პოლიტიკა

რატომ არის საქართველოში ინვესტორი მიჩნეული ხელშეუხებელ ადამიანად, რომელსაც ფიანდაზად უნდა გაეგო

№5

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 08.02, 2023 წელი

სოსო არჩვაძე
დაკოპირებულია

ჩვენთან მიღებულია (და დამოუკიდებლობის ლამის გარიჟრაჟიდანვე), რომ ინვესტორი თითქოს მეორე ადამიანია ღმერთის შემდეგ დედამიწაზე. შესაბამისად, დე-ფაქტო მათ ყველაფრის უფლება აქვთ (დე-იურედაც არ უჭირთ, აქეთ – „შრომის კოდექსისა“ და იქით – ინვესტიციების წმიდათაწმიდად შერაცხვის გამო). ბუნებრივია, ეს ბადებს კითხვებს, მათ შორის, ინვესტორები მხოლოდ ჩვენი ბედნიერებისთვის აბანდებენ თავიანთ ფულს საქართველოში? – ამ თემას იოსებ არჩვაძესთან ერთად განვიხილავთ.

– ინვესტორები ცოტა ფულს შოულობენ ჩვენს ქვეყანაში, თუ რატომ უნდა გავეგოთ ფიანდაზად და გამოვაცხადოთ რჩეულებად?

- ორგვარი ახსნა აქვს ამას: წმინდა ეკონომიკური და ფსიქოლოგიურ-ისტორიული. საუცხოო, ანუ ყოველგვარი უცხოურისათვის ქედის მოხრა არახალია ქართული მენტალობისთვის და რადგან უცხოელ ინვესტორზეა საუბარი, ამ მხრივ, ეს ბუნებრივია. თუმცა მინდა, გითხრათ, რომ ინვესტიციებს საქართველოში მხოლოდ უცხოელები არ ახორციელებენ. საქართველოს მოქალაქეებიც და ქართული ბიზნესიც აბანდებს თანხას და, როგორც წესი, ჩვენს ინვესტიციებში, თუ ავიღებთ კაპიტალის ხაზით, ქართული ინვესტიციების თანაფარდობა უცხოურთან საკმაოდ მაღალია. დაახლოებით, 2.5-3 ერთთან.

– ანუ ჩვენებური ბიზნესი და ბიზნესმენები სამჯერ მეტს ფულს აბანდებენ საქართველოში, ვიდრე უცხოელები?

– დიახ, მაგრამ შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს და ზოგის ბამბაც ჩხრიალებს. საქმე ისაა, რომ უცხოური ინვესტიციებისადმი ასეთი დამოკიდებულება ეკონომიკურად იმითაც იხსნება, რომ გასული საუკუნის 90-ან წლებში, როდესაც ძალიან მოკლე ვადაში, თითქმის მყისიერად გაჩერდა ქვეყნის ეკონომიკა, წარმოება, უცხოური კაპიტალი გახდა ჟანგბადის ის ბალიში, რომელსაც უნდა ეშველა კომაში ჩავარდნილი ქართული ეკონომიკისთვის. ხომ არსებობს პირველი შთაბეჭდილების ეფექტი, რომლის შეცვლაც შემდეგ რთულია?! დაახლოებით, ეს მოხდა ამ შემთხვევაში. ინვესტორები შემოდიან იმ სფეროებში, რომლებშიც ყველაზე მეტად იგრძნობა კაპიტალის ნაკლებობა; იმ დარგებში, რომელთა პროდუქციაზეც გაზრდილი მოთხოვნაა და იმ რეგიონებში, სადაც მაღალია მოთხოვნა პროდუქციაზე როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 25 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

– ბევრია თუ ცოტა?

– რთული სათქმელია. მაგალითად, თუ ინვესტიციებს შევადარებთ უცხოეთიდან პირდაპირი ტრანზაქციების მოცულობას, ეს უკანასკნელი გაცილებით მეტი გამოდის.

– საუბარია ფულად გზავნილებზე, რომლებსაც ჩვენი უცხოეთში წასული თანამემამულეები აგზავნიან საქართველოში?

– არა მარტო. ფულადი გზავნილები შეიძლება ეკუთვნოდეთ, როგორც ჩვენს მოქალაქეებს და მათი წილი განმსაზღვრელი და დიდია, ასევე, სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც, რომლებიც სხვადასხვა მიზნით აგზავნიან ფულს საქართველოში. ბოლო წლის მონაცემებმაც დაადასტურა, რომ რუსეთიდან გაიზარდა ფულადი ტრანზაქციები, მეტსაც გეტყვით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში თვითონ ამ ტრანზაქციებმა იტვირთა ინვესტიციების როლი. 2018 წლის შემდეგ ტრანზაქციების მოცულობა მნიშვნელოვნად აღემატება ინვესტიციების მოცულობას. გასული წლის მეოთხე კვარტლის მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ვვარაუდობ, რომ, სულ ცოტა, 2.2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია იქნება განხორციელებული, ტრანზაქციების მოცულობა კი ორჯერ მეტია. ეროვნულმა ბანკმა უკვე გამოაქვეყნა ეს მონაცემი. ტრანზაქციების მოცულობა ბოლო წლებში უფრო ინტენსიურ როლს ასრულებდა საქართველოში პროდუქციის წარმოების, დამატებული მოთხოვნის ფორმირებისა და ქვეყნის ეროვნული ეკონომიკის ზრდის საქმეში. მაგრამ ეს ორივე მუშაობს ერთი მიმართულებით: ეკონომიკის, რაც შეიძლება, სწრაფი მოძრაობის, გამოცოცხლების, მეტი სამუშაო ადგილის შექმნისა და ამის საფუძველზე საქართველოს მოსახლეობის არც თუ მცირე ნაწილის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე.

– ინვესტორები მოგებას ხომ იღებენ? უცხოელებზე ვილაპარაკებ ამჯერად. ჩვენი შრომის კოდექსი იმთავითვე მოერგო ინვესტორების მოთხოვნებს და კარგად მახსოვს გილაურის გამოსვლა, პრემიერ-მინისტრი იყო მაშინ, რომ უცხოელი ინვესტორები აღფრთოვანებულები არიან ჩვენი „შრომის კოდექსითო“, რაც ბუნებრივი იყო, მონის ექსპლუატაცია გაცილებით იოლია.

– პასუხს დავიწყებ ქართული ანდაზით; თაფლი იყოს და ბუზი ბაღდადიდან მოფრინდებაო. რა თქმა უნდა, ინვესტორები ორიენტირებულები არიან მოგებაზე. საქართველოში კაპიტალის შემოსვლას ორი ფაქტორი განსაზღვრავს: ერთია მოგების შედარებით მაღალი ნიშნული და მეორე, რომ იმ სახის კაპიტალის ფუნქციონირება საკუთარ ქვეყანაში აღარ იძლევა შედეგს და ისინი ეძებენ დამატებით ბაზარს თავიანთი კაპიტალის დასაბანდებლად. ავიღოთ „კოკა-კოლა“: მისი ექსპანსია მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია და ამერიკიდან სხვა ქვეყნებში ამ ბიზნესის გადასვლა მხოლოდ იმით კი არ იყო განპირობებული, რომ სხვაგან იაფი სამუშაო ძალაა, არამედ იმის გამოც, რომ ახალ ბაზრებზე შეეტანათ მოხმარების ახალი კულტურა და შეიძლება, იქ მოხმარების ნორმა არ იყოს მაღალი, მაგრამ ეს მაინც ნიშნავს წარმოების მოცულობის გაზრდას. ამდენად, ეს ორი ფაქტორი: მოგების მაღალი ნორმა და საკუთარი გაჯერებული ბაზრიდან ახალ ბაზრებზე გასვლა ერთდროულად მუშაობს. ინვესტორის იმანენტური ბუნებაა ექსპანსიონიზმი, ავანტიურიზმი და მოგების მაღალ ნორმაზე ორიენტაცია.

ანუ არა მხოლოდ ჩვენ გვინდა ინვესტიციები, არამედ ინვესტიციებსაც ვუნდივართ ჩვენ, რომ კიდევ უფრო გამდიდრდნენ და უფრო პასიურად, იმიტომ რომ თავიანთ გაჯერებულ ბაზარზე წარმოების გასაფართოებლად უფრო ორიგინალური აზრების მოფიქრება დასჭირდებოდათ?

– თუ „კოკა-კოლა“ მხოლოდ ამერიკის ბაზარზე დარჩებოდა, მხოლოდ 395 მილიონ ადამიანზე იქნებოდა გათვლილი, თუ სხვა ქვეყნებშიც გავიდოდა, გაიზრდებოდა წარმოების მოცულობა. ჩვენ საკუთარი სახსრებით დიდხანს ვერ შევძლებდით წინ წასვლასა და განვითარებას, იმიტომ რომ ფულს, ზოგადად, ინვესტიციას და, მათ შორის, კაპიტალს, ქეშს აქვს მულტიპლიკატორული ეფექტი. როდესაც ჩვენ ვქმნით დამატებით სამუშაო ადგილს ერთ სფეროში, ეს გარკვეული კორელაციით იწვევს გარკვეული ოდენობის სამუშაო ადგილების შექმნას სხვაგან. პირობითად, ადამიანი, რომელმაც ააშენა სასტუმრო ან თავისი სახლი გააქირავა და ამაში, ვთქვათ, სტაბილურად იღებს 1 000-დოლარიან შემოსავალს, გადის ბაზარზე და ამ თანხით ბაზარზე ზრდის ერთობლივ მოთხოვნას; მეტი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, მოგზაურობა, სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილება. შესაბამისად, მის მიერ გადახდილი თანხით, რომელიც სხვისთვის შემოსავალია, ის სხვაც გადის ბაზარზე და, ფაქტობრივად, მთელი საზოგადოებრივი დოვლათი დაჩქარებულად იწარმოება და იზრდება. ამიტომ თავის დროზე ამ ინვესტიციებმა დიდი როლი შეასრულა, ჯერ, საქართველოს კრიზისიდან გამოყვანაში და შემდგომში – ეკონომიკის განვითარებაში. არსებობს პირველი ბიძგის, პირველი იმპულსის თეორია, რის მიხედვითაც რაღაცის მოძრაობაში მოსაყვანად საჭიროა დახმარება და გასული საუკუნის 90-ანების შუა ხანებში უცხოურმა ინვესტიციებმა ეს როლი შეასრულეს საქართველოს ეკონომიკაში. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მუდმივად ქედწახრილი იყოს ქართველი საზოგადოება. თუმცა ინვესტორები ემორჩილებიან იმ კანონებს, რომლებიც საქართველოში მოქმედებს.

– ყველგან ასეთი აღტაცებული დამოკიდებულებაა ინვესტორებისადმი, თუ ეს დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკის დონეზე?

– ზოგადად, რა თქმა უნდა, ინვესტიციებს ენთუზიაზმითა და, ხატოვნად რომ ვთქვათ, პლაკატებითა და სასულე ორკესტრით ხვდებიან შედარებით დაბალგანვითარებულ ქვეყნებში და ამას ემატება ქართული სპეციფიკა, ყოველგვარი უცხოურისადმი წამხედური დამოკიდებულება. მაგრამ ესეც თანდათანობით წარმავალია. ჯერ ერთი, ჩვენთან სამუშაო ძალის ღირებულება, ავად თუ კარგად, ნელ-ნელა მაინც იზრდება. ლარის გამყარებისა და თურქული ლირის დევალვაციის გამო საქართველოში საშუალო ხელფასმა გადაუსწრო თურქულს. რამდენ ხანს გასტანს, ამის თქმას მიჭირს, მაგრამ დღეს საქართველოში ხელფასის დონე უფრო მაღალია, ვიდრე თურქეთის რესპუბლიკაში.

– თუმცა თურქული ლირის გაუფასურება ზეგავლენას არ ახდენს თურქეთში პროდუქციის ფასზე, ჩვენთან კი ფასები ძვირდება, მიუხედავად ლარის გამყარებისა.

– დიახ, უბრალოდ, ეს მაგალითი იმიტომ მოვიტანე, რომ სამუშაო ძალა ძველებურად იაფი აღარ არის საქართველოში და ინვესტორი თუ შემოვა, არა იმდენად სამუშაო ძალის სიიაფეს იქნება დახარბებული, რამდენადაც ახალი ბაზრის ათვისებას. ჩვენ უნდა შევქმნათ პირობები, რომ შემოვიყვანოთ უცხოური კაპიტალი, რომელიც დაკავშირებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებთან, მაღალი დამატებითი ღირებულების შექმნის პოტენციალთან. ერთია, როდესაც ინვესტიცია ხორციელდება რამე ტრადიციულ საქმიანობაში და მეორე, როდესაც მაღალი ტექნოლოგიები აწარმოებს მეცნიერულ ტევად პროდუქციას; ეს უკავშირდება საავიაციო მრეწველობას, კომუნიკაციებს. თუმცა პრობლემად გამოვყოფდი იმას, რომ ბოლო წლებში სოფლის მეურნეობაში, ასე თუ ისე, იზრდება ინვესტიციები, ოღონდ ჩვენ უფრო მეტი გვინდა, იმიტომ რომ ეს დარგი, მწარმოებლურობის მიხედვით, ჩამორჩენილია კაპიტალშეიარაღებით ერთ სამუშაო ადგილზე, მაგრამ, თუ ავიღებთ თანაფარდობას, 7-8-ჯერ და ცალკეული პერიოდების მიხედვით, თითქმის 10-ჯერ მეტია უცხოური ინვესტიცია უძრავ ქონებაში, ვიდრე სოფლის მეურნეობაში. უძრავ ქონებაში კი შედის არა მარტო მიწა, არამედ შეიძლება, შედიოდეს შენობა-ნაგებობაც, თუმცა მათი ნაწილი შეიძლება, უკავშირდებოდეს მიწას. ამდენად, მიწა, როგორც საკუთრების ობიექტი, არანაკლებ და ამ შემთხვევაში უფრო მეტადაა უცხოელი ინვესტორების ინტერესი, ვიდრე მიწა, როგორც მეურნეობის ობიექტი. ფრჩხილებს ნუ გამახსნევინებთ, მაგრამ ხაზს ვუსვამ, მათი ეს ინტერესი გრძელვადიან პერსპექტივაში არ ემსახურება საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებსა და უსაფრთხოებას და საჭირო იქნება გარკვეული ზომების გატარება, მონიტორინგი მაინც, რომ ამან არ მიგვიყვანოს არასასურველ შედეგამდე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი