პოლიტიკა

რატომ არ არის საკმარისი ბავშვის გვერდით მხოლოდ დედისა და მამის არსებობა

№9

ავტორი: ნინო ხაჩიძე 15:00

პაატა ამონაშვილი
დაკოპირებულია

ისე მოხდა, რომ არც თუ დალხენილი ცხოვრების გამო საქართველოში დედებმა და ბებიებმა ოჯახების რჩენის ფუნქცია თავის თავზე აიღეს და უცხოეთს მიაშურეს სხვათა მოსავლელად და შედარებით მაღალი ანაზღაურების აღების იმედით. შესაბამისად, უკვე თაობები გაიზარდა დედებისა და ბებიების გარეშე, ხოლო, ვისი დედა და ბებიაც აქ არის, მათ უმეტესწილად ძიძები უვლიან. რა გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკასა და მის მომავალზე უცხო ადამიანების ან მხოლოდ მამისა თუ ბებიის მიერ მისი აღზრდა? – ამ თემის შესახებ მოსაზრებას ფსიქოლოგი პაატა ამონაშვილი გაგვიზიარებს

პაატა ამონაშვილი: ბუნებრივია, რომ ახალდაბადებულ ბავშვს გვერდით უნდა ჰყავდეს დედა, პირველი წლების განმავლობაშიც და შემდეგაც. რა თქმა უნდა, ჯობია, დედა ახლოს იყოს ბავშვთან და მგონია, რომ ეს იმდენად კარგი ან ცუდი კი არ არის, არამედ ბუნებრივი ამბავია. არ ვიცი, ფსიქოლოგიურად ვინმემ დაამტკიცა თუ არა, მაგრამ ინტუიცია მკარნახობს, რომ ბავშვი თითქოს ჭურჭელია, რომელიც სავსე უნდა იყოს სიყვარულის განცდით, ანუ თუ მის გარშემო არის სიყვარულის გარემო, მაშინ ის ნორმალურად ვითარდება. ის შესაძლებლობები, რაც ბუნებისგან აქვს ბოძებული, გამოვლინდება უფრო კარგად და ეფექტიანად. ამდენად, მარტო დედა კი არ სჭირდება გვერდით, არამედ მოსიყვარულე დედა სჭირდება. გარდა სიყვარულის გარემოსი, რა თქმა უნდა, ბავშვს ესაჭიროება ის, რასაც ვუწოდებთ განმავითარებელ გარემოს. ანუ ის პირობები, რომლებიც ხელს უწყობს, რომ ის ყველაფერი, რაც ბუნებამ მასში მარცვლების სახით დათესა და ნერგების სახით დარგო, საუკეთესოდ გამოვლინდეს. ამ განმავითარებელ გარემოს ბავშვებისთვის უფროსები ვქმნით. ესე იგი, დედა მარტო მოსიყვარულე კი არ უნდა იყოს, არამედ, ამასთან ერთად, დედა, რომელიც განმავითარებელ გარემოს უქმნის ბავშვს. ისე ეთამაშება და ისეთ თამაშებს სთავაზობს, რომ თვითონაც არის ჩართული და ხალისობს: წიგნების კითხვა იქნება ეს თუ რთული ამოცანების გადაჭრა. ბავშვისთვის, მაგალითად, რთული ამოცანაა პირველი ნაბიჯის გადადგმა. ესე იგი, უბრალოდ, დედაზე არ არის ლაპარაკი, ბუნებრიობიდან გამომდინარე, ბავშვისთვის საუკეთესო იქნებოდა დედა, რომელიც ქმნის სიყვარულის გარემოს; რომელმაც იცის, რას ნიშნავს განმავითარებელი გარემო, როგორ უნდა შეიქმნას ეს განმავითარებელი გარემო და ვინც, ბავშვთან ერთად, თვითონაც ვითარდება.

თუ ბუნებრიობით ნაბიჯებს გავყვებით, მამაც ბუნებრივი გარემოს ნაწილია, იმიტომ რომ ვერც ერთი დედა, არ ვგულისხმობთ საოცრებას, რაც ოდესღაც ყოფილა, მამის გარეშე ვერ აჩენს ბავშვს. მართალია, თანამედროვე მედიცინა რაღაცებს სთავაზობს ქალს, მაგრამ მამის რაღაც ნაწილი მაინც საჭიროა, რომ ბავშვი ჩაისახოს. ასე რომ, მამა ბუნებრივი ამბავია, ოღონდ, იმავე ლოგიკას თუ გავყვები, ნებისმიერი მამა არ არის ბუნებრიობასთან ახლოს. ის მამა იქნებოდა უფრო ახლოს იდეალთან, რომელიც სიყვარულისა და ბავშვის განმავითარებელ გარემოს ქმნის. ასე რომ, ოჯახში ბუნებრიობა არ არის მხოლოდ დედა, ეს არის მამაც. ახსენეთ ბებიაც და, თუ წარმოვიდგენთ ოჯახის ძალიან ლამაზ იდეალს, მაშინ იქ მარტო დედ-მამა და რამდენიმე ბავშვი კი არ არიან, ასევე, არიან ბებიები და პაპები, რომლებიც უბრალოდ ბებიობისა და პაპობის ფუნქციას კი არ ასრულებენ, არამედ სიყვარულის გარემოს ქმნიან, ბავშვებთან ერთად ვითარდებიან, მათთან თამაშობენ, თავიანთ საქმიანობაში იწვევენ მათ. თუ პაპა სოფელში ცხოვრობს და ბოსტანს ამუშავებს, იქ დაპატიჟებდა ბავშვს უკვე ადრეული ასაკიდან; ბებია პატარა გოგონას დაპატიჟებდა, ვთქვათ, ქსოვისთვის თუ იმ ხელსაქმისთვის, რასაც აკეთებს და ასე შემდეგ.

– რას იწვევს ამ ბუნებრიობის დარღვევა? იმიტომ რომ არის არასრული ოჯახებიც.

– თუ ეს ბუნებრიობა ბევრი მიზეზის გამო ირღვევა, იმიტომ რომ ცხოვრებაა აჩქარებული, ცალ-ცალკე ვცხოვრობთ, დედას ხანდახან სამუშაოდ უცხოეთში უწევს წასვლა, ბავშვი დედას წლობით ვერ ნახულობს; ან მამები ქრებიან ოჯახებიდან, იმიტომ, რომ ოჯახური კონფლიქტებია, ეს ყველაფერი, ბუნებრივია, აცილებს ოჯახს ბუნებრიობას. ამ ვითარებას სიცუდედ ან სიკარგედ არ შევაფასებდი, უფრო იმის შესახებ ვილაპარაკებდი, რა არის ბუნებრივთან და ჰარმონიასთან ახლოს და რა არის აქედან დაცილებული. მგონია, რომ სრული ოჯახი, თავისი დედ-მამითა და ბებია-პაპებით, უფრო ახლოსაა ბუნებრიობასთან, ღმერთის ჩანაფიქრთან და რაც მეტი კომპონენტი აკლია ამ ოჯახს, მით უფრო შორდება ის ბუნებრიობას. მაქსიმალური დაშორება რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის ბავშვი, რომელიც მოხვდა ბავშვთა სახლში, სადაც არც დედაა, არც მამაა, არც ბებია და პაპაა და არც სიყვარულის გარემოს უქმნიან. საშინელი ექსპერიმენტი იყო, უფრო ზუსტად შეისწავლეს ბავშვთა სახლში გაზრდილი ბავშვები. რუმინეთში ჩაუშესკუს პერიოდში, როდესაც დიქტატურა დამყარდა, ბავშვების უმეტესობა ბავშვთა სახლებში მოათავსეს, სადაც არც სიყვარული ჰქონდათ, არც ზრუნვა, არც განვითარება. უბრალოდ, საჭმელს მიუყრიდნენ. როდესაც გაიზარდნენ ეს ბავშვები, ფსიქოლოგებმა შეაფასეს ისინი, რა თქმა უნდა, განვითარების მაღალ ან დაბალ დონეზე არ იყო ლაპარაკი, რადგან აღმოჩნდა, რომ წესიერად ვერ ლაპარაკობდნენ, წერა-კითხვა საერთოდ არ შეეძლოთ, ველურებივით იყვნენ, ანუ ადამიანებად ვერ ჩამოყალიბდნენ. აი, ეს არის, ფსიქოლოგიური კუთხით, ყველაზე არაადამიანური გარემო, რაც ცნობილია ისტორიულად, იმიტომ რომ ბავშვებზე ექსპერიმენტებს არავინ ატარებდა. უბრალოდ, პოლიტიკური სისტემა იყო იმდენად არაადამიანური, რომ ბავშვებს ეს პირობები შეექმნათ. ამდენად, რაც უფრო დავშორდებით ბუნებრიობას, ეს განვითარების ნაკლებ შესაძლებლობას მისცემს ბავშვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დედებმა და მამებმა ყველაფერი უნდა მიატოვონ და ბავშვებთან ჩამოსხდნენ; ბებია-პაპებიც დაპატიჟონ ოთახში და ყველანი იქ იყვნენ. ზოგიერთ შემთხვევაში ბაღი შეიძლება, იყოს ისეთი, რომ, თუმცა ბავშვს დედას ვერანაირი აღმზრდელი ვერ შეუცვლის, მას აღმზრდელი შეუყვარდეს გულით. ეს ნიშნავს, რომ ბავშვს გაუმართლა. ასეთ ბაღში ის დედას ვერ იპოვის, მაგრამ სიყვარულის გარემოს იპოვის, ოღონდ დედა მაინც საჭიროა, მაგრამ, თუ დედა არ არის და სიყვარულის გარემო მაინც აქვს ბავშვს, მაშინ ჩავთვალოთ, რომ ძალიან გაუმართლა. თუ მამა არ ჰყავს გვერდით, მაგრამ აღმზრდელი ან მასწავლებელი უქმნის მას განმავითარებელ გარემოს, ესეც ბავშვის გამართლებად უნდა ჩავთვალოთ. ასე რომ, ერთია ბუნებრიობა და ბუნებრიობასთან სიახლოვე ან სიშორე და მეორე – თანამედროვე რეალობა. ბევრ ოჯახს სჭირდება თანხა, ოჯახის წევრები სადღაც მიდიან სამუშაოდ და ისინი ამის გამო ცუდები არ ხდებიან, უბრალოდ, იძულებულები არიან, რომ ასე მოიქცნენ. ამ შემთხვევაში მე იმაზე ვიფიქრებდი, რომ, თუ იძულებული ვარ, სადღაც ვიმუშაო, იქნებ მოვახერხო, რომ ბავშვს დავუტოვო სიყვარულისა და განმავითარებელი გარემო ვიღაც სხვა ადამიანის სახით და თუ ასეთი ადამიანი აღმოჩნდება ძიძა, მაშინ ბავშვს ის შეუყვარდება. ისტორიულად ცნობილია, ბოლოს და ბოლოს, პუშკინი ძიძამ აღზარდა და ის ძიძა რომ არ ყოფილიყო, პუშკინი ვერ გახდებოდა ისეთი პოეტი, როგორიც გახდა. და ეს არ არის ერთეული შემთხვევა: ხანდახან ძიძებს გადამწყვეტი როლიც შეუსრულებიათ ბავშვის მომავალში, იმ მხრივ, რომ ბავშვს გენიალობა ან ტალანტი არ გამოუვლინდებოდა, თუ არა ის ძიძა. ამდენად, ბევრი ნიუანსია და ამიტომ ცალსახად, ალბათ, არ ვიტყოდი, რომ ცუდია ან კარგია; უფრო ასე: რა არის ბუნებრიობასთან მიახლოებული, რა აშორებს ბუნებრიობას და თუ არ შეგვიძლია, რომ ბუნებრივი გარემო იყოს ოჯახში, მაშინ იქნებ ის რაღაცით ჩავანაცვლოთ.

– რაკი დედაც და მამაც არის, შეიძლება, ითქვას, რომ არაბუნებრივი დედის ან მამის ყოლას ჯობია, საერთოდ არ ჰყავდეს დედა ან მამა?

– თუ მამა ვერ მამობს და დედა სათანადოდ ვერ ასრულებს დედის ფუნქციებს, მაშინ ბევრნაირად შეიძლება, რომ ვიმსჯელოთ. ყველაფერი დამოკიდებული იქნება მსოფლმხედველობაზე. ერთი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, ეს ძალიან ცუდია და უნდა გავკიცხოთ მშობლები, რომლებიც რაღაც თვალსაზრისით, ცუდები არიან, მაგრამ არსებობს სხვა მსოფლმხედველობაც. მეორე მსოფლმხედველობის მიხედვით, ყველაფერი ღმერთისგან არის. თუ რწმენიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, შემთხვევით არაფერი ხდება და ბავშვი, სადაც დაიბადა, იქ უნდა დაბადებულიყო. შესაბამისად, თუ ერთი შეხედულება გვეტყვის, რომ, თუ ცუდ პირობებში დაიბადა ბავშვი, იქ არ უნდა დაბადებულიყო, მეორე შეხედულება ამბობს, რომ, სადაც ბავშვი დაიბადა, ზუსტად ის დედ-მამა სჭირდება მის სულს განვითარებისთვის. არსებობს ძალიან ლამაზი ქართული სიტყვა – ბედისწერა. ესე იგი, ვიღაცის დაწერილია, არა, ეს ბედი? და ვის მიერ არის დაწერილი? რა საიდუმლო დევს ამ საკითხში?! ვინ არის ის, ვინც ხელში აიღო კალამი, მელანში ჩააწო და დაწერა ბედი?! შესაბამისად, თუ ვხედავთ, რომ ბავშვო ცუდ მშობლებთან დაიბადა და ისინი კარგს არაფერს უკეთებენ ბავშვს, ჩვენ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ბავშვის სულს, რატომღაც, ეს სჭირდება და ჩვენ ვერც გავიგებთ, რატომ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ ყველა ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს, მაგრამ ვხედავთ, რომ ასე არ ხდება. შეგვიძლია, აღვშფოთდეთ, მაგრამ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ყველაფერი ბედისწერაა. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ ხელები უნდა ჩამოვუშვათ და არაფერი გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, ყველას უნდა დავეხმაროთ; თუ შეგვიძლია, ყველას უნდა გავუუმჯობესოთ მდგომარეობა: თუ ფსიქოლოგები ვართ, ფსიქოლოგიურად; თუ ექიმები ვართ, მედიცინურად; თუ სოციალური მუშაკები ვართ, სოციალურ მუშაკურად. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ, ალბათ, უფრო სიმშვიდით და იმ შეგნებით, რომ ჩვენი ხელი ეს არის ანგელოზების ხელი, რომელიც აუმჯობესებს და ესეც საჭიროა ბავშვისთვის.

– დიახ, ყველა სულს, ადამიანს თავისი გამოცდები აქვს ჩასაბარებელი და თავისი გზა გასავლელი.

– დიახ, თორემ, ფსიქოლოგიური კუთხით, ცხადია, მამა თუ მთვრალი მივა სახლში, დედას სცემს, ყვირის და იგინება და ამ ყველაფერს შვიდი-რვა წლის ბიჭი უყურებს, არ იქნება საუკეთესო ნიმუში არც ზნეობრივი თვალსაზრისით, არც ბავშვის განვითარებისთვის და არც მისი კეთილდღეობისთვის და ვისურვებდით, რომ ასე არ ყოფილიყო. ანუ უნდა ვივარაუდოთ, რომ, რაც ხდება, უნდა მოხდეს, მაგრამ მაინც ჯობია, რომ მოსიყვარულე დედები და მამები ჰყავდეს ბავშვს გვერდით. ერთმა ძალიან ჭკვიანმა ფსიქოლოგმა, პრაქტიკოსმა და ძალიან პოპულარულმა ფსიქოთერაპევტმა, რომელსაც ძალიან დიდ ფსიქოლოგად მივიჩნევ, ფსიქოთერაპიულ კაბინეტებზე საუბრისას, ასეთი რამ თქვა: თუ ფსიქოთერაპევტი პაციენტს სიყვარულით უყურებს, მაშინ პაციენტს უწოდებდნენ, პაციენტის მდგომარეობა ბევრად უფრო შემსუბუქებული არისო. ამით რას უსვამდა ხაზს?! რომ სიყვარულით შეხედვა უკვე აუმჯობესებს მდგომარეობას, უკვე კურნავს ადამიანის ფსიქიკას და კვლევებიც ადასტურებს, რომ სხეულსაც კურნავს. რა თქმა უნდა, ამ მხრივ, აშკარად ჯობია, რომ მშობლებს შვილები უყვარდეთ. მაგრამ, თუ რაღაც ისე არ ხდება, როგორც გვგონია, რომ ჯობია, მოხდეს, მე დავუშვებდი, რომ ჩვენ ვერ ვხვდებით, თუ რატომ, მაგრამ ასე უნდა იყოს. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არაფერი ვაკეთოთ და თუ ვიღაცას ქუჩაში სცემენ, არ უნდა ჩავერიოთ, რომ ძალადობა შევაჩეროთ.

– დიახ. ძალიან მომწონს ეს გამონათქვამი: იმოქმედე ისე, თითქოს ყველაფერი შენზე იყოს დამოკიდებული და ილოცე ისე, თითქოს ყველაფერი ღმერთზე იყოს დამოკიდებული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი