პოლიტიკა

რატომ გაიზარდა რუსეთისთვის საქართველოს აქციების ფასი და რატომ ვერ სთავაზობს მოსკოვი თბილისს წინადადებას, რაზეც ქართველები უარს ვერ იტყოდნენ

№37

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 22.09, 2021 წელი

სოსო ცინცაძე
დაკოპირებულია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მორიგი განცხადება გააკეთა და საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისთვის მზადყოფნის შესახებ გვამცნო, თუმცა ისე, თითქოს სოხუმი და ცხინვალი არ უღიარებია (ამ თემებს არ შევეხოთო). ლავროვს დეგნანმა უპასუხა, ჯერ მოქმედებით აჩვენეთ თბილისს კეთილგანწყობა (ანუ ჯარები გაიყვანეთ ოკუპირებული ტერიტორიებიდანო). და ეს დისტანციური დიალოგი განსაკუთრებით საინტერესოა ქართული დიპლომატიის დუმილის ფონზე. მეორე მხრივ, მართალია, ჩვენ საკუთარი გამოცდილებით ვიცით, რომ რუსეთის ნდობა უმადური საქმეა, მაგრამ მაინც საინტერესოა, რას ემსახურება ლავროვის ეს განცხადება არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, ზოგადად, აღმოსავლეთში შექმნილი ახლებური რეალობის ფონზე და სწორედ, ამ თემაზე გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას სოსო ცინცაძე.

– ეს განცხადებაა განცხადებისთვის თუ რატომ მიმართა მოსკოვმა თბილისს მაინცდამაინც ახლა?

– ეს განცხადება განცხადებისთვის არ იყო, ვინაიდან ლავროვის გაცხადება პირველი არ ყოფილა. ჩვენ გვახსოვს რუსეთიდან განცხადებები ჯერ კიდევ მედვედევის პრეზიდენტობიდან, შემდეგ პუტინის ორი განცხადება, მარგველაშვილი მიიწვიეს კიდეც. ეს უკვე რუსეთის პოლიტიკაა. რუსეთისთვის სამხრეთ კავკასიაში თავის ტკივილი მხოლოდ საქართველოა. რუსეთმა, ასე თუ ისე, დაალაგა ურთიერთობა ბაქოსთან; ერევანთან, ომის შემდეგ, ხომ, დაალაგა და დაალაგა და დარჩა საქართველო.

– თუმცა ახლახან აზერბაიჯანმა თურქეთთან ერთად სამხედრო წვრთნები ჩაატარა ყარაბაღის ტერიტორიაზე, მაინც დალაგებულად უნდა მივიჩნიოთ ბაქო-მოსკოვის ურთიერთობა?

– ბაქოსთან ურთიერთობა დალაგებულია, მაგრამ ამ კონტექსტში, რასაკვირველია, საქართველოსთან ურთიერთობის მოწესრიგება, ხელს შეუწყობს ბაქოსთან უფრო უკეთეს კავშირს. მოკლედ რომ ვთქვა, საქართველოს აქციების ფასი გაიზარდა რუსეთისთვის, იმიტომ რომ ამ რეგიონში თურქეთის გაძლიერება, სულაც, არ არის რუსეთის ინტერესი. რაც უნდა იყოს, თურქეთი რუსეთისთვის ისტორიული მტერია და მათ შორის ურთიერთობა ვერასდროს იქნება სამოკავშირეო, გამორიცხულია. მით უმეტეს, ახლა აზერბაიჯანი სულ უფრო და უფრო ცდილობს, რომ დააბალანსოს თავისი კურსი და არც რუსეთთან სურს ურთიერთობის გაწყვეტა, რადგან, ბოლოს და ბოლოს, რუსი მშვიდობისმყოფელები დგანან ყარაბაღში, მაგრამ 5 წლით. 5 წელი კი უცებ გავა, მაგრამ რა მოხდება 5 წლის შემდეგ?! გაიყვანს რუსეთი თავის მშვიდობისმყოფელებს? თუ რუსეთმა ისეთივე კურსი აიღო აზერბაიჯანთან, როგორიც ჰქონდა საქართველოსთან – გვახსოვს, რომ არ უნდოდა თავისი მშვიდობისმყოფელების გაყვანა – ეს, რასაკვირველია, გამოიწვევს ბაქო-მოსკოვის ურთიერთობის გაუარესებას და ბაქოს უფრო დაახლოებას ანკარასთან. აი, ამ დროს უკვე საქართველოს პოზიცია მეტად მნიშვნელოვანი ხდება მოსკოვისთვის. ჩვენ, დიპლომატიის გარდა, სხვა გზა არ გვაქვს: ომი გამორიცხულია. რა უნდა იყოს მთავარი ქართული დიპლომატიისთვის?! ის, რომ რუსეთისთვის საქართველოს კეთილგანწყობა უფრო მნიშვნელოვანი გახდეს, ვიდრე ჩვენს ორ სეპარატისტულ რეგიონთან, რომლებიც წისქვილის ქვებივით კიდია მოსკოვს კისერზე. მაგრამ ჯერჯერობით რუსეთი ამისთვის მზად არ არის და ეს განცხადებები არის საწყისი დიპლომატიური ფასი. რას გვეუბნება ამით რუსეთი? მოდი, არსებული ვითარებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ, მე აღვადგენ საჰაერო მიმოსვლას, შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობაც აღვადგინოთ და დავიწყოთ კეთილმეზობლური ურთიერთობა, ოღონდ ცხინვალი და სოხუმი დაივიწყეთ.

– მერედა, ეს წინადადება მისაღებია ჩვენთვის?

– გამორიცხულია. საქართველოს ვერც ერთი ხელისუფლება ამ ნაბიჯს ვერ გადადგამს, იმიტომ რომ ეს ავტომატურად მოასწავებს მის დაცემას, მაგრამ, მეორე მხრივ, მე არ ვიცი, როგორია ჩვენი კურსი რუსეთისადმი. ვხედავთ, რომ 10-წლიანი გეგმები აქვს ღარიბაშვილს ეკონომიკაში, მაგრამ რუსეთთან 10-წლიანი გეგმა არსებობს? და, თუ არსებობს, რას ითვალისწინებს, არანაირი მოლაპარაკება და არანაირი ურთიერთობა?! უცნაური ისაა, რომ ჩვენ უარს არ ვამბობთ ფრენების განახლებაზე, იმიტომ რომ, ბოლოს და ბოლოს, რუსი ტურისტების მოზიდვა გვჭირდება.

– თუმცა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინა, ანუ სააკაშვილის ხელისუფლებამ ჯერ ჩრდილო კავკასიელებისთვის, შემდეგ კი რუსეთის მოსახლეობისთვის, ზოგადად, გააუქმა სავიზო რეჟიმი. ანუ ახალი არაფერია და ამას შედეგი არ გამოუღია.

– შედეგს ეს არც გამოიღებს, მაგრამ 2008 წლის შემდეგ შეიცვალა ვითარება, ტრანსფორმაცია განიცადა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობამ, უამრავი წყალქვეშა დინებები გაჩნდა იმავე სირიაში, ახლო აღმოსავლეთში. იმის თქმა მინდა, რომ ბევრ წერტილში იკვეთება უკვე რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები და ანკარასა და რუსეთს შორის უთანხმოების კერებიც უფრო მეტად იჩენს თავს. ასეთ ვითარებაში საქართველო, როგორც შავი ზღვისპირეთის ქვეყანა, ძალზე მნიშვნელოვან როლს იძენს. გარდა ამისა, მოსკოვში სულელები არ სხედან – ისინი არ ენდობიან თურქეთს. გავიხსენოთ, რომ, როგორც კი 2008 წელს რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, ერდოღანი მაშინვე ჩავიდა მოსკოვში. რატომ? ერდოღანი ცოტა აჩქარდა მაშინ და ეს მისი დიპლომატიური შეცდომა იყო. მან იფიქრა, რომ რუსეთი თბილისს აიღებს, საქართველოს დაიპყრობს და იქნებ აჭარა შევინარჩუნოო... ლავროვის დღევანდელი მიპატიჟების გათვალისწინებით, ჩემი აზრით, შეხვედრა და მოლაპარაკება შესაძლებელია.

– მაგრამ რუსეთმა ხომ იცის, რომ, თუ საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა უნდა, თუ ისეთ რამეს ვერ სთავაზობს, რაზეც საქართველო უარს ვერ იტყვის, ისეთი რამ მაინც შესთავაზოს, რომ დაფიქრებად ღირდეს? იმთავითვე ამბობს, რომ სოხუმისა და ცხინვალის თემა დახურულიაო.

– ხომ ვთქვით, რომ ეს საწყისი ფასია, სავაჭრო ენაზე რომ ვთქვათ.

– ანუ თამასა მაღლა ასწია და ჩვენზეა, ჩამოვაწევინებთ თუ არა?

– და თამასას როგორ ჩამოაწევინებ?! მხოლოდ მოლაპარაკებით, იმიტომ რომ სხვა საშუალება არ გვაქვს. კუნთების თამაშით ჩვენ მოსკოვს ვერ შევაშინებთ, ამიტომ ამ საწყისი ფასიდან, მკვდარი წერტილიდან ეს პროცესი უნდა დავძრათ მხოლოდ დიპლომატიური მოლაპარაკებით და დღეს ისიც შეღავათი იქნებოდა, რომ რუსეთმა შეწყვიტოს ადამიანთა გატაცებები, ბორდერიზაცია, დამატებითო მიწების მიტაცება. ესეც მიღწევა იქნებოდა, იმიტომ რომ დაკარგვა ადვილია, ერთდღიან ომში შეიძლება, დაკარგო უზარმაზარი ტერიტორია, რომლის დაბრუნებას შემდეგ უკვე წლები უნდა. საფრანგეთი ელზას-ლოთარინგიას ზუსტად 50 წლის განმავლობაში ელოდა. მაგრამ ჩვენი დღევანდელი კურსი ჩემთვის მიუღებელია, როგორც დიპლომატიის სპეციალისტისთვის. რუსეთი აგრესორია და ამას ისევე არ სჭირდება მტკიცება, როგორც იმას, რომ ახლა სექტემბერია და არა - თებერვალი, მაგრამ ისიც ვთქვათ, რუსეთი აგრესორი პუტინის დროს გახდა?! აფხაზეთი პუტინის დროს დავკარგეთ?! აღიარებამდე დაკარგული არ იყო აფხაზეთი?!

– აფხაზეთზე გეთანხმებით, მაგრამ ცხინვალის რეგიონში 2008 წლის ომამდე გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვქონდა.

– დიახ, მაგრამ აფხაზეთი ხომ ელცინის დროს დავკარგეთ?! მაშინ, როდესაც რუსეთი თითქოს გადემოკრატდა. ამერიკელები აღფრთვანებულები იყვნენ, ბჟეზინსკი იმავე ელცინს ეუბნებოდა, თქვენ ჩვენი, დემოკრატიის, იმედი ხართო და სწორედ მაშინ, რუსეთი რომ თითქოს იცვლებოდა, ჩვენ წაგვართვა აფხაზეთი. მოსკოვში ერთ სართულზე მოლაპარაკებას აწარმოებდნენ შევარდნაძესთან დსთ-ში საქართველოს შეყვანასა და აფხაზეთის ბლოკადაზე და ორი სართულით ქვემოთ არძინბას წარმომადგენლებს რუსეთის მაშინდელი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე იარაღის მიწოდებაზე უთანხმდებოდა. ამდენად, ეს არ არის მხოლოდ პუტინის ახირება, ეს რუსეთის პოლიტიკაა და აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

– ჩვენ გვყავს ისეთი დონის დიპლომატები, რომლებიც შეძლებენ რუს დიპლომატებთან საჩვენოდ ლაპარაკს?

– არა, სამწუხაროდ. მე ქართულ დიპლომატიურ წრეს ვიცნობ და ვხედავ, რა პრინციპით ინიშნებიან ელჩები. ბიზნესმენები ინიშნებიან ელჩებად. კი ბატონო, ამერიკას აქვს ასეთი ფუფუნება, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში ნიშნავენ ელჩებად დიპლომატებს, სხვა ქვეყნებში კი შეიძლება, სულ სხვა სპეციალობის ხალხიც დანიშნონ. მაგალითად, რეიგანს ფრენკ სინატრას დანიშვნა უნდოდა იტალიაში ელჩად, უბრალოდ, სენატმა არ მისცა ნება. არ ვიცი, თუ გვყავს მომლაპარაკებელთა დელეგაცია, მაგრამ ერთი შეხვედრა მაინც შესაძლებელია, რომ გავიგოთ, რას ფიქრობენ რუსეთში. პუტინს ბევრჯერ უთქვამს, რომ საქართველო არასდროს შეეგუება აფხაზეთის დაკარგვას, ესე იგი, მან ეს იცის, ამიტომ, თუ პუტინი ამბობს, შევრიგდეთო, ესე იგი, იცის, რომ რაღაც ფორმით მაინც მოუწევს დათმობა ისე, რომ აფხაზეთი მის ხელში დარჩეს ბერკეტად, მაგრამ შეიძლება, ფორმალურად აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. რასაც ახლა ვამბობ, ფანტაზიაა, ამიტომ ზუსტად უნდა გავიგოთ, რა ხდება. ჩვენ დღეს არ ვიცით, რუსეთი რა დათმობაზეა წამსვლელი. გამორიცხულია, მოსკოვში თეორიულად მაინც არ ჰქონდეთ გადაწყვეტილი, რომ აი, ამას და ამას დავთმობთ.

– დიახ, რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ჩვენ უნდა ვიცოდეთ მკაფიოდ, თუ რას არ დავთანხმდებით არავითარ შემთხვევაში და რას დავთმობთ.

– დიახ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რაზე წავალთ და რაზე არ წავალთ. მე ვიცი, რომ, რაც უნდა მტკიცედ შევპირდეთ პუტინს, უარს ვამბობთ „ნატოზეო“, გამორიცხულია, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დღესვე აიკრიფოს გუდანაბადი და წავიდეს. რუსეთი მუდამ შეეცდება, ბერკეტი შეინარჩუნოს, მაგრამ ჩვენთვის ამ ბერკეტის მოდუნებაც კი საქმეა, თუნდაც, ის, რომ რუსეთმა ხელი არ შეუშალოს ცხინვალთან და სოხუმთან ჰუმანიტარულ კავშირებს. იქ თაობები იზრდება, რომლებმაც ქართულიც არ იციან და თბილისიც არასდროს უნახავთ. ამ გაუცხოების შერბილებაც რუსეთზეა დამოკიდებული, მაგრამ ის პოლიტიკა, რაც ჩვენ გვაქვს დღეს რუსეთისადმი, ყველაზე არაპროდუქტიულია: ჯერ დაგვიბრუნოს სეპარატისტული რეგიონები და მერე დავიწყოთ ლაპარაკი მეზობლობაზე. ამას არ დათანხმდება რუსეთის არც ერთი ხელისუფლება. შემთხვევითი ხომ არ არის, რომ დღემდე რუსეთში არც ერთი პოლიტიკოსი, მათ შორის, ოპოზიციურიც, არ გამოჩენილა, რომელიც აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?! ყველა ანტიქართველია, ოპოზიციის ჩათვლით. ეს ხომ უნდა გავითვალისწინოთ?! ამდენად, ჩემი აზრით, მოლაპარაკების გამართვით არაფერი დაშავდებოდა და გავიგებდით მაინც, რა ხდება სინამდვილეში, ოღონდ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს საჯარო მოლაპარაკება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი