პოლიტიკა

რა მიზნები ამოძრავებთ უკრაინის ხელისუფლებას, ევროპარლამენტს, აშშ-სა და რუსეთს საქართველოსადმი

№10

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 15.03, 2023 წელი

ამერიკა და რუსეთი
დაკოპირებულია

ერთი მხრივ, ჩვენი პარტნიორები ერთხმად აცხადებენ, რომ არავის სურს საქართველოს ომში ჩაბმა, მაგრამ, მეორე მხრივ, არც თუ ცოტა დასავლელი პოლიტიკოსი, უკრაინელი პოლიტიკოსების თამადობით, უკმაყოფილოა საქართველოს სახელმწიფოს მოქმედებით. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ოკუპანტობაზე ბოლო 30 წელია, ვლაპარაკობთ, ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან მხარს ვუჭერთ რუსეთის ქმედებების პოლიტიკურ შეფასებებს და, განსხვავებით სხვა მეზობელი ქვეყნებისგან მხარი დავუჭირეთ გაეროს რეზოლუციასაც, რომელიც რუსეთს უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს. შესაბამისად, იბადება კითხვა: რას გვემართლებიან ამხანაგები დასავლეთიდან, ყურებზე უნდა გავიაროთ თუ დედაწულიანად უნდა შევაწყდეთ 145-მილიონიან რუსეთს? – ამ თემას აკაკი ასათიანთან ერთად განვიხილავთ.

– გულწრფელად მაინტერესებს, რა არ მოსწონთ ჩვენს ქმედებაში. უნდა გავწყდეთ მაინცდამაინც?

– სამი ათასი წელია, არ გავმწყდარვართ...

– გარდა რუსეთისა, იმდენი მტერი გვყავდა, უცებ შეიძლება, ყველა ვერც გავიხსენო. ყველაზე რომ დავბოღმილიყავით, ჩვენი სახსენებელი არ იქნებოდა დღეს, ის ბოღმა შეგვჭამდა.

– კიდევ კარგი, რომ ბოღმით ცხოვრება არ შეგვიძლია, თორემ გავქრებოდით. ბოღმა წამლავს ადამიანს, ანადგურებს.

– ვერ ვჭამთ ვერავის ცოცხლად, ასეთი ბუნება გვაქვს.

- რად გვინდა ლეშის ჭამა?! ყელზე დაგვადგება.

– აქედან გამომდინარე, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მოვეწონოთ პარტნიორებს?

– მოდი, ერთად შევეცადოთ, გავარკვიოთ. რუსების განცხადებები, რა თქმა უნდა, პროვოკაციებია.

– რუსეთი არც ვახსენე, მათთან ყველაფერი გასაგებია.

– დიახ. წარმოიდგინეთ, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებიც პროვოკატორობენ რაღაც მიზნით. მე, მაგალითად, მგონია, იმ მიზნით, რომ, თუ ხეირი იქნა და ფლავი ჩამოარიგეს დასავლეთის მხრიდან, ჩვენ არ მოვხვდეთ იმ განაწილებაში. წარმოუდგენლად უადგილო და უაზროა ომში მყოფი ქვეყნისგან სრულიად გიჟური ბრალდებები ჩვენდამი, მაგრამ მარტივად გაცხადდა ყველაფერი არესტოვიჩის მაგალითით. ხომ გვახსოვს მისი დაშაქრული ვითომ პატრიოტული „რეჩები“, რის შემდეგაც უცბად დააბრეხვა, დნეპროპეტროვსკი თვითონ უკრაინელებმა დააზარალესო; არც ახლა ჩერდება და ბოდავს რუსების სასარგებლოდ. რა გარანტია გვაქვს, რომ ხვალ პოდოლიაკი არ აღმოჩნდება ასეთი?! მით უმეტეს, იანუკოვიჩის საარჩევნო შტაბის წევრი იყო და ბევრი ახლანდელი ხელისუფალი „რეგიონთა პარტიაშიც“ იყო?! იგივე არახამიაც, სხვებთან ერთად, პროვოკატორობს, რომ მხოლოდ ისინი იყვნენ დასავლეთის ჯილები და სხვა არ შეეცილოს.

– ანუ ფიქრობთ, რომ მათი მიზანია გამორჩენა და დასავლეთი ისეთი გულუბრყვილოა, რომ ამას ვერ ხვდება?

– დასავლეთი ყველაფერს ხვდება, უბრალოდ, როგორც მისთვისაა ხელსაყრელი, ისე ჭრის და კერავს ხოლმე. თორემ, ვერავინ ვერავის მოატყუებს ოცდამეერთე საუკუნეში, ვერაფერს ვერც დამალავს და ვერც დაფარავს. იგივე, მაგალითად, თუ „ქართული ოცნება“ რუსეთისკენ მიდის და წავა, ვინმეს წარმოუდგენია, რომ ამას ვერ გავიგებთ?! თუ დილით გავიღვძებთ და აღმოვჩნდებით, როგორც ახლა ამბობენ, გუბერნიად?! რაც გამორიცხულია: საბჭოთა კავშირმა ვერ გაბედა ეს ამბავი. ზურაბ ავალიშვილი წერდა თავის მემუარებში, რომ 1921 წელს ერთი სიკეთე მაინც მოხდა, ვეღარ გაბედეს, გუბერნიად შევეყვანეთ, საქართველოს სახელწოდების რესპუბლიკა მაინც გაფორმდა და ეს ოდესმე თავის როლს შეასრულებსო. და 70 წლის შემდეგ, მართლაც, ასე მოხდა. ისევ თემას რომ დავუბრუნდეთ: რუსები პროვოკატორობენ, თუმცა ამხელა სახელმწიფო სააკაშვილისთვის რომ მოიცლის და ზახაროვა გამოდის და ისევ სააკაშვილი ახსოვს, აჩვენებს, როგორი დამცრობილია ეს ქვეყანა.

– ლუკაშენკომაც ხომ აუბა მხარი?

– ის ეშმაკი ხეპრეა, რომლის ეშმაკობაც ხელს აძლევდა ყველას რაღაც დრო-ჟამამდე, მათ შორის, ჩვენც. ჩვენ იმიტომ, რომ არ აღიარებდა რუსეთის მიერ მიტაცებულ ტერიტორიებს; დასავლეთს – იმიტომ, რომ ერთგვარ განკერძოებას ცდილობდა რუსებისგან; რუსებს ცოტა აღიზიანებდა, მაგრამ ახლა ყულფი ჩამოაცვეს კისერზე და ექაჩებიან. ამიტომ ვფიქრობ, რუსების ამბავი ცხადია; უკრაინელები, ჩემი ეჭვით, ცდილობენ, რომ ჩვენ რაღაც მომავალი სიკეთეების მოწილე არ ვიყოთ, თუმცა ეს სიკეთეები, სიმართლე ითქვას, რამდენი და როგორ იქნება, არავინ იცის და ყველაზე უხერხული და საჩოთირო ისაა, ჩვენი ოპოზიცია რომ იმუქრება, აი, ნახავთ, ხელისუფლებას ეუბნებიან, უკრაინა რომ მოიგებს, თქვენს სეირსო. არადა უკრაინას არავისთვის ეცხელება ომის შემდეგ: ნახევარი ქვეყანა ნანგრევებშია და იმის აღდგენა გრანდიოზული ამოცანა იქნება.

– გრანდიოზული ამოცანა იქნება ნამდვილად და კიდევ უფრო მეტ გრანდიოზულობას სძენს ის, რომ უკრაინაში ძალიან დიდი კორუფციაა და, გულზე ხელს თუ დავიდებთ და ვისაც უმუშავია უკრაინაში, იცის, რომ იქ საქმეთა წარმოების, ურთიერთობის საბჭოური, რუსული ყაიდის სისტემაა.

– დიახ... ვიცით, რომ მოხსნეს გუბერნატორებისა და მინისტრის მოადგილეების მთელი წყება, ზოგი დაიჭირეს. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს ხალხი და ქვეყანა თავს სწირავს თავისი არსებობისთვის. სხვათა შორის, თავისუფლებისთვის კი არა, არამედ სწორედ არსებობის საკითხი დგას. რუსეთი ეუბნებოდა, არც ხალხი არსებობთ და არც ქვეყანაო, რაც ძალიან ჰგავს ჰიტლერის რიტორიკას.

– პუტინმა ჩვენც გვითხრა მსგავსი რამ, ტიფლისსკაია გუბერნია არსებობდა მხოლოდ, არანაირი საქართველო არ ყოფილა და იმ გუბერნიის საზღვრებში დაგტოვებთო.

– ის სამედიცინო დეგენერატია. 1801 წელს რომელი გუბერნია იყო საქართველო?! პუტინს რა უნდა მოსთხოვო, როდესაც რუსეთში არც ისტორიკოსი დარჩა და არც არავინ მცოდნე და არც აქედანაა ვინმე მოპასუხე. ნოვოსელცევი იყო საბჭოთა პერიოდის ისტორიკოსი და მარტივ რამეს წერდა: კავკასია ერთიანი იყო მხოლოდ ორი, ქართული და რუსული, იმპერიის ფარგლებშიო. მცოდნე კაცი იყო, სამივე სამხრეთ კავკასიური ენაც იცოდა და ბევრი სხვა რამეც. მაგრამ ვინ წააკითხებს ახლა პუტინს იმას, რომ საქართველო იმპერია იყო?! რაც შეეხება უკრაინელებს: ჩემი შთაბეჭდილებით, განზრახ ამწვავებენ ვითარებას და პროვოკატორობენ. რაც შეეხება დასავლეთს: ევროპარლამენტს საქმე არ აქვს და გაბოროტებულია, რომ არაფრად აგდებენ მათ განცხადებებსა და პოზიციებს და, მე რომ მკითხოთ, სწორადაც იქცევიან, რომ არაფრად აგდებენ. იმიტომ რომ ჩვენს ევროკავშირში მიღებას ევროპარლამენტარები არ გადაწყვეტენ. ამას გადაწყვეტენ დიდი მოთამაშეები და მათი ხელმძღვანელები. ხომ ცნობილია, ვინ იყო „ნატოსა“ და ევროკავშირში ჩვენი მიღების წინააღმდეგი?!

– საფრანგეთი და გერმანია.

– დიახ, სხვათა შორის, ბერლუსკონის დროს იტალიაც ძალიან თანმიმდევრულად იყო წინააღმდეგი და მხოლოდ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა იყო ჩვენს მხარეზე, რომლებმაც თავიანთ ტყავზე იციან, რაც ხდება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის აუცილებლობაა „ნატოში“ გაწევრიანება, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანება, როგორც უნდათ, ისე გადაწყვიტონ. მთავარია ის, რომ ჩვენ უნდა ავაშენოთ ევროპული ტიპის ქვეყანა. ვგულისხმობ ამაში ნაცია-სახელმწიფოს, როგორებიც არის ევროკავშირში შემავალი ქვეყნები და, როცა გადაწყვეტენ, მაშინ გადაწყვეტენ ჩვენს მიღებას. გავიხსენოთ, ასოცირების ხელშეკრულება ექვს ქვეყანას შესთავაზეს: ბელორუსს, მოლდოვას, უკრაინას, სომხეთს, აზერბაიჯანს და ჩვენ. ყველამ უარი თქვა. ანუ მათ გადაწყვიტეს ასოცირების ხელშეკრულების შემოთავაზება, როდესაც თავად დასჭირდათ, ანუ 2014 წლის შემდეგ. ევროპარლამენტი არაფერს ნიშნავს, ეს უკვე საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოა, უფუნქციო და უპასუხისმგებლო, იმიტომ რომ არაფერს წყვეტენ.

– და ახლა აღმოჩნდა, კორუმპირებულიც.

– დიახ. საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭო კორუმპირებული არ იყო, იმიტომ რომ საერთოდ არაფერს წყვეტდა. აქ კი ყატარის ტიპის ქვეყნებს ფული ოხრად აქვს და თუნდაც, კეთილი სიტყვა რომ შეაწიო, ამაში ხარჯავენ. ხალხი არ იმახსოვრებს ასეთ რამეებს და არც არის ვალდებული, მაგრამ, თუ გახსოვთ, რუსეთს რომ ხმის უფლება შეუჩერეს...

– როგორ არ მახსოვს?! 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის გამო.

– და გახსოვთ, როდის აღუდგინეს?

– დიახ, საწევროს გამო.

– ზაფხულის არდადეგების წინ, იმიტომ რომ რუსეთმა თქვა, 70 მილიონ შესატანს აღარ შევიტანო და დასვენების ფულის გარეშე რჩებოდნენ. ამერიკელებს ჰკითხეთ არაოფოციალურად, რა აზრი აქვთ ევროპარლამენტზე?! თუმცა ახლა ყველა თავს იკავებს, გამოთქვას თავისი აზრი რუსების ველურობის ფონზე.

– მაგრამ ამერიკელებსაც შეერიათ ევროპარლამენტარების რიტორიკა.

– ჯერ ერთი, ამერიკელები არ ამბობენ სააკაშვილზე, პოლიტპატიმარიაო; მეორეც, არ ამბობენ, გაათავისუფლეთო. ყველა ოფიციალური სახელმწიფო უწყება ამბობს, იზრუნეთ მის ჯანმრთელობაზეო და ეს ფორმულირება სწორია. ისინი ჭკვიანი ხალხია და ისეთ რამეს არ იტყვიან, სალაპარაკო გახდეს. მაგრამ მათ სხვა პრობლემა აქვთ: ათწლეულების განმავლობაში მივაჩვიეთ, ამერიკის საელჩოს ყარაულს რომ წარბი აეწია, ხელისუფლება მაშინვე სმენაზე იჯგიმებოდა. მათ არ მოუთხოვიათ მსგავსი რამ, ჩვენ მივაჩვიეთ და მიეჩვივნენ. „ნაციონალების“ მერე ჩათვალეს, რომ აქ ყველაფერი მოსულა. ჰოდა, უნდა გამოგიტყდეთ, რომ, თუმცა „ოცნებისადმი“ ბევრი პრეტენზია მაქვს, არ მიმაჩნია, რომ რამე უსაშველოს სჩადის ამ კუთხით და, პირიქით, ვფიქრობ, რომ არ არის ურიგო, თუ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს არ დაემორჩილება, რასაც უბრძანებენ.

– ბალტიისპირელები და პოლონელები რას გვერჩიან, სულ რატომ გვლანძღავენ, არასაკმარისად ერჩით რუსებსო?

– მათთვის ძალიან მარტივადაა პასუხი გასაცემი: შენ რომ ასეთი მამაცი ხარ, რატომ ხარ?! იმიტომ რომ ქოლგა გახურავს „ნატოსი“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი