პოლიტიკა

რატომ ამტკიცებენ ოსები, რომ მცხეთა ალანური ქალაქია, ხოლო ჯვარი და სვეტიცხოველი ალანების მიერაა აგებული

№12

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 31.03, 2021 წელი

როლანდ თოფჩიშვილი
დაკოპირებულია

ისტორია არც ადრე უჩიოდა გაყალბებას, თუმცა ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ნებისმიერი სისულელის თქმა გამოხატვის თავისუფლებად მიიჩნევა, შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებენ ოსი სეპარატისტებიც და მათი მადა კარგა ხანია გასცდა „იუჟნაია ოსეტიას“ ტერიტორიასა და თრუსოს ხეობას, მათ მიერ ახლად გამომცხვარი რუკებით ლამის თბილისს ებჯინება დიდი ოსეთის „საზღვრები“. ივანე ჯავახიშვილის სახელობის კავკასიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების გამგე როლანდ თოფჩიშვილთან ერთად განვიხილავთ ამ მეტად საჭირბოროტო თემას.

– რა დამატებით ტერიტორიებს გვედავება ეს ირანული წარმომავლობის ხალხი – ოსი სეპარატისტები და რის საფუძველზე?

– ძალიან დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ. პირდაპირ მინდა, ვთქვა, რომ გარკვეული საფრთხის წინაშე დგას ჩვენი სახელმწიფოებრიობა, რადგან თითქმის ყველა მეზობელს საქართველოსადმი აქვს ტერიტორიული პრეტენზია და ამახინჯებენ ქართულ-ოსური, ქართულ-აფხაზური, ქართულ-სომხური, ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების ისტორიას. ამ საფრთხეზე ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე წერდა თავის ცნობილ წერილში „ქვათა ღაღადი“, ილია ხაზს უსვამდა, რომ წერილის გამოქვეყნებიდან 60 წლით ადრე დაიწყეს საქართველოს ისტორიის გაყალბება, საქართველოსადმი ტერიტორიული პრეტენზიების წამოყენება, იცით, რომ სომხებს გულისხმობდა და იმ პერიოდიდან, ესე იგი, მეცხრამეტე საუკუნის 30-ანი წლებიდან მოყოლებული ყველა მეზობელს, სხვადასხვა მადით უჩნდება ტერიტორიული პრეტენზიები საქართველოსადმი და სწორედ, ამიტომაც დაწერა ივანე ჯავახიშვილმა 1919 წელს ბრწყინვალე წიგნი „საქართველოს საზღვრები – ისტორიული და თანამედროვე თვალსაზრისით“. ამ წიგნში დიდმა ქართველმა მეცნიერმა დაასაბუთა, თუ სად გადიოდა საქართველოს ისტორიული საზღვრები და როდის კარგავდა საქართველო ამა თუ იმ ტერიტორიას. ივანე ჯავახიშვილი წერს: „ქართველი ერი და მისი მთავრობა შთამომავლობისა და ისტორიის წინაშე მოვალეა, თავისი რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრების მოხაზულობას ჯეროვანი ყურადღება მიაქციოს და ფხიზელ დარაჯად დაუდგეს. ეს არც ძმობას, ერთობასა და კეთილმეზობლობას დაუშლის იმათთან, ვინც მართლა ძმობასა და მეგობრობაზე ფიქრობს და ქართველ ერსაც ყოველგვარი მოსალოდნელი ხიფათისაგან გადაარჩენს.“ ეს სიტყვები დღესაც აქტუალურია. დავიწყოთ იმ თემით, რომელიც თქვენ შემოგვთავაზეთ: მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლების დახმარებით, საქართველოში მცხოვრებმა ოსებმა, ეგრეთ წოდებული, სახელმწიფოებრიობა მოიპოვეს, ბუნებრივია, მადა გაეზარდათ.

– 2008 წლის შემდგომ პერიოდს გულისხმობთ.

– 2008 წლიდან მადა მოემატათ, თორემ საქართველოში ჩამოსახლების ისტორიის გაყალბება მანამდე დაიწყეს. 2008 წლის შემდეგ იმდენი ზღაპარი იწერება, რაც ნორმალური, განათლებული ადამიანისთვის წარმოუდგენელია. ისინი არ კმაყოფილდებიან იმ ტერიტორიით, რომელზეც მათ, ეგრეთ წოდებული, სახელმწიფოებრიობა მოუპოვეს რუსებმა და პრეტენზიას აცხადებენ საქართველოს დანარჩენი დიდი ტერიტორიის მიმართაც: ეს არის მტკვრის ხეობის მთელი მარჯვენა მხარე, ესე იგი, გორის ჩათვლით. ისინი გორსაც მოიაზრებენ მომავალი, ეგრეთ წოდებული, „სამხრეთ ოსეთის“ „სახელმწიფოს“ შემადგენლობაში. თქვენ წარმოიდგინეთ მცხეთასაც – სადაც ქართული კულტურის ორი დიდი ძეგლი – ჯვარი და სვეტიცხოველი – თურმე, ნუ იტყვით და, ოსების წინაპრების მიერაა აგებული; სვეტიცხოველს ოსთცხოველიც კი უწოდეს. ეს ეწერა ცხინვალში გამომავალ ახალგაზრდულ გაზეთ „რესპუბლიკაში“, რომელიც გამოირჩევა ფალსიფიცირებული სტატიების სიმრავლით. მათ, აგრეთვე, პრეტენზია აქვთ არაგვის ხეობის მთელ მარჯვენა მხარეზე, ესე იგი, დუშეთიც, ანანურიც, გუდაურიც მომავალი ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთის“ „სახელმწიფოს“ შემადგენლობაში უნდა შევიდეს და ოცნებობენ, რომ, რაც შეიძლება, მალე უნდა „დაიბრუნონ“ ეს ტერიტორია. ასევე, პრეტენზიას აცხადებენ თერგის ხეობის სათავეზე, თანამედროვე ყაზბეგის მუნიციპალიტეტზე მთლიანად, თუმცა ჯერ მხოლოდ თრუსოს ხეობაზე ჰქონდათ პრეტენზია, შემდეგ მთლიანად ხევზე გაავრცელეს. თურმე, ეს არის „აღმოსავლეთ ოსეთის“ ტერიტორია და ვალდებულები არიან, რომ წინაპართა განსახლების არეალი დაიბრუნონ. თუ ღრმად ჩავუკვირდებით და არც კი სჭირდება ღრმად ჩაკვირვება, ეს თეორიები დამუშავებულია რუსეთის სპეცსამსახურების მიერ, იმიტომ რომ რუსეთის მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოშლა და მოშლის ძალიან იოლად, თუ ხელში ჩაიგდებს ორ დიდ ავტომაგისტრალს: ეს არის საქართველოს სამხედრო გზა, გითხარით, რომ ოს სეპარატისტებს პრეტენზია აქვთ არაგვის ხევის მთელ მარჯვენა ნაპირზე და ავტობანი, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთ საქართველოს აერთებს ერთმანეთთან, რითაც აღმოსავლეთ საქართველოს მოსწყვეტენ დასავლეთს. მაგრამ ოსებს პრეტენზია აქვთ არაგვის ხეობის მარცხენა ნაპირზეც: მათ ტოპონიმი ბულაჩაური ოსურად გამოაცხადეს და მე არ ვიცი, რანაირად შეიძლება, იყოს „ურ“-სუფიქსიანი ქართული ტოპონიმი ოსური. სხვათა შორის, რუსთაველის ფონდმა მოგვცა საშუალება, რომ თრუსოს პრობლემა შეგვესწავლა. შარშან ჩემს კოლეგებთან ერთად კომპლექსური ექსპედიციაც მოვაწყვეთ და საკმაოდ მოზრდილი მონოგაფია გამოვეცით თრუსოს შესახებ, რომელშიც ვასაბუთებთ, რომ თრუსო ოდითგანვე და მუდმივად საქართველოს შემადგენლობაში იყო და წარმოადგენდა ქართველების განსახლების არეალს. თრუსოში იყო რამდენიმე ქართულტოპონიმიანი სოფელი, რომელთაც მეთვრამეტე საუკუნეში სახელები შეეცვალათ. ასევე, მინდა, გითხრათ, რომ სოფელ მნაში, რომელიც არ შედიოდა თრუსოს ხეობაში, მეათე საუკუნის ეკლესიაზე აღმოჩნდა აქამდე უცნობი ქართული წარწერა და ეს ამ ჩვენს ახალგამოცემულ წიგნში გაშიფრულია.

– თავად სჯერათ, რასაც წერენ? რით ასაბუთებენ, რომ სვეტიცხოველი ოსთაცხოველია, მცხეთა კი – ოსების წინაპრების აგებული თუ, უბრალოდ, ეს იდეოლოგიური პროპაგანდაა?

– მეზღაპრეებს არ სჭირდებათ წყაროები, საბუთები, მაგალითად, მათ ჰყავდათ ისტორიკოსი მარკ ბლიევი, რომელიც უამრავ ზღაპარს იგონებდა და მიუთითებდა ვითომ საარქივო მასალას წყაროებად, თუმცა არ აქვს მითითებული არც ერთი საარქივო მასალის ნომერი, ესე იგი, ყალბად აქვს შექმნილი და გამოიგონა, ეგრეთ წოდებული, საარქივო დოკუმენტები. რაც მთავარია, ოსი სეპარატისტები წაქეზებულები არიან რუსეთის თანამედროვე ხელისუფლების მიერ. იცით, რომ 2004 წელს რუსეთის „დუმამ“ მიიღო დადგენილება, რომ, თურმე, „სამხრეთ ოსეთი“ ჩრდილოეთ ოსეთთან ერთად ქუჩუკ-კაინარჯის ზავით შეიერთა რუსეთმა. სხვათა შორის, ამ ზავში, რომელიც რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის დაიდო, საერთოდ არაა ნახსენები ოსები და ოსეთი, მით უმეტეს – „სამხრეთ ოსეთი“. ნახსენებია ყაბარდო, ისიც ფორმალურად, მაშინ ქართველმა მეცნიერებმა, მეც, სათანადო პასუხები გავეცით ამ დეზინფორმაციას რუსულსა და ინგლისურ ენებზე, რომ იმხანად არანაირი ერთიანი ოსეთი არ არსებობდა. პირიქით – ჩვენ იქით უნდა განვუცხადოთ პრეტენზია რუსეთის სახელმწიფოს, იმიტომ რომ მან 1858 წლის შემდეგ საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე – დვალეთი მიითვისა.

– დიახ, საიდანაც ჩემი გვარია წარმოშობით.

– დიახ, ხაჩიძეები არიან ხაჩიურები, ძირძველი დვალები, ურ-სუფიქსიანი გვარის მატარებლები იყვნენ და გადმოსახლებულები არიან დვალეთიდან. სხვათა შორის, ხაჩიძეების გარკვეული ნაწილი მეოცე საუკუნის 60-იან წლებამდე სალოცავად დვალეთში, წინაპრების სალოცავებში დადიოდა. აი, ეს ქართული ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე დღეს რუსეთის შემადგენლობაშია. თუ ჩვენ დავაკვირდებით, ეგრეთ წოდებული, „სამხრეთ ოსეთის რუკას“ ჩრდილოეთ ნაწილის ზემოთ, დავინახავთ, რომ საქართველოს რუკა ამოჭრილია, აი, ეს არის, სწორედ, დვალეთის ტერიტორია, რომელიც 1858 წლამდე შედიოდა თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში და შემდეგ გადასცეს თერგის ოლქს, არადა ეს ტერიტორია ქართლ-კახეთის სამეფოსთან ერთად შეიერთა რუსეთმა. დვალეთი მუდმივად საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო და დვალებიც ქართველთა ერთ-ერთი ეთნოგრაფიული ჯგუფია, რომელთა ნაწილი ადგილზე გაოსდა, ხოლო დიდი ნაწილი ოსთა თარეშების გამო საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე დასახლდა: ქართლში, იმერეთში, რაჭაში, სამცხეშიც კი, იმ დროს, როდესაც სამცხე ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო.

– მაინც ვთქვათ, როდის გამოჩნდნენ ოსები საქართველოში?

– 2008 წლის ომის შემდეგ ერთ-ერთ რუსულ ტელეგადაცემაში ორი სტუმარი ჰყავდათ მიწვეული და ისინი ამტკიცებდნენ, რომ რუსების, ეგრეთ წოდებულ, სამხრეთ ოსეთში შესვლამდე ქართველებმა 630 ოსური კულტურის ძეგლი გაანადგურეს. მეცინება, თუმცა, სულაც, არაა სასაცილო. ქართული კულტურის ძეგლებს, რომლებიც დახუნძლულია ქართული წარწერებით, ოსური კულტურის ძეგლებად აცხადებენ. ჩემი ერთ-ერთი წიგნია „ოსთა წინაპარი ალანების თავდაპირველი განსახლების არეალი“ და ამ წიგნის დაწერის საშუალება გამიჩნდა, როდესაც გავეცანი კატალონიელი ავტორის, აუგუსტ ალემანის წიგნს ალანების შესახებ, რომელმაც შეკრიბა მსოფლიოში არსებული ყველა ინფორმაცია, რაც ეხება ალანებს, თარგმნა და კომენტარები დაურთო. მოტანილია ბერძნული, რომაული, სომხური, არაბული წყაროები, სადაც ალანები არიან მოხსენიებული და საქართველოს ტერიტორიის სიახლოვეს ალანები ნახსენები არ არიან. პირველად ალანები ისტორიაში იხსენიებიან ძველი წელთაღრიცხვის დასასრულს ჩინურ წყაროებში, როგორც შუა აზიის მკვიდრები, როგორც ირანულენოვანი მოსახლეობა და სწორედ, იქიდან არიან წამოსულები. პირველი საუკუნიდან მეოთხე საუკუნის 70-ან წლებამდე მომთაბარეობდნენ ურალსა და დონს შორის, შემდეგ მათ მომთაბარეობას ჰუნებმა მოუღეს ბოლო და ამიტომაც ჩამოიწიეს კავკასიის მთისწინეთში, ჩრდილო კავკასიის სტეპებში, სადაც შექმნეს ადრეკლასობრივი ოსური სახელმწიფო. მთებში მხოლოდ მონღოლთა შემოსევების დროს შემოვიდნენ და საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე – დვალეთშიც მეთექვსმეტე საუკუნეში გამოჩნდნენ სათარეშოდ. ხოლო თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე მათი განსახლება დაიწყო მეჩვიდმეტე საუკუნის შუა ხანებიდან, შემდეგ კი მასობრივად ჩამოვიდნენ ჯერ მთისწინეთსა და შემდეგ – ბარში. მეცხრამეტე საუკუნის რუსული აღწერის დავთრები, მადლობა ღმერთს, არსებობს და იქ კარგადაა აღწერილი მთისწინეთში ოჯახი როდის გადმოსახლდა. ცხინვალში კი, ხომ, 1886 წლის საოჯახო სიებით, არც ერთი ოსი არ ცხოვრობდა. გვაქვს მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის მოსახლეობის აღწერის დავთარი და ცხინვალში მხოლოდ ქართველები, ქართულენოვანი ებრაელები და სომხები სახლობდნენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი