პოლიტიკა

რატომ გახდა პუტინისთვის ფაშინიანი შეუცვლელი კადრი ყარაბაღის ომში დამარცხების შემდეგ

№51

ავტორი: „თბილისელები“ 13:15 08.01, 2021 წელი

სოსო ცინცაძე
დაკოპირებულია

მას შემდეგ, რაც ყარაბაღის მორიგი ომი შეთანხმებით დასრულდა და აზერბაიჯანმა თავისი ტერიტორიების ნაწილიც დაიბრუნა და მხარეებს შორის რუსი სამშვიდობოებიც ჩადგნენ და თურქი დამკვირვებლებიც, ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკური კარიერის მომავალი კიდევ უფრო დამძიმდა. 

გაგახსენებთ, რომ ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი, თავის დროზე, აღფრთოვანებით შეხვდა ფაშინიანის გაპრემიერებას და იმასაც კი ამბობდნენ, თუ როგორ აჯობა სომხეთმა საქართველოს და ფაშინიანი დემოკრატიის მთებს გადადგამდა. სოსო ცინცაძესთან ერთად ვიმსჯელებთ, თუ რა როლი შეასრულა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის მომავალში და, საბოლოოდ, რუსეთი უფრო ახეირა თუ დასავლეთი?

– ერევნის მიმართაც ჰქონია „ზაგატოვკები“ პუტინს, როგორც ვნახეთ. ფაშინიანმა უნებლიეთ ვისი თამაში შეასრულა: რუსეთის თუ დასავლეთის?

– ფაშინიანმა ვერავის თამაში ვერ შეასრულა. გავიხსენოთ, რა მოხდა: ფაშინიანს პუტინი შეხვდა, როგორც რუსები იტყვიან, „ვ შტიკი“. რატომ? მხოლოდ იმიტომ რომ პუტინისთვის ქუჩის დემონსტრაციებით მოსული ლიდერი იგივეა, რაც წითელი ნაჭერი ხარისთვის. თანაც, სიტყვა რევოლუცია, მგონი, ძილს უკარგავს. იყო ფერადი რევოლუციები: ვარდების, მაიდნის და ფაშინიანმა ვერაფერი მოიფიქრა უფრო ჭკვიანური და თავის რევოლუციას დაარქვა სიყვარულისა და თანადგომის რევოლუცია, მაგრამ მაინც რევოლუცია. რასაკვირველია, პუტინს ეს მაშინ გულზე არ ეხატებოდა, თან, მაშინ ევროპასა და ამერიკაში სომეხთა ლობის ლიდერები სომეხ მანდელასაც უწოდებდნენ ფაშინიანს, მაგრამ მალევე დარწმუნდნენ, რომ მანდელასთან საერთო არაფერი ჰქონდა. როდესაც მანდელა გამოვიდა ციხიდან, თავისი მოწინააღმდეგე თეთრკანიანების ლიდერი ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა და შერიგება დაიწყო. ფაშინიანმა კი დაიწყო რეპრესიები. დაიჭირა პუტინის ორი პირადი მეგობარი: რობერტ ქოჩარიანი, ყარაბაღის მეორე პრეზიდენტი...

– სომხეთის პრეზიდენტიც იყო ქოჩარიანი.

– დიახ, სომხეთის პრეზიდენტიც იყო... 10 წელი არ მიულოცია პუტინს ქოჩარიანისთვის დაბადების დღე, მაგრამ, როგორც კი დაიჭირა ფაშინიანმა, მაშინვე განაახლა მილოცვები. ასევე, ფაშინიანმა დაიჭირა „ოდეკაბეში“ სომხეთის წარმომადგენელი. იცოდა ფაშინიანმა, რომ პუტინის მეგობრები იყვნენ, ასე რომ, ფაშინიანი არ იყო პუტინის კაცი, დასავლეთშიც ფაშინიანს ბოლომდე თავიანთად არ მიიჩნევდნენ, იმიტომ რომ ძნელია, დღეს რომელიმე სომეხი ლიდერი ჩათვალო დასავლეთის კაცად, იმიტომ რომ მთელი სომხეთის სიმდიდრე რუსეთის ჯიბეშია და რუსეთის გარეშე ფეხს ვერ გადადგამს სომხეთის ვერც ერთი პრეზიდენტი და პრემიერი. ომმა ბევრი რამ შეცვალა. უნდა ვთქვათ პირდაპირ, რომ პუტინი ძალიან ჭკვიანურად მოიქცა. აწვდიდა იარაღს არსებული შეთანხმებების საფუძველზე, მაგრამ აშკარად მხარი არ დაუჭრა და, თანაც, პუტინი იმით იმართლებდა თავს, რომ ყარაბაღი სომხეთსაც არ უღიარებია ოფიციალურად. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ პუტინმა მიაღწია თავის მიზანს. ამ წლის ივნის-ივლისში ფაშინიანის რეიტინგი 84-85 პროცენტი იყო, დღეს, ომის შემდეგ, იმდენად დაბალია, რომ გამოკვლევის ავტორებს მოერიდათ ამის გასაჯაროება და უბრალოდ განაცხადეს, რომ 30 პროცენტზე დაბალია. არადა 30 პროცენტზე დაბალი 29 პროცენტიცაა და 5 პროცენტიც, თანაც, სომხეთის პრეზიდენტმა უკვე საჯაროდ მოითხოვა ფაშინიანის გადადგომა. და ამ დროს ყველასთვის მოულოდნელად პუტინმა დაიცვა, თქვა, არანაირი გადადგომა, ის პრემიერ-მინისტრია და ჩვენი მხარდაჭერა ყოველთვის ექნება.

– იმიტომ რომ ფაშინიანი „დამუშავებულია“ და იოლი სამართავია?

– რასაკვირველია. პუტინი არც პირველია და არც უკანასკნელი. შევარდნაძეც ყოველდღე იყენებდა ამ მეთოდს. როგორც კი ძლიერდებოდა ვინმე, შევარდნაძე ახლოს არ იკარებდა მას. ფაშინიანი, ძველმა ბიჭებმა რომ იციან თქმა, „გაფუჭებული ქურდია“. ამდენად, პუტინისთვის ხელსაყრელია ფაშინიანი, ის არც დასავლეთის კაცია და არც რუსეთის, მაგრამ სხვა გზა არ აქვს. ფაშინიანი ფრთებდაჭრილია, მაგრამ შეინარჩუნებს კი ფაშინიანი თანამდებობას?! ყველა მისი წინააღმდეგია. ამას წინათ, ზახაროვამ მოიტანა ფაშინიანის სიტყვები, როცა ყველა შენ წინააღმდეგაა, ისე უნდა მოახერხო, რომ შენიანები გახდნენო, დიპლომატიის კლასია ესო. ყველა ფაშინიანის წინააღმდეგია და მას გაუჭირდება ყველას გადმობირება. ფაშინიანის ძირითადი მოწინააღმდეგეები არიან წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, ანუ რევანშისტები და სარგებლობენ მომენტით. ციხეშია სარგისიანი, ციხეშია ქოჩარიანი, სხვებიც, პროკურატურა სხვა საქმეებსაც იძიებს. ფაშინიანი მოითხოვს ყველას დაჭერას. თუკი ვინმემ მოიგო ტაქტიკურად, ხანმოკლე პერიოდში, მოიგო რუსეთმა, იმიტომ რომ პუტინი სტრატეგი არასდროს ყოფილა, ის უფრო ტაქტიკოსია. პუტინი იმწამიერ პრობლემებს წყვეტს.

– გრძელვადიანად, მგონი, თურქეთმა უფრო აჯობა რუსეთს.

– მაგრამ თურქეთი გრძელვადიანად ვერ დარჩება იქ, იმიტომ რომ მაგდენი რესურსი არ აქვს და, თან, ყოველთვის სომხეთის ჩუმი წინააღმდეგობის წინაშე იქნება. ლაჩინის დერეფანი, რომელიც სტეპანაკერტს აკავშირებს სომხეთთან, უკვე აზერბაიჯანისაა და იქ რუსებმა და თურქებმა, ერთობლივად, უნდა აკონტროლონ, თუმცა ჯერ იქ მხოლოდ რუსები არიან.

– თურქი დამკვირვებლებიც შევლენ მალე.

– დიახ, ერთობლივად უნდა გააკონტროლონ, მაგრამ, როდესაც მოსახლეობა რუსებისადმი სიმპათიითაა განწყობილი, რუსი ჟურნალიტები წერენ, რომ მოსახლეობას მიაქვს საკვები და თურქებისადმი მტრულად, ესეც ფაქტორია. თან, ეს ხელშეკრულება ხუთწლიანია და ალიევი მიაღწევს იმას, რომ ხუთი წლის შემდეგ გავიდნენ. პუტინს კი აძლევს ხელს ფაშინიანი და ფაშინიანის ერთადერთი იმედი სწორედ პუტინია, მან რომ მოინდომოს, ფაშინიანი მეორე დღეს არ იქნება პრემიერი. მაგრამ პუტინს არ აქვს გარანტია, რომ ასეთივე დაბეჩავებული, ომში დამარცხებული პიროვნება მოვა პრემიერად. ფაშინიანს ჰქონდა თავის დროზე შანსი, რადგან კარგი ურთიერთობა ჰქონდა სომხურ დიასპორასთან, მაგრამ ახლა ეს შანსი დაიკარგა. ალიევს რომ შეხვდა დუშანბეში, რუსულადაც კი არ დაელაპარაკა, დამტვრეული ინგლისურით ესაუბრა, ალიევმა კი ბრწყინვალე ინგლისური იცის, მოსკოვში „მგიმო“ აქვს დამთავრებული. ეს მოეწონებოდა რუსებს? არა! მაგრამ თავის პროდასვლურობას „აწვებოდა“ ფაშინიანი. ახლა უკვე მაგის თავი არ აქვს. რუსულადაც მშვენივრად ილაპარაკებს და თუ პუტინი მიიღებს, კრემლის კართანაც იქნება ატუზული. ამდენად, ფაშინიანი დღეს ჩამოწერილია, ოღონდ სჭირდება პუტინს და როგორც კი ვინმე გამოჩნდება, ფაშინიანის ალტერნატივა, რომელიც, ასევე, პუტინის ჯიბეში იჯდება და ფაშინიანზე მეტი ავტორიტეტი ექნება, მაშინვე გამოცვლის პუტინი მას. რა პრემიერია, როდესაც მოწინააღმდეგეები შეუცვივდნენ კაბინეტში. დალეწეს ყველაფერი, სუნამოები და მაჯის საათიც კი დაუმსხვრიესო. სარგისიანი პოპულარული იყო და პუტინისთვისაც ხელსაყრელი, სანამ მანაც არ მოინდომა მიშას ილეთის გამეორება – ორი ვადის გასვლის შემდეგ კონსტიტუციის შეცვლა და კიდევ პრემიერად დაჯდომა. აი, ამას მოჰყვა სიყვარულისა და თანადგომის რევოლუცია, რაზეც პუტინს ელეთმელეთი მოსდის.

– სომხეთისგან რევანშის ალბათობა თუ არსებობს? ამერიკელმა კონგრესმენებმა ძალიან საინტერესოდ ჩამოაყალიბეს აზრი: აზერბაიჯანი თავს ესხმის მეზობლებსო. „გაერომ“ აზერბაიჯანი აღიარა ყარაბაღის ავტონომიის ჩათვლით, ანუ ჩვენც რომ დაბრუნება მოვინდომოთ დე-ფაქტო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, მეზობლებზე თავდამსხმელები ვიქნებით?

– აზერბაიჯანმა დღეს დაიბრუნა ის ტერიტორიები, რაც საერთაშორისო სამართლით, მას ეკუთვნოდა, ამიტომ ამ 45-დღიან ომში ალიევის მხარეს იყო საერთაშორისო სამართალი, მაგრამ რუსული პრესა და სომხური ლობი ცოტა თავშეკავებულები იყვნენ. დღეს ალიევი აგრესორი არ გამოდის. სომხეთს ისტორიულად დიპლომატია არასდროს უვარგოდა და ამიტომ იყო, რომ ჩვენს რეგიონში სახელმწიფოებრიობა პირველად, სწორედ, სომხეთმა დაკარგა. ასევე, მათი დიპლომატიური შეცდომების შედეგი იყო მათ წინააღმდეგ თურქეთში მომხდარი გენოციდი. აჰყვნენ რუსების შანტაჟს. სომხეთი არც მალავდა, რომ აგრესორი იყო. მე ფაშინიანის განცხადებებიც მახსოვს და სარგისიანისაც. დიახ, ეს შვიდი პროვინცია აზერბაიჯანის იყო თავის დროზე, მაგრამ ახლა ჩვენ ეს გვჭირდება. რას ჰქვია, მჭირდება სხვისი?! ეს იგივეა, ლელა მესხი რომ ედავებოდა ბიძინას კორტებზე, მჭირდებაო. ერევანიც ასე ამბობდა – უსაფრთხოებისთვის მინდა, მერე რა, რომ აზერბაიჯანის იყო თავის დროზეო. ამას ალიევი იყენებდა, ცხადია. ამიტომაც ალიევის მხარეზე იყო მთელი ოფიციალური საერთაშორისო აზრი და, რაც მთავარია, საერთაშორისო სამართლის ნორმები. გარდა ამისა, ალიევი ფაშინიანზე უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა და არ შეიჭრა უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე. ფაშინიანმა რამდენჯერმე მოაწყო პროვოკაცია, რომ აი, აზერბაიჯანმა დაბომბა სომხეთის ტერიტორია, მაშინ ამოქმედდებოდა „ოდეკაბეს“ წესდება, რომელიც ჰგავს „ნატოს“ წესდებას და მაშინ იურიდიულად იქნებოდა ვალდებული რუსეთი, დაეცვა სომხეთი. პუტინი ამბობდა, ყარაბაღი არავის უღიარებია და მთელ მსოფლიოსთან ერთად ვაღიარებ აზერბაიჯანის ტერიტორიას, ამიტომ ჩვენი მოვალეობაა, ცეცხლი შეწყდეს, მაგრამ იმას, რომ ყარაბაღი და მიმდებარე 7 პროვინცია აზერბაიჯანის არ იყო, არავინ ამბობდა.
და მთავარი: რა არის ჩვენი გაკვეთილი აქედან: უკვე მერამდენედ დავრწმუნდით, რომ ომით დაკარგული ტერიტორია მოლაპარაკებებით არ ბრუნდება! ჩემს მეხსიერებაში ეს ომით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მეორე შემთხვევაა. ის პირველი, ალბათ, აღარავის ახსოვს, მოხდა 1961 წელს, როდესაც ნიგერიას აღმოსავლეთ ნიგერიის პროვინცია, სადაც ნავთობი იყო, გამოეყო, მაგრამ მაშინ ამისთვის არავის ეცალა, კონგოში იყო ომი.

– ხორვატებმაც დაიბრუნეს სანაპირო ზოლი, რომელიც სერბებმა წაართვეს.

– მაგრამ ეს მაინც იმ მოვლენების პარალელურად მიმდინარეობდა, როდესაც ამერიკელებმა დაბომბეს იუგოსლავია.

– თუმცა ხორვატებმა ძალიან გონივრული სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს და გაიმარჯვეს.

– დიახ, ხორვატებმა იომეს. არც მაშინ ნიგერიაში არ ჩაერია არავინ და არც ახლა, ალიევმა მოახერხა, რომ არავინ მიუშვა თურქეთის გარდა. მაგრამ პუტინი ძალიან ჭკვიანურად მოიქცა, თორემ სომხეთი ყოველთვის რუსეთის ჯიბეში იჯდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი