რატომ დაეცა საქართველოში ინტელექტუალური დონე და რის გამო სჭარბობს ქართულ პოლიტიკაში პროვინციალიზმი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:01 28.05

მაშინაც, როდესაც აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა დაიწყო და მიმდინარეობდა, შეიმჩნეოდა ორმაგი დამოკიდებულება საქართველოსა და პროგრამაში მონაწილე სხვა ქვეყნებისადმი, რასაც ქართველი პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგების ნაწილი იმით ხსნიდა და დღესაც ამითვე ხსნის, რომ ჩვენ უფრო მეტს გვთხოვენ, ვიდრე სხვებს, ვინაიდან მეტად ვგავართ დასავლელებს. მეორე მხრივ, თუმცა ალიევი 9 მაისის აღლუმს არ დასწრებია, მაგრამ აზერბაიჯანელმა კომანდოსებმა ჩაიარეს; ასევე, ჩავიდა ფაშინიანიც, მაგრამ ევროკავშირის ბიუროკრატიას აუგიც არ დასცდენია. უფრო მეტიც, ევროკავშირს ყაზახეთში, დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე, 200 მილიარდის ინვესტიცია აქვს განხორციელებული. რით იხსნება ასეთი აშკარად ორმაგი და გაუგებარი დამოკიდებულება? – ამ თემას დემურ გიორხელიძესთან ერთად განვიხილავთ.
– ისევ იმ გულუბრყვილო მოტივით ავხსნათ, რომ ჩვენ მეტს გვთხოვენ, როგორც მასწავლებლებს უყვართ თქმა, იმიტომ რომ მეტი შეგვიძლია და დაბადებით ევროპელები ვართ?
– ამ ძალიან მნიშვნელოვან კითხვას არსობრივად ვუპასუხოთ ყოველგვარი სიმპათია-ანტიპათიების გარეშე. ის, რაც ჩვენ გვესმის ქართველი, ეგრეთ წოდებული, პოლიტიკოსებისა და ექსპერტებისგან, ჩვეულებრივი ქართული პროვოინციალიზმია, რადგან მათ არ უნდათ, აღიარონ ფაქტი და რეალობა აღიქვან ისეთად, როგორიც არის, რეალობა კი არის ისეთი, როგორიც არის. ის არ არის შენთვის სასარებლო ან შენდამი მტრული. მთავარია, შენ შეგიძლია თუ არა ამ მოცემულობის სწორად აღქმა და გამოძრავებს თუ არა საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის განვითარების ინტერესი, რომ მართებული გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება ყაზახეთს: ჩვენ უნდა გვეყოს იმდენი პრიფესიული ცოდნა და პასუხისმგებლობა, ვაღიაროთ, რომ არავინ დაიჭერს საქმეს ისეთ არასერიოზულ ხელისუფლებებთან, როგორებიც საქართველოში იყო, მით უმეტეს, ფულის მქონე ხალხი. მათ შესანიშნავი ანალიტიკური ჯგუფები ჰყავთ და შესანიშნავად იციან საქართველოს შიდა მდგომარეობა. როგორც უნდა ეწყინოთ დღევანდელი ხელისუფლების მომხრეებს, მე პროფესიულად ვაანალიზებ ვითარებას.
– და, მაგალითად, ტოკაევი რითია უფრო სერიოზული?
– ტოკაევისა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური წონა მსოფლიოში, უბრალოდ, შეუდარებელია. რატომ? ტოკაევი იყო გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე. ის პოლიტიკური ფიგურაა და დღეს, ყაზახეთის კონსტიტუციით, ნომერ პირველი პირია, რომელსაც აქვს ავტორიტეტი. რომელსაც შეუძლია, რთულ ვითარებაში მიიღოს რთული გადაწყვეტილება. როდესაც ტოკაევის ჩამოგდებაზე იყო საუბარი და, ფაქტობრივად, რევოლუცია უნდა მომხდარიყო, მან მიიღო სწორი გადაწყვეტილება და „ოდეკაბეს“ დახმარებით შეინარჩუნა მდგომარეობა, რაც ყაზახეთისთვის აუცილებელი იყო. ის ზომიერ პოლიტიკას ატარებს რუსეთის მიმართ, თუმცა, შესანიშნავად იცის, რომ რუსეთთან მისი კონფრონტაცია არის ყაზახეთის დასასრული. ამიტომ რუსეთისადმი მისი ხისტი პოზიციის მიზანია, რომ რუსეთისგან, რაც შეიძლება, მეტი სარგებელი მიიღოს და აზრად არ აქვს ქართული იმბეცილური პოლიტიკის მსგავსი რამ. ესე იგი, ყაზახეთისა და საქართველოს პოლიტიკური ლიდერები შეუსაბამონი არიან, პოლიტიკური წონის თვალსაზრისით. მეორე – ყაზახეთისა და საქართველოს ეკონომიკური გარემოც შეუსაბამოა. იქაც სერიოზული კორუფცია და სხვა პრობლემებია, მაგრამ აშკარაა მთავარი ვექტორი – ყაზახეთი ვითარდება. მათ აქვთ ღრმა ისტორიული პრობლემები: ყაზახეთი არასდროს ყოფილა სახელმწიფო, გარკვეული კულტურის ხალხია, რომლებსაც თავისებურად ესმით სოციალური გარემო. ჩვენ კი ჩვენი უზარმაზარი რესურსი, ჩვენი ფანტასტიკური კულტურა, ჩვენი სახელმწიფო, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის სამხრეთ კავკასიაში მდებარეობს, ვაქციეთ ძარცვის მექანიზმად. ყველას ვაჩვენეთ, რომ ვართ ხალხი, რომელიც არ უვლის და არ უფრთხილდება თავის სახელმწიფოს და გვყავს არასერიოზული ხელისუფლებები. როგორ ფიქრობთ, ისინი დაუჭერენ მხარს ხალხს, რომლებსაც ჰყავს წინა ან ამჟამინდელი ხელისუფლება?! ან, თუნდაც, შევარდნაძის ხელისუფლება ჰყავდა, რომელიც დანაშაულის გზით მოვიდა?! როდესაც ხალხი ასეთ არასერიოზულსა და არალეგიტიმურ ხელისუფლებებს უჭერს მხარს?! მათ შეიძლება, გარეგნულად მხარი დაუჭირონ სააკაშვილს ან დღევანდელ ხელისუფლებას რაღაცაში, მაგრამ ისინი ხომ ხედავენ, რომ ასეთ გარემოში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და ამ ქვეყანასთან სერიოზული პოლიტიკური ურთიერთობის დამყარება შეუძლებელია?! პოლიტიკა ძალიან სერიოზული საქმეა და ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს პოლიტიკური ავტორიტეტი. სწორედ პიროვნული ავტორიტეტი განსაზღვრავს პოლიტიკურ ავტორიტეტს და არ აქვს მნიშვნელობა ქვეყნის ზომას. შენ ახლა ძალიან დიდი ქვეყანა ხარ, იმიტომ რომ ყველა დიდ ქვეყანას სჭირდება სამხრეთ კავკასია სტრატეგიული მიზნებისთვის. ესე იგი, შენ რომ ავტორიტეტული, სერიოზული პოლიტიკური მოღვაწე გყავდეს ან პარლამენტში, ან მთავრობაში, ან პოლიტიკურ სცენაზე სერიოზულ ხალხს ვხედავდეთ, მაშინ დამოკიდებულება სხვანაირი იქნებოდა.
– შევარდნაძის დროს დასავლეთი მხარს უჭერდა მას გამსახურდიას წინააღმდეგ და გადატრიალებად არც შეუფასებია მომხდარი.
– ცხადია, იმიტომ რომ მისი ორგანიზებული იყო და მას გეოპოლიტიკური ინტერესი ჰქონდა. დასავლეთის მთავარი გეოპოლიტიკური ინტერესი იმთავითვე გარკვეული იყო: სამხრეთ კავკასიის, შუა აზიის კონტროლი და რუსეთის იზოლაცია, მისი ჩაკეტვა ჩრდილო ნაწილში.
– დავასრულებ შეკითხვას: სააკაშვილის ხელისუფლებას უწოდებდნენ „დემოკრატიის შუქურას“ და ახლაც გვეუბნებიან, რომ უნდა ავაღორძინოთ დემოკრატია, ეს წერია ყოვლად გაუგებარ „მეგობარ აქტში“, რაც ნიშნავს, რომ დემოკრატია ზეობდა, შემდეგ დაიმცრო და ისევ უნდა აღზევდეს. ვთქვათ, ტოკაევისა და ალიევის პოლიტიკური წონა მეტია ივანიშვილის პოლიტიკურ წონაზე, მაგრამ როგორია მათი პოლიტიკური წონა, რომლებიც სამხედრო გადატრიალებას უწოდებდნენ ლეგიტიმურს და 2003-2011 წლების მმართველობას – უზადოდ დემოკრატიულს?
– ცხადია, ეს აქტი თავიდან ბოლომდე ტრაგიკომიკური ფარსია, რომელიც დასავლეთის იმ პოლიტიკურ წრეებზე მიუთითებს, რომლებსაც თითქმის 30 წლის განმავლობაში ვერაფრით გაუგიათ, რა ქვეყანასთან, რა ხალხთან და კულტურასთან აქვთ საქმე. 90-ანებში საქართველოში ყველას უნდოდა დასავლეთი და იცით, რატომ? 200 წელი ვიყავით ერთ სისტემაში, ერთ იმპერიაში, შემდეგ გამოჩნდა ახალი, უკეთესი და ქართველებმა გადაწყვიტეს, თუ აირჩევდნენ დასავლეთს, ჩვენც გვინდა ასეთი აწყობილი სახელმწიფოები და ეს სწორი სურვილი იყო, ფონს გავიდოდნენ, მაგრამ, ქართული ზერელობიდან გამომდინარე, მათ არ იფიქრეს, როგორ შეიქმნა ასეთი დასავლეთი. შენ თუ გინდა ისე აწყობილი სახელმწიფო გქონდეს, შენ ისეთივე კონსტრუქცია უნდა ააგო შენს ქვეყანაში და არა ევროკავშირში, რუსეთში ან თურქეთში შეხვიდე. ესეც პოლიტიკური გაუნათლებლობის, იდეოლოგიური მარწუხებისა და დაბალი ინტელექტის ბრალია. დღეს პოლიტიკაზე ლაპარაკობს ხალხი, რომლებსაც უბრალოდ, პროფესიული განათლება არ აქვთ. იმ წყალწყალა უნივერსიტეტებში, რომლებიც განადგურებულია იდეოლოგიური შლაკისგან, ახალგაზრდებს, უბრალოდ, წაართვეს აზროვნების უნარი. ჩვენი უბედურება ის არის, რომ ჩვენ არ გვინდა დავინახოთ, რა არის ჩვენი უბედურება და ყოველთვის ვაბრალებთ სხვას: ჩვენ გვთხოვენ ბევრსო. რამდენი წელია, შენი ქვეყანა გაქვს და რა გიშლიდა ხელს, აგეგო დასავლური ტიპის სახელმწიფო?
– ეს უმთავრესი საკითხია. იმიტომ რომ ჩვენ შრომა კი არ გვინდა, ისეთი სახელმწიფო რომ ავაგოთ, არამედ იმ სისტემაში შესვლა, იმ იმედით, რომ მერე აქ თავისით აიგება ისეთივე სახელმწიფო.
– ქართველი ანალიტიკოსები, პოლიტიკოსები იმდენად გაუნათლებლები არიან, რომ სისულელეს ლაპარაკობენ, რომ ჩვენ, თურმე, დასავლური ფასეულობები უნდა წამოვიღოთ. ეს უმეცრების მაღალი დონეა, რადგან ფასეულობათა სისტემა კატეგორიათა სულ სხვა სფეროა. დემოკრატიაში არ არსებობს ფასეულობა. ფასეულობები არსებობს კულტურაში. ქართული და დასავლური კლასიკური კულტურების ფასეულობათა სისტემა კი აბსოლუტურად ერთნაირია, ორივე ქრისტიანული კულტურაა. ის, რაც 30 წელია, ხდება დასავლეთში, არის საკუთარი თავის ნგრევა და რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ესეც იგივეა. შენ გაქვს ფანტასტიკური კულტურა და არ გჭირდება ფასეულობები, შენც იგივე გაქვს. შენ გჭირდება სახელმწიფო კონსტრუქცია, თამაშის წესები, სამართლის და არა კანონის უზენაესობა. კანონი ვირეშმაკულიც შეიძლება, იყოს და ჩვენთან ვირეშმაკული კანონებია, კანონი არ შეიძლება, იყოს უზენაესი. უზენაესი შეიძლება, იყოს სამართალი, სამართალს კი კულტურა გკარნახობს და შენი კანონმდებლობა ამ სამართალზე უნდა აიგოს. რა თქმა უნდა, არის ზოგადი პრინციპები, რომლებიც ყველა სერიოზულ სახელმწიფოში ერთნაირია, უბრალოდ დიზაინია სხვადასხვა. ამდენად, ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა სუკეთესო ნიმუშია იმისა, რომ ქართული ინტელექტუალური აზრი დაცემულია იმაზე უფრო დაბლა, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლებოდა.
არადა ქართული ინტელექტუალური აზრი არასდროს ყოფილა ასეთ დაბალ ფონეზე. განათლების დეგრადაციამ, მეცნიერების განადგურებამ, ცოდნის უარყოფამ და იდეოლოგიურმა მიზანშეწონილობამ, ახალგაზრდებისა და საშუალო და უფროსი თაობის ძალიან ლაბილური ხასიათის ადამიანების გადაგვარებამ მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე. ათასობით ადამიანი გადის, აპროტესტებს რუსულ კანონს, არ გვინდა ჩელიაბინსკშიო და არაფერს აპროტესტებს, რაც სახელმწიფოს ხელს უშლის განვითარებაში. წინა ხელისუფლება ხომ სრული კატასტროფა იყო და არანაკლები კატასტროფაა დღევანდელი ხელისუფლებაც. დემოკრატიის აღდგენაო, რომ ამბობენ დასავლეთში, ამას მარტივი მიზეზი აქვს: მათ აქვთ ძალიან მძიმე მდგომარეობა. დასავლეთი სერიოზულად დამარცხდა უკრაინაში. გინდა, გიყვარდეს ამერიკა და გინდა, არ გიყვარდეს, წააგეს. რატომ წააგო ამერიკამ?! იმიტომ რომ სწორად არ შეაფასეს და ეს არის იმ ანალიტიკური სამსახურების ბრალი, რომლებიც სტრატეგიულ დაგეგმარებაზე მუშაობენ. თუ ჩვენ გვაინტერესებს რეალობა, უნდა ვიცოდეთ, რომ ის სიმპათიებზე ვერ აიგება. მე მომწონს თუ არა რუსეთი, ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა საქართველოს მომავლისთვის. რუსეთი არის მოცემულობა. ქართველები კი არ აღიქვამენ ამას მოცემულობად და იდეოლოგიურ ტლაპოში ამოგანგლულები სისულელეებს ლაპარაკობენ. არადა, თუ გინდა, განვითარდე, მასთან პრაგმატული ურთიერთობა უნდა დაამყარო. შენ კი გინდა, რუსეთის მტერი იყო. რუსეთთან დასალაგებელია ერთადერთი საკითხი – უსაფრთხოების საკითხი. თუ საქართველოდან რუსეთს არ დაემუქრება საფრთხე და რუსეთს დიდი საფრთხე ემუქრება, ცხადია, არა ჩვენგან, არამედ ჩვენი გამოყენებით, მაშინ რუსებმა გარანტია უნდა მოგვცენ და მოგვცემენ კიდეც, რომ რუსეთიდან არაფერი ემუქრება საქართველოს. მაშინ ყველაფერი დალაგდება. შენ არსად უნდა წახვიდე, შენ ვერ შეხვალ ევროკავშირში, მაგრამ შენ გჭირდება ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან