პოლიტიკა

რა უნდა იცოდეთ კომერციულ ბანკებთან ურთიერთობაში და როგორაა შესაძლებელი თქვენს ანგარიშზე უკანონოდ დარიცხული თანხების ჩამოწერა

№4

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 01.02, 2023 წელი

ლია ელიავა
დაკოპირებულია

დღეის მდგომარეობით, ბანკის მსესხებელთა რაოდენობა ქვეყანაში მილიონ 619 ათას ადამიანამდეა, რაც იმას ნიშნავს, რომ სრულიად საქართველოს ზრდასრულ მოსახლეობას (პენსიონერთა გამოკლებით, რომლებსაც სესხებს, უბრალოდ, არ აძლევენ) ბანკის ვალი აქვს. ხოლო საქართველოს მოსახლეობის მთლიანი საკრედიტო პორტფელი 36.6 მილიარდი ლარია. აქედან ვადაგადაცილებულია 1.43 მილიარდი ლარი, ანუ ამგვარი გაუსტუმრებელი საბანკო ვალდებულებები 128 000 მსესხებელს აქვს. როგორი მაჩვენებელია ეს საქართველოს ეკონომიკისა და ქვეყანაში არსებული ფონის გათვალისწინებით? – ამ თემას ეკონომიკის ექსპერტთან, ლია ელიავასთან, ერთად განვიხილავთ.

– არის თუ არა ბუნებრივი, რომ თითქმის ყველას აქვს საბანკო სესხი ჩვენი ტიპის ქვეყანაში? პირადად მე არ მაქვს და არც მქონია.

– სხვათა შორის, არც მე... მოდი, ასე ვთქვათ, ვისაც აქვს შემოსავალი, ყველა ცდილობს, აიღოს სესხი, იმიტომ რომ მას თავისი შემოსავალი არ ჰყოფნის ბიზნეს ან პირადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მეორე მომენტია, თუ რამდენად ადეკვატურად ეკიდება მოსახლეობა სესხის აღებას. ამ თვალსაზრისით, ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა რიგი რეგულაციები, რომ მეტ-ნაკლებად დააზღვიოს მსესხებლის შემოსავლები, რომ მან ბოლო თეთრამდე საკრედიტო ვალდებულებებში არ გადაიხადოს. მიუხედავად ამისა, არსებობს სესხის ისეთი მატყუარა ფორმა, როგორიცაა საკრედიტო ბარათი, რომლის ყულფშიც საკმაოდ ბევრია გახვეული. გასულ წელს სესხის ამღებთა რაოდენობა და სესხის მოცულობა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. მეტიც, ბიზნესსექტორში შეიმჩნევა სესხების აღების მაჩვენებლის კლება, რაც მიუთითებს ტენდენციას, რომ ბიზნესს სტაგნაციის პერიოდი აქვს. გარდა ამისა, იცით, რომ სესხის მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით, იპოთეკური სესხები, მიბმულია ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთზე, რომელიც საკმაოდ მაღალია, რაც, შესაბამისად, ფინანსურად აწვება მსესხებელს და მისი ჯიბიდან უფრო მეტი ფული გადადის კომერციულ ბანკებში. მეორე მხრივ, თავად ის მიდგომა, რომ მოსახლეობამ და ბიზნესმა აიღონ სესხი, ნამდვილად არ არის ცუდი.

– ყველა ქვეყანაში იმიტომ იღებენ სესხს, რომ შემოსავლები არ ჰყოფნით?

– არა, მთლად ასე არ არის. სესხებს სხვადასხვა მიზეზის გამო იღებენ. სესხი არა მარტო იმის გამო შეიძლება, აიღო, რომ შემოსავალი არ გყოფნის ან რაღაც სასწრაფო ამოცანა გაქვს გადასაწყვეტი, არამედ სესხს იღებენ იმიტომაც, რომ საკუთარი სახსრები დაიცვან. განსაკუთრებით, ეს ეხება ბიზნესს, თუმცა ფიზიკურ პირებსაც. მაგალითად, თუ თქვენ ბანკში გაქვთ დიდი ოდენობის თანხა, შესაძლებელია, სესხი აიღოთ შედარებით უკეთესი პირობებით, ანუ დაბალი პროცენტით. მაგრამ საქმე ის არის, რომ საქართველო დაბალშემოსავლიანი, ღარიბი ქვეყანაა. ისეთ სიღატაკემდე, რაც აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაშია, ჯერჯერობით არ მივსულვართ, მაგრამ ბევრი არც არაფერი გვიკლია. ამასთან, საქართველოს მოსახლეობა ისეთი კატეგორიის მოსახლეობაა, რომელიც მიჩვეული იყო კარგ ცხოვრებას. საბჭოთა პერიოდში ცხოვრების დონით ერთ-ერთი საუკეთესო იყო იმ სივრცეში, თან, მოთხოვნილება, იცხოვრო უკეთესად, ვიდრე ცხოვრობ დღეს, ბუნებრივია. შესაბამისად, ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით მოსახლეობა სესხებს იღებს ბანკიდან და არა მარტო ბანკიდან: სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდანაც. და ეს ცუდი არაა. ცუდი ისაა, რომ საქართველოში კომერციული ბანკები ძალიან მტაცებლური საპროცენტო და საკომისიო განაკვეთებით მუშაობენ. სწორედ ეს განაკვეთებია მოსახლეობის გაღარიბებისა და შემდგომი შეჭირვებული ცხოვრების საფუძველი. მაგალითად, როდესაც ადამიანს უჭირს და სჭირდება სესხის აღება, ვთქვათ, მკურნალობისთვის, რასაც სახელმწიფო ვერ აფინანსებს, მას ბევრ რამეზე უწევს უარის თქმა, ანუ სიღარიბისკენ მიმავალ გზაზე დადგომა, რათა გადაიწყვიტოს ერთი პრობლემა. და ამ ერთი პრობლემის გადაწყვეტაში კომერციული ბანკები იღებენ ზეშემოსავლებს. ანუ ამ შემთხვევაში მოსახლეობის დადანაშაულება, რომ ისინი გაუაზრებლად და სურვილის მომენტალურად დაკმაყოფილების გამო იღებენ, სესხს არ შეიძლება. რა არის მომენტალური სურვილი? მაგალითად, ახალი მობილური ტელეფონის შეძენა. ეს ფუფუნების კატეგორიის საგანია, მაგრამ ადამიანი იჭირვებს, რომ ჰქონდეს ახალი მობილური. საქმე სხვა რამაა – სახელმწიფო, საქართველოს ეროვნული ბანკის სახით, არ დგამს ადეკვატურ ნაბიჯებს იმისთვის, რომ მოთოკოს კომერციული ბანკების მადა.

– შეუძლია კი?

– პრობლემაც ისაა, რომ კომერციულ ბანკებს აქვთ უფრო მეტი ძალა და ფინანსები, ვიდრე მთლიანად სახელმწიფოს. ანუ საქართველოში საფინანსო სექტორი მიშვებულია მოსახლეობის საძარცვავად და მოსახლეობას სხვა გამოსავალი არ რჩება გარდა იმისა, რომ გადაიხადოს მამასისხლად მაღალი საპროცენტო განაკვეთები. მაშინ, როდესაც ცივილიზებულ ქვეყნებში იპოთეკური სესხი 2-4 პროცენტია და დაბალია საკომისიოები. ასეთი პირობები რომ იყოს საქართველოშიც, შესაძლებელი იქნებოდა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა. განსაკუთრებით, ხაზი მინდა, გავუსვა ბიზნესსესხებს.

– დიახ, გაუგებარია, რა ისეთი მოგება უნდა ჰქონდეს ბიზნესს, რომ, თუნდაც, ბიზნესსესხის საპროცენტო განაკვეთი დაფაროს?

– სამწუხაროდ, საქართველოში ვერ ვითარდება ეკონომიკის რეალური სექტორი, ანუ ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, იმიტომ რომ ამ სექტორებში მაღალსაპროცენტოგანაკვეთიანი სესხის მომსახურება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამიტომ ვითარდება მხოლოდ მომსახურების სფერო: სასტუმროები, ვაჭრობა და ასე შემდეგ. სფერო, რომელიც არ ქმნის დოვლათს ეკონომიკაში. სამწუხაროდ, ეროვნული ბანკი არ ზრუნავს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, თუმცა ეს უწერია კანონში. გარდა ამისა, მინდა, აღვნიშნო მთავრობის პოლიტიკაც: მთავრობა ცდილობს, სახელმწიფო სახსრები დახარჯოს გარკვეულ პროგრამებზე, სოფლის მეურნეობის დაფინანსებასა თუ სხვაზე, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. აუცილებელია უფრო მეტი ფინანსური დახმარების გაწევა როგორც ბიზნესისთვის, ისე ახალგაზრდა ოჯახებისთვის, რომ ბავშვები გააჩინონ. იცით, რომ საქართველოს მოსახლეობა იკლებს, ვწყდებით და მთავრობამ აუცილებლად უნდა იზრუნოს შობადობის გაზრდაზე. შობადობის გაზრდის ორი წყარო არსებობს: საკუთარი საცხოვრებელი, ანუ ძალიან დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხები, რომ ახალგაზრდა ოჯახებს ჰქონდეთ საკუთარი ჭერი და ახალგაზრდა ოჯახებისთვის ღირსეული შემოსავალი, რომ მათ გააჩინონ ბევრი შვილი. ანუ პრობლემების ზღვაა და ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ჩაკეტილ წრეს: იმისთვის, რომ ეს პრობლემები გადაწყდეს, საჭიროა ფული და ფული რომ იყოს, ეს პრობლემები უნდა იყოს გადაწყვეტილი. და ამ ჩაკეტილი წრიდან საქართველო ათეული წლებია, ვერ გამოდის.

– მაოცებს ელემენტარული რამეები: შეგაქვს ფული ბანკში, სადაც ისედაც გაქვს ანგარიშები, შემნახველ ანგარიშზე, ქეშად, უცხოური ვალუტა და ისინი გახდევინებენ მომსახურების ყოველთვიურ საკომისიოს ან ურიცხავ უცხოურ ვალუტას დეველოპერულ კომპანიას და ბანკი თავისსავე ბანკის ანგარიშზე ამ თანხის გადარიცხვის მომსახურებაში იღებს თანხის 0.15 ან 0.3 პროცენტს. ამის მოგვარებას რაღა უნდა? შემაქვს ქეში და ამაში ფულს მახდევინებენ.

– საქმე ისაა, რომ ნებისმიერი ანგარიშის მომსახურებისთვის ბანკები არიცხავენ საკომისიოს, ეს პრაქტიკა უცხოეთშიცაა. თქვენ რომ ეს თანხა გადაგეტანათ ანაბარზე, საკომისიო არ ჩამოეჭრებოდა და სარგებელიც დაერიცხებოდა.

– წლიური 1 თუ 2 პროცენტია სარგებელი?!

– უფრო საინტერესო ფაქტს გეტყვით: ანგარიშზე რამდენიმე წლის განმავლობაში არ მქონდა მოძრაობა და როდესაც ბანკს მივაკითხე, აღმოჩნდა, რომ მათ დამირიცხეს საკომისიო 700 ლარი. ძალიან მკაცრად საუბარი მომიწია, იმიტომ რომ, როდესაც ანგარიშზე მოძრაობა არ არის, ეროვნული ბანკის რეგულაციებით, ბანკმა უნდა დახუროს ეს ანგარიში და შეწყვიტოს საკომისიოების დარიცხვა; და როდესაც გამოვიჭირე ეროვნული ბანკის რეგულაციის დარღვევაში, ჩამოწერეს თანხა და უკან დაიხიეს. ანუ, თუ არ იცი კანონი და ბანკთან ურთიერთობის დეტალები, აუცილებლად წაგართმევენ უზარმაზარ ფულს. სამწუხაროდ, ეს მიღებული პრაქტიკაა.

– საქმეც ისაა, რომ წინასწარ ვიკითხე, თუ ჰქონდათ მსგავსი ანგარიში, რომელზეც არ გადავიხდიდი საკომისიოს არც გამოტანისას და არც ყოველთვიურს. მითხრეს, რომ ასეთი ანგარიში ჰქონდათ და აღმოჩნდა ტყუილი.

– სამწუხაროდ, ისინი ცდილობენ, რომ, რაც არ ხვდება ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ, გამოიყენონ თავიანთ სასარგებლოდ. ნაცარს შეგაყრიან თვალში, რომ ამდენი და ამდენი უნდა გადაიხადო და ერთადერთი გზა ამასთან შესაბრძოლებლად არის ეროვნულ ბანკში განცხადების გაშანშალება, სიტუაციის აღწერითა და რეაგირების მოთხოვნით. მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ ჩივილს, პრეტენზიებს ყოველთვის აქვს აზრი, ვინაიდან ყველა კომერციული ბანკი უფრთხილდება თავის რეპუტაციას. უფრთხილდება თავისი მენეჯმენტის საქმიანობის სისუფთავეს, რომ მათზე არ გავრცელდეს ინფორმაცია საზოგადოებაში, არ გადაიზარდოს სასამართლო დავაში და არ მივიდეს ეროვნული ბანკის ყურამდე, რადგან, ასეთ შემთხვევაში, ეროვნული ბანკის რეგულაციებით, მათი რეიტინგი დაბლა იწევს. ამიტომ, თუ თქვენ ეჭვი გეპარებათ, რომ თქვენი უფლებები ირღვევა და ბანკი ზედმეტ თანხას გახდევინებთ ან გატყუებთ, აუცილებლად მოახდინეთ რეაგირება: ან ეროვნულ ბანკს მიმართეთ, ან იმ ბანკის მენეჯმენტის სახელზე დაწერეთ თქვენი პრეტენზია. არ დატოვოთ ყურადღების გარეშე, თქვენი მოსაზრებით, უკანონოდ ჩამოჭრილი ერთი თეთრიც კი. აი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმავდროულად, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ საფინანსო სექტორი, მართლაც, კარგად რეგულირდება, ეკონომიკის სხვა სექტორებთან შედარებით. ამდენად, ჩივილსა და პრეტენზიას აქვს აზრი. სხვა სექტორებში, სამწუხაროდ, ასეთი ჩივილი დარჩება ხმად მღაღადებლისად უდაბნოსა შინა, იმიტომ რომ ეკონომიკის სამინისტროს ნამდვილად არ ადარდებს, საწარმოებმა თქვენი უფლებები დარღვიეს თუ არა; ვიღაცამ ვადაგასული საქონელი მოგყიდათ თუ არა და ასე შემდეგ. აქ თქვენ ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევთ, საფინანსო სექტორში კი იმის დიდი ალბათობაა, რომ გაიტანოთ თქვენი სიმართლე და გაიმარჯვოთ დავაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი