პოლიტიკა

რატომ დაიწყო ევროპიდან რუსი დიპლომატების მასობრივი გამოძევება

№17

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 05.05, 2021 წელი

სოსო ცინცაძე
დაკოპირებულია

აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობა ისევ დაიძაბა და ზოგიერთ ექსპერტი იმასაც კი ამბობს, რომ მსგავსი დაძაბულობა კარიბის კრიზისის შემდეგ არც ყოფილა. ამის პარალელურად, ელჩების მასობრივი გაწვევ-გამოწვევაა აშშ-სა და ლამის მთელი ევროპის ტერიტორიაზე რუსეთის მიმართულებით, რაც აშკარაა, რომ იმ პოლიტიკური პროცესის სარჩულია, რის განვითარებასაც უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ, სოსო ცინცაძესთან ერთად განვიხილავთ, თუ რატომ გახდა აუცილებელი ელჩების ხან საკონსულტაციოდ გამოწვევა, ხანაც – გაძევებ-გამოძევება.

– რა პოლიტიკური გზავნილები იმალება დიპლომატების ხშირ მისვლა-მოსვლა, გაწვევა-გამოწვევაში და რა პოლიტიკური პროცესის წინაპირობად შეიძლება, გავიგოთ ეს დიპლომატიური ორომტრიალი, თუ ეს მხოლოდ მოთელვაა ან შემთხვევითობა?

– შემთხვევით არაფერი ხდება დიდ პოლიტიკაში, ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, ანუ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ყოველთვის არსებობს. რაც შეეხება დასმულ კითხვას: ერთი შეხედვით, ობივატელის თვალით, ფართო მასებისთვის ხდება რაღაც საშინელება, ელჩები გამოიწვიეს და მოსკოვში, მართლაც, უპრეცედენტო რამ მოხდა, დოპლიმატიის ისტორიისთვის უპრეცედენტო, როდესაც აშშ-ში რუსეთის ელჩი თვეზე მეტია, მოსკოვშია ჩასული კონსულტაციებისთვის, რა კონსულტაციებია ისეთი, რომ თვეზე მეტი დასჭირდა?! და ამის პარალელურად პუტინის მრჩეველი სპეციალურად ხვდება რუსეთში ამერიკის ელჩს და ურჩევს, წავიდეს ვაშინგტონში და კონსულტაციები გაიაროს. ასეთი რამ არასდროს მომხდარა. არსებობს ვენის ცნობილი კონვენცია, რომელიც ეხება დიპლომატიურ ეთიკასა და ეტიკეტს, რომელშიც ისიც კია გაწერილი, თვითმფრინავის ტრაპიდან რომ ჩამოდის სახელმწიფოს უმაღლესი პირი, სად უნდა შეხვდეს დელეგაცია.

თავის დროზე, ასეთი სკანდალიც კი მოხდა: ბაშარ ასადის მამა ჩავიდა საბჭოთა კავშირში და პოლიტბიუროს ბერიკაცები ისე გაერთვნენ შენობაში საუბრით, რომ დაავიწყდათ, როდის უნდა დაეწყოთ სვლა თვითმფრინავის ტრაპისკენ, რომ ასადი ჩამოვიდოდა თუ არა, ისინი ტრაპთან მდგარიყვნენ, რომ არც ერთი მხარე არ დალოდებოდა ერთმანეთს. ამათ დაიგვიანეს ტრაპთან მისვლა, ასადი რომ ჩამოვიდა დაბლა და დაინახა, არავინ ელოდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ სათხოვნელად იყო ჩასული მოსკოვში, იარაღი უნდოდა, აბრუნდა თვითმფრინავში და სამ საათს იჯდა გაბუტული. სანამ ათი დელეგაცია არ მივიდა და ბოდიშები არ უხადა, არ ჩამოვიდა თვითმფრინავიდან. ამდენად, ნონსენსია, რომ უშაკოვი, პუტინის მრჩეველი, ამერიკის ელჩს ეუბნება, დროა, წახვიდე კონსულტაციებისთვისო. ამერიკელების პირველი რეაქცია იყო ის, რომ თქვეს, ჩვენი გადასაწყვეტიაო, მაგრამ წინა კვირას გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ელჩი ვაშინგტონში მიდის რამდენიმე კვირით.

– ეს შეიძლება, გავიგოთ, როგორც მოსკოვიდან ამერიკის ელჩის გაძევება? ისიც ხომ არ დააბარეს, რა თემებზე უნდა გაიაროს კონსულტაციები ამერიკის ელჩმა ვაშინგტონში?

– ეს არ ვიცი... მაგრამ ვამბობ იმ ინფორმაციას, რაც ფართო საზოგადოებისთვისაა ცნობილი. მოხდა ის, რომ ბულგარეთმაც კი დაიწყო რუსი დიპლომატების გამოყრა და სარკისებურობა დაირღვა. ბულგარელებმა ნაკლები რუსი დიპლომატი გამოყარეს. ის, რომ ამერიკელებმა და რუსებმა ერთმანეთის 10-10 დიპლომატი გამოყარეს, არაფერს ნიშნავს, იმიტომ რომ მათ საელჩოებში ათასობით დიპლომატია და ამერიკის საელჩოში მოსკოვში ორჯერ მეტი დიპლომატია, ვიდრე ვაშინგტონში რუსეთის საელჩოში. ამერიკელებს კვოტები დარღვეული აქვთ. მაგრამ ეს მხოლოდ ფონის შესაქმნელადაა და მთავარი არ არის. რომ არ იყოს ერთი მომენტი – ეს მართლაც საშიში იქნებოდა. მაშინ, როდესაც ბაიდენმა დედა არ აგინა, თორემ სხვა ყველაფერი თქვა პუტინზე, თითქოს არაფერი მომხდარა, მეორე დღესვე შესთავაზა პუტინმა, მოდი, ვისაუბროთო. თანაც, რა უთხრა ბაიდენმა, არადა, თუ სასწრაფო საქმეა, შეხვედრა უნდა მომხდარიყო 24 საათში, უახლოეს თვეებში შევხვდეთო და ეს უკვე მიანიშნებს, რომ მოხდა გარიგება. რუსეთი, მართლაც, საშინელ დღეშია, პუტინი სრულ იზოლაციაშია, უნგრეთშიც კი, ურბანი ხომ პუტინის ფანია?! პრემიერი გამოდის და საჯაროდ სთხოვს, ჯაშუშებს ნუ მიგზავნი ქვეყანაშიო.

– პირადად მეც უნგრეთის რეაქციას გამიკვირდა ყველაზე მეტად.

– თვალშისაცემი იყო და მარია ზახაროვამაც „გაატარა“ ეს განცხადება. ბაიდენთან შეხვედრა პუტინისთვის არის ლეგიტიმაცია, აი, ვაქცინის სერტიფიცირების მსგავსი. რომ პუტინი ისევ არის დიდი მოთამაშე. მთავარი ის არის, რომ პუტინი ომს არ იწყებს უკრაინასთან. ბაიდენმა იმიტომაც უთხრა, რამდენიმე თვეში შევხვდეთო. მას უნდა დარწმუნდეს, რომ პუტინი ომს არ იწყებს, თორემ შეხვედრიდან რამდენიმე კვირაში ომის დაწყების ხომ არ შერცხვება პუტინს?! ამიტომ სერიოზული ექსპერტები ამას უყურებენ ყოველგვარი გადაჭარბებული პანიკის გარეშე. ცივი ომის შემდეგ რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობა ასეთ დაბალ ნიშნულზე არ ყოფილა. თანაც – ეს ხდება ამ პანდემიის პირობებში და საჭიროა შექმნილი ვითარების ნორმალიზაცია.

ბაიდენი გამოცდილი პოლიტიკოსია. ტრამპს პუტინთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია, სანამ პრეზიდენტი გახდებოდა. ათასი ეჭვია, სანამ ტრამპი გაპრეზიდენტებამდე სილამაზის კონკურსებს ატარებდა, რა კომპრომატი ჩაიგდეს მასზე ხელში რუსებმა, ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტობის დროსაა შეხვედრილი პუტინს, ანუ იცნობს და, შესაბამისად, ისეთი გულუბრყვილო პოზიცია, როგორიც ტრამპს ჰქონდა, არ აქვს. კლიმატზე ისაუბრებენ, მაგრამ მთავარი პრობლემა დღეს არის უკრაინა.

მთელმა ევროპამ იცის და ამერიკელებმაც, რომ პუტინი არ მოისვენებს, სანამ არ დაიბრუნებს უკრაინას. კულტურულად, ისტორიულად, უკრაინა რუსეთისგან განუყოფელი გახდა საბჭოთა კავშირის დროს და ამის დათმობა რუსეთს გაუჭირდება. ვერც ერთი რუსი ლიდერი უკრაინას ვერ დათმობს. მეორე საკითხი ისაა, რომ არსებობს ბუქარესტის შეთანხმება, როდესაც უკრაინა აიძულა მამა ბუშმა, თავისი ბირთვული იარაღი გადაეცა რუსეთისთვის და, სამაგიეროდ, საფრანგეთმა, გერმანიამ, ინგლისმა, ამერიკამ ოფიციალური დოკუმენტით მისცეს უკრაინას ტერიტორიულ მთლიანობაზე გარანტია. რუსეთმა ეს პრინციპი დაარღვია. ავიღოთ იგივე ყირიმი: დღეს უკვე მეტ–ნაკლებად კვალიფიციური ექსპერტები პირდაპირ წერენ, რომ კრავჩუკის სტრატეგიული შეცდომა იყო 1991 წელს ყირიმის დატოვება, ვინაიდან ყირიმი უცხოა უკრაინისთვის, კულტურულადაც, ისტორიულადაც, სარწმუნოებითაც, იცით, რომ დასავლეთ უკრაინაში კათოლიკები არიან. ხრუშჩოვმა რატომ გადასცა ყირიმი უკრაინას? ეს მისი ახირება კი არ ყოფილა, იმიტომ რომ დეგენერატი იყო?! ყირიმი უკრაინასთან ორგანულად არის დაკავშირებული ორი საკითხით, ესენია: წყალი და ელექტროენერგია. რუსეთმა უკვე რამდენჯერმე აღნიშნა, რომ გადაჭრა ყირიმისთვის წყლის მიწოდების პრობლემა, არადა, არაფერიც არ გადაჭრილა. თანაც, ყირიმში ისტორიულად, ყოველ ათ წელიწადში 4 წელი გვალვაა. ასევე, არც თავისი ელექტროენერგია ჰყოფნის ყირიმს და ომი აუცილებლად დაიწყებოდა, რომ არა ბაიდენის აქტიურობა. იმიტომ რომ, გაანგარიშებებით, ომი უფრო იაფი დაუჯდებოდა პუტინს, ვიდრე დამოუკიდებლად წყლისა და ელექტროენერგიის წყაროების შექმნა თვითონ ყირიმში.

– გასაგებია, რომ ყირიმის გამო რუსეთმა ან უკრაინამ შეიძლება, არ დაიწყოს ომი, მაგრამ დონბასი და ლუგანსკი ხომ რჩება იმ ადგილებად, საიდანაც, როცა უნდა, მაშინ ააფეთქებს უკრაინას რუსეთი არაოფიციალურად? არ მგონია, ბაიდენი ისეთი გულუბრყვილო, არ ელოდოს, რომ რუსეთი დონეცკსა და ლუგანსკში გადაიტანს ყურადღებას, ყირიმს რომ მოაშოროს?

– მანდ რთული პრობლემა ისაა, რომ მინსკის ხელშეკრულებები უკრაინისთვის იმთავითვე ძალიან წამგებიანი იყო. ევროპელები მაშინ, პირდაპირ რომ ვთქვათ, ძალიან გოთვერნულად მოიქცნენ, კერძოდ, საფრანგეთი და გერმანია. მინსკში უკრაინას ხელი მოაწერინეს აბსოლუტურად წამგებიან ხელშეკრულებაზე, ამიტომაც უკრაინელები არასდროს ასრულებენ მინსკის შეთანხმებებს და ეს პუტინის ხელში კოზირია. წარმოიდგინე: მხოლოდ როსტოვის ოლქში 400 კილომეტრამდე საზღვარი გადის უკრაინასთან – საზღვაოც და სახმელეთოც და აქედან უკრაინა აკონტროლებს მხოლოდ 24 პროცენტს. ამიტომ რუსეთს ხან რა შეიარაღება შეაქვს იქ და ხან – რა. ამდენად, ეს პრობლემა ვერ გადაწყდება, იქნება გაყინული და დიდი ომი აუცილებლად დაიწყება. მით უმეტეს, დასავლეთ უკრაინისთვის უცხოა რუსეთი, თან, ზელენსკიმ წითელი ხაზები გადაკვეთა; რუსული ენა აკრძალა, სარწმუნოებას შეეხო, რუსული ტელევიზიები აკრძალა, მედვედჩუკის, პუტინის მეგობრის, კომპანიას შეესია და დიდი ფული წაართვა, ანუ აიზილა ერთმანეთში პირადული და პოლიტიკა. მოვა საპრეზიდენტო არჩევნები და უკრაინელი სოციოლოგების აზრით, ზელენსკის მეორედ გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს. რა არის პოლიტიკოსისთვის ყველაზე ცუდი, რაც ჩვენს საკუთარ ტყავზეც გამოვცადეთ? როდესაც აუხდენელ დაპირებებს გასცემ; ისეთ თამასუქს, რომელსაც ვერასდროს გადაიხდი. რაც შეეხება ჩვენს თემას: ელჩების წასვლა-წამოსვლები, გაყრა-გამოყრები ადრეც ყოფილა.

– მახსოვს მეც, მაგრამ ასე ერთდროულად ამდენი ქვეყნიდან?!

– უარესიც ყოფილა, მაგალითად, როდესაც ინგლისელი მოდელი, რომელიც ერთდროულად რუსი ჩეკისტისა და ინგლისის ფინანსთა მინისტრის საყვარელი აღმოჩნდა.

– უფრო აქეთ პერიოდზე ვთქვი.

– მაშინ ერთდროულად 60 დიპლომატი გამოაძევეს. სნოიდენის დროს, სკრიპალების მოწამვლის დროსაც გამოყარეს ელჩები. ეს ხდება სარკისებურად: ერთი ქვეყანა 10-ს გამოყრის, მეორეც 10-ს გამოუყრის. პოლონეთს არ ეხებოდა ეს საკითხი, მაგრამ ამერიკელებისადმი სოლიდარობის მიზნით ორი რუსი დიპლომატი გამოუშვეს. თანაც, ოქტომბერში გერმანიაშია არჩევნები. მერკელი მიდის და სულ ახლახან შეარჩიეს პარტიის ლიდერი, რომელიც, ზოგიერთი მონაცემით, პრორუსია და ბაიდენს ესეც აინტერესებს. უნდა, პუტინს პირობა ჩამოართვას ან დაემუქროს, რომ არ ჩაერიოს გერმანიის არჩევნებში. „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ პრობლემაც ვერ გადაწყდა. ასე რომ, ძალიან ბევრი საკითხია და, როგორც ჩანს, პუტინი და ბაიდენი შეხვდებიან ერთმანეთს, ვინაიდან დაიწყო სამზადისი. მოსკოვმა უკვე გამოაცხადა, რომ ამერიკისა და რუსეთის საელჩოები მუშაობენ ამ საკითხზე. თუმცა გამორიცხული არაფერია, მით უმეტეს, რომ რუსეთში ბევრს უნდა ეს ომი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი