პოლიტიკა

რატომ აირჩია რუსეთმა ამ ეტაპზე საპარტნიოროდ აზერბაიჯანი და დააპირებს თუ არა სომხეთის შელახული ინტერესების საქართველოს ხარჯზე დაკმაყოფილებას

№37

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 21.09, 2022 წელი

ზაალ კასრელიშვილი
დაკოპირებულია

აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფანი დაიკავა, რითაც უკვე აკონტროლებს ყარაბაღის ავტონომიასთან მისასვლელ ყველა გზას. ასევე, აზერბაიჯანის კონტროლქვეშაა ზანგეზურის დერეფანი, რომლის მეშვეობითაც თურქეთსაც უკავშირდება და თავის ავტონომია ნახიჭევანსაც. პარალელურად, შენდება ირან-აზერბაიჯან-რუსეთის რკინიგზა, ანუ აზერბაიჯანი თავის გზაჯვარედინულ ფუნქციასაც აღიდგენს, თუმცა აღმოსავლეთ-დასავლეთის სადერეფნო ფუნქციას საქართველოს გარეშე ვერ განახორციელებს, რომ არა ერთი მაგრამ – ზანგეზურის დერეფნის ამუშავების შემთხვევაში აზერბაიჯანი პირდაპირ დაუკავშირდება თურქეთს, იქიდან კი – ევროპას. აშკარაა, სომხეთი ძალიან დაჩაგრა რუსეთმა, რაც აჩენს ეჭვს, რომ სომხეთის ინტერესის საქართველოს მეშვეობით დაბალანსებას ხომ არ აპირებს?! სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკურ პროცესებზე ზაალ კასრელიშვილი გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას.

– აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიაზე კონტროლის დამყარებას ცდილობს?

– პირველია ის, რომ აზერბაიჯანი იბრუნებს თავის ტერიტორიებს, რომლის ფარგლებშიც ეს სახელმწიფო ცნეს 1991 წელს; მეორე – როდესაც ასეთი სერიოზული პარტნიორი გყავს, ვგულისხმობ თურქეთს და თავადაც ცუდი ურთიერთობა არ გაქვს რუსეთთან, ხაზს ვუსვამ – შენ გაქვს, რადგან რუსი ყველასთან ცუდადაა, თუ ცუდ ხასიათზეა, ბრიყვი უნდა იყო, არ გამოიყენო ეს სიტუაცია იმისთვის, რომ უფრო საინტერესო და საჭირო გახდე. იმისთვის, რომ უფრო საინტერესო და საჭირო გახდეს, აზერბაიჯანი აუცილებლად უნდა აკონტროლებდეს ლაჩინისა და ზანგეზურის დერეფანებს. ლაჩინის დერეფნის წაღებით, შეიძლება, ითქვას, რომ აზერბაიჯანმა კონტროლი დაამყარა მთელ ყარაბაღზე. რაც შეეხება ზანგეზურის დერეფანს: ის აუცილებლად გახდება სავაჭრო თემა თურქეთსა და რუსეთს შორის, ეს აზერბაიჯანის გადასაწყვეტი საკითხი არ არის. ამ დერეფანზე კონტროლის დამყარებით, აზერბაიჯანი თურქეთს საშუალებას აძლევს, პირდაპირი სახმელეთო, ანუ საგზაო და სარკინიგზო კავშირი გაუჩნდეს აზერბაიჯანთან და შუა აზიის თურქულენოვან მოსახლეობასთან, რითაც შემდეგ ძალიან იოლად მივა ჩინეთის იუგურებამდე.

– ანუ თურქეთს უფრო აღმოსავლეთისკენ მიმავალი გზა აინტერესებს?

– რა თქმა უნდა. ეს აინტერესებს, მაგრამ, თუ რუსეთი დათმობს ზანგეზურის დერეფანსაც, ის ხელის ერთი მოსმით დაკარგავს სამხრეთ კავკასიასაც და შუა აზიასაც. ამდენად, აზერბაიჯანი იმას კი არ ცდილობს, რომ კონტროლი დაამაყაროს სამხრეთ კავკასიაზე, არამედ ცდილობს, რაც შეიძლება, უფრო მეტად საჭირო გახდეს თურქეთის, რუსეთისა და ირანისთვის და რაც შეიძლება, მეტი ფასი დაედოს იმ მარტივი მიზეზით, რომ შუა აზიიდან დასავლეთისკენ მიმავალი ენერგომატარებლები და არა მარტო ენერგომატარებლები კასპიის ზღვით პირველად აზერბაიჯანში შედიან და აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით უნდა გამოვიდნენ ჩვენზე. ასე რომ, აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და პოლიტიკური ხელმძღვნელობის ფრთხილი პოლიტიკა რუსეთისადმი და მათი არაისტერიული ანტირუსული პოლიტიკა გასაგებია, იმდენად, რამდენადაც, მათ ამით შედეგი მიიღეს. იმიტომაცაა ცოტა გაუგებარი იმ ქვეყნების პოლიტიკური ხელმძღვანელების საქმიანობა, რომლებსაც პრორუსულებსა და მოღალატეებს უწოდებენ, რომ იმ ქვეყნებს შედეგი არ აქვთ.

– რუსეთი რატომ ავიწროებინებს სომხეთს აზერბაიჯანს?

– თანამედროვე სომხეთი რუსეთის მიერაა შექმნილი. 1838-1840 წლებში მან ამ ტერიტორიაზე სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონზე მეტი სომეხი ჩაასახლა. სწორედ მაშინ ჩამოასახლა რუსეთის იმპერიამ ჩვენთან 200 000 სომეხი, რომლებიც სამცხე-ჯავახეთში, აჭარაში, ქვემო ქართლსა და თბილისში დაასახლა. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, მართალია, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას თავი მოაქვს ეთნიკური სისუფთავით, მაგრამ, როგორც ჩვენ ვიცით, რუსეთის იმპერიამ 2 000 ოჯახი ჩაასახლა გურია-იმერეთში და არც ერთ მათგანს დღეს სომხური გვარი არ აქვს. არადა, ფიზიკურადაც არსად წასულან. აქედან გამომდინარე, რუსეთი სომხეთს განიხილავს, როგორც თავის მიერ შექმნილ პოლიტიკურ პროდუქტს.

– აზერბაიჯანიც რუსეთის მიერ შექმნილი პოლიტიკური პროდუქტი არ არის?

– გეთანხმებით, მაგრამ, არჩევაზე თუ მიდგება საქმე, რუსეთს ახლა უფრო მეტად აზერბაიჯანი სჭირდება. რუსეთი ხომ მორალური პრინციპებით არ ხელმძღვანელობს პარტნიორებთან?! შესაბამისად, რუსეთს ახლა სომხეთზე მეტად აზერბაიჯანი სჭირდება. რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობაც, რუსი ანალიტიკოსებიც და ინტელიგენციაც ამბობდნენ, ამბობენ და მომავალშიც გაიმეორებენ, რომ მათ შექმნეს თანამედროვე სომხეთი. ასე რომ, კი არ ავიწროებს, იყენებს ისე, როგორც თავად უნდა, რაც ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევს სომხეთში და, ასევე, არაპრორუსულ სომხურ ლობიში. არავინ იცის, ამას რა შედეგი მოჰყვება, იმიტომ რომ კავკასიში ძალიან სერიოზული პროცესები იწყება; ასევე, ძალიან სერიოზული პროცესები იწყება კავკასიურ დიასპორებში. არ ვიცი, ამ დუღილის პროცესს შეუერთდება თუ არა პროდასავლური სომხური ლობი, მაგრამ კავკასიაში რომ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება, ფაქტია. ამდენად, რუსეთ-უკრაინის ომმა ყველა პროცესი დააჩქარა.

– მე აზერბაიჯანი ვახსენე, თქვენ სომხეთის ამბავი მოჰყევით, მაგრამ ჩვენ გვახსოვს პუტინის ფრაზა, „ტიფლისსკაია გუბერნია“, რითიც მიგვანიშნა, ქართლ-კახეთის სამეფოს საზღვრებში დაგტოვებთო. ანუ ჩვენი სახელმწიფოებრიობის მამამთავრებადაც მიიჩნევენ თავს. შესაბამისად, სომხეთიც რომ დასჭირდეს ერთხელაც გეოპოლიტიკურ ჭრილში, შეიძლება, საქართველოს ხარჯზე აუნაზღაუროს ზიანი, რაც აზერბაიჯანის საჭიროების გამო მიაყენა?

– შეიძლება, ამას ვერავინ განსაზღვრავს. მორალი აქვთ, ღირსება, სამართლიანები არიან თუ მიზეზს ვერ იპონიან, მგელისა და კრავის არ იყოს?! თუ დასჭირდათ, გამოიყენებენ, თუმცა ჩვენ ძალიან ეჭვი გვეპარება, რომ მათ ახლა ჩვენ წინააღმდეგ ვიღაცები აამხედრონ ან თავად შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამატებით ხელყოფის მიზნით. ჩვენ გვგონია, რომ, მათი აზრით, რაც ეკუთვნოდათ, უკვე წაიღეს, ანუ სტალინური ავტონომიები. რუსებმა ყველგან სტალინური ავტონომიებით დაიწყეს ტერიტორიების ოკუპაცია, იმ იმედით, რომ შემდეგ ავტონომიების ტერიტორიებს გასცდებოდნენ. მაგრამ ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, რაც საბჭოთა კავშირს დაემართა ავღანეთში შეჭრით, იგივე დაემართება რუსეთს უკრაინაში შეჭრით. რა მიზეზებითაც შეიჭრა ავღანეთში საბჭოეთი, იგივე შეცდომები დაუშვა რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უკრაინაში. სანამ უკრაინაში ომს არ დაამთავრებს, ეჭვი გვეპარება, რომ საქართველოსა და ყაზახეთისთვის მოიცალოს და ოპონენტებს დავენიძლავები, რომ, თუ უკრაინასთან ომისას რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა საქართველოსა და ყაზახეთის ტერიტორიებს ხელყოფს, რუსეთი ძალიან მალე და შეუქცევადად დაიშლება.

– რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

– ამის თქმის საფუძველს მაძლევს კავკასიური წინააღმდეგობა, რომლის აღორძინებაც დაიწყო; ამის თქმის საფუძველს მაძლევს თურქეთის გამოკვეთილი ინტერესები შუა აზიაში. უნდა ვინმეს თუ არა, თურქულენოვანია უზბეკიც, ყაზახიც და თურქმენიც. ამასთან, ყაზახეთსა და თურქმენეთს აქვთ ენერგომტარებლები. ამას დაემატება საერთაშორისო საზოგადოების აქტივობა და ამერიკის შეერთებული შტატების ვალდებულება, დაიცვას თავისი სტრატეგიული პარტნიორი საქართველო. რაც შეეხება ჩინეთს: ის ყველას მტერი იქნება, ვინც ყაზახეთს შეეხება.

– როდესაც აზერბაიჯანი მომენტით სარგებლობს და ძლიერდება, განსაკუთრებით, გზაჯვარედინის ფუნქციას რომ იმყარებს ირანი-რუსეთის რკინიგზის მშენებლობით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც ჩვენ არ ვჭირდებით, ამასობაში ზანგეზურის დერეფანმა შეიძლება, პრობლემები შეუქმნას ჩვენს დერეფანს, მიუხედავად იმისა, რომ ზანგეზურის დერეფანი რთულ რელიეფზე გადის. ეს ყველაფერი აკნინებს ჩვენს როლს თუ პირიქით, ჩვენ შეგვიძლია, განვამტკიცოთ ჩვენი როლი?

– ჯერჯერობით შეგვიძლია, განვამტკიცოთ, იმიტომ რომ ძალიან დიდხანს ვერ მორიგდებიან ზანგეზურის დერეფანზე. ამას გარდა, რომც მორიგდნენ, ძალიან დიდი მშენებლობებია დასაწყები, რასაც რამდენიმე წელიწადი დასჭირდება. ამასთან, უამრავი პრობლემაა უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. ასე რომ, ჯერჯერობით ჩვენ ვართ ამ თემის ფავორიტი, თუმცა არ გამოვრიცხავ, მარტო იმიტომ, რომ ჩვენ ცუდი გაგვიკეთოს, რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გადააყოლოს მთელი შუა აზია ამ ჯიბრს. რუსული ანდაზაა – „ნა ზლო დრუგიმ, ვო ვრედ სებე“. ამდენად, არ გამოვრიცხავთ ამ ვარიანტს, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ამ სცენარს განვითარება არ უწერია; იმედს ვიტოვებთ, რომ რუსეთს არ ეცლება ამ სცენარის განსახორციელებლად. ამასთან, დასავლეთსაც ხომ არ სძინავს და ძალიან კარგად ხვდება, თუ ამ პოლიტიკურ ვექტორს თურქეთი რუსეთთან ერთად გაჭრის, მაშინ დასავლეთის ინტერესები უნდა დამთავრდეს ფოთიდან წითელ ხიდამდე და ამას არ დაუშვებს. როგორც ჩანს, საამისო ბერკეტი არის ანტირუსული სომხური ლობი, მაგრამ ჯერჯერობით ამის გამოყენებაც არ სჭირდება, იმიტომ რომ დასავლეთი ქართველებზე მეტად აკონტროლებს კავკასიაში სიტუაციას.

– ვისი მეშვეობით აკონტროლებს? სხვა საქმეა, რომ ნამდვილად აკვირდება.

– ეგ სხვა დეტალია და ნამდვილად არ ვიცი, ვისი მეშვეობით აკონტროლებს. მაგრამ ვკითხოთ მკითხველს: რა პროცესები მიდის კავკასიაში და რა გეგმები აქვთ კავკასიელებს როგორც კავკასიაში, ისე კავკასიის ფარგლებს გარეთ. საქართველოში მოსახლეობის 99 პროცენტმა, მათ შორის, პოლიტიკოსებმაც არ იციან, რა ხდება, ისევე, როგორც არ იციან აზერბაიჯანში, სომხეთსა და ჩრდილო კავკასიაში, მაგრამ ანგლოამერიკელებმა ზედმიწევნით კარგად იციან ყველაფერი. იმას ვამბობ, რომ გარედან ჩვენი და კავკასიელების მიმართ ინტერესი უფრო დიდია, ვიდრე შიგნით აქვთ კავკასიელებს ეს ინტერესი. გასული წლების 90-ანი წლებიდან დღემდე შიდა უსაფრთხოების მექანიზმი ვერ შევქმენით და, საერთოდ, რაზეა ლაპარაკი?! ამას დაამატეთ სხვადასხვა ქვეყნის ინტერესჯგუფები. ამდენად, არანაირად არ გვგონია, რომ რუსეთს ახლა იმის თავი და საშუალება ჰქონდეს, რომ საქართველო ტერიტორიებად დაყოს, კიდევ დაანაწევროს და თურქეთს დაუპირისპირდეს.

–ანუ მაინც თურქეთია ჩვენ მიმართ რუსეთის დესტრუქციული ინტერესების საპირწონე? საქართველოს ტერიტორიული მთლიანობით დაინტერესებულა თურქული პოლიტიკა?

– რუსულიც და თურქულიც. თურქეთი თავის დროზე საბჭოთა კავშირის საპირწონედ შეიქმნა. დროშაც კი საბჭოთა დროშის მსგავსი გაუკეთეს და საბჭოეთის ამბიციების დამაბალანსებელი იყო. ვინც საბჭოთა ჯარში მსახურობდა, იცის, რომ საბჭოთა ოფიცრები პოლიტსწავლებებზე საბჭოთა კავშირის საპირწონედ ორ ქვეყანასა და ორ ძალას მოიხსენიებდნენ: თურქულსა და ირანულ არმიებს. ასე რომ, რუსეთი და თურქეთი იმთავითვე იყვნენ კონკურენტები რეგიონში. შესაბამისად, საბჭოეთის დაშლის შემდეგ, ბუნებრივად და სრულიად უბრძოლველად, სისხლის დაუღვრელად, თურქეთს გაუთავისუფლდა ტერიტორიები, რომლებსაც ის აღიქვამს ბუფერად რუსეთთან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი