პოლიტიკა

რატომ განიხილავს ილონ მასკის კომპანია საქართველოს სატელიტური ინტერნეტის გამოსაცდელ მეჩვიდმეტე ქვეყნად

№34

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 01.09, 2021 წელი

ლაშა პატარაია
დაკოპირებულია

ილონ მასკის კომპანია SpaceX კარგა ხანია, აპირებს დედამიწელების თანამგზავრული ინტერნეტით უზრუნველყოფას და გაირკვა, რომ საქართველოსაც განიხილავს ერთ-ერთ საპილოტო ქვეყნად, რომელიც თანამგზავრულ ინტერნეტს გაუსინჯავს გემოს. 16 საპილოტე, ანუ საცდელი ქვეყნის სია უკვე მზადაა, მეჩვიდმეტეს ადგილი კი შესაძლოა, ჩვენ გვერგოს, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩეული ჩვიდმეტის მოსახლეობა მაღალი ხარისხის ინტერნეტს უწყვეტად და შეუფერხებლად მიიღებს ქვეყნის ნებისმიერ წერტილში. ამ ეტაპზე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დახმარებით, SpaceX-მა უკვე დაიწყო ოფიციალური პროცედურები საქართველოში ინტერნეტპროვაიდერის ლიცენზიის მისაღებად. ამ თემაზე CASE-ის დირექტორი ლაშა პატარაია გვესაუბრება.

– დავიწყოთ მცირე შესავლით, თუ რას წარმოადგენს SpaceX-ის ეს პროექტი?

– ამ პროექტს ჰქვია „სთარლინქი“. ზოგადად, ილონ მასკს ძალიან დიდი და გლობალური იდეები აქვს და მისი გუნდი მუდმივად მუშაობს იმაზე, რომ სიახლეები შესთავაზოს სამყაროს. ძალიან ბევრი კონსპირაციის თეორიაც არსებობს, რომელთა სათავე დეზინფორმაციული არხებია, სინამდვილე კი შემდეგია: ინტერნეტბიზნესი, ანუ ინტერნეტპროვაიდერების ბიზნესი ტრილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ინდუსტრიაა და პრაგმატული თვალსაზრისითაც, ილონ მასკისთვის ამ ბიზნესში დომინირება არ არის ცუდი შესაძლებლობა. ეს არ არის ალტრუისტული პროექტი, ეს არის პროექტი, რომელიც, მათი გათვლებით, წელიწადში 50 მილიარდ დოლარს მოუტანს მასკის კომპანიას.

– და ეს მონოპოლია არ იქნება?

– ერთი მხრივ, ეს შეიძლება, ჩანდეს, როგორც მონოპოლია, თუმცა, მეორე მხრივ, არავინ ზღუდავს არც ერთ პროვაიდერს, რომ მათაც აამუშაონ მსგავსი პროექტები. ინტერნეტი დღეს მხოლოდ კომერცია არ არის, ინტერნეტის მიწოდება დღეს გაუტოლდა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. ხარისხიან და სწრაფ ინტერნეტთან წვდომის უფლება ბევრ ქვეყანაში ისევე განიხილება, როგორც ჯანდაცვის, განათლების უფლება და აზრის გამოხატვის თავისუფლება. უამრავ ქვეყანაში, რომლებშიც ტოტალიტარული რეჟიმებია, სწორედ, ინტერნეტი იყო წინააღმდეგობის სხვადასხვა მოძრაობის წამოწყების საშუალება. ანუ უპირველესად, მასკის პროექტს აქვს კომერციული ინტერესი და 50-მილიარდიან ყოველწლიურ მოგებაზეა გათვლილი და, თანაც, არის ინოვაცია, რომელიც აძლიერებს ბრენდს. ამასთანავე, ალტრუისტული და გლობალური იდეაა.

– გლობალური – გასაგებია, მაგრამ ალტრუიზმი და კომერცია როგორ უთავსდება ერთმანეთს?

– ილონ მასკს შეუძლია, ნებისმიერი სხვა პროექტით, თუნდაც, წარმოების განვითარებით, იგივე თანხა გამოიმუშაოს. უამრავი ადამიანია, რომლებსაც, თუ მეტი არა, მასკზე ნაკლები კაპიტალი არ აქვთ, მაგრამ ყველა არ ფიქრობს იმაზე, რომ ხალხი გადაიყვანოს მარსზე და გეგმა „ბე“ შეიმუშაოს. თუ ეს იქნებოდა მხოლოდ პრაგმატული პროექტი, მაშინ მშენებლობაში ჩადებდა ფულს, როგორც ამას ჩვენთან აკეთებენ. ეს არ არის სტანდარტული, ძველი ყაიდის ბიზნესი, რაც აქამდე გვინახავს.

– გასაგებია, თუმცა მარსზე ადამიანის გადაყვანის შესახებ მე ჩემი ვერსია მაქვს და, სულაც, არ მგონია, რომ კაცობრიობის გადარჩენას ემსახურება.

– დიახ, რასაც ვამბობ, ჩემი პირადი დამოკიდებულებაა და შეიძლება, სუბიექტური ვარ. ინტერნეტის მიწოდება გლობალური საკითხია, ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი თემაა და, სამწუხაროდ, ბევრგან შეზღუდულია. იმავე საქართველოში უამრავი რეგიონია, თბილისშიც კი არის რაიონები, სადაც დღესაც კი არ არის ინტერნეტი ან, თუ არის, ძალიან დაბალი ხარისხის, რომ არაფერი ვთქვათ ფასისა და ხარისხის შესაბამისობაზე. ამდენად, ძველი, ტრადიციული არხებისგან განსხვავებით, „სთარლინქის“ პრინციპით, მთელ მსოფლიოშია შესაძლებელი მაღალი სიჩქარის ინტერნეტის მიწოდება – განურჩევლად რელიეფისა, ხმელეთისა და ზღვისა, მთისა და ბარისა, რაც უკვე სერიოზული სიახლეა.

– ანძები საჭირო იქნება დედამიწაზე?

– დაგჭირდებათ თეფში, ის უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე სატელიტური ტელევიზიის თეფში და მიიღებთ სატელიტურ ინტერნეტს. სატელიტური ინტერნეტი დღესაც არსებობს, გლობალური ტელევიზიები „სი ენ ენი“, „ბი ბი სი“ და სხვები იყენებენ მას, თუმცა ასეთი სატელიტური ინტერნეტის სიჩქარე დღეს დაბალია და ძალიან ძვირიც ჯდება, თქვენც, როგორც მომხმარებელს, შეგიძლიათ, შებრძანდეთ „ამაზონზე“, შეიძინოთ სატელიტური ინტერნეტის მოწყობილობა და შესაბამისი ინტერნეტპაკეტიც, მაგრამ, ვიმეორებ, ეს არის ბევრად ძვირი და იმაზე ძვირიც, რაც დღეს საქართველოში ღირს სტანდარტული ინტერნეტი. ამას გარდა, მსოფლიოში ძალიან ბევრი მოთამაშეა ინტერნეტის ბაზარზე, ინტერნეტი კი იძლევა ფარული მოსმენის, თვალთვალის საშუალებას, იმიტომ რომ კავშირგაბმულობამ დიდწილად ინტერნეტსივრცეში გადაინაცვლა. დღეს ლოკალურ პროვაიდერებს, სამთავრობო სპეცსამსახურებს აქვთ საშუალება, აკონტროლონ ნებისმიერი მოქალაქის ინტერნეტმიერთება მათი ქვეყნის ტერიტორიაზე და არა მარტო იქ.

– მაგრამ ახლა ამას შეძლებს ერთი კომპანია ლამის ზეციდან?

– ასეც შეიძლება, ვთქვათ. მე ეკონომისტი არ ვარ და ვერ ვიტყვი, არის თუ არა ეკონომიკურად ჯანსაღი, რომ ამ ბაზარზე ცოტა მოთამაშე იყოს, მაგრამ კონტროლის მხრივ, ერთი მოთამაშის გაკონტროლება უფრო იოლია, ვიდრე, როდესაც ამდენ ქვეყანაში უამრავი პროვაიდერია, ამდენი სპეცსამსახურია და, ამას გარდა, ტექნიკის მიმწოდებლებიც არიან ჩართულნი ამ პროცესში. ანუ ეს პროექტი აისახება კომუნიკაციის პრივატულობაზე; რაც მთავარია, ჩვენ ძალიან ბევრი ინტერნეტცენზურის მაგალითიც ვიცით უახლეს ისტორიაში. თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც მოხდა „არაბული გაზაფხული“ და არსებობს ალტერნატიული ტექნოლოგიებიც, რომ გვერდი აუარო ამ ცენზურას. მაგრამ ძალიან ბევრ ქვეყანაში ცენზურა რჩება პრობლემად და მსგავსი ტექნოლოგიის დანერგვა მოსახლეობას მთელ მსოფლიოში მისცემს საშუალებას, მიიღონ შეუზღუდავი, ჯანმრთელი ინტერნეტსერვისი, რომელიც ვერ კონტროლდება და, ალბათ, გონივრულ ფასად.

– მასკის ინტერნეტის ფასი, ნებისმიერ შემთხვევაში, უფრო ნაკლები იქნება, მაგალითად, იმაზე, რაც დღეს საქართველოში ღირს ინტერნეტი?

– სიჩქარესთან პროპორციაში იქნება, მაგრამ მაინც ვერ გეტყვით ზუსტად. ილონ მასკის კომპანიების საფასო პოლიტიკაა, რომ ხელმისაწვდომი გახადონ, მაგალითად, კოსმოსში მოგზაურობა. უფრო რეალისტური პროექტია, ხელი შეუწყონ ელექტრომანქანების გავრცელებას და „ტესლას“ ბოლო მოდელები საკმაოდ ბიუჯეტურებია. მიუხედავად იმისა, რომ მათი დიზაინი არის ბოლო სიტყვა ავტოინდუსტრიაში, ბოლო სიტყვა ელექტროავტომობილების ელექტროინჟინერიაში, ფასი ხშირად VIP ბიზნესკლასის სტანდარტული მანქანების ფასზე ბევრად დაბალია. ანუ „ტესლას“ ამოცანაა, რომ ელექტროავტომობილები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს, შესაბამისად, თუ გავითვალისწინებთ მათ საფასო პოლიტიკასა და კორპორაციულ ხედვას, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ფასი იქნება ძალიან გონივრული.

– და ფასი, რომლის გადახდაც მოგვიწევს ამ სწრაფ, ჯანმრთელსა და შეუზღუდავ ინტერნეტში? ერთის ხელში მოიყრის თავს ამდენი ინფორმაცია და დღეს სწორედ ინფორმაციაა ძალაუფლება.

– დღეს ჩვენ ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ. რამდენიმე პროვაიდერია ქვეყანაში და თითოეულს აქვს უამრავი პოტენციალური ვექტორი, საიდანაც ინფორმაცია გაედინება: ეს არის თავად პროვაიდერი, მისი თანამშრომლები, სპეცსამსახურები, კრიმინალები, ჰაკერები, ტექნიკის მიმწოდებლები, იმ ქვეყნის სპეცსამსახურები, რომლებიდანაც ინტერნეტპროვაიდერები იღებენ ტექნიკას, ანუ ძალიან ბევრი არხია. თქვენ არც ახლა ხართ დაცული და არც მომავალში იქნებით. მეტიც, პრივატულობა არც არასდროს იქნება დაცული, მაგრამ, როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხოებაზე, ყოველთვის არის დილემა: კომფორტი თუ უსაფრთხოება, რაც მეტია კომფორტი, როგორც წესი, მით ნაკლებია უსაფრთხოება და პირიქით. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ, რომ ნაცვლად იმისა, ვიღაცას მისწეროთ ფეისბუკით, მიხვიდეთ მასთან და ნახოთ. მაგრამ ეს უკვე აღარ არის კომფორტული: კარგავთ დროს, უნდა გაიღოთ დამატებითი ხარჯი და ასე შემდეგ. ასე რომ, ეს არჩევანი ტექნოლოგიებთან მიმართებაში ადამიანებს აქვთ და ასე იქნება ყოველთვის.

– ჩვენთან, რატომღაც, ისევ რომ ჰგონიათ, რომ პაროლები უნდა გაგიტეხონ, არადა „გუგლს“ აქვს ჩვენი პაროლები, პროვაიდერებს...

– პროვაიდერსაც რომ თავი დავანებოთ, ნებისმიერი საძიებო სისტემა, სოციალური ქსელი, რომელსაც თქვენ იყენებთ ყოველდღიურობაში, საბოლოოდ, იძლევა სრულფასოვან, ძალიან დახვეწილ, პერფექციონისტულ დოსიეს თქვენ შესახებ, რის მოგროვებასაც ადრე სპეცსამსახურები ახმარდნენ უამრავ დროსა და უზარმაზარ ადამიანურსა თუ ფინანსურ რესურსს. ამდენად, ვერ ვიტყვით, რა ჯობია.

– პანდემიის გამოცხადებისთანავე, როდესაც ნიღბების ტარება სავალდებულო გახდა, გამიჩნდა აზრი, რომ დაიტესტებოდა ადამიანის სახის ნიღაბში ამოცნობის ტექნოლოგია, სახით ამოცნობა ისედაც შეუძლია მობილურ ტელეფონს და, მართლაც, „ეფლმა“ უკვე გამოუშვა მაჯის საათი, რომელიც სინქრონიზდება ტელეფონთან, ასრულებს მობილურის ყველა ფუნქციას და თავისი პატრონის სახის ამოცნობა უკვე ნიღაბშიც შეუძლია.

- დიახ, ეს ტექნოლოგია უკვე არსებობს. ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად იზრდება და იხვეწება ტოტალური კონტროლის საშუალებები. სამოქალაქო პირებს ავიწყდებათ, რომ ნებისმიერი ტექნოლოგიური გარღვევა, უპირველესად, უკავშირდებოდა სამხედრო-საინჟინრო მიმართულებას და წლების, თუ ათწლეულების შემდეგ არა, ამ ტექნოლოგიების ნაწილი, თუ სრულად არა, ხდება ხელმისაწვდომი სამოქალაქო საჭიროებებისთვის.

– და მათ შექმნაზე დახარჯული თანხის ნაწილობრივ ამოღებასაც ემსახურებოდა და ემსახურება.

– ის, რომ განვითარებულია ტოტალური კონტროლის საშუალებები, ამაში გასაკვირი უკვე აღარაფერია.

– და რატომ შეირჩა ერთ-ერთ საცდელ ქვეყნად საქართველო: მცირე ზომისაა, მცირერიცხოვანი თუ სხვა მიზეზებიცაა?

– საინჟინრო დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა ამ ეტაპზე გაშვებულია 700-მდე სატელიტი, იგეგმება 42 000 სატელიტის გაშვება და შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ საცდელ ქვეყნად საქართველოს არჩევა უკავშირდება ქვეყნის ზომას, ადგილმდებარეობას, მოსახლეობის რაოდენობას ან იმას, რომ საქართველოში მეტი თავისუფლებაა, ანუ ნაკლები ბიუროკრატიაა. მაგალითად, აშშ-ში ძალიან ბევრ სირთულეს უკავშირდება მსგავსი ლიცენზიის მოპოვება. ანუ დაინახეს კომფორტული გარემო და ფაქტია, რომ ეს საკითხი განიხილება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი