, როგორც აქამდე იქცეოდა. რაც შეეხება ზოგიერთი პოლიტიკური ორგანიზაციის აქტიურობას რუსეთის სასარგებლოდ: ისინი ამინდს ვერ შეცვლიან. თუმცა დემოკრატია ითვალისწინებს იმასაც, რომ ვიღაც პრორუსიც უნდა გყავდეს; ვიღაც – პროთურქი, ვიღაც – პროამერიკელი, ვიღაც – პროევროპელი. მთავარია, რომ სახელმწიფოს პოლიტიკური კურსი, ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკა არ იცვლება და ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ: ევროკავშირისა და „ნატოს“ წევრობა, საერთაშორისო ორგანიზაციებში სრულფასოვნად გაწევრიანება და, თუ მაინცდამაინც ვინმეს გული შესტკივა იმაზე, რომ ჩვენ არ გადაგვიარონ, მინდა, დავამშვიდო, თუ საქართველოში ვინმე შეეცდება, ქვეყანას კურსი შეუცვალოს და საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ დააყენოს და საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკურ არჩევანს უღალატოს, მას პირველები ჩვენ გადავუვლით, გარედან არავის დახმარება არ დაგვჭირდება. მაგრამ მაინც, თუ ვინმე გადაწყვეტს, გადაგვიაროს, მაგალითად, ჩრდილოელმა მეზობელმა, არ იქნება ცუდი, თუ მოგვეხმარებიან სამეზობლოდან. ჩვენ ხომ მივეხმარეთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, როდესაც მათი მტერი არ გავატარეთ ჩვენს ტერიტორიაზე?!

– დიახ და ესეც აღნიშნა, რომ საქარათველომ არ გაატარა შეიარაღება სომხეთისკენო.

– დიახ, სამეზობლო პოლიტიკა ასეთი უნდა იყოს, იმიტომ რომ მეზობლებს არ ირჩევენ, ისევე, როგორც არ ირჩევენ მშობლებს, არც დედამამიშვილებს.

– სამშობლოსაც კი არ ირჩევენ.

– დიახ და მადლობა ღმერთს, რომ ამ ქვეყნის შვილი ვარ და ქართველი ვარ. ავად თუ კარგად, ჩვენთვის ყველასთვის სიამაყის საგანია ის, რომ ზნეობრივად ვერავინ გაგვტეხა, ვერც რწმენა შეგვაცვლევინეს და ვერც ბილწ გარიგებებზე დაგვიყოლიეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი