პოლიტიკა

რას ნიშნავს ვაშინგტონის კონსენსუსი და როგორ იქცა საქართველო ამ სისტემის სიღარიბისთვის განწირულ ტყვედ

№20

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 24.05, 2023 წელი

ირაკლი გოგავა
დაკოპირებულია

საქართველოს კლიმატური პირობების გათვალისწინებით და იმისიც, რომ დედამიწაზე არსებული ნიადაგის 52 სახეობიდან ჩვენს ქვეყანაში 49 არის წარმოდგენილი, მიწისქვეშა ცხელი წყალია ყველაზე ცივ რეგიონში, რაც სასათბურე მეურნეობის საკმაოდ მოგებიანად მოწყობის საშუალებას იძლევა, მართლაც, ძალიან უნდა მოახერხო, რომ მარად ღარიბ ქვეყნად რჩებოდე, იმდენადაც კი, რომ სადილსაც ვერ ამზადებდე მხოლოდ საკუთარ მიწაზე მოწეული პროდუქციით. მით უმეტეს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებიც გვეხმარებიან და, საერთაშორისო კვლევებითაც, ურიგო რეიტინგები არ გვაქვს. სწორედ ამ თემას განვიხილავთ ირაკლი გოგავასთან ერთად.

- არ მჯერა, რომ საქართველოს ყველა ხელისუფლება იყო და არის გონებაშეზღუდული, მექრთამე და გამყიდველი. შესაბამისად, მაინტერესებს, რატომ ვერ ახერხებს ისეთი ბუნებრივი მონაცემების მქონე ქვეყანა, როგორიც საქართველოა, არ იყოს ღარიბი? უბრალოდ, ნახევრად მშივრები თუ ნახევრად მაძღრები უნდა ვიყოთ, რომ იოლად იმართოს ეს ტერიტორია?

- გეთანხმებით, საქართველოს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ იყოს, თუ მდიდარი არა, თვითკმარი ქვეყანა მაინც. საერთოდ, ნებისმიერ სახელმწიფოში სიმდიდრე იქმნება სამი რამით: ბუნებრივი რესურსებით, მრეწველობით, ანუ რას აწარმოებ და ცოდნით. ჩვენ ბუნებრივი რესურსები, გარკვეულწილად, გვაქვს, თუმცა ისე არა, როგორც ქუვეითს, ერაყს, საუდის არაბეთს, მაგრამ, რაც გვაქვს იმის გადამუშავებასაც ვერ ვახერხებთ. ანუ დამატებითი ღირებულება არ იქმნება და გადის, როგორც ნედლეული. რაც შეეხება მრეწველობას: იმ მრეწველობის კაპიტალიზაცია, რაც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ შემოგვრჩა, იყო 200 მილიარდი დოლარის ექვივალენტი, მაგრამ ჩვენ ის ჯართში ჩავაბარეთ. გადარჩა ერთეულები და ის ერთეულები დღესაც წარმატებით მუშაობს. რაც შეეხება ცოდნას: საჭიროა ცოდნის ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რის საშუალებასაც ბოლონიის პროცესი არ იძლევა. განათლების ის რეფორმები, რაც დასავლეთიდან შემოგვთავაზეს, უფრო უნარ-ჩვევების გაცემაზეა ორიენტირებული, ვიდრე ფუნდამენტურ ცოდნაზე და, მით უმეტეს, ისეთ ფუნდამენტურ ცოდნაზე, რის მიზანიც მეცნიერული აღმოჩენებია. ამასთან, ჩვენს ბუნებრივ რესურსებზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სახელმწიფო მოსაკრებელია, ანუ ბიუჯეტი ვერ იღებს იმდენს, რამდენსაც იმავე განვითარებულ ქვეყნებში. მრეწველობა ჩვენ თვითონ გავაჩერეთ, უფრო ზუსტად, გაგვაჩერებინეს, მახსოვს, დიდი ბრძოლები იყო ჯართზე. შიგნიდან მოთხოვნა იყო, რომ აკრძალულიყო ჯართის გატანა, მაგრამ გარედან, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, მოითხოვდნენ, რომ ჯართის გატანა არ აკრძალულიყო, ისევე, როგორც ხის მორების. ჩვენ რკინის ერაში ვცხოვრობთ და თანამედროვე ეკონომიკა განისაზღვრება ქვეყანაში მოსახლეობის ერთ სულზე მეტალის მოცულობით. ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი მაჩვენებელი, ვინაიდან საბჭოთა დროს, უპირველესად, ვიყავით ინდუსტრიული ქვეყანა, დღეს კი ამ ყველაფერს ათჯერ ძვირად ვყიდულობთ უცხოეთში: საბჭოთა დროინდელი მარაგი ამოიწურა. სხვათა შორის, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა მანამ არ ამუშავდა, სანამ საქართველოში ჯართი არ გამოილია და ამას დასჭირდა, დაახლოებით, 25 წელი.

- ჯართი ათწლეულები იყო ექსპორტში პირველ ადგილას.

- დიახ, 25 წელიწადი. დღეს კი გაათმაგებული ფასით ვყიდულობთ.

- მე ამ პროცესის პოლიტიკური მდგენელი უფრო მაინტერესებს, იმიტომ რომ ეს მდგენელი განსაზღვრავს იმას, რომ ჩვენ ნახევრად მაძღრები ვიყოთ და მუდამ ხელგაწვდილები.

- დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ჩვენ ვმეგობრობთ მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებთან, მაგრამ ჩვენთან კვლავ არის სიღარიბის პრობლემა, უმუშევრობა, დაბალი ხელფასები... რა ხდება?! რეალურად, 1989 წლიდან მსოფლიოში დაინერგა საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ისეთი სისტემა, რომელშიც განვითარებული ქვეყნები მაქსიმალურად არიან დაცული, რომ მათი კეთილდღეობა არ შეიბღალოს, ხოლო განვითარებადი ქვეყნები, რაც შეიძლება, დიდხანს უნდა იყვნენ მათზე დამოკიდებული ეკონომიკურად. ამას უწოდებენ ეგრეთ წოდებული კონსენსუსის სისტემას და, ასევე, უწოდებენ ვაშინგტონის კონსენსუსსაც, იმიტომ რომ იმ ორგანიზაციების, რომლებიც ლოკომოტივის როლს ასრულებენ ამ სისტემის დანერგვაში - მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი - სათავო ოფისები მდებარეობს ვაშინგტონში. თავიდან ეს პროგრამა შემუშავდა ლათინური ამერიკის ქვეყნებისთვის, ხოლო შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, გავრცელდა უკვე ყოფილ საბჭოთა და აზიის ქვეყნებზეც. ათამდე ძირითადი საკითხია. განვიხილოთ, რამდენსაც მოვასწრებთ. პირველია, აიძულონ ქვეყნები, რომ ჰქონდეთ ძალიან მკაცრი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, რაც ნიშნავს საკრედიტო შიმშილს. ვინაიდან მრეწველობა, ეკონომიკის დარგები გამორიცხულია, განვითარდეს იაფიანი და გრძელვადიანი კრედიტების გარეშე.

- ჩვენთან ბიზნესსესხებს იმდენად მაღალი პროცენტი აქვს, რა ბიზნესი უნდა აწარმოო, ისეთი, რომ ის კრედიტიც დაფარო და მოგებაც დაგრჩეს?!

- დიახ, ამიტომ ჩვენთან ყველაზე იაფია იპოთეკური სესხები, რაც გულისხმობს იმას, რომ ურბანიზაცია განვითარდეს და სოფლის მოსახლეობა ქალაქებში გადმოვიდეს საცხოვრებლად. ასევე, იაფია სამომხმარებლო სესხი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ფულით სადღაც, ჩინეთში, კორეაში და სხვაგან და სხვაგან იქმნება სამუშაო ადგილები. რატომ? იმიტომ რომ სამომხმარებლო სესხით ჩვენ ვყიდულობთ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, მანქანებს, რაც საქართველოში არ იწარმოება, ანუ ვაფინანსებთ სამუშაო ადგილების შექმნას უცხოეთში. ეს საკმაოდ დიდი თანხებია. 8-მილიარდდოლარიანი უარყოფითი სალდო გვაქვს საგარეო ვაჭრობაში, მაშინ, როდესაც, მაგალითად, ევროპაში ერთი სამუშაო ადგილის შექმნას 60 000 დოლარი სჭირდება, ჩინეთში - 20 000-25 000 აშშ დოლარი, გავყოთ 8 მილიარდი ამ ციფრებზე და მივხვდებით, რამდენი სამუშაო ადგილის შექმნას ვაფინანსებთ. ანუ ჩვენი ფულით 100 000-ობით სამუშაო ადგილი იქმნება იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ჩვენ ვვაჭრობთ. ასევე, არის ფინანსური აგრეგატი - ნაღდი ფულის რაოდენობა ეკონომიკაში, მას „ემ 2“ ეწოდება და ეს მაჩვენებელი საქართველოში ძალიან დაბალია და ესეც ვაშინგტონის კონსენსუსის მოთხოვნაა. გარდა ამისა, ჩვენ უკვე დავაგროვეთ 5 მილიარდ დოლარზე მეტი სავალუტო რეზერვი, რომლის გამოყენების უფლებასაც არ გვაძლევენ ეკონომიკისთვის. ამ თანხის დიდი ნაწილი დაბანდებულია განვითარებული ქვეყნების სახაზინო ობლიგაციებში. ეს ნიშნავს, რომ ეს თანხა მუშაობს ამ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაზე. რაღაც პროცენტს იხდიან, მაგრამ ეს არის, მაქსიმუმ, 2 პროცენტი, მაშინ, როდესაც ჩვენ თვითონ სესხებს ვიღებთ 5 და მეტ პროცენტად. აგრეთვე, განვითარებადი ქვეყნების ხელისუფლებებს სთხოვენ სუბსიდირებების მინიმუმამდე დაყვანას, განსაკუთრებით, წარმოებაში და ხარჯების გაწევას ჯანდაცვაში, განათლებაში და, გამოკვეთილად, ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

- ინფრასტრუქტურული პროექტები ურიგო არაა, არც განათლება და ჯანდაცვა, თუ სწორად იხარჯება ფული.

- ინფრასტრუქტურული პროექტები არ არის ცუდი, მაგრამ პირდაპირ შემოსავალს არ იძლევა. იქმნება დროებითი სამუშაო ადგილები, ხოლო ვალი რჩება. ანუ ჩვენ გვაძლევენ თევზს, მაგრამ არა ანკესს. ამ დროს ყველა ის ქვეყანა, რომლებიც სწრაფად ვითარდებიან: თურქეთი, ტაივანი, სინგაპური, უპირველესად სწორედ მრეწველობაში აბანდებდა სახელმწიფო სახსრებს და შემდეგ იმდენი ფული გაჩნდა, რომ უკვე იმ გზებსა და გვირაბებს თავადვე აფინანსებდნენ ყოველგვარი უცხოური ფულის გარეშე. მესამეა საგადასახადო პოლიტიკა: არ იძლევიან გამონაკლისების დაშვების უფლებას, ასეთია მათი რეკომენდაცია. ეს კი ნიშნავს, რომ სახელმწიფომ სასათბურე პირობები არ უნდა შეუქმნას ეკონომიკის არც ერთ დარგს და განსაკუთრებით, ეს ეხება წარმოებას. იმიტომ რომ მათ საქონელს არ გავუწიოთ კონკურენცია. დღეს მსოფლიოში ჭარბწარმოებაა ყველა მიმართულებით და, ამდენად, მთავარი წარმოება კი არ არის, არამედ გასაღება. ამის კლასიკური მაგალითია საქართველოს ჩაი, რომელიც კონკურენციას უწევდა ინდურ, ჩინურსა და ცეილონის ჩაის. იმ პლანტაციებს კი ევროპელები ფლობდნენ და ფლობენ და, შესაბამისად, აქ გამოაგზავნეს ფირმა, რომელიც თითქოს აპირებდა ჩაის წარმოების განვითარებას, მაგრამ ამ იმიტაციის პროცესში გავერანდა ჩაის პლანტაციები, თითო-ოროლაღა შემორჩა. ასევე, შემოიტანეს ყალბი სტერეოტიპი, რომ თითქოს ქართული ჩაი არ ვარგა. მეოთხე პოსტულატია ლიბერალიზაცია და კრედიტის სიძვირე, რაც ჩვენთან აშკარაა. ასევე, ითხოვენ ეროვნული ვალუტის მცურავ კურსს.

- რაც ლარის არასტაბილურობას იწვევს.

- დიახ და მოსახლეობა და ბიზნესი თავის დანაზოგებს ინახავს არა ეროვნულ ვალუტაში, არამედ უცხოურში, რომელიც უფრო მყარია, რაც დამატებით ზეწოლას ქმნის ეროვნულ ვალუტაზე, რომელიც კიდევ უფრო უფასურდება. ეროვნული ვალუტის მუდმივი გაუფასურება კი აუარესებს ცხოვრების დონეს. მეექვსე პოსტულატია საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაცია: თავს მოგვახვიეს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები, რაც არ იძლევა საშუალებას, რომ საქართველოში წარმოება განვითარდეს. გახსოვთ, ხომ, ბენდუქიძე რომ ამბობდა, თუ საქონლის ჩინეთიდან შემოტანა უფრო იაფი გიჯდება, ჯობია, შემოიტანოო, მაგრამ ეს არის თაღლითური განცხადება.

- კორონოპანდემიამ აჩვენა ამ მოსაზრების უსაფუძვლობა: გზები ჩაიკეტა, გადაზიდვები გაძვირდა, შესაბამისად, საქონელიც.

- მათემატიკურად რომ დათვალო, შეიძლება, მაცივრის ჩინეთიდან შემოტანა იაფი გიჯდებოდეს, მაგრამ, რომ დათვალო ის მულტიპლიკაციური ეფექტი, რაც მაცივრის საქართველოში დამზადებას მოჰყვება, გაცილებით შედეგიანია. როდესაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს განვითარებულსა და განვითარებად ქვეყნებს შორის, მოგებული რჩება განვითარებული ქვეყნები. მეშვიდეა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის დაბრკოლებების მოხსნა. ჩვენთან გაფეტიშებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, თუმცა მე მიმაჩნია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ყველაფერში არ არის სასარგებლო. მისაღები შეიძლება, იყოს იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ექსკლუზიურსა და უნიკალურ ტექნოლოგიებს უკავშირდება. სურსათის მაღაზიას რომ გამიხსნი უცხოური ინვესტიციით, ეს არაფერს მაძლევს, გარდა ერთისა: საბოლოოდ, უცხოელ ინვესტორს გააქვს მოგება ქვეყნიდან და ეს დამატებითი ზეწოლაა ეროვნულ ვალუტაზე. ამასთან, გვთხოვენ, რომ სახელმწიფომ გაყიდოს ყველაფერი, ანუ სახელმწიფოს, როგორც ძლიერ მოთამაშეს სდევნიან ეკონომიკიდან. მეცხრე პოსტულატია დერეგულაცია, რომ უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებს პრობლემები არ შეექმნას სახელმწიფოს მხრიდან. მეათეა საკუთრებისა და საავტორო უფლებების დაცვა. არადა საავტორო უფლებების უდიდესი ნაწილი, ანუ პატენტები გაიცემა იქ, სადაც ბევრი ფული გამოიყოფა მეცნიერებაზე: განვითარებულ ქვეყნებში. მოკლედ, ამ კონსენსუსის მთავარი ამოცანაა, რომ განვითარებული ქვეყნების კეთილდღეობა იყოს დაცული, განვითარებადი ქვეყნები კი ისე არ განვითარდნენ, რომ მათი კონკურენტები გახდნენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი