პოლიტიკა

რატომ გახდა შეუძლებელი საქართველოში პოლიტიკოსობა ან მინისტრობა მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობებითა და მონაცემებით

№36

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 14.09, 2022 წელი

მამუკა გიორგაძე
დაკოპირებულია

მიუხედავად ოპოზიციის მრავალწლიანი მცდელობისა, ფაქტი ფაქტად რჩება: რა ხერხს არ მიმართეს და რა ღონე არ იხმარეს, მაგრამ ვერც რევოლუციური სცენარი აამოქმედეს და ვერც არეულობის. და თუმცა საზოგადოების უდიდესი ნაწილი უკმაყოფილოა ხელისუფლების, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ოპოზიციას მაინც არ მიჰყვება. მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ ჩვენებური ოპოზიცია იგებს დასავლელი პარტნიორების, მაგრამ ვერ იგებს ადგილობრივი ამომრჩევლის გულს, თუ რატომ, ამის გარკვევას მამუკა გიორგაძის დახმარებით შევეცდებით.

– ცოტა არ იყოს, უცნაური ამბავია, რომ შორიდან უფრო მოსწონთ ჩვენი ოპოზიციური სპექტრი, ვიდრე ახლოდან, რა უნდა იყოს ამის მიზეზი?

– ქართული პოლიტიკური კლასი პოლიტიკური კანონზომიერებებით არ ცხოვრობს, არ გამოირჩევა პოლიტიკური, სახელმწიფოებრივი აზროვნებით. ნაწილისთვის ეს არის ბიზნესი, ნაწილისთვის – კარგი ცხოვრება, ნაწილისთვის – საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრების საშუალება. გურამ დოჩანაშვილი რომ ამბობდა, რომ იტყვი, სამშობლო, უნდა დაგბურძგლოსო, ეს არ იგრძნობა, არადა ვერანაირ დარგში ვერავინ მიაღწევს წარმატებას, ვერც მეცნიერი, ვერც ხელოვანი, ვერც ჟურნალისტი, თუ თავისი პროფესია არ უყვარს და თავის პროფესიას პატივს არ სცემს. თქვენ ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა გაქვთ და იცით, რომ, თუ ჟურნალისტიკა არ გიყვარს, თუ ჟურნალისტური ღირსება არ გაგაჩნია, ვერ შედგები, როგორც სერიოზული ჟურნალისტი. შეიძლება, იყო გაპიარებული, ფულიანი, გიყურებდნენ, მაგრამ ვერ იქნები ამ პროფესიის ერთგული და ვერ გააკეთებ საქმეს. სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური კლასიც ასეთია. მათთვის პოლიტიკური ცხოვრება არ არის საქმის კეთების ასპარეზი. შესაბამისად, ეს ხალხი უფრო პოლიტიკურ სპექტაკლში მონაწილეობს, ვიდრე რეალურად იბრძვის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ იმ თაობის ვართ, რომლებმაც გავიარეთ პერიოდი, შეიძლება, ვიღაცისთვის იდეალისტური, ვიღაცისთვის – მიუღებელი, მაგრამ პერიოდი, როდესაც პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობდნენ ადამიანები, რომლებისთვისაც პოლიტიკა ცხოვრება იყო, ამის გარეშე ვერ წარმოედგინათ არსებობა. სადმე გინახავთ, ალბათ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, პარლამენტში კაცი მივიდეს იმიტომ, რომ საზოგადოებაში ადგილი უნდა ან ფული, ან სხვა დარგში მოპოვებული წარმატებების რეალიზება?! სწორედ ესაა ერთი პრობლემა. მეორე პრობლემაა ის, რომ ქართული პოლიტიკა არ არის თავისუფალი საქმიანობის სფერო. ქართული პოლიტიკა, სამწუხაროდ, რაც ჩამოვთვალე, იმის რეალიზების საშუალებაა, რაც სხვაგან ვერ ხერხდება. აბა, რატომ უნდა იყოს კარგი სპორტსმენი პარლამენტში, თუ პოლიტიკოსის მოწოდება არ აქვს?! ან კარგი მომღერალი, ან მსახიობი, ან ჟურნალისტი?! იგივე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არჩევნებიდან არჩევნებამდე არასამთავრობო სექტორით ირჩენენ თავს, არჩევნების დროს კი ამა თუ იმ პარტიის სიაში არიან. ბევრი ჟურნალისტიც ცოტა ხანს პოლიტიკურ ცხოვრებაშია, მერე ისევ ჟურნალისტიკაში ბრუნდება. ეს არის საკუთარი თავის, პროფესიის უპატივცემულობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ რეალური პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში არ მიდის; ჩვენ ვხედავთ, რომ რეალური პოლიტიკური ძალები არ არის.

– და გვაქვს უამრავი პარტია.

– დიახ, შეიძლება, ვიღაცას გაუკვირდეს, სამასი პარტიააო. დიახ. რეგისტრირებულია, მაგრამ ჩამოყალიბებული იდეოლოგიის, გამართული სტრუქტურის, პრინციპების ერთგული, რომელიც შეიძლება, ვიღაცას მოსწონდეს ან არა, პარტია არ არის. პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს თავისი გამოხატული პრინციპები. თუ მემარცხენეა, მაშინ როგორ შეიძლება, გამოდიოდეს მემარჯვენე იდეებით სხვადასხვა პარტიაში?! ჩვენთან ეს პრინციპები უგულებელყოფილია, ანუ პოლიტიკურ კანონზომიერებებზე უარი ვთქვით და მერე გვიკვირს, რატომ ვართ ასეთ მდგომარეობაში. ვერ დამისახელებთ პოლიტიკურ ჯგუფებს, ნებისმიერი პარტიიდან, რომ ერთიანი მსოფლმხედველობით იყვნენ გაერთიანებული. ვინმემ ამიხსნას, „ოცნებას“ რა მსოფლმხედველობა აქვს?! ან იგივე ოპოზიციის მხარეზე პარტიების წარმომადგენლები რატომ არიან ერთად?! აი, ამ თემებზე, ჩვენდა სამწუხაროდ, ქართველი საზოგადოება არ მსჯელობს და ვიღებთ მოცემულობას, როდესაც ნიკიფორე ებრძვის ელპიტეს, ელპიტე – სიპიტოს, სიპიტო – ნიკანდროს და აი, ეს გვგონია პოლიტიკა. ახლა ჩვენ უკვე იმ პერიოდამდე მოვედით, რომ ჩვენ გარშემო ასეთი ძვრები ხდება.

– სანამ ამაზე ვისაუბრებთ: გასაგებია, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ასეთია, მაგრამ ამ მინიშნებას რატომ არ აკეთებენ დასავლელი პარტნიორები? ისინი, პირიქით, აი, ამ უმსგავსო თამაშის წესებს იღებენ და ერთვებიან.

– მოგვწონს თუ არა, რაც ხდება და პირადად მე არ მომწონს, ისინი ხედავენ, რაც ხდება და ამის ყველაზე ნათელი გამოხატულება იყო, ჰილარი ქლინტონმა რომ უთხრა ბათუმში სააკაშვილს, ჯურღმულიდან გამოსულებისთვის არაფერი გიჭირთო. ჯურღმულში საბჭოთა კავშირს გულისხმობდა. ისინი ასე უყურებენ: საბჭოთა სივრციდან გამოსული ადამიანები რომ მთლად ქვებს არ ისვრიან ყოველდღე, კარგია, ათასში ერთხელ კი მოსულაო. ანუ ისინი ისე გვიყურებენ, როგორც ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი თავი. ასეთებად შევთავაზეთ და შესაბამისად გვეპყრობიან. მაგრამ, ვინც სხვანაირად შესთავაზა, მაგალითად, პოლონეთმა და, მიუხედავად იმისა, რომ ევროპა ბევრ პროტესტს გამოთქვამს და აკრიტიკებს პოლონეთის დღევანდელ ხელისუფლებას, პოლონეთს პატივისცემით ეპყრობიან.

– უნგრეთსაც.

– უნგრეთის ხელისუფლებასთან ცოტა სხვა დამოკიდებულებაა, იმიტომ რომ გარკვეული პრინციპებისადმი უნგრეთის ერთგულებას ვერ ხედავენ და მთლად ასეთი პატივისცემით არ უყურებენ.

– მაგრამ იტანენ და თავიანთ წიაღში ჰყავთ.

– რა თქმა უნდა, იტანენ. სწორედ ამას ვამბობდი: იტანენ თურქეთს, თუმცა „ნატოს“ წევრი ქვეყანა რუსეთთან რაღაც დონით თანამშრომლობს. ჩვენ კი ამ ფორმით შევთავაზეთ ჩვენი თავი ბოლო 30 წლის განმავლობაში და ისინი, ბუნებრივია, გვეპყრობიან ისე, როგორც ვიმსახურებთ.

– ერთია, რომ ვიმსახურებთ, მაგრამ ხომ მათი ინტერესებიც ზარალდება? ორიდან ერთი გონიერი ხომ უნდა იყოს?

– მათი ინტერესები ზარალდება. მაგრამ ჩვენთვის ეს არის ეგზისტენციური, არსებითი საკითხო, მათთვის – მიმდინარე. მათ, რა თქმა უნდა, აწუხებთ, ასი მილიონი აქეთ იქნება თუ იქით, მაგრამ ჩვენთვის ეს არსებობისთვის აუცილებელი თანხაა, ამიტომ ისინი ფიქრობენ, ეს ხალხი თუ ასე იქცევა, რა შეგვიძლია, ვაკეთოთ ჩვენ?! სხვათა შორის, სულ სხვანაირად იქცეოდნენ, როდესაც ეროვნული მოძრაობიდან წამოსული პარტიები წარმართავდა პოლიტიკურ ცხოვრებას. ასეთი აგდებული დამოკიდებულება არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე უდიდესი პატივისმცემელი ვარ რეიგანის, ჩვენ მას რამდენჯერმე საპროტესტო წერილიც გავუგზავნეთ და არანაირი უარყოფითი გახმაურება არ ყოფილა, შესაბამისად ირეაგირეს. იმავე მამა ბუშსაც სერიოზული საპროტესტო წერილი მივწერეთ, მაგრამ ეს იყოს საქმიანი, არგუმენტებული, პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე. ამიტომ დამოკიდებულებაც ჰქონდა ისეთი, როგორსაც ვიმსახურებდით. ვინაიდამ ისინი გრძნობდნენ, რომ მეორე მხარეს იყო ხალხი, ყოფილი პოლიტპატიმრები, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყანას და თავიანთ პრინციპებს არ გადაუხვევდნენ. ამის კლასიკური მაგალითია 1982 წელს მომხდარი ძალიან ცნობილი მოვლენა, როდესაც სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა ახალგაზრდა სენატორ ბაიდენსა და ისრაელის იმჟამინდელ პრემიერ ბეგინს შორის. როდესაც ცოტა უსაყვედურა ახალგაზრდა ბაიდენმა, ნაომარი, მოხუცი ბეგინი წამოდგა და უთხრა, თქვენ ხომ არ გგონიათ, პატარა ქვეყნის მუხლებაკანკალებული პრემიერი გელაპარაკებათ, გელაპარაკებით მებრძძოლი ხალხის პრემიერი და ჩამოვედი არა სამათხოვროდ, არამედ იმიტომ, რომ საერთო ინტერესები შევათანხმოთ და საქმე გავაკეთოთო. ამის შემდეგ კი დატოვა დარბაზი. მთელი ამერიკის კონგრესი და სენატი გამოეკიდა ბოდიშებით. რატომ? იმიტომ რომ ბეგინი იყო, კაცი, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანამ ხუთჯერ მიუსაჯა სიკვდილი; იცოდნენ, რომ ბეგინი იყო მეომარი, პრინციპული. რაც უნდა მიუღებელი იყოს ქვეყანა თუ პოლიტიკოსი, როდესაც იცი, რომ ის პრინციპულია, მზად არის, თავისი იდეებისთვის თავი გაწიროს, იმ მომენტში კარგავს აზრს მისი მიუღებლობა. რომ დაგვიჭირეს, ვარლამ შადურმა პურმარილი მოგვიტანა. ეს იყო პატივისცემის ჟესტი, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ აღესრულებინათ მაშინდელი კანონი და ციხეში გავეშვით. მაგრამ, ადამიანური ფაქტორი ხომ იყო?!

– პიროვნებებს ყოველთვის და ყველგან სცემენ პატივს.

– დღეს, როდესაც ქართული პოლიტიკური კლასი იქცევა ისე, რომ ჩვენც კი არ გვინდა მასთან ურთიერთობა, რთულია, მოსთხოვო აშშ-ს, გინდა თუ არა აიტანეთ და მოეპყარით პატივისცემითო.

– მოსახლეობა გრძნობს პოლიტიკოსთა ამ უმწიფრობას და იმიტომაც არ გამოსდით არეულობა?

– რა თქმა უნდა, ისინი ხედავენ, რომ ადამიანები გადიან აქციაზე, გვეპატიჟებიან, რომ ჩვენც გავიდეთ და ამ დროს ვიცით, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებენ იმ ხალხთან, ვის წინააღმდეგაც აქციას აწყობენ. გადის წლები და შემდეგ ეს ყოველივე ფაქტობრივი მასალით მყარდება. გვარებს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ გვინახავს, როგორ დაიშალა 300 000-იანი საპროტესტო აქცია ან 150 000-იანი აქცია როგორ გაუშვეს სახლში. ჩვენ გვახსოვს 1988 წლის ნოემბერი, 1989 წლის 9 აპრილი, ეს ხალხი რატომ უწვებოდა ტანკებს? იმიტომ რომ იცოდნენ, არავინ თამაშობდა, ყველა მზად იყო თავის გასაწირად და ტრიბუნასთან რომ ხალხი იდგა, იმ ხალხმა თავისი ცხოვრებით დაუდასტურა დანარჩენებს, რომ მათ აქვთ უფლება, იდგნენ ტრიბუნასთან. გრძნობდა მოსახლეობა ამ ხალხის თავგანწირვის მაღალ ხარისხს, ამიტომაც იქცეოდნენ ისე, როგორც უნდა მოქცეულიყვნენ. ეროვნული მოძრაობის რიგით წევრად ყოფნა დიდ პატივად ითვლებოდა, იმიტომ რომ არც ლიდერები ეუბნებოდნენ მათ, მე ბელადი ვარო. ბელადიზმი რომ შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში, მას მერე წავიდა საქმე არევისკენ. დღეს ადამიანები როგორ აღმოჩნდნენ პარლამენტში? ვიღაცის რაღაც სურვილის გამო შეიტანეს პარლამენტში გუდით, მერე რა მოუვიდა პატრონთან, ამას არ აქვს მნიშვნელობა და დღეს, როგორც პარლამენტის წევრი, ბოდიში ჟარგონისთვის, გვებლატავება. შენი სახელითა და გვარით ხარ პარლამენტარი?! შენი ღვაწლის შედეგად გახდი მინისტრი?! თუ გახდი, კი ბატონო, მელაპარაკე, როგორც გინდა, მაგრამ, სხვამ რომ შეგიტანა ზურგზე გოდრით და ახლა მოსახლეობას იმას უხსნი, მე ხალხთან ვდგავარ, მაგრამ ცოტათი მაღლაო, ბუნებრივია, ადამიანები, ძალიან თუ არ გაუჭირდათ, არ გამოვლენ და არ ჩაერთვებიან პროტესტში. მეორე მხრივ, არც ეს პოლიტიკოსები ცდილობენ საზოგადოების პოლიტიკურ სტრუქტურიზაციას, რადგან ეს ავტომატურად პასუხისმგებელს ხდის ლიდერებს. მათ ხალხი სჭირდებათ მხოლოდ საზარბაზნე ხორცად. ყველგან დუღილია, ჩვენ კი შუა საუკუნეებში ჩავრჩით და ვარკვევთ, რომელი ბელადი სჯობია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი