პოლიტიკა

რატომ გაყიდეს ყველა ომში ქართველმა პოლიტიკოსებმა ქართველი მებრძოლების სამხედრო მონაპოვრები

№12

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 22.03, 2023 წელი

ზაალ კასრელიშვილი
დაკოპირებულია

სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გავლა თითქმის არავის უნდა, მეტიც, გვარწმუნებენ, ეს მონობააო. თუმცა ასეთთა აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რუსეთისადმი უფრო ხისტი პოლიტიკაა გასატარებელი. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: თუ ხისტად ქმედებას საომარი მოქმედებები მოჰყვა, ვინ უნდა ეომოს დამპყრობელს? – ამ თემას ზაალ კასრელიშვილთან ერთად განვიხილავთ.

– ომი თუ დაიწყო, ვინ უნდა დაიცვას ქვეყანა და ის ადამიანები, რომლებსაც ჯარში სამსახური მონობა ჰგონიათ? ამ საკითხს რატომ არ უფიქრდებიან?

– მადლობა, რომ საშუალებას მაძლევთ, ვისაუბრო ქვეყნისთვის საჭირბოროტი თემებზე. ამ ადამიანებს დაცვა არ სჭირდებათ, იმიტომ რომ ისინი არიან სარგებლის მაძიებელი მედროვეები.

– მესმის, მაგრამ როგორ ამოიცნობს ჭურვი ან ბომბი მედროვესა და დანარჩენებს?

– მათ წინასწარ ეცოდინებათ, როდის და სად უნდა ჩამოვარდეს. ისინი ხან მარჯვნივ არიან, ხან – მარცხნივ, მათთვის მთავარი ის კი არ არის, რა სჭირდება ან არ სჭირდება ქვეყანასა და ხალხს, არამედ მთავარია, თავად იყვნენ ხელისუფლებაში. შესაბამისად, იმას დაუჭერენ მხარს, რაც აუცილებელი იქნება მათი ლტოლვისთვის ხელისუფლებისა და ბიუჯეტისკენ. ომი დასჭირდებათ, ომს დაუჭერენ მხარს; ჩხუბი დასჭირდებათ – ჩხუბს; მუხლზე დაჩოქება თუ დასჭირდათ, მუხლზე დაიჩოქებენ. მოკლედ, შეათანხმებენ. ეს წესიერი ადამიანი არ იცვლის ინტერესებს და მარადიული ღირებულებებით ხელმძღვანელობს ცხოვრებაში, თორემ იმ ხალხს მორალური ჩარჩოები არ აქვთ და მათთვის ყველაფერი, რაც სარგებელს მოუტანს, მისაღებია მიზნისკენ მიმავალ გზაზე. რაც ვთქვი, ამას ადასტურებს 2008 წლის ომი, თუნდაც, რუსეთ-საქართველოს ომი აფხაზეთში. ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენმა მებრძოლებმა ბრძოლის ველზე სამაგალითო უნარ-ჩვევები გამოამჟღავნეს, უამრავი გმირობა ჩაიდინეს. მეც, ჩემი თანამებრძოლებიც და ყველა, რომლებიც ერკვევიან რეგიონში მიმდინარე პროცესებში, ვიცით, რომ ქართველებმა სახმელეთო ბრძოლები ფედერალურ ჯარებს აფხაზეთშიც მოუგეს და ცხინვალის რეგიონშიც, მაგრამ ერთგანაც და მეორეგანაც საბრძოლო მოქმედებები პოლიტიკოსებმა სათავისოდ გამოიყენეს. მებრძოლების სამხედრო მონაპოვარი გაყიდეს საკუთარი სავარძლების შესანარჩუნებლად და ხელისუფლებაში ყოფნის სანაცვლოდ. მათი ყველას დრო მოვა. პირობას ვაძლევ მკითხველს, რომ ძალიან მალე მოვა დრო, როდესაც 1992 წლიდან დღემდე ყველას ყველაფერი მოეთხოვება, მიუხედავად იმისა, ჰგონიათ, რომ შერჩათ.

მხოლოდ ლაპარაკი რომ არ გამოგვივიდეს, პირდაპირ საქმეზე გადავალ: ჯარში უნდა იმსახუროს ყველამ. გახდა სტუდენტი? წავიდეს, იმსახუროს, დაბრუნდება უკან და განაგრძობს სწავლას; მუშაობს? სამსახურებში უნდა იყოს გრძელვადიანი შვებულებები. წავა, იმსახურებს და დაბრუნდება. მინდა-არ მინდაზე რომ არ იყოს აწყობილი სამშობლოსთვის სამსახური, უპირველესად, უნდა მივიღოთ კანონი იმის შესახებ, რომ ადამიანი, რომელიც არ იქნება ნამსახურები ქართულ ჯარში, ვერასდროს იმუშავებს სახელმწიფო სამსახურში. თუ არ არის ნამსახურები ჯარში, ვერასდროს გახდება პოლიტიკოსი და ვერ დაიკავებს ვერც სსიპების და ვერ ა(ა)იპების ხელმძღვანელების პოსტს. გარდა ამისა, ვისი შვილიც არ იქნება ჯარგამოვლილი, ისინიც ვერ დასაქმდებიან საბიუჯეტო სამსახურებში და ვინც ხელს დააფარებს თავის შვილებს, რომ თავი აარიდონ სამხედრო-სავალდებულო სამსახურს, მათ აუცილებლად უნდა დაეკისროთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

– აბა, დავრჩენილვართ ხელისუფლებისა და პოლიტიკოსების გარეშე.

– მეც მაგას ვამბობ. არც შევარდნაძის დროს მსახურობდნენ ჯარში პოლიტიკოსების შვილები; არც სააკაშვილის დროს და არც ახლა. ჩვენ ხომ ახლა ამ კანონით სამართლიანობის აღდგენა გვინდა?! ამიტომ სიმართლე უნდა ვთქვათ. დღეს რომ ოპოზიციონერია, მაგრამ გუშინაც და გუშინწინაც რომ ფულს იპარავდა, ხელისუფლებაში რომ იყო ან ადგილმონაცვლეობით ხან ხელისუფლებაში რომ არის და ხან – ოპოზიციაში და უზომოდ მდირდებიან, მათი ოჯახის წევრები რომ ფუფუნებაში ცხოვრობენ და არც ვალდებულებები აქვთ და არც პასუხისმგებლობა, ამაზეა ლაპარაკი. და იმიტომაცაა, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, ეგრეთ წოდებულ, ისტებლშმენტს, არც იციან, რა არის ისტებლშმენტი, მოსახლეობა აღარ ენდობა. ეს ყველაფერი ერთ კანონში შეიძლება, გაიწეროს და არც ამ კანონის დაწერას უნდა ველოსიპედის გამომგონებლის ტვინი. არსებობს ეს კანონი ისრაელში, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ქვეყნებში. ანუ ძალიან მარტივადაა შესაძლებელი ამ საკითხის მოგვარება.

– მე ვერ ვიხსენებ, ჩატარებულიყოს აქცია და ზრდასრულ მამაკაცებს მოეთხოვათ სახელმწიფოგან სამხედრო უნარ-ჩვევების შესწავლა. მაგრამ მე მახსოვს რამდენიმე წლის წინათ პარლამენტის წინ ჩატარებული საპროტესტო აქცია, როდესაც ზრდასრული, ჯანიანი მამაკაცები მოითხოვდნენ ნარკოტიკების ლეგალიზაციას. რომანტიკულად ტელეფონებზე ფანრებიც აანთეს. პირადად მე პრობლემა ეს მგონია.

– ძალიან კარგი კითხვაა. დიახ, თქვენ არ გინახავთ, არც მე და არც არავის, რომ ქართველი მამაკაცები გამოსულიყვნენ და ეთქვათ, ჩვენ გვინდა, ვემსახუროთ სამშობლოს და მზად ვართ, ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლეც კი, დავდოთ სასწორზე სამშობლოს გულისთვისო, მაგრამ ჩვენ ყოველდღე თუ არა, კვირაში ორჯერ მაინც გვინახავს სუფრებზე სადღეგრძელოებში გაგიჟებული ღიპიანი ვაჟკაცები, ბევრ ხინკალს, ბევრ მწვადს, ბევრ ქაბაბს რომ მიირთმევენ და ბევრ ღვინოს სვამენ; თან, ისეთი სერიოზული ლექსებიც რომ იციან სამშობლოსა და კაცობაზე, დედაზე, პატრიოტიზმზე, ცოლზე, შვილებზე, სიყვარულზე ჟრუანტელი დაგივლის. იციან, მაგრამ არ უგრძნიათ. რაც შეეხება ნარკოტიკების ლეგალიზაციის მოთხოვნით გამოსულ ადამიანებს: ეს კატეგორია, როგორც სოციალური ფენა, ისევე, როგორც პოსტსაბჭოურ სივრცეში, საქართველოშიც ჩამოყალიბდა გასული საუკუნის 80-ან წლებში და ჩვენს თაობაში მათ „ქეშებს“ ვეძახდით. ესენი არიან ლუდი-პლანი, ღვინო-პლანი, არაყი-პლანი შემადგენლობა. უფრო მძიმე ნარკოტიკების მომხმარებლები არ არიან, მაგრამ იმ მიტინგზე ამათ გარდა იყვნენ ადამიანებიც, რომლებსაც ვიღაცებმა ფული გადაუხადეს და უთხრეს, გადით და იყვირეთ. ჰოდა, ახლა ის ვიღაცები ახლა პარლამენტში არიან, ხოლო ის ვიღაცები, რომლებიც მხარს უჭერდნენ იმ აქციას, რაღაც საბიუჯეტო სახსრებს ღრღნიან. ამდენად, არ მიგვაჩნია, რომ ის სპონტანური აქცია იყო; არ მიგვაჩნია, რომ ის აქცია თვითდინებით შეიკრიბა, ეგრეთ წოდებული, ქეშების ინიციატივით. ჩვენ ვისაც ვიცნობთ, აი, ამ ქეშებს, არც ერთი არ არის საზოგადოებრივად და სოციალურად აქტიური ადამიანი, რომ თვითონ გაუკეთოს ორგანიზება შეკრებას ან უკვე ორგანიზებულს შეუერთდეს. ეს არის დავალება, თხოვნა, შეთავაზება და დარწმუნებული ვარ, რომ იმ აქციის მონაწილეების უმეტესობა ასრულებდა შეკვეთას და აღებული ჰქონდათ ფული. შემდეგ პერფორმანსად აქციეს, საღამომდე რჩებოდნენ, ბოლოს კონცერტი იმართებოდა, მთელ დღეს კი მუქთად ჭამდნენ და სვამდნენ. 2-3 დღე იარეს და დაიშალნენ, მაგრამ ფონი შექმნეს, რის მიზანიც იყო საზოგადოებრივი აზრის ფორმირება ნარკოტიკების ლეგალიზაციის სასარგებლოდ. მაგრამ არ გამოუვიდათ და არც გამოუვათ. არც მათ და არც ამ მიმართულებების ხელმძღვანელებს, რომლებიც მარადიული ღირებულებების სისტემის გარეთ არიან და უნდათ, რომ საქართველოში დაამკვიდრონ ის, რაც არატრადიციულია, არაეროვნულია, არაკაცურია და ღირსებასთან ახლოსაც ვერ მივა.

– დიდ ტერიტორიაზე კიდევ შეიძლება, ვინმე გადარჩეს, მაგრამ ამ პატარა ტერიტორიაზე, ხომ, თავსაც ვერ შევაფარებთ ვერაფერს?! კარგი, თავად წავიდა და ოჯახი გაარიდა, მაგრამ ლამის ყველანი ერთმანეთის ნათესავები ვართ. ამიტომ არ მესმის, რის საფუძველზე იბრიქებიან: დასავლეთი თუ იარაღს მოგვაწვდის, ისინი, როგორც უკრაინელები გაწყდნენ ბახმუტისთვის, ასე შეელეწებიან ერთი რომელიმე ჩვენი ქალაქის დაცვას? გამოგიტყდებით, ხანდახან მგონია, რომ გონებასუსტებიც არიან.

– ჩვენ ამიტომაც გავიხსენეთ აფხაზეთისა და ცხინვალის ომები. ვაჟკაცი მოსახლეობა რომ წინა ხაზზე იბრძოდა, მეორე ნაწილი ვაჭრობდა და ბიზნესებს აწყობდა ამ ომის დროს, მესამე ნაწილი კი გარბოდა. თქვენ ახსენეთ ტერიტორია და იგულისხმეთ სამშობლო, ჩვენი სამშობლო, მისი გეოგრაფიული საზღვრები. ისინი ასე არ იაზრებენ: მათთვის სამშობლო არის პირადი ცხოვრება და პირადი კეთილდღეობა. მათ არ იციან, რა საზღვრები აქვთ მათ სამშობლოს, არც ის იციან, როგორაა დაცული საზღვრები და არც ის, საომარი სივრცე რამდენი უნდა იყოს, რომ უკან დახევა შეგეძლოს და გადაჯგუფება. საქართველო არ არის ფრონტალური ომების ტერიტორია. საქართველო და კავკასია არის სამთო-ქვეითებისა და პარტიზანული ომებისთვის ზედგამოჭრილი ტერიტორია. რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ძალიან კარგად იცის, რომ სახმელეთო ბრძოლები ჩეჩნეთშიც, ცხინვალშიც, აფხაზეთშიც და ახლა ბოლოს – ყარაბაღშიც წააგო. როდესაც პირისპირ ხვდება ორი მებრძოლი, უპირატესობა ჩვენებს აქვთ, იმიტომ რომ თავიანთ მიწას იცავენ, მოსული კი ყოველთვის ცდილობს, რაოდენობით გაჯობოს. ამიტომ ორი ვარიანტია რუსეთთან დაჯახების შემთხვევაში: შემოიყვანს 10-ჯერ მეტ ცოცხალ ძალასა და ტექნიკას ან მეორე ვარიანტი – ცოცხალ ძალას საერთოდ არ შემოიყვანს და ვლადიკავკაზიდან, ცხინვალიდან, გალიდან, გუდაუთიდან, სტავროპოლიდან, კრასნოდარიდან და გიუმრიდან სარაკეტო დარტყმებს განახორციელებს. ვინმემ არ იფიქროს, რომ ჩვენ რაღაცის გვეშინია: ომი პრობლემა არ არის.

– არც მე ვსვამ ამ კითხვებს შიში გამო.

– ახლა მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი ჟურნალის მეშვეობით, მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობდნენ და ამბობენ, მეორე ფრონტი უნდა გავხსნათო, კი ბატონო: გამოდით, გამოაცხადეთ პატრიოტების მობილიზაცია, მე და ჩემნაირები მოვალთ; მოგვეცით სათანადო იარაღი; მოგვეცით სათანადო აღჭურვილობა, სათანადო სურსათ-სანოვაგე, სათანადო მედიკამენტები, რუკები და შტაბის გეგმა, რომლის მიხედვითაც შეგვეძლება უკან დახევა ან გადაადგილება წინასწარ განსაზღვრულ სექტორებში. ჩვენთან ერთად წამოდით ან თქვენი შვილები გამოაგზავნეთ ჩვენთან და პრობლემა არ არის. მაგრამ ეს ყველაფერი მოიგონეს იმისთვის, რომ პოლიტიკური მოვლენა შეექმნათ. საპროტესტო სიტუაცია აგორებულიყო და ამ საპროტესტო აქციის დროს ესარგებლათ და თავიანთი ბელადი გამოეყვანათ ციხიდან. რის ომში ჩართვა?! აგერ არ არის ომი?! რატომ არ მიდიან?! რატომ არ ომობენ?! ჩავიდნენ, „სელფები“ გადაიღეს და ჩამოვიდნენ და ეს სელფებიც იმიტომ კი არ გადაიღეს, რომ საქართველოში ვინმეს ევაჭრონ და გამოიყენონ, არამედ იმიტომ, რომ სამომავლოდ, უკრაინაში სიტუაცია რომ დალაგდება, იქ ჩავიდნენ და მთავრობასთან კარგად იყვნენ, რომ ბიზნესები აკეთონ. ქულები დაიწერეს უკრაინისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი