პოლიტიკა

რატომ იქცა მიხეილ სააკაშვილი ედუარდ შევარდნაძის პირად სასჯელად და რატომ აჯობა მას, საბოლოოდ, მაინც შევარდნაძემ

№41

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 20.10, 2021 წელი

ვალერიან ხაბურძანია
დაკოპირებულია

თანამედროვე პოლიტიკაში პოლიტიკოსების დიდი სიმწირეა და, თუკი მეოცე საუკუნემ გაგვანებივრა, მართლაც, დიდი პოლიტიკოსებით, მეოცის დასასრულიდან მსოფლიოში პოლიტიკური ლიდერების უკუსვლის ისეთი ტემპია, გეოპოლიტიკას ენა რომ ჰქონდეს, ტირილით გული ამოუჯდებოდა. საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერიან ხაბურძანია საქართველოს ორ პრეზიდენტთან - ედუარდ შევარდნაძესა და მიხეილ სააკაშვილთან - მუშაობდა და, ვფიქრობ, საინტერესო იქნება, უშიშროების მაღალჩინოსანი კადრის თვალით დანახული იმ ორი პოლიტიკოსის შეფასება, რომლებიც კარგა ხანს მართავდნენ საქართველოს, ანუ რა წილი მიუძღვის მათ პოლიტიკურ წარმატებაში გონიერებასა და იღბალს.

- თქვენი აზრით, რამ განაპირობა შევარდნაძისა და სააკაშვილის პოლიტიკური წარმატება? მათ, ორივემ მოახერხეს, მუდამ ეტივტივათ პოლიტიკური პროცესების ზედაპირზე.

- სააკაშვილს რამდენად გამოუვიდა, ჯერ არ ვიცით, ციხეშია, მაგრამ შევარდნაძეს ნიჭიერებასთან ერთად დაჰყვებოდა იღბალი. ადამიანის ყველაზე ცუდი თვისება უმადურობა მგონია და ამიტომ, რაც უნდა ვთქვათ, მადლიერი უნდა ვიყო შევარდნაძის. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩემს კარიერაში, თუმცა რამდენად სწორად გავიარე, ეს სხვა თემაა. როდესაც შევარდნაძე უფრო ახლოს გავიცანი, თუმცა მთელი ცხოვრება შევარდნაძის მმართველობის პერიოდში გავატარე, მჟავანაძე ბუნდოვნად მახსოვს, ბავშვი ვიყავი, დავინახე, რომ კარგი გაგებით, გარდა გლეხური ნიჭიერებისა, თან სდევდა იღბალი. შევარდნაძე კიდევ ერთ რამეში იყო გენიოსი: შეეძლო, გამოეყენებინა ყველა შედეგი, რაც დადგებოდა. მისი კარიერის დასასრული იყო გამონაკლისი, როდესაც გადადგა, თუმცა ესეც თავის სასარგებლოდ გამოიყენა, იჯდა თავის სახლში, კრწანისში, რომელიც ფაქტობრივად, სახელმწიფოსგან დარჩა. ყველაზე მთავარი კი, რაშიც გაუმართლა ისაა, რომ მოესწრო სააკაშვილის წასვლას. მაგრამ მისი იღბლიანობის მწვერვალი მაინც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრობა იყო, ამის შესახებ ვიცი გარკვეული პირებისგან, რომლებიც იმ სივრცეში ტრიალებდნენ და შემდეგ, ჩემი სამსახურიდან გამომდინარეც მოვიკითხე ეს ამბავი. როდესაც გორბაჩოვი გენერალური მდივანი გახდა, მისი და შევარდნაძის ურთიერთობა დაძაბული იყო, იმიტომ რომ, შევარდნაძეს გორბაჩოვის შესახებ კომპრომატები ჰქონდა. ეს არაა გასაკვირი, სახელისუფლებო ბრძოლები ყველგანაა.

- და, საერთოდაც, შევარდნაძის სავიზიტო ბარათად მიიჩნევენ კომპრომატების შეგროვებას ყველაზე.

- გორბაჩოვი და შევარდნაძე სხვადასხვა ჯგუფში იყვნენ. ასეა თუ ისე, გორბაჩოვი მოვლენათა იმგვარი განვითარების, ხელის წაკვრისა თუ უბრალოდ იმის გამო, რომ ნახევრად მკვდარი გენერალური მდივნების დრო დასრულდა, გახდა გენერალური მდივანი და იცოდა, რომ შევარდნაძე მის წინააღმდეგ რაღაცებს აგროვებდა და შეიძლება, ჰქონდა კიდეც კომპრომატები. გორბაჩოვს არ ჰქონია შიში, მაგრამ, ყველანაირი ლოგიკით, ყველაფერი უნდა ეღონა შევარდნაძის განეიტრალებისთვის, რაც ნამდვილად შეეძლო. იმავდროულად, ერთმანეთთან დაპირისპირებულები იყვნენ ჯუმბერ პატიაშვილი, მაგრამ ერთსა და იმავე დროს პატიაშვილი საქართველოში გახდა ცეკას პირველი მდივანი, შევარდნაძე კი მოსკოვში - საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი. პატიაშვილი მეტ-ნაკლებად გორბაჩოვის ჯგუფში მოიაზრებოდა და, წესით, შევარდნაძის სრული განეიტრალება უნდა მომხდარიყო. ყველა და ვინც გორბაჩოვის ჯგუფში იყო, ფიქრობდა, რომ გორბაჩოვის დანიშვნა იქნებოდა შევარდნაძის დასასრული, მაგრამ შევარდნაძე საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. ჩემი ინფორმაციით, გორბაჩოვმა სწორედ მის გასანადგურებლად დანიშნა შევარდნაძე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ.

- ჟარგონით ვიტყვი, რომ გაებანძებინათ?

- გორბაჩოვის აზრით, კაცს, რომელმაც არ იცოდა ინგლისური; რომელმაც არ იცოდა დიპლომატიური ეტიკეტი და ძალიან ბევრი რამ არ იცოდა, მაგრამ ჰქონდა გლეხური ნიჭიერება, სულ მალე უნდა განეცადა კრახი და გორბაჩოვი შევარდნაძეს უბრალოდ, გააქრობდა პოლიტიკური ასპარეზიდან, მაგრამ პირიქით მოხდა. შევარდნაძემ აი, ამ თავისი გლეხური ნიჭიერებით, ეს სიტუაცია გამოიყენა. გახსოვთ მისი ღიმილი, ვიღაცისთვის ხმლის ჩუქება, ბრიტანეთის დედოფალთან მოქცევა და ასე შემდეგ.

- ერთ-ერთი ინტერვიუ ავიღე შევარდნაძისგან უცნაური დიპლომატიური ამბების შესახებ და მაშინ მომიყვა, როგორ შეუწვა რეიგანს თავისი ხელით მწვადები.

- მე მიამბო აიათოლა ჰომეინთან შეხვედრის შესახებ. ურთიერთობა არ გამოუვიდა, ამიტომ უკან გამობრუნდა, მაგრამ გზაში დაედევნენ და დააბრუნეს. სინამდვილეში კი ასეთი რამ მომხდარა: როდესაც შევხვდი აიათოლა ჰომეინს, „კუშეტკაზე“ იჯდაო, გამოურევდა ხოლმე მსგავს ტერმინებს; დავიწყე ლაპარაკი, ხმა არ ამოუღია, თავი რაღაცნაირად გადაიქნია, ესშეურაცხყოფად ჩავთვალე (უკვე შესული იყო საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის როლში, ამერიკაში წარმატებები ჰქონდა) და წამოვედიო. გზაში დაეწივნენ, სად მიდიხართო; გავბრაზდი, კაცმა პასუხიც არ გამცაო; რას ამბობთ, უთხრეს დადევნებულებმა, თავი დაგიქნიათ და იცით, ეს რას ნიშნავსო?! შევარდნაძეც მიტრიალდა და კონკრეტული საუბარიც გაიმართა მათ შორის. მოკლედ, პოლიტიკაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იღბალსაც და შევარდნაძე შეიძლება ითქვას, საკმაოდ იღბლიანი პოლიტიკოსი იყო იმითაც, რომ მოესწრო თავისი პირადი ოპონენტის დაცემას. ვერ დავარქმევ მტერს, ვინაიდან სააკაშვილი იყო შევარდნაძის პირადი სასჯელი, ვინაიდან თვითონაც ქმნიდა მას და თავისსავე ქმნილებამ გამოუყვანა წირვა.

- უფრო ჟვანიამ, იმიტომ რომ სწორედ ჟვანიას ეკავა ყველაზე მაღალი თანამდებობა, პარლამენტის თავმჯდომარე იყო, როდესაც განუდგა შევარდნაძეს და ღია წერილი მისწერა.

- მაშინ საპარლამენტო მდივანი ვიყავი და ჩემი ტელეფონით ხდებოდა ეს პროცესები. რა თქმა უნდა, ჟვანიამაც გარკვეული როლი შეასრულა, მაგრამ ის მეტად მშვიდი და სისხლის ნაკლებად მოყვარული კაცი იყო, ვიდრე სააკაშვილი, მათი შედარებაც არ შეიძლება.

- არ ვადარებ, ფაქტს ვამბობ.

- რა თქმა უნდა, ჟვანიამ დაიწყო ეს პროცესი და, საერთოდაც, ჟვანიამ მოიყვანა სააკაშვილი. სწორედ ჟვანიას მეშვეობით გახდა სააკაშვილი დეპუტატი 1995 წლის მოწვევის პარლამენტში და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეც.

- იღბალში გულისხმობთ, საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვედრას და შემდეგ უკვე ამის გამოყენება პირადი უნარების ამბავია?

- დიახ, დამდგარ შედეგს ან შენი ნიჭიერებით იყენებ, ან სიტუაცია გაყენებინებს. შევარდნაძეზე მეუბნებოდნენ ჩემი მეგობრები ანუ წრე, რომელშიც ვტრიალებდი, 41-ე სვლაც კი გათვლილი აქვსო. სხვათა შორის, ეს ჩემი დამკვიდრებული ტერმინია. მე ვეუბნებოდი, არ მითხრათ ახლა, რომ შევარდნაძე მოჭადრაკეა-მეთქი, კი, მოჭადრაკეაო, მიმტკიცებდნენ, ანუ 41-ე სვლაც გათვლილი აქვს-მეთქი. ჭადრაკში დრო მოქმედებს 41-ე სვლამდე. შემდეგ დროის აღრიცხვა წყდება, შეგიძლია, მატჩში გადადო, სეკუნდანტები დაიხმარო. მოჭადრაკეს სვლები 41-ე სვლამდე უნდა ჰქონდეს გათვლილი, მით უმეტეს, რომ პარტიას ირჩევს დასაწყისიდანვე. მე, რასაც შევარდნაძეს ვუყურებდი, 41-ე კი არა, მეორე და მეოთხე სვლაც არ ჰქონდა გათვლილი. მე რომ მასთან ვმუშაობდი, ის უკვე ასაკიანი იყო, დაბერებული. მას არც საკითხების გადაწყვეტის უნარი ჰქონდა და არც - სურვილი. მე არ მახსოვს, შევარდნაძის წინაშე რამე საკითხი დამესვას და მას ეპასუხოს, ან ასე მოიქეცი, ან ისეო. მე ვხვდებოდი, რა უნდა მექნა. მივდიოდი, ვაკეთებდი და თუ შედეგს მივაღწევდი, იტყოდა, რა კარგად გადავწყვიტეთ მე და შენო. ამ დროს კი მე და მან კი არა, მე გადავწყვიტე, ხოლო, თუ გაფუჭდებოდა საქმე, მაშინ სასტიკად მიმალანძღავდა. უხამს სიტყვებს არ ამბობდა, ერთი-ორჯერ თუ უთქვამს. მე და კაკო ჩხაიძეს მოგვმართა უხამსად ერთხელ, თუმცა ვერ მივხვდი, მე რა შუაში ვიყავი, თუ სტადიონზე შუქი ჩაქრა.

- ლოკომოტივის სტადიონზე რომ შუა მატჩისას ჩაქრა შუქი, იმაზე ამბობთ?

- დიახ, რუსეთისა და საქართველოს ნაკრებების თამაში იყო. მას ჩარჩენილი ჰქონდა წარმოდგენა, რომ უშიშროებას ყველაფერი უნდა გაეკონტროლებინა და, სხვათა შორის, ძალიან არ უყვარდა უშიშროება. ამდენად, არც ჩემზე ამოსდიოდა მზე და მთვარე, შემორჩენილი ჰქონდა ინაურთან დაპირისპირების სინდრომი, მაგრამ ძალიან უყვარდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, შევარდნაძის დილა იწყებოდა შსს-ს კრებით.

- გამოდის, რომ ის წარმოდგენა, რაც შექმნილია შევარდნაძეზე, როგორც შორსმჭვრეტელ პოლიტიკოსზე, მითი, შემთხვევითობაა?

- არა, ხომ ვახსენე გლეხური ნიჭიერება?! 50 პროცენტი მისი გლეხური ნიჭიერების დამსახურება იყო, 50 პროცენტი - იღბლის. ის ნიჭიერი კაცი იყო და მისი ნიჭიერება იმ პერიოდის პოლიტიკაში დაფასდა, თუმცა არ ვიცი, დღეს რამდენად ივარგებდა მისი ნიჭი. დღეს სახურავზე მორბენალი სააკაშვილის დროა.

- დიახ, მახსოვს, ის პირველად სახურავზე გამოჩნდა, როცა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა და ეს პოსტი მას ნათელაშვილმა დაუთმო.

- წარმოიდგინეთ, შევარდნაძეს რომ სახურავზე ერბინა და კონტეინერით შესულიყო, მაგალითად, სოხუმში, ასეთ შევარდნაძეს ვინმე დაელაპარაკებოდა მის გარშემო?! დღეს ასეთ სააკაშვილს ციხესთან ელის 5 000 კაცი და ხმას აძლევს 500 000.

- სააკაშვილის ნიჭიერება როგორია?

- სააკაშვილს თავისი დრო დაუდგა. დღეს მისი ტიპის ფიგურების დროა, პოპულიზმის, სიშლეგის. რა თქმა უნდა, ისიც ნიჭიერი კაცია, იცის ენები და ადამიანების დათრგუნვა. მე, მაგალითად, მახსოვს მისგან დათრგუნული ადეიშვილი და სულაქველიძე, საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე. ადეიშვილი რომ წარადგინა ჩვენთან სამინისტროში, მასზე თქვა, ეს არის უბოროტესი არსებაო. სააკაშვილს გაუმართლა, რომ გარშემო ისეთი ადამიანები ხვდებოდა, რომლებიც „ჩმორდებოდნენ“. მას ძალიან უყვარდა ტერმინი „ჩმორი“, იცით, რომ „ჩმო“ რუსული აბრევიატურაა: „ჩელოვეკ მორალნო ობნაჟონნიი“. სააკაშვილის ლექსიკაა, „დაჩმორება“, „გაბანძება“. „აჩმორებდა“ ხალხს.

- მას ჰქონდა ძლიერი ენერგეტიკა, თუ გარშემო მყოფებს - სუსტი?

- ალბათ, თანხვედრა იყო, მაგრამ, მოდი, ასე ვთქვათ, რომ მისი გარემოცვა სარგებლობდა სააკაშვილის ენერგეტიკით. ვერავინ იტყვის, რომ ვანო მერაბიშვილს ძლიერი ენერგეტიკა აქვს, მაგრამ სარგებლობდა სააკაშვილის ენერგეტიკით. ადეიშვილი ცოტა სხვანაირად იქცეოდა, ბერიობა უნდოდა, თუმცა ვერ გამოუვიდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი