პოლიტიკა

რა გავლენა მოახდინეს საქართველოს უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე აშშ-ში მიმდინარე შიდა პოლიტიკურმა პროცესებმა და დაშლის პერსპექტივამ

№45

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 17.11, 2021 წელი

ირაკლი გოგავა
დაკოპირებულია

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ჩვენი უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა (თუნდაც, სიტყვიერი) დამოკიდებულია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე, შესაბამისად, სიძლიერეზე, ბუნებრივია, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუ რა ხდება ამერიკულ პოლიტიკაში და თვალის ერთი შევლებითაც ნათელია, რომ არც მთლად კარგი რამეები. ავღანეთსა და ჩვენ თვალწინ სამხრეთ კავკასიაში განვითარებული მოვლენები მოწმობს, რომ ძველებურად აღარაფერი იქნება, ახალი კი არ გამოკვეთილა (იმას გარდა, რომ კოვიდის აჩრდილი დადის დედამიწაზე და კვალში ვაქცინები დაჰყვებიან), ამ დროს კი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი აქვეყნებს 42-გვერდიან გენდერულ სტრატეგიას, რომლის არსია ქალისა და მამაკაცის გენდერული იდენტობის მოშლა, ანუ უსქესობა და დასძენს, ეს მისი და ბაიდენის ერთობლივი ნააზრევის ნაყოფია. ცხადია, იბადება კითხვა, არსებული გეოპოლიტიკური ფონის გათვალისწინებით, რა დროს უსექსობაზე ფიქრია სახელმწიფოში, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი უნდა შეასრულოს მწვავე გეოპოლიტიკური პროცესების მოგვარებაში. სიმართლე გითხრათ, მე უფრო ის მადარდებს, როგორ შეიძლება, ეს ამერიკული უცნაურობები აისახოს ჩვენს სახელმწიფოზე? - ამ თემას ირაკლი გოგავასთან ერთად განვიხილავთ.

– რა პროცესებია აშშ-ის შიდა პოლიტიკაში, რაც გარედან არ ჩანს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არავინ გვეუბნება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, თუ შიგნით ვერ დალაგებულან, გაუგებარია, ჩვენი პროდასავლურობა რაღას ნიშნავს?

– შეერთებულ შტატებში საკმაოდ რთული ვითარებაა. საზოგადოება დუღს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ამერიკელების უფლებები იზღუდება. ეს განხორციელდა რამდენიმე ეტაპად. პირველი ეტაპი დაიწყო 2011 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ.

– „პატრიოტის აქტს“ გულისხმობთ?

– დიახ, რის მიხედვითაც, სპეცსამსახურებს ამერიკელების მიმოწერის ნახვისა და მათი მოსმენის ნება დართეს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. 2001 წლიდან დაიწყო სერიოზული ციფრული ინფრასტრუქტურის მომზადება, რომელიც ისმენს ყველაფერს. ეგრეთ წოდებული „ხუთი თვალის“ ორგანიზაციამ შექმნა მონაცემთა უზარმაზარი სერვერები. „ხუთი თვალი“, ეს გახლავთ ანგლოსაქსური ქვეყნების – აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია – გაერთიანება. მათ მიერ შექმნილი ამ სერიოზული ქსელის სერვერები განლაგებულია ამ ხუთ ქვეყანაში. თუმცა მათ უკვე სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ და, როგორც ამბობენ, დღეს უკვე 10-ზე მეტი წევრია და, მათ შორის, გერმანიაც. ეს გაკეთდა ტერორიზმთან ბრძოლის ეგიდით – ჩვენ ვიცით, რომ მაშინ „ალ ყაედა“ მძლავრობდა, ბინ ლადენს დასდევდნენ, ამას 2011 წლიდან დაემატა სახალიფოც.

შედეგად ამერიკელებმა მიიღეს ის, რომ მათი პირადი ურთიერთობები დაცული არ არის. ამას გარდა, 2020 წლის არჩევნებს არ ცნობს ამერიკელების დიდი ნაწილი, არ ენდობა მის შედეგებს და ამანაც გამოიწვია პრობლემა. დღეს ვხედავთ, რომ თითქმის ყველა სტადიონზე მოქმედი პრეზიდენტის მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს სკანდირებენ. რამდენიმე განზომილებაშია ცვლილება. პირველი ცვლილება ეხება ამერიკული საზოგადოების მოწყობას: ის, რაზეც იდგა ამერიკული საზოგადოება, ანუ პიროვნების, ბიზნესის თავისუფლება იცვლება და ამას, სავარაუდოდ, საფუძვლად უდებენ, ეგრეთ წოდებულ, ფრანკფურტის სკოლის სოციოლოგიური კვლევის შედეგებს.

ფრანკფურტის სკოლა გასული საუკუნის 20-იან წლებში შეიქმნა გერმანიაში და იქ მუშაობდნენ ცნობილი ფსიქოლოგები და სოციოლოგები – ჰორკჰაიმერი, მარკუზე, ფრომი და სხვენი... ისინი გერმანიის ხელისუფლებაში ნაცისტების მოსვლის შემდეგ შეერთებულ შტატებში გადავიდნენ და იქ განაგრძეს თავიანთი კვლევები. საბოლოოდ, მათ დადეს დასკვნა (მარტივად ვხსნი): ომების, კონფლიქტების, აგრესიულობის წყაროს წარმოადგენს ეკლესია, ოჯახი და პატრიარქალური მამაკაცი და, ცხადია, იდენტობები: ეთნიკური, რელიგიური, კუთხური, რასობრივი და ასე შემდეგ. შეერთებული შტატები შეიქმნა, როგორც თეთრ, პურიტანულ, უფრო გერმანულ ეთნოსზე დამყარებული სახელმწიფო. ვიცით, რომ გერმანელები წარმოადგენენ ამერიკაში ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფს, შემდეგ მოდიან: ირლანდიელები, ანგლოსაქსები და სხვები. ახლა ამერიკაში იცვლება დემოგრაფია, როდესაც, ფაქტობრივად, უკონტროლოდ უშვებენ ემიგრანტთა ქარავნებს. ჩვენ რომ ვსაუბრობთ, ზუსტად ამ წუთებში მექსიკიდან ემიგრანტთა 120 000-კაციანმა ქარავანმა გაარღვია მექსიკური პოლიციის კორდონი და უახლოვდება ამერიკის საზღვარს. ტრამპმა ეს უკონტროლო მიგრაცია შეაჩერა და კედლის მშენებლობაც დაიწყო, მაგრამ ახალმა ადმინისტრაციამ შეწყვიტა ეს ყველაფერი და ხელს უწყობს აშშ-ში ემიგრანტების შესვლას, რაც კეთდება ერთადერთი მიზნით, რომ საშუალო კლასის თეთრი ამერიკელი მოექცეს უმცირესობაში და ის მდგომარეობა, რაც მათ ჰქონდათ, დაკარგონ.

– ამ პოლიტიკას ატარებს ამერიკული პოლიტიკის „დემოკრატიული“ ფრთა, მაგრამ მათ ხომ იციან, რომ სწორედ, საშუალო ფენის თეთრი ამერიკელების წყალობითაა ამერიკა ისეთი, როგორიცაა და, თუ ეს დაიკარგება, ამერიკა აღარ იქნება ის ამერიკა, რითაც ასეა მომხიბვლელი ემიგრანტებისთვის? თავიანთ სახელმწიფოს ანადგურებენ?

– მართალს ამბობთ: ისინი ანადგურებენ თავიანთ სახელმწიფოს, ესაა სწორედ მიზანი, მაგრამ სანაცვლოდ აშენებენ გლობალურ სამყაროს. ამ გლობალურ სამყაროში ისეთი ძლიერი სახელმწიფო, როგორიცაა შეერთებული შტატები, მათთვის ხელის შემშლელია. შეგვიძლია, ეს პროცესი შევადაროთ რომის იმპერიის დაშლას. შესწავლილია იმპერიების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა. ეს, დაახლოებით, 230-250 წელია. შეერთებული შტატები თითქმის ამდენი ხანია, არსებობს. რასაც ახლა ვაკვირდებით აშშ-ში, ეს ჰგავს იმ პროცესებს, რაც რომის იმპერიის არსებობის ბოლო წლებში ხდებოდა და, ასევე, იმ პროცესებს, რაც საბჭოთა კავშირში განვითარდა მისი დაშლის წინ. ტექნოლოგიები არ იცვლება, უბრალოდ, მათი ინტენსივობაა სხვადასხვა. დასახელებულია რომის იმპერიის დაშლის 8 ძირითადი მიზეზი, მათ შორისაა არალეგალური მიგრაცია, ცხოვრების გარყვნილი წესი, განათლების დეგრადაცია, არმიის დეგრადაცია... შეერთებულ შტატებში არმიის დეგრადაციის გარდა ყველა დანარჩენი მიზეზი იყო, მაგრამ ავღანეთიდან „ძლევამოსილად“ გასვლა დაიგეგმა სწორედ იმისთვის, რომ პენტაგონის იმიჯი დაცემულიყო და ამერიკული არმიის დემორალიზება მომხდარიყო. შესაბამისად, ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, თუ ტრამპის მომხრე ჯგუფებმა, ანუ ეროვნულმა კაპიტალმა არ მოახერხა სიტუაციის შეტრიალება.

– და ამ დროს ვიცე-პრეზიდენტი აქვეყნებს 42-პუნქტიან ხედვას, თითქოს დედამიწაზე ის იყოს პრობლემა, მე რომ ქალი ვარ და თქვენ – მამაკაცი.

– მაგრამ ეს მათთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ფრანკფურტის სკოლის მკვლევრების დასკვნით, ნებისმიერი იდენტობა ხელს უშლის გლობალურ პროექტს. მათ შორის, სქესობრივი და, რაც მთავარია, ოჯახიც ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორადაა მიჩნეული გლობალიზმისთვის. საბოლოოდ, თუ ასე გაგრძელდა, შეერთებულ შტატებს დაასუსტებენ და, დიდი ალბათობით, დაშლიან კიდეც. ეს იწინასწარმეტყველა იოჰან გალტუნგმა, ცნობილმა გეოპოლიტიკოსმა. მან 1982 წელს საბჭოთა კავშირში, მოსკოვში გამართულ ერთ-ერთ კონფერენციაზე განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა. მაშინ სასაცილოდ არ ეყოთ მისი ნათქვამი, მაგრამ საბჭოთა კავშირი, სწორედ, მის მიერ დასახელებულ ვადებში დაიშალა. ასევე, გალტუნგმა 2008 წელს გააკეთა განცხადება, რომ შეერთებული შტატების დაშლა 2020 წლიდან დაიწყება. და ჩვენ ახლა ვუყურებთ, რაც ხდება ამერიკის შერთებულ შტატებში: დაწყებულია საზოგადოების პოლარიზაცია, რადგან მოსახლეობა არ ეთანხმება გლობალისტურ იდეებს. ბოლო კვლევის თანახმად, კითხვაზე, აირჩევდნენ თუ არა ბაიდენს, „დემოკრატების“ ამომრჩევლის მხოლოდ 36 პროცენტი ამბობს, რომ აირჩევდა. ეს ამერიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ჩატარებული კვლევაა. თეთრ „დემოკრატებს“ შორის კი მხოლოდ 20 პროცენტმა გასცა დადებითი პასუხი ამ კითხვას.

გასაგებია, რომ ბაიდენი ფასადური ფიგურაა, ის წინასაარჩევნო კამპანიის დროს სარდაფში ჩაკეტეს, მხოლოდ სუფლიორზე დაწერილ ტექსტებს აკითხებდნენ და იმასაც ვერ კითხულობდა სწორად, რეალურად სხვა ძალები მართავენ შეერთებულ შტატებს – ფინანსური ოლიგარქია და, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების ბიუროკრატია, რომელიც ძალიან გავლენიანია.

– როდესაც ასეთი პრობლემებია აშშ-სა და მთლიანად დასავლურად მოაზრებულ კულტურაში, ფაქტია, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ ჩვენ, იმიტომ რომ უკვე აღარ ვიცი, რა არის დასავლური ღირებულება. თავი დროში ჩარჩენილი მგონია.

– უდავოდ. მართალია, ახლა აშშ-ში საზოგადოებას ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში, მაგრამ ევროპაში ეს პროცესი თითქმის ბოლოშია გასული, განსაკუთრებით, ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოებში. ჩვენ სერიოზული დილემის წინაშე დაგვაყენეს. თუ ამ პროექტში მონაწილეობა გვსურს, მაშინ ის ღირებულებებიც უნდა დავნერგოთ, რასაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება, იმიტომ რომ საქართველო დიდი ტრადიციული ღირებულებების ქვეყანაა. ამის გამო ებრძვიან ეკლესიასაც, როგორც გითხარით, ფრანკფურტის სკოლის კონცეფციაა, რომ ეკლესია, ოჯახი და პატრიარქალური მამაკაცი უშლიან ხელს გლობალური მმართველობის დამყარებას. ამიტომ სამივეს ებრძვიან, მათ შორის, ჩვენთანაც. ის, რაც ჩვენთან ხდება, ჟურნალია, იმასთან შედარებით, რაც ევროპელებს უკვე გაუკეთეს. არც ვიცი, საქართველოში გამოვა თუ რა ეს ამბავი. შეიძლება, ჩვენ მიმიკრია ვცადოთ, რასაც ვაკეთებთ კიდეც, თუმცა ძალიან ფაქიზი საკითხია და ამიტომაცაა, რომ ეკლესია ხმალამოღებული იბრძვის ამის წინააღმდეგ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი