პოლიტიკა

რატომ იძიეს შური „თალიბებმა“ ავღანეთში ქართველ სამხედროებზე რამდენიმე წლის წინათ და იქცევა თუ არა საქართველო „თალიბების“ სამიზნედ კოალიციის ავღანეთიდან გამოსვლის შემდეგ

№35

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 08.09, 2021 წელი

ვახტანგ მაისაია
დაკოპირებულია

საქართველო „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაში“ 2002 წლიდან ჩაერთო და ქართული სამხედრო კონტინგენტი, რომელიც ჩვენი შეიარაღებული ძალების ბირთვს შეადგენს, ძირითადად, იწვრთნებოდა კოალიციის სამხედრო მიზნების გადასაჭრელად. კოალიციამ, აშშ-ის გადაწყვეტილებით, ავღანეთიდან გამოიყვანა თავისი სამხედროები და, ბუნებრივია, ჩვენი სამხედროებიც დაბრუნდნენ სამშობლოში. რა გამოცდილება მიიღეს მათ (მოგეხსენებათ – მოქმედებდა როტაციის პრინციპი) და როგორ გამოადგება მათი გამოცდილება საქართველოს სახელმწიფოს წინაშე მდგარი სამხედრო საფრთხეების განეიტრალებაში, – ამ თემას ვახტანგ მაისაიასთან ერთად განვიხილავთ.

– როგორი სამხედრო კონტინგენტი შეგვრჩა ხელში, საბოლოოდ? ამ მისიებში მონაწილეობამ გააუმჯობესა საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და შეესაბამება თუ არა მათი სამხედრო გამოცდილება ჩვენ წინაშე მდგარი სამხედრო ამოცანების გადაჭრას?

– მე ვფიქრობ, რომ ჩვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღეთ ასიმეტრიული სამხედრო მოქმედებების მიმართულებით, მათ შორის, ჰიბრიდული ომის სამხედრო ფაზის კონტექსტში. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. ჩვენებმა მიიღეს ძალიან დიდი გამოცდილება, თუ როგორ უნდა ებრძოლონ ჯიჰადისტური ტიპის შეიარაღებულ ფორმირებებს. რომელთა მოქმედება უკვე გასცდა მარტივ ტერორისტულ სქემებს. სხვათა შორის, მე მივიღე მონაწილეობა ჩვენი პირველი სამხედრო კონტინგენტის მომზადებაში. ახლა უკვე შემიძლია, ვთქვა, რომ 2008-2009 წლებში ვუტარებდი ლექციებს ძალიან მაღალი დონის ოფიცრებს ნატოს სტრატეგიაში, ჯიჰადისტური სამხედრო საბრძოლო მოქმედებების შესახებ. ავღანეთში გამგზავრებამდე ისინი გერმანიაში გადიოდნენ სპეციალურ სასწავლო კურსს და შემდეგ უკვე ავღანეთში საბრძოლო პირობებში უწევდათ მოქმედება. სამწუხაროდ, დავკარგეთ 34 ადამიანი, ამას ემატება 300-მდე დაჭრილი და დასახიჩრებული. ეს დანაკარგები ითვლება 2008 წლიდან 2021 წლის მაისამდე. თითოეული ჩვენი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა დიდი ტრაგედია და დანაკარგია, ცოტა ცინიკურად შეიძლება, მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ, როგორც სამხედრო პოლიტოლოგი და სამხედრო სტრატეგიის სპეციალისტი, ვიტყვი, რომ ეს არ ითვლება დიდ დანაკარგად, წმინდა სტატისტიკური თვალსაზრისით. ცუდად არ გამიგოთ – ის 34 ვაჟკაცი უდიდესი დანაკარგია, მაგრამ შეიძლებოდა, მეტიც დაგვეკარგა. ჩვენებმა საკმაოდ მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინეს, მონაწილეობდნენ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტების დაცვაში: ბაგრამის აეროპორტი, ქალაქი მაზარი შარიფი, ქაბულის აეროპორტი, ასევე, იყვნენ ჰერაშიც, რომელიც საკმაოდ ცხელი წერტილი იყო. ორი მსხვილი დანაკარგი განვიცადეთ, პირველად, როდესაც ერთბაშად 8 სამხედრო დაგვეღუპა და მეორედ – ერთბაშად 6 სამხედროს დაღუპვა. „თალიბები“ ჩვენს ბაზას ავღანეთში თავს დაესხნენ მიხეილ სააკაშვილის დაუფიქრებელი ფრაზის შედეგად. „თალიბებმა“ იმოქმედეს ვადალას, ანუ შურისძიების პრინციპით. როდესაც ეკითხები სამხედროს, რამდენი ავღანელი მოკალიო და ამას გადასცემ ტელევიზიით, ავღანელები, უბრალოდ, ვალდებულები იყვნენ, შური ეძიათ.

- დიახ, მახსოვს, გადმოიცა სააკაშვილის ჩასვლა ბაგრამის ბაზაზე და ეკითხებოდა იქ მყოფ ჩვენს სამხედროს, რამდენი მოკალიო და ისიც მახსოვს, როგორ შეიშმუშნა ის ჯარისკაცი ამ შეკითხვის შემდეგ. ამ ფაქტმა მაშინაც შემზარა.

– „თალიბებს“ არც დაუმალავთ, რომ ამის საპასუხოდ იმოქმედეს ვადალას პრინციპით, მეორე შემთხვევაში კი ჩვენს სამხედროს დარტყმა მიაყენა ნარკოკარტელმა. ეს მოხდა 2013 წლის ივნისში, იმიტომ რომ ჩვენი პოსტი იდგა სწორედ მათი ნარკოტრასის მთავარ ხაზზე. ეს იყო ნარკოტრასა, რომელიც ავღანეთიდან პაკისტანისკენ მიდის. ეს ორი ყველაზე მსხვილი შეტაკება იყო, თუმცა ჩვენმა კონტინგენტმა საკმაოდ მსხვილ საბრძოლო ოპერაციებში მიიღო მონაწილეობა. გაგახსენებთ, რომ ქართველმა სამხედროებმა გერმანული შენაერთი გამოიხსნეს ალყიდან და ბევრი მაგალითის მოტანა შეიძლება. ქართველმა სამხედროებმა ძალიან მაღალი შეფასება მიიღეს „ნატოს“ კოალიციური სარდლობისგან, ამერიკული სარდლობისგან. მე თუ მკითხავთ, ნებისმიერ საბრძოლო ოპერაციაში მონაწილეობა არის დიდი გამოცდილება. ეს ცინიკური გამონათქვამია, მაგრამ, როგორც სამხედრო პოლიტოლოგი, ვამბობ, რომ ეს დიდი პოზიტივია. ამას გარდა, ჩვენ იქ ვიცავდით ჩვენს გეოსტრატეგიულ ინტერესებს, ვინაიდან „ალ ქაიდა“ და „თალიბანი“ იყვნენ ტერორისტული ორგანიზაციები, რომლებსაც შეეძლოთ, მოეღწიათ საქართველომდეც. მაგალითად, „თალიბანის“ თხევადი ჰეროინი აღმოაჩინეს ჩვენს საბაჟოზე, რაც, სხვათა შორის, მე ვთქვი პირველად – თქვენთან ვთქვი ინტერვიუში, თუ არ ვცდები.

დიახ, მახსოვს, პატარა ავზებით რომ გადაჰქონდათ, როგორც სითხე.

– დიახ და შემდეგ ჭიკაიძემ გაიმეორა ჩემი ნათქვამი. მე ზუსტად ვიცოდი, რომ ეს იყო „თალიბანის“ ტვირთი, დავასახელე, ვინ შექმნა, რა ეწოდებოდა ამ ტექნოლოგიას – „ალაჰის ცრემლები“. დეტალურად აღვწერე ამ ახალი ჰეროინის კონკრეტული კომპონენტები და მახასიათებლები და ვის ეკუთვნოდა. მაშინ რატომღაც, ჭიკაიძემ ჩათვალა, რომ „თალიბანი“ ნარკობარონი იყო. ეტყობა, „ჰოლივუდის“ ფილმები აქვს ნანახი ნარკობარონებზე, თუმცა ეს მისი პრობლემაა. ამდენად, საქართველოს გეოსტრატეგიული ინტერესიც იყო ავღანეთის მისიაში მონაწილეობა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ, რადგან სამი ტონა ნარკოტიკული საშუალება საქართველოს გავლით მოდიოდა, ესე იგი, ეს ტრასა მანამდე კარგად იყო ათვისებული. როგორც ჩანს, წინა რეჟიმის, სააკაშვილს ვგულისხმობ, წარმომადგენლები, იყვნენ ჩართულები ამ საქმეში – ამის გამორიცხვაც არ შეიძლება. ისიც საინტერესო იყო, რომ სააკაშვილი აპირებდა, არაბული კომპანია „რაკია“ შემოეყვანა ფოთის პორტში და შესაძლოა, სწორედ ასეთი ტვირთების გადაადგილება უნდა გაეკონტროლებინა მას. ეს კომპანია ჰაერივით უცებ გაუჩინარდა 2013 წელს.

– მახსოვს კომპანია „რაკია“.

– დიახ, მანამდე ფოთის პორტის ოპერატორი იყო და, ჩემი აზრით, სწორედ, ამ ამბავს შეეწირა ზურაბ ჟვანია, რომელმაც იცოდა, რა ძალები იდგნენ ამ კომპანიის უკან და ამითვე იხსნება ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის იმ სახლში ყოფნა, სადაც ზურაბ ჟვანია გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა, რომ დაედასტურებინა, თუ რა ძალები იდგნენ ამ არაბული კომპანიის უკან. ყოველ შემთხვევაში, სამი ტონა ჰეროინის გატარებას არავინ გარისკავდა, თუ წინასწარ არ იყო დაზვერილი გზა. არავინ იცის, რამდენი ნარკოტიკი გავიდა ამ გზით, სანამ 2013 წელს უკვე ამ ხელისუფლებამ არ გადაიჭირა ეს ტვირთი. სხვათა შორის, 2011 წელს აშშ-ის სახდეპარტამენტმა თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ...

– დიახ, მახსოვს, რომ საქართველოს გავლით ნარკოტიკები გადაიზიდებოდა.

– დიახ და ეს ადასტურებს, რომ ამერიკელებსაც ჰქონდათ ინფორმაცია, იმიტომაც მოსთხოვა სააკაშვილს, რომ გადამდგარიყო. ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რომ სააკაშვილმა უხმოდ აღიარა 2012 წლის არჩევნების შედეგები. ჩემთვის ყველაფერი გასაგებია, ბოლოს და ბოლოს, არსებობს ამ საქმის მასალები.

– მას შემდეგ, რაც „თალიბებმა“ ხელში ჩაიგდეს ავღანეთის ხელისუფლება, გამოსცეს თავიანთი წესები და ერთ-ერთის მიხედვით, სიკვდილით ისჯება ნარკოტიკის მოყვანა, დამზადება, გაყიდვა. ავღანეთი ნარკობიზნესის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. ეს განკარგულება რას ნიშნავს, მაშინ, როდესაც „თალიბები“ თავად არიან ჩართულები ნარკობიზნესში?

– გაუგებარი არაფერია, 1985 წელს საბჭოთა საქართველოში „მშრალი კანონი“ შემოვიდა, მაგრამ სქართველოდან ალკოჰოლის ექსპორტი არავის აუკრძალავს. ავღანეთის მთავარი შემოსავალია ჰეროინის ექსპორტი. ავღანეთის შემოსავლის 60 პროცენტი მოდის ჰეროინის გასაღებით შემოსულ თანხაზე. აგროსამრეწველო ინფრასტრუქტურა, სწორედ, ამ პროდუქციის წარმოებაზეა აგებული. თუმცა ავღანეთი საკმაოდ მდიდარია ისეთი უნიკალური წიაღისეულით, როგორებიცაა: ლითიუმი, ოქრო, ლაზურიტი, რომელსაც შავ მარგალიტსაც უწოდებენ და, ასევე, იქ დიდი რაოდენობითაა სპილენძი, რკინა და სხვა... იმის თქმა მინდა, რომ საკმაოდ მდიდარი ქვეყანაა და მაქვს მონაცემები, თუ რამდენი დოლარის გეოლოგიური მარაგებია ავღანეთში, მაგრამ ამ მარაგის დამუშავებას სჭირდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები და ტექნოლოგიების განვითარება. ამდენად, ჯერჯერობით ჰეროინია ის რესურსი, რომლითაც განთქმულია ავღანეთი და „ოქროს ნახევარმთვარის“, ჰეროინის დედასამშობლოს, ნახევარი მოდის ავღანეთზე, დანარჩენი პაკისტანზე და, ბოლოს, უზბეკეთზე. ასე რომ, „თალიბები“, რელიგიური მოსაზრებებით, თეოლოგიური დოქტრინებიდან გამომდინარე, კრძალავენ ჰეროინის მოხმარებას, მაგრამ მათ ეს ხელს არ შეუშლის ჰეროინის ექსპორტში. მაგალითად, 2016-2017 წლებში მხოლოდ „თალიბანმა“, მაშინ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა მოძრაობამ, „ჰეროინიდან“ მიიღო 400 მილიონი დოლარის შემოსავალი, რაც მოხმარდა „თალიბანის“ სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას, 18 კარგად აღჭურვილი საწრთვნელი ბაზის შექმნას ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებდნენ და მათგან სამ ბაზაზე იწვრთნებოდა „თალიბების“ სპეცდანიშნულების რაზმები – „წითელი მეომრები“, ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფი, ანუ ახლა „თალიბანი“, პირიქით, წაახალისებს ამ ნარკოტრასის განვითარებას. ჯერ ერთი, „თალიბანისთვის“ დასავლეთი იდეოლოგიური მტერია და, ამდენად, ჰეროინის გასაღება არა მარტო შემოსავლის წყაროა, არამედ იდეოლოგიური – ფსიქოლოგიური ომის მნიშვნელოვანი კომპონენტიც. 5 თვეს ვცხოვრობდი ცენტრალურ აზიაში და, მაგალითად, ყაზახეთსა და ყირგიზეთში თავისუფლად იყიდება „პლანი“ ნებისმიერ ბაზარში, უცხოელისთვისაა პრობლემა მისი შეძენა და არა ადგილობრივისთვის.

– დიახ, მე ჩვენმა ნარკოლოგებმა მითხრეს, რომ შუა აზიისთვის პლანი კულტურის ისეთივე ნაწილია, როგორც ჩვენთვის ღვინო, საქონელსაც კი აჭმევენო.

– დიახ, ეს მათი ტრადიციის ნაწილია. იმ ეთნოსების კულტურაში მიღებული წესია და მნიშვნელოვანი კომპონენტი.

– რაკი საქართველო მონაწილეობდა კოალიციის მისიაში, შეიძლება, შურისძიების ობიექტად ვიქცეთ, თუ ჩვენ სამიზნედ ნაკლებად გამოვდგებით მცირერიცხოვნობისა და უმნიშვნელობის გამო?

– შურისძიების სამიზნე ნაკლებად ვიქნებით, უბრალოდ, მაშინ ვადალას პრინციპით იმოქმედეს „თალიბებმა“, ისიც სააკაშვილის დაუფიქრებლობის გამო და პირდაპირ ვამბობ, რომ მის კისერზეა იმ თავდასხმისას დაღუპული ჩვენი სამხედროების სისხლი. ერთი მომენტია, როდესაც ერთი ადამიანი ამბობს იმას, რაც არ უნდა თქვას და „თალიბანი“ ამას რეაგირების გარეშე არ დატოვებს, მაგრამ მეორე მომენტია „თალიბების“ ინტერესი. „თალიბები“ ცდილობენ, ცივილიზებულად იმოქმედონ. როდესაც „თალიბები“ ავღანეთის ხელისუფლებაში დაბრუნდნენ კომუნისტური მმართველობის შემდეგ, მათ ნაჯიბულა ინდოეთის საელჩოდან გამოიყვანეს და თავი მოკვეთეს. დღეს კი, როდესაც ისევ აიღეს ძალაუფლება, უპირველესად, დიალოგი გააბეს ავღანეთის ყოფილ პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი