პოლიტიკა

რატომ არის მცდარი პოლიტიკა, რომ, თუ დასავლეთზე ხარ ორიენტირებული, სხვა მიმართულებებით არც კი უნდა გაიხედო

№5

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 08.02, 2023 წელი

დემურ გიორხელიძე
დაკოპირებულია

2023 წლიდან „ალიბაბა გრუპი“ ანკარისა და სტამბოლის შემოგარენში მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს, იმისთვის, რომ თურქეთის ხსენებულ ტერიტორიაზე მონაცემთა ბაზისა და ლოჯისტიკური ცენტრი შექმნას. ეს ბადებს ეჭვს, რომ თურქეთი, მიუხედავად ჩინეთთან არც თუ თბილი ურთიერთობისა, რუსეთ-უკრაინის ომის პირობებშიც მუშაობდა მის ხელისუფლებასთან და შედეგმაც არ დაახანა. ცნობილია, რომ თურქეთის ხელისუფლებამ კარგა ხანია, თურქეთი ენერგეტიკულ ჰაბად გადააქცია და აწ უკვე ეკონომიკური ჰაბის ფუნქციასაც უმატებს. ამ თემაზე დემურ გიორხელიძე გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას.

– რას ნიშნავს ეს ინვესტიცია თურქეთისთვის, ჩინეთისთვის და ჩვენი რეგიონისთვის? ჩინეთი გაიხსნა და ეს ამბავიც შევიტყვეთ.

– საკითხი ცოტა სხვაგვარადაა დასანახი, მე ამაზე უკვე თვეებია, ვწერ, სრულიად გარკვევით, მაგრამ, სამწუხაროდ, მთავრობა ყრუა, მისი სამსახურები ყრუა, რომ ინფორმაცია მაინც დაამუშაონ. საქმე ის არის, რომ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიოს სამი მთავარი მოთამაშიდან ორს გამოკვეთილი ინტერესები აქვს, მე ვამბობ გლობალურ და არა რეგიონულ მოთამაშეებზე – თურქეთსა და ირანზე... რუსეთისა და ამერიკის ინტერესები დაჯახებულია სამხრეთ კავკასიაში და ხედავთ, როგორი დაძაბული სიტუაციაა, მაგრამ გასულ წელს, როგორც კი შევნიშნე, დავწერე, რომ სამხრეთ კავკასიაში მესამე გლობალურ მოთამაშესაც უჩნდება უდიდესი ინტერესები. ჩინეთი სამხრეთ კავკასიაში, ფაქტობრივად, სრულფასოვანი მოთამაშე ხდება და ავხსენი კიდეც მიზეზი: რუსეთ-დასავლეთის კონფლიქტის პირობებში რუსეთის გავლით უმოკლესი გზა ევროპისკენ ჩინეთისთვის ამ პრობლემების თავის თავზე გადატანა იქნებოდა. ამიტომ რუსეთთან ჩინეთი იტოვებს კარგსა და პრაგმატულ ურთიერთობებს, მაგრამ მან მეორე გზა დაინახა, რომელიც უმოკლესია. ტრადიციული გზა იცით: ოკეანეების გავლით, სუეცის არხით... სწორედ ამ გზის ალტერნატიული უნდა ყოფილიყო ანაკლიის სატრანსპორტო კვანძი და არა პორტი.

– აქვე ვიტყვი, რომ ჩინეთის მონაწილეობა ნებისმიერი ფორმით ანაკლიის პორტის მშენებლობაში, მესმის, რომ თქვენ სატრანსპორტო კვანძზე საუბრობთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აკრძალა.

– მივადექით ყველაზე მთავარ საკითხს: როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაა მიუღებელი რუსეთის ყოფნა სამხრეთ კავკასიაში, ისევე მიუღებელია ეს ჩინეთისთვის. მე იმას ვუსვამდი ხაზს, რომ ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ბოლო 700 წლის დროინდელ პოლიტიკას – თამაშს ნულოვანი ჯამით, რომელიც გვანგრევს. ახლა იდეალური საშუალებაა, რომ ამ სამი მოთამაშის წინააღმდეგობებზე გაატარო ისეთი პოლიტიკა, რომელიც აბსოლუტურად არაკონფრონტაციული იქნება. ქართველები კი რას აკეთებენ?! იმავე პრემიერმა რა გაახმოვანა დავოსში? იყურება მხოლოდ ერთ მხარეს, ამ დროს კი, ერთ-ერთი მთავარი ჩინური ფული იყო ანაკლიის სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაში. დაინტერესებული ყველაა, რუსეთსაც თავისი ინტერესი აქვს, ჩვენ კი კონფრონტაცია გვინდოდა. ამას ველოდი და თვეებია, ვწერდი, რომ დღეს ეს ჩინეთისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი გზაა ევროპისკენ, თანაც – უმოკლესი. ჩინეთი იძულებულია, გვერდი აუაროს რუსეთს, თორემ, კარგი ურთიერთობა რომ იყოს რუსეთსა და დასავლეთს შორის, არანაირი გადატვირთვა არ დასჭირდება ტვირთებს, პირდაპირი მატარებლით მიდის ევროპაში.

– თან, ერთი რკინიგზით ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე.

– დიახ, თან, ორ კვირაში, მაშინ, როდესაც ოკეანეებს სულ ცოტა 2-3 თვე სჭირდება. ასე რომ, ეს მომენტი საქართველოში დაიკარგა ქართული უპასუხისმგებლობის შედეგად, როდესაც მთავრობამ ანაკლიის ტენდერზე მიიღო მკვდარი გადაწყვეტილება. მე არ მაინტერესებს, ვინ დააძალა და ვინ არ დააძალა. თუ ხარ ხელისუფლება, უნდა იმოქმედო შენი სახელმწიფოს ინტერესებით. ამერიკელები რამეს იმიტომ კი არ გაძალებენ, რომ ცუდები არიან?! ისინი პრაგმატული ხალხია, თავიანთი ინტერესები აქვთ და, სულაც არ აინტერესებთ შენი ინტერესი, იმიტომ რომ 30 წელია, ხედავენ ქრთამში ჩაძირულ სახელმწიფოს. მე მისაუბრია ამერიკის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და ვიცი, რომ მათ ყველაფერი იციან, რაც აქ ხდებოდა და ხდება, დალაგდით და რა პრობლემააო, საკმაოდ ცინიკურად მითხრეს. მით უმეტეს, რომ ჩვენ ამერიკასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს, იმიტომ რომ დიდი უჭკუობა იქნება, ჩვენ თუ ურთიერთობას გავიფუჭებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის უნდა ვაკეთოთ, რასაც გვეტყვიან ან ავდგეთ და კუდი ვუქიცინოთ. ეს პროვინციული პოლიტიკაა. უსუსური, შემთხვევითი ადამიანების პოლიტიკაა, როდესაც ჩრდილოეთს „ბაბაია“ უნდა უძახო და აქეთ კუდი აქიცინო. ბოლო 700 წელია, ამან ძლიერად დააზიანა ქვეყანა.

ახლა ჩვენ დავდექით ფაქტის წინაშე; ის, რაც საქართველოში შეიძლებოდა, ყოფილიყო და საქართველო იდეალური ადგილია ჰაბისთვის, იქნება თურქეთში. რა არის, იცით, მცდარი პრემიერის პოზიციაში?! ქვეყნის ჰაბად გადაქცევა არ შეიძლება. ეს, უბრალოდ, რესურსია, რომელიც უნდა გამოიყენო, მაგრამ, თუ შენ აქ გზაგამტარ ქვეყანას გააკეთებ, ამას შესაბამისი დამანგრეველი გავლენა ექნება. თუმცა ერთი მუჭა ხელისუფლებისთვის ეს იქნება ქრთამის მეშვეობით კარგად ცხოვრების საშუალება. ჩინელებმა შესანიშნავად იციან, რა სიტუაციაა აქ, მით უმეტეს, საკმაო ხანია, საქართველოში არიან. თბილისში „ჰუალინგი“ ააშენეს, დასავლეთ საქართველოში უზარმაზარ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ. მე თვითონ ჩამოვიყვანე უზარმაზარი ჩინური კომპანია ჩემი მეგობრების მეშვეობით და შევახვედრე ხელისუფლებას, მაგრამ ხედავენ არასერიოზულ ხალხს.

და რა მოხდა ახლა?! „ალიბაბა“ საქართველოში კი არ შემოვიდა, არამედ ერდოღანთან მოილაპარაკეს. ერდოღანი პრაგმატული პოლიტიკოსია, ვის მოსწონს და ვის – არა, სხვა საქმეა, მაგრამ ის თავისი ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს. ერდოღანს ჯერ არ გადაუდგამს ნაბიჯი, როდესაც თურქეთზე წინ ვინმე დააყენა.

– მაგრამ ისიც ვთქვათ, თურქეთში უფრო მეტი სტაბილურობაა, ვიდრე სამხრეთ კავკასიაში?

– რა თქმა უნდა. თურქეთი სახელმწიფოა, საქართველო კვაზისახელმწიფოა. აწი თუ თავსგადამხდარი უბედურებები გამოგვაფხიზლებს და რამეს გვასწავლის, იმიტომაც ვარ მე ძალიან აგრესიული და ძალიან აქტიური. ეს ყველაფერი დაწერილია: რომ ჩინელებს გაუჩნდათ სამხრეთ კავკასიის ინტერესი და გაუჩნდათ პრაგმატულად. მერე რა, რომ თურქეთიისლამური სახელმწიფოა?! აქედან ორივე ქვეყანა ხეირს მიიღებს. ეს ჩვენ არ ვიცით, რა არის პრაგმატიზმი, ჩვენ ვიცით მხოლოდ იდეოლოგიური, ჩამყაყებული შტამპები და რომ ვართ, თურმე, სადღაც ორიენტირებულები და ამიტომ სხვას არავის გამარჯობაც კი არ უნდა ვუთხრათ. ანუ, თუ დასავლეთზე ვართ ორიენტირებულები, ჩვენებური პროვინციალების აზრით, ჩინეთი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი რა საკადრისია?! აი, ესაა სწორედ დამანგრეველი პროვინციალიზმის შედეგი და მივიღეთ კიდეც შედეგად, რომ „ალიბაბა“ მილიარდს დააბანდებს თურქეთში. საქართველოში ახლაც მოდის რაღაც ჩინეთიდან, მაგრამ სულ სხვა საქმეა, როდესაც შენ სტრატეგიული პარტნიორი ხარ ამ სერიოზულ პროექტში. წლებია, ვსაუბრობ, რომ ანაკლიის სტრატეგიული სატრანსპორტო კვანძის გაკეთება კონფრონტაციულ რეჟიმში არ შეიძლება. ასეთი დიდი პროექტები არ შეიძლება, იყოს კონფრონტაციული. ახლა საშინელი დაძაბულობაა დასავლეთსა და რუსეთს შორის, კიდევ უფრო გამძაფრდება, მაგრამ „ნატოს“ წევრი ქვეყანა არ წვავს ხიდებს რუსეთთან, პირიქით, მაგრამ მხოლოდ პრაგმატული მიზნით. საერთოდ, მსოფლიო პოლიტიკაში არავის არავინ არ უყვარს. მსოფლიო პოლიტიკაში ყველა მუშაობს თავისი ინტერესების სასარგებლოდ და, როდესაც ინტერესები არ ბალანსდება, ვიღებთ იმას, რაც დღეს ხდება.

ჩვენ დღესაც ვერ გაგვიგია, რა ხდება უკრაინაში. ის, რასაც პრემიერი ამბობს, ნიშნავს, რომ ეს იქნება მომსახურე ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რის მომსახურეც უნდა იყოს. არადა ჩვენ სხვა ტიპის ხალხი ვართ: ჩვენ განათლება გვჭირდება, მეცნიერება გვჭირდება, წესიერი სახელმწიფო ინსტიტუტები გჭირდება და, რა თქმა უნდა, ამ უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენება, რომელსაც შეუძლია, მართლაც, დიდი ფუნქციების შესრულება. ამის ნაცვლად ჩვენ მარიონეტულ პოლიტიკურ თამაშებს ვთამაშობთ.

– მე გეთანხმებით, რომ გეოგრაფიულ ფუნქციაზე არ უნდა ააგო ქვეყნის არსებობის იდეა. თუმცა მე ისიც მესმის, რომ „ალიბაბა გრუპისთვის“ თურქეთი უფრო მომგებიანი ტერიტორიაა, ვიდრე საქართველო და სამხრეთ კავკასია.

– არ არის ეს ლოგიკა სწორი და გეტყვით, რატომ: თურქეთსა და რუსეთს შორის მნიშვნელოვანი წინააღმდეგობებია, თუმცა პრაგმატულად თანამშრომლობენ და ჩინელებმა ეს შესანიშნავად იციან. დღეს ჩინეთსა და რუსეთს შორის გაცილებით უკეთესი ურთიერთობაა და ესეც პრაგმატული, არაფერ შუაშია სიყვარული. მეტიც, ჩინეთს შეეძლო, რუსეთთან დაელაგებინა ყველაფერი სამხრეთ კავკასიაში, თავისი ინტერესების შესაბამისად, მაგრამ ჩვენ ესეც ვერ გავითვალისწინეთ, იმიტომ რომ ისევ იქ ვართ, სადაც 30 წლის წინათ ვიყავით, როდესაც საკუთარი სახელმწიფო გავანადგურეთ. ცნობილი იყო, რომ ჩინეთი ამას გააკეთებდა, რადგან მას არ შეუძლია, ამ კონფლიქტის გამო დიდხანს იყოს შეზღუდული, მისი ეკონომიკა აგებულია ექსპორტზე, აქვს უზარმაზარი საწარმოო ბაზარი და თუ არ გაყიდა ეს თავისი პროდუქცია, ექმნება პრობლემა.

– შეკითხვა ვერ დავასრულე: ჩვენთვისაც ხომ იქნება რაღაც ხეირი აქედან?

– ბუნებრივია, ყველაფერი საქართველოს მეშვეობით არ წავა თურქეთში. მაგრამ ამის იმედად ყოფნა, რომ მეც ვისარგებლებ, არ შეიძლება.

– მესმის, მაგრამ ესეც საინტერესოა. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, რისი გამოყენებაც შეიძლება.

– ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას 5 წლის წინათ მოეწერა ხელი, მაგრამ შედეგი ნულოვანია. როდესაც ხელისუფლებები არაპრაგმატულია, როდესაც არაპრაგმატული მოსაზრებები განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას, იქ ყოველთვის არის შეცდომები და ვიღებთ იმ შედეგს, რომ ქვეყანას გვერდს აუვლიან, იმიტომ რომ დღეს ყველამ იცის, რას წარმოადგენს ქართული გარემო. ეს არ არის საქმიანი გარემო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი