პოლიტიკა

რატომ გამოაცხადა ევროკავშირმა ხმამაღლა, რომ არ აპირებს უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში მიღებას

№23

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 16.06, 2021 წელი

დემურ გიორხელიძე
დაკოპირებულია

თუმცა ჩვენი საზოგადოების არც თუ მცირე ნაწილის იმედები იმაზეა დამყარებული, რომ „ნატოში“ გაწევრიანებით მტრებს მოვერევით, ხოლო ევროკავშირის წევრობით უზრუნველ ცხოვრებას გავინაღდებთ (არადა, დასავლური სტანდარტებით ცხოვრება, უპირველესად, საჩვენოდ უნდა გვინდოდეს და არა მაინცდამაინც იმიტომ, რომ რაღაც კავშირებში გავწევრიანდეთ), „ნატოს“ სამიტზე არც ჩვენ მიგვიწვიეს სტუმრად და არც უკრაინა, ხოლო 2024 წელს ვერც ევროკავშირში მიგიღებთო, შემოგვითვალეს. რატომ მიაჩნიათ ქართველებს, რომ სხვის ხარჯზე და იმედად უნდა ვიცხოვროთ და რომ პოლიტიკა სხვა არაფერია, თუ არა ერთის სიყვარული და მეორის სიძულვილი. ერთი სიტყვით, საქართველოს დასავლურ მისწრაფებებსა და დასავლეთის უსურვილობაზე, მაინცდამაინც, სამართლებრივად გააფორმოს ჩვენი პოლიტიკური სიყვარული, დემურ გიორხელიძესთან ერთად ვისაუბრებთ.

– ჩვენ რა გვინდა, ევროპული ტიპის სახელმწიფო თუ ფულისა და უსაფრთხოების წყარო? თუმცა, მეორე მხრივ, დასავლეთს თუ სჭირდება ეს სახელმწიფო, როგორც მოკავშირე, საბურთაო მოედნად არ უნდა დაიტოვოს და მხოლოდ იმედებით არ უნდა კვებოს, მე მათ არ განვსჯი, ისინი თავიანთი ინტერესებით მოქმედებენ, მაგრამ ასე გაწირვაც ვერ ტოვებს რიგიან შთაბეჭდილებას. იყო საჭირო მაინცდამაინც ხმამაღლა იმის თქმა, რომ უკრაინასა და საქართველოს „ნატოსა“ და ევროკავშირში გაწევრიანების შანსი არ აქვთ?

– მე თქვენი პოზიცია მესმის, მაგრამ ეს ყოფითად დანახული რეალობაა, მე კი მინდა, სხვა კუთხით დაგანახვოთ სიტუაცია. მე ყოველთვის აშკარად ვწერ, რომ ქართველებისთვის ისტორიულად ყველაზე დიდი პრობლემა იყო და არის გეოპოლიტიკის არცოდნა, იმიტომ რომ ის, რაც საქართველოში ხდება და მომხდარა ისტორიულად, ყოველთვის გამოწვეული იყო გეოპოლიტიკური დაპირისპირებით მთავარ მოთამაშეებს შორის. თავის დროზე საქართველო იყო მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშე, მაგრამ ახლა არანაირი მოთამაშე არ არის. ამ ფუნქციის გაქრობა იხსნება მცდარი შეხედულებით, ქართველი ხალხის მიამიტობით, რაც არ არის კარგი თვისება – რომ გამოჩნდება ვიღაც, ვინც უშველის საქართველოს. ეს ანადგურებს საქართველოს მომავალს. ამიტომ ყველა ეტაპზე – 1918-1921 წლებში, შემდეგ – 1991-1992 და 2008 წლებში – ყველაფრის განმაპირობებელი იყო ის, რის გაგებასაც ქართველები ჯიუტად არ ცდილობენ და მსოფლიო პოლიტიკა დაიყვანეს მძულს და მიყვარს იდეოლოგიაზე. მაშინ, როდესაც გლობალურმა პოლიტიკამ არ იცის, რა არის სიყვარული და სიძულვილი და თქვენ ხედავთ დღევანდელობას. ცხადია, როგორც კი დასავლეთსა და რუსეთს შორის მდგომარეობა დაიძაბა, დასავლეთმა ყველა ბერკეტი გამოიყენა რუსეთზე ზეწოლისთვის და უფრო ღრმად თუ ჩავიხედავთ – გასული საუკუნის 90-ანებში რუსეთი დამოუკიდებლად ვერც მოქმედებდა. ამ თემას ახლა არ გავაგრძელებ, მაგრამ თვითონ „ნატოში“ საქართველოს გაწევრიანების იდეა, ძალიან სერიოზული დასავლელი მოაზროვნეებისა და სპეციალისტების აზრით, იყო მცდარი, რადგან ყველამ კარგად იცოდა, რომ ამას მოჰყვებოდა დაპირისპირება რუსეთთან. იმიტომ რომ დიდი გეოპოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილებაა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების „ნატოში“ გაერთიანება და არა იმიტომ, რომ ვინმეს არ უყვარს ქართველები და სჯიან. საქმე ის არის, რომ სამხრეთ კავკასია, ახლო აღმოსავლეთი და შუა აზია არის და იქნება მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრი უახლოესი 30 წლის განმავლობაში.

– და ეს არის ის ადგილი, სადაც დიდი მოთამაშეები, მსოფლიო გეოპოლიტიკის შემქმნელები ერთმანეთთან არკვევენ ურთიერთობას.

– ეს არის ინტერესების შეჯახება, ეს ინტერესები ღრმა და გრძელვადიანია. დღეს სამი დიდი მოთამაშეა მსოფლიოში ეკონომიკური ძალის მიხედვით – შეერთებული შტატები, ჩინეთი და რუსეთი და სამხედრო თვალსაზრისით, რუსები, ალბათ, არაფრით ჩამოუვარდებიან შეერთებულ შტატებს, თუმცა ჩვეულებრივ შეიარაღებაში, რა თქმა უნდა, ამერიკელებს აქვთ უპირატესობა. ასე რომ, მხოლოდ ამ სამი ქვეყნის დაპირისპირებაა და უცებ თქვენ ხედავთ, რომ შეერთებული შტატები ცვლის ტაქტიკას – რიტორიკა თითქოს იგივე რჩება, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტს სთავაზობს შეხვედრას ამერიკის პრეზიდენტი და, სულ რაღაც, ორიოდე კვირაში ეს შეხვედრა გაიმართება. გასაგებია, რომ ეს შეხვედრა შემთხვევითი არ არის. ევროპის მთავარი ქვეყნების ლიდერებიც ამბობენ, რომ უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება რუსეთისადმი, იმიტომ რომ დასავლეთი აგებს. მოდი, განვიხილოთ, რას აგებს დასავლეთი: დასავლეთი კარგავს პოტენციალურ მოკავშირეს, რომელიც, თუ იძულებულს გახდის, სხვა გზას დაადგება. ანუ ყველაზე დიდი საფრთხე დასავლეთს ემუქრება ჩინეთიდან – იმიტომ რომ ის ფანტასტიკური განვითარების გზაზე მდგარი ქვეყანაა. რამდენიმე ათწლეულში ზღაპარი ააგეს. ჩვენგან განსხვავებით, დიდი ფული დააბანდეს მეცნიერებაში, განათლებაში და ეს თავის შედეგს გამოიღებს. ამასთან, ყველა ხედავს, რომ რუსეთი იძულებულია, საკმაოდ მჭიდროდ ითანამშრომლოს ჩინეთთან, თუმცა ბოლომდე მაინც არ ენდობა. თუ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობა არ შენელდა, ის აუცილებლად გადაიზრდება სამხედრო კავშირში, რაც, ფაქტობრივად, განაჩენია დასავლური ძალებისთვის ევრაზიულ კონტინენტზე.

– განაჩენია ევრაზიულ კონტინენტზე არა მხოლოდ დასავლური ძალებისთვის? რუსეთისთვის – არა? დათვლილია, ჰიტლერს მთელი საბჭოეთი რომ დაეკავებინა, არ ეყოფოდა ჯარისკაცების რაოდენობა, რომ თითოეულ სოფელში ჩაეყენებინა და, ბოლოს და ბოლოს, სოფელი მოკლავდა იმ ერთ გერმანელ ჯარისკაცს, თუმცა ჩინეთს რაოდენობის პრობლემა არ აქვს, მილიარდ-ნახევარი არიან.

– შეიძლება, დაბომბო ქვეყანა, შეიძლება, ძალიან დაანგრიო, მაგრამ, სანამ სახმელეთო ჯარები არ დაიკავებს ტერიტორიას, დაპყრობილი არ იქნება. რუსეთის ტერიტორიის სრული დაპყრობა შეუძლებელია, არანორმალურად დიდი ტერიტორიაა და იქ არის ფანტასტიკური სიმდიდრე და დასავლეთის ინტერესი ესეცაა. ამდენად, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს სიმდიდრე არ აღმოჩნდეს სხვის ხელში.

– მაგალითად, ჩინელების.

– დიახ, ამიტომ რუსეთზე ზეწოლას ორი მხარე აქვს. ერთი მხრივ, ეს არის მისი შევიწროება დაყოლიებისთვის, მეორე მხრივ კი, არავინ დაუშვებს, რომ რუსეთი განადგურდეს. დასავლეთისთვის მისაღებია რუსეთი, თუ მას ეყოლება იგივენაირი ხელისუფლება, როგორიც იყო ელცინის ხელისუფლება. ანუ რუსეთი, რომელიც სრულად იმართება. იმხანად ეს უზარმაზარი ქვეყანა, ფაქტობრივად, წააქციეს და ეს დასავლეთის უზარმაზარი შეცდომა იყო. მე მაქვს წაკითხული, როდესაც ელცინის წერილი გახსნეს „ნატოს“ შტაბ-ბინაში და იქ იყო წინადადება, „ნატოში“ მიგვიღეთ რუსეთიო, რამაც შოკი გამოიწვია. ასე რომ, გასაგებია, ეს გეოპოლიტიკაა და საქართველოს არც არავინ მტრობს და არც არავინ ეტრფის. დასავლეთის მიერ საქართველოს დაფინანსებამ ძალიან ცუდი სახე მიიღო, გააჩინა პარაზიტიზმი, დასავლური ორიენტაციით სპეკულირება, მახინჯი არასამთავრობოები, მაგრამ ეს გაკეთდა რუსეთზე ზეწოლისთვის, ქვეყანა რომ არ დაბრუნებოდა რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობას. რუსები ხვდებიან ამას, ამიტომაცაა გაღებული რუსული ბაზარი და ცდილობენ, არ გაართულონ სიტუაცია, თორემ, ომისთვისაც არიან მზად, რამე რომ მოხდეს. აი, ამ სიტუაციაში ვართ, ჩვენს საჯარო სივრცეში ვისმენთ მიამიტურ განცხადებებს, აპოკალიფსურ პროგნოზებს და ამ დროს მივიღეთ, რაც მივიღეთ: ორი კვირის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტი შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს. რუსეთს, ფაქტობრივად, მისცეს სიგნალი, რომ სამხრეთ კავკასიიდან საფრთხე არ ემუქრება. როგორც უკრაინას არ აქვს „ნატოში“ გაწევრიანების არანაირი შანსი, ისევე, არ აქვს საქართველოს. და ეს არ ნიშნავს, რომ დასავლეთი ან კარგია, ან ცუდია. ჩვენ გვაქვს ყველაზე მთავარი – საკუთარი სახელმწიფო და იმედი, რომ სადღაც შევაფარებთ თავს. ეს არის გამანადგურებელი აზროვნება. რუსეთი, თურქეთი, ირანი, ევროკავშირი, ამერიკა, ჩინეთი მოცემულობაა, ჩვენ ამ მოცემულობას ვერ ვცვლით და თუ სახელმწიფო გვინდა, უნდა ვისწავლოთ ამ მოცემულობაში ცხოვრება. როგორც კი საქართველოს ხელისუფლებაში სოლიდური პოლიტიკური ძალები მოვა, ისინი ამ სიგნალებს ყველა მიმართულებით გაუშვებენ, რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა. პლატფორმა თქვენი პრობლემების მოსაგვარებლად, მაგრამ იმის იმედი არ გქონდეთ, რომ ერთის მხარეს ვიბრძოლებთ მეორის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ასე ვიქცეოდით ისტორიულად – ვუღალატებდით მას, ვისთანაც ვიყავით და გადავიდოდით იმის მხარეს, ვისაც ვებრძოდით. ეს ისტორიული სიმახინჯეა, რომელსაც ვერ სცილდება ქართული მენტალობა. ჩვენ ეს საქმე გვგონია, მაგრამ ამან დაანგრია საქართველოს სახელმწიფო და ჩვენც დღეს სახელმწიფოებრიობის დაკარგვის წინაშე ვდგავართ, თუმცა სულელურ თამაშებს გავაგრძელებთ.

– მაგრამ ჩვენ ამ სულელურ თამაშებს ვაგრძელებთ, იმიტომაც, რომ ეს ხელსაყრელია ჩვენი მოწინააღმდეგეებისთვისაც და პარტნიორებისთვისაც. ვცდები? თუმცა ჩვენთან რატომღაც ჰგონიათ, რომ დასავლეთმა უნდა იბრძოლოს ქართველთა ბედნიერებისთვის და ერთიანი საქართველოს შექმნისთვის, რაც მე მაოცებს.

– მოდი, ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკაში ქველმოქმედება არ არსებობს, მხოლოდ შიშველი ინტერესები. არ მინდა, გავაღრმაო თემა, მაგრამ დასავლეთი და შეერთებული შტატები ყოველთვის იმოქმედებენ საკუთარი ინტერესებით, სხვანაირად არ შეიძლება და ასევე იმოქმედებს რუსეთიც. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რაღაც ილუზიებსაა გამოკიდებული, საქართველოა. საქართველოს, ფაქტობრივად, არ გამოუხატავს საკუთარი სახელმწიფო ინტერესები. გამოეკიდა იმას, რომ ჩვენ მალე ჩამოვშლით რუსეთს.

– და მოვერევით მის ჟანგიან ტანკებს.

– დიახ, ერთხელ რომ დავწერე ჩემეული ანალიტიკა, მითხრეს, რუსეთუმე ხარ, ორ კვირაში რუსეთი აღარ იარსებებს, ჩამოიშლებაო. ეს მიდგომა გამანადგურებელია საქართველოსთვის. ჩვენ საკუთარი პრიორიტეტები უნდა გვქონდეს. მჭიდროდ უნდა ვთანამშრომლობდეთ ამერიკასთან, ევროპასთან, მაგრამ არა კომკავშირული პროპაგანდისთვის, რაც ყოველდღიურად ისმის ქართულ ტელესივრცეში, არამედ ჩვენი სახელმწიფოს გასაძლიერებლად, ინსტიტუტების ხარისხის ასამაღლებლად, ჩვენი ხალხის ნიჭისა და ინტელექტის გასავითარებლად. ამისთვის კი არაფერს ვაკეთებთ. ვამბობთ: შევალთ „ნატოში“ და კარგად ვიქნებით, არადა ვერსად შეხვალ. იმიტომ რომ კონფრონტაციის დონეზე ეს ვერ გაკეთდება. საქართველო ვერასდროს მიაღწევს ისეთ რამეს, რაც გადის გეოპოლიტიკური თამაშის კონტექსტიდან. საქართველოს ეს მცდელობები კი გადის გეოპოლიტიკური თამაშის კონტექსტიდან და ეს იცის მანაც, ვინც ჩვენ მხარს გვიჭერს: მათ რომ რამე გადაწყვიტონ, აქ ომი იქნება, ამიტომაც რჩება გადაუწყვეტელად და რუსეთზე ზეწოლის ერთ-ერთ მექანიზმად. არც რუსები მალავენ, რომ აქ „ნატოს“ ჯარების შემოსვლის შემთხვევაში იქნება ომი და გასაგებია, რით დასრულდება ომი საქართველოსთან. საქართველო სუსტია და სუსტია მორალურად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი