პოლიტიკა

რა ფსიქიკური პრობლემები შეიძლება, მოუტანოს ბავშვებს სამომავლოდ იზოლაციამ და იმის მტკიცებამ, რომ მეორე ადამიანთან მიახლოება საშიშია

№1

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 13.01, 2021 წელი

რამაზ საყვარელიძე
დაკოპირებულია

კორონაპანდემიამ უკვე იმდენად შეცვალა ადამიანების ცხოვრება, რომ აშშ-სა და ევროპაში 30 წლამდე შვილების დიდი ნაწილი (საფრანგეთში ეს მაჩვენებელი 47 პროცენტია) მშობლების სახლებს დაუბრუნდა. შესაძლოა, ეს ფინანსური პრობლემებითაც იყოს გამოწვეული, მაგრამ ძირითადი მოტივი, სავარაუდოდ, ის უნდა იყოს, რომ ადამიანები მარტო დარჩნენ იზოლაციის წყალობით. ადამის შთამომავალი კი ისეთი ქმნილებაა, რომ სხვა ადამიანების გარეშე ვერ ძლებს. მეოცე საუკუნეში მეტად აქტუალური ფილოსოფიური მიმართულება გახლდათ ეგზისტენციური კრიზისი – ანუ ადამიანის გაუცხოება თავის მიერვე შექმნილი ტექნიკური მიღწევებიდან გამომდინარე, მაგრამ ოცდამეერთე საუკუნემ ახალი პრობლემები მოუტანა ადამიანებს. ისინი ტექნიკური პროგრესის კი არადა, უხილავი ვირუსის გამო დარჩნენ მარტო. რა საფრთხე ელის ადამიანს მეორე ადამიანთან ურთიერთობის გარეშე? – ამ თემას ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად განვიხილავთ.

– დასავლეთში შვილები დაუბრუნდნენ თავიანთ მშობლებს, არადა იქ მიღებულია, რომ სრულწლოვანი შვილები თავისით უნდა განაგრძობდნენ თავიანთი ცხოვრების გზას. ასე შეეშინდათ მარტოობის თუ რატომ გახდა მეორე ადამიანი ასე ძვირფასი?
– ძნელი სათქმელია, იმიტომ რომ იმ კულტურაში არ ვცხოვრობთ და დეტალები არ ვიცით, მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც, მაგალითად, შიდსი გავრცელდა, თუ მანამდე იყო სექსის კულტი, ამოტივტივდა საპირისპირო მოსაზრება, რომ სექსთან ერთად შეიძლება, შემოვიდეს სიკვდილი. შეიძლება, აქაც ანალოგიური რამ ხდება: ერთ მხარეს რომ გადაღუნავ ჯოხს, საპირისპირო შედეგს მიიღებ: შვილმა დედა ვინ იყო, არ იცოდა და დედამ – შვილი, თუმცა ეს უფრო ევროპისთვისა და ამერიკისთვის იყო დამახასიათებელი, თორემ მთელი აზია და ჩვენ სხვა პრინციპით ვცხოვრობთ. იმ ქვეყნებში, სადაც ტრადიცია მნიშვნელოვანია, სასწავლი არაფერი აქვთ. აშშ-სა და ევროპას ხშირად ახასიათებთ, რომ რაღაც ნაბიჯებს გადადგამენ რაღაც იდეის გამო და შემდეგ ის იდეა თავის თავში შეიცავს ნაღმს, რომელიც გათვლილი არ ჰქონდათ. ასეთივე გაუთვლელი იდეა იყო, როდესაც შემოიტანეს ადამიანის უფლება, რომ მან უნდა იცხოვროს იქ, სადაც უნდა. ბუნებრივია, როდესაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გატარდა ეს იდეა, ყველამ მოისურვა ცხოვრება იქ, სადაც უკეთესია ცხოვრება, ანუ ევროპულ ქვეყნებში და მივიღეთ ჭარბი მიგრაცია. დღეს ევროპა ამბობს, რომ აწუხებთ მიგრაციის პრობლემა. ოღონდ ვერ ბედავენ, რომ მიგრაცია გამოაცხადონ შეცდომად. ამბობენ, ეს ევროპული ღირებულებააო და ამიტომ მიგრაციის პრობლემა გრძელდება. ეროვნული სახელმწიფოს მოსპობის იდეას მიჰყვა მიგრაციის იდეაც, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი სად იცხოვრებსო. ამას კი შედეგად მოჰყვა სხვა დეფორმაციებიც. ასევე, ძალიანაა გავრცელებული იდენტიფიკაციის თემაც. რუსეთის ერთ-ერთ ტელეგადაცემაში მოიტანეს ერთ-ერთი დანიელის ვიდეოციტატა, რომელიც ამბობს, რომ ყველანაირი იდენტიფიკაცია მკვლელია.
– ანუ მე რომ ქართველი ვარ, ქალი ვარ, ჰეტერო ვარ, ეს მკლავს?
– დიახ, ეროვნული, სქესობრივი, ოჯახური იდენტიფიკაცია. ამ იდეოლოგიის პირველი მსხვერპლი იყო ოჯახური იდენტიფიკაცია, თუ ამას იდეოლოგია შეიძლება, დაერქვას. თავისუფლების იდეა იყო წამყვანი იმაში, რომ დასავლეთში ახალგაზრდები სახლებიდან მიდიოდნენ და ეს მართლდებოდა, სწორედ, მათი თავისუფალი არჩევნითა და თავისუფლების უფლებით. აი, იმაზე კი აღარ უფიქრიათ, რომ ასე გაგებულ თავისუფლებას რაღაც შეეწირებოდა. მაინც ეს მიაჩნდათ უმაღლეს ღირებულებად. არადა, ეს ასაკობრივია, ჩვენთანაც უნდათ ახალგაზრდებს მარტო ცხოვრება, ეს ბუნებრივია და შემდეგ ეს სურვილი ქრება. ჩვენთან გვინახავს, როგორ უვლიან ვაჟები ავადმყოფ დედებს ქალებზე უკეთ, თუმცა შეიძლება, სიყმაწვილეში საკმაოდ აცვენილებიც ყოფილიყვნენ. ასე რომ, რომელიმე იდეის კანონად დადგენა, იმ მხრივაა სახიფათო, რომ ახშობს ბუნებრივ ტენდენციებსა და მისწრაფებებს.
კიდევ ერთ ანალოგიას გავიხსენებ: გასული საუკუნის 60-70-იან წლებში მთელ მსოფლიოში გავრცელდა ამერიკელების მოდა და ეტალონად შემოვიდა გამხდარი პიჯაკში გამოწყობილი ქალი მკერდისა და ფორმების გარეშე. ეს იყო სილამაზის ეტალონი და, მოგეხსენებათ, ქალების დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა, ასეთი გამხდარიყო და ამის შედეგად მივიღეთ ავადმყოფობა.
– ანურექსია.
– და წყარო რა იყო ამის? ხელოვნური იდეა, როგორიც ვარ, იმით კი არ უნდა ვიყო ლამაზი, არამედ ისეთი ლამაზი უნდა ვიყო, როგორც ჟურნალში ხატია. ისეთი მინდა, გავხდე და ამან ხელოვნურად გამოიწვია ანურექსია.
– ისევე, როგორც ახლა ტუჩების დაბერვამ და პლასტიკურმა ოპერაციებმა არაერთი ქალი და მამაკაციც დაამახინჯა.
– აი, ასეთ ხელოვნურ პრობლემებს ქმნის ხელოვნური ეტალონები, ანუ ხელოვნური იდეები და ასეთი რამ ხშირად ემართება ევროპას. ახლა, უბრალოდ, დადგა ის დრო, როდესაც იგრძნეს, რომ იმ სითბოს, რომელიც ასეთ დეფიციტად იქცა კოვიდპანდემიის გამო, იმ ხარისხითა და რაოდენობით ვერავინ იძლევა, როგორც მშობელი. ვიმეორებ, გასაკვირი არ არის, რომ ასეთი რამ ემართებათ დასავლეთში და ხშირად აღმოაჩენენ ხოლმე თავიანთ მიერვე შექმნილი იდეების პრობლემებს. დღეს სითბო დასჭირდათ და მიაკითხეს მშობლებს, იმიტომ რომ ამ სითბოს ყველაზე დიდი დოზით გამცემია მშობელი.
– ზრდასრულ ადამიანებს ასე სწრაფად და იოლად ვერ დაავიწყდებათ ადამიანური ურთიერთობები, მაგრამ ამას წინათ სუპერმარკეტში შევესწარი ასეთ სცენას: ბებიას ახლდა პატარა შვილიშვილი გოგონა, 4-5 წლის, ბავშვს ეკეთა ნიღაბი, კიდევ კარგი დღეს უკვე ჯანმოც აცხადებს, რომ 5-წლამდე ბავშვებმა ნიღბები არ უნდა ატარონ (მე, მაგალითად, „ფრესკოში“ არ შემიშვეს, იმიტომ რომ ჩემი 2 წლის შვილიშვილი ნიღაბს არ იჩერებს) და ბებია ეუბნება იმ პატარა ნიღბიან გოგონას, ცხვირზე აიწიე და რამდენჯერ გითხარი, ადამიანებს არ მიუახლოვდეო. ტყვიასავით მომხვდა ეს სიტყვები: ბავშვებს, უნებლიეთ, ასწავლიან, რომ მეორე ადამიანი მისთვის საშიშია, იმიტომ რომ ადამიანია. არადა, ბავშვმა ბავშვთან თუ არ ითამაშა, როგორ უნდა განვითარდეს? კიდევ თუ გაგრძელდა ასეთი დისტანცირება, რა ტიპის ფსიქიკური პრობლემები შეიძლება, მოუტანოს ამან მომავალ თაობებს?
– თქვენვე მოიტანეთ მაგალითი, რომ დასავლეთში შეიცვალა დამოკიდებულება მშობლებისადმი და ახალგაზრდები მშობლებთან დაბრუნდნენ საცხოვრებლად, ეს არის იმ ადამიანების მიერ მოძებნილი გამოსავალი და ბუნებამ თავად უკარნახა მათ ეს გამოსავალი. ბუნებამ მიახვედრა, ამ იზოლაციის პირობებში როგორ გახდნენ უფრო ადამიანურები, როგორ შეავსონ ეს იზოლაცია ადამიანური სამყაროთი. ასე რომ, იმასაც ბუნება უკარნახებს ბავშვებს და იპოვიან გამოსავალს.
– მაგრამ ახალგაზრდებს ასაკის გამო ახსოვთ მშობლების სითბო, ანუ შესაბამისი გამოცდილება აქვთ და იციან ეს. ყოფილა შემთხვევები კოვიდამდეც, რომ ბაქტერიიებისა და ვირუსებისგან იზოლაციის მიზეზით მშობლები იზოლირებულად ზრდიდნენ ბავშვებს, რომლებსაც ჰქონდათ ყველაფერი, მაგრამ მათ გარშემო არ იყვნენ ადამიანები და ასეთ მშობლებს შვილები ჩამოართვეს, რადგან ეს მიიჩნიეს სადიზმად, იმიტომ რომ ბავშვი ვერ ვითარდებოდა მხოლოდ ფუფუნების საგნებითა და კომფორტით. ამ ბავშვებს თუ არ ექნებათ გამოცდილება, თუ რას ნიშნავს სხვა ადამიანთან ურთიერთობა, საიდან მიხვდებიან? თუ ადამიანი ბუნებრივად მიილტვის ადამიანისკენ?
– ჯერ ერთი, ლტოლვის გარდა, სიამოვნებაა ადამიანური ურთიერთობა და ამ სიამოვნებას თუ გაუგო გემო, მერე ვერაფერი გააჩერებს ადამიანს. ასე რომ, რამდენიმე წელმაც რომ გაიაროს იზოლაციაში, მაინც გადალახავს მაგ ბარიერს. ჩვენ ურთიერთობების დაკარგვის საფრთხე ინფექციებიდან ნაკლებად გვემუქრება. ეს პრობლემა შეიძლება, მოგვიტანონ კომპიუტერებმა და ტელეფონებმა. ინფექციამ, პირიქით, შეიძლება, დადებითი როლიც შეასრულოს – იმდენად მომაბეზრებელი გახადოს კომპიუტერი, რომ ადამიანმა თავად თქვას მასზე უარი და უკვე ვაკვირდებით ამ ტენდენციას: ბავშვები იძლებულები არიან, გავიდნენ გარეთ, ეზოში. ჩვენ ხომ ის პრობლემა გვაქვს, რომ ბავშვები ეზოში აღარ გადიან სათამაშოდ?! ვნახოთ, ბუნება, ჩვეულებისამებრ, ჩვენზე ჭკვიანია.
– ბუმი იყო ეგზისტენციური კრიზისის მეოცე საუკუნეში, ოცდამეერთემ უფრო გაამწვავა?
– მეოცეში რაც ხდებოდა, ის შეიძლება, „ყვავილები“ იყო, იმიტომ რომ ძალიან ძლიერად გახდა ადამიანი დამოკიდებული ტექნიკაზე. მით უფრო, რომ კოვიდმა კომპიუტერთან დასვა ყველა. ამდენად, ორი ვარიანტია, შეიძლება, კოვიდკომპიუტერიზაციამ უფრო მიაბას კომპიუტერს ადამიანი, მაგრამ შეიძლება, პირიქით მოხდეს და ისე მოყირჭდეს ადამიანს ტექნიკა, მისი დანახვაც აღარ უნდოდეს. მე მაინც ვიმედოვნებ, რომ მეორე ვარიანტი განხორციელდება.
– მე დამემართა ალერგია ლეპტოპზე, საოციალურ ქსელებზე, მობილურ ტელეფონზე.
– იგივე ტენდენცია იქნება ახალგაზრდებშიც და შეიძლება, კოვიდს ეს პლუსი აღმოაჩნდეს, გადაგვარჩინოს იმ საფრთხისგან, რაც კომპიუტერით ზედმეტი გატაცებით ვლინდება. ახალგაზრდებს ვერ აცილებენ კომპიუტერს, მობილურ ტელეფონს. თან, რაც უფრო კომპიუტერიზებულია ქვეყანა, ეს პრობლემა მით უფრო მძაფრად უდგას. როგორც შიდსის შესახებ მოგახსენეთ – შეიძლება, ბუნებამ საჩუქარი გადმოგვიგდო კოვიდის სახით, სწორედ იმისთვის, რომ გავახილოთ თვალები, შევამციროთ კომპიუტერის როლი ჩვენს ცხოვრებაში და გავზარდოთ ადამიანური ურთიერთობის როლი, რის აშკარა ნაკლებობას განვიცდიდით. რადგან, ვიმეორებ, ადამიანი ვერ ხვდება ხოლმე, ისე იკავებს რადიკალურ პოზიციას. ბუნება კი რადიკალიზმს ვერ იტანს და ამ რადიკალურ პოზიციას ასწორებს საპირისპიროთი. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ახლაც ზედმეტი მოგვივიდეს და იზოლაციის გამო საერთოდ უარი თქვან ადამიანებმა კომპიუტერზე. როგორც იმ ახალგაზრდებს ათქმევინა უარი ყალბ თავისუფლებაზე და დააბრუნა მშობლებთან, ასევე, ზოგადად, შეიძლება, ადამიანები უფრო დააახლოვოს კოვიდმა, იმიტომ რომ ქმნის ისეთ ვითარებას, როდესაც მეორე ადამიანი ძვირფასი ხდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი