პოლიტიკა

რა ბედი ეწევათ სირიიდან დევნილ სომხებს, რომლებიც ყარაბაღში ჩაასახლეს, რატომ არ შეუძლია მათი მიღება სომხეთს და რატომ არის იდეალური რუსეთისთვის მათი ჩასახლება აფხაზეთში

№48

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:26 30.11, 2020 წელი

სომხეთ-აზერბაიჯანის ომი
დაკოპირებულია

მართალია, სომხეთ-აზერბაიჯანის ომი დასრულდა, თუმცა სომეხი მოსახლეობა ტოვებს ყარაბაღის ავტონომიის ტერიტორიას. ამ პროცესში ახრა ავიძბამ, „პრეზიდენტ“ ბჟანიას ყოფილმა თანაშემწემ, აფხაზებს მოუწოდა, გაუხსნან დერეფანი ყარაბაღელ სომეხ დევნილებს. 

აფხაზეთში ავიძბას ამ ინიციატივას უარყოფითად შეხვდნენ, თუმცა, შეიძლება, განვიხილოთ, როგორც აფხაზი საზოგადოების განწყობის გაგების მცდელობაც (ახრა ავიძბა წონიანი პოლიტიკური ფიგურა არ არის და საკმაოდ ცუდი ურთიერთობაც აქვს რუსეთის ხელისუფლებასთან და სწორედ, ამიტომაც არ არის გამორიცხული, მათი გულის მოსაგებად, თქვა ის, რაც მათ ესიამოვნებოდათ).

მეორე მხრივ, აფხაზეთის დემოგრაფიული სურათი აფხაზების სასარგებლო ნამდვილად არ არის და სომეხი მოსახლეობის წილი იზრდება. სომეხი დევნილების ნაწილის აფხაზეთში ჩასახლების შესახებ თავის აზრს ებრაელი პოლიტოლოგი აბრაამ შმულევიჩი გაგვიზიარებს.

– მახსოვს, თქვენ მითხარით ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ აფხაზეთში შემდეგი ომი იქნება სომხებსა და აფხაზებს შორისო. როგორ შეაფასებდით ახრა ავიძბას ინიციატივას? რეალურია, რომ ყარაბაღიდან დევნილი სომეხი მოსახლეობის ნაწილი დასახლდეს აფხაზეთში?

– უპირველესად, უნდა გვესმოდეს, რომ, თუ ამგვარი გადაწყვეტილება მიიღეს, მას არ იღებს აფხაზეთის „ხელისუფლება“. რუსეთი სრულად აკონტროლებს აფხაზეთს და შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის არმია, როგორც ასეთი, არ არსებობს. აფხაზეთის „თავდაცვის მინისტრი“ ეროვნებით აფხაზია, ხოლო სარდალი – რუსი გენერალია, რომელიც, სხვათა შორის, ხელმძღვანელობდა რუსეთის ჯარს რუსეთ-საქართველოს ომში. აფხაზეთის არმია კომპლექტდება რუსი კონტრაქტორებისგან, „ეფ ეს ბე“ აფხაზეთში თავისუფლად მოქმედებს, აფხაზეთის „სპეცსამსახურები“ ემორჩილებიან მოსკოვს და ბიუჯეტი მთლიანად მოსკოვიდან ივსება. მოცემულ შემთხვევაში, აფხაზ ელიტას რომც უნდოდეს, გადადგას რაღაც ნაბიჯები, მას ამის შესაძლებლობა არ აქვს.

დიახ, რუსეთი შეიძლება, იყოს დაინტერესებული სომეხი დევნილების აფხაზეთში ჩასახლებით.
ჯერ ერთი – რუსეთი დაინტერესებულია სატრანსპორტო გზების კონტროლით. ყარაბაღის ბოლო ომმა აჩვენა, რომ თითქოს რუსეთი აკონტროლებს საქართველოს, საქართველოს ხელისუფლად დასვა „გაზპრომის“ მინოტარული აქციონერი ივანიშვილი, რომელმაც ფული იშოვა რუსეთში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არა. რუსეთისთვის მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც მას სჭირდებოდა საქართველოზე ზეწოლა, ვერ შეძლო ამ ტრანზიტის მიღება. საქართველომ ოფიციალურად დახურა თავისი სახმელეთო და საჰაერო სივრცე. ეს რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გამოდის, რომ სომხეთში რუსული სამხედრო დაჯგუფება მოწყვეტილია რუსეთისგან.
იცით, რომ გიუმრის ბაზას ამარაგებდნენ კასპიის ზღვიდან, ირანიდან, რაც ძალიან მოუხერხებელია და, თუ რაღაც დაძაბულობა მოხდება თურქეთთან, იმის გათვალისწინებით, თუ რა გავლენას ახდენენ აზერბაიჯანი და თურქეთი საქართველოზე, რა თქმა უნდა, საქართველოს პოზიცია იქნება უფრო ხისტი.

ამდენად, ცხადია, რუსეთი დაინტერესებულია სატრანსპორტო დერეფნებით. არაერთხელ წამოიჭრა სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხი აფხაზეთიდან საქართველოს გავლით სომხეთისთვის, რაც ძალიან მომგებიანი იქნებოდა რუსეთისთვის. მოცემულ მომენტში ეს შეიძლება, მომგებიანი იყოს თურქეთისთვისაც, თუ გაიხსნება ნახიჭევანისკენ მიმავალი დერეფანი, მაშინ თურქეთზე გავა უმოკლესი გზა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ და აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. ასევე, თურქეთი დაინტერესებულია, იყოს სატრანსპორტო ჰაბი და, ამ თვალსაზრისითაც, მას აძლევს ხელს, რომ გაიხსნას ეს სარკინიგზო მიმართულება.

– ნახიჭევანისკენ დერეფანი გაიხსნა აზერბაიჯანისთვის.

– დიახ, შეთანხმება არის და მაშინ სარკინიგზო მონაკვეთი, რომელიც გაივლის საქართველოდან, აფხაზეთის გავლით რუსეთისკენ, მნიშვნელოვანი იქნებოდა. ამას გარდა, რუსეთის გამოცდილებაა, გააკონტროლოს სატრანსპორტო მიმართულებები. შეიძლება, მფლობელი სხვა იყოს, მაგრამ რუსეთს უნდა ჰქონდეს მისი კონტროლის საშუალება.

– რუსეთი უკვე ფლობს სომხეთის რკინიგზას.

– დიახ, რუსეთის ინტერესია, რაღაც საერთაშორისო სტატუსი მიანიჭოს ამ მიმართულებას, რომ დაამშვიდოს ქართული საზოგადოებრივი აზრი და გარანტირებული ჰქონდეს ამ სარკინიგზო მონაკვეთზე ტვირთის გატარება ქართველი მესაზღვრეების კონტროლის გარეშე. ისე შეფუთოს, რომ ეს „ჭამოს“ ქართველმა საზოგადოებამ და მაშინ რუსეთი მიიღებს გარანტირებულ წვდომას სომხეთისკენ საქართველოს გავლით. რუსეთისთვის ეს ხელსაყრელია და, შესაბამისად, აფხაზეთში სომეხი მოსახლეობის რაოდენობის გაზრდას შეეძლო, შეესრულებინა გავლენის ბერკეტის როლი ამ პროექტის გასატანად.
მეორე მიზეზი, რატომაც არის ხელსაყრელი რუსეთისთვის აფხაზეთში სომეხი მოსახლეობის რაოდენობის გაზრდა, არის ის, რომ შეავიწროოს თურქეთის გავლენა აფხაზეთში. თურქეთი ზრდის თავის გავლენას შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ ვნახეთ, როგორ მოიქცა თურქეთი სომხეთ-აზერბაიჯანის ომში. თურქეთმა გამოაძევა რუსეთი აზერბაიჯანიდან: აზერბაიჯანი მთლიანად თურქეთის გავლენის ქვეშაა და რუსეთს არ აქვს მასზე ზემოქმედების არანაირი საშუალება.

– მაგრამ უკვე აქვს, რაკი ყარაბაღში ჩადგნენ რუსი სამშვიდობოები.

– დიახ, მაგრამ 2 000 ადამიანი დიდი ძალა არაა.

– დიდი ძალა არაა, მაგრამ თეორიულად, ბევრი რამის გაკეთება შეუძლია რუსეთს, მით უფრო, რომ კიდევ ერთი სამხედრო-სტრატეგიული ადგილი დაიკავა სამხრეთ კავკასიაში.

– ეს, რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ იმაზე, რომ სამხრეთ კავკასიაში იმატებს თურქეთის გავლენა და აშკარაა, რომ გაიზრდება გავლენა საქართველოზეც. ერთი სიტყვით, თურქეთი ზრდის თავის გავლენას რეგიონში და, ამასთან, აპირებს შავი ზღვის შლეიფზე გაზის მარაგების ძიებას. აშკარაა, რომ თურქეთს აქვს აფხაზეთზე გავლენის ბერკეტებიც. უპირველესად, ეს არის აფხაზური დიასპორა თურქეთში.

– ასევე, თურქეთი არის დე-ფაქტო აფხაზეთის მეორე სავაჭრო პარტნიორი.

– დიახ, ამის თქმა მინდოდა ახლა. ანუ თურქეთის სტრატეგიაა, გაზარდოს თავისი გავლენა მთელი კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონზე, მათ შორის, უპირველესად, აფხაზეთზე, რადგან აფხაზეთზე მას ისედაც აქვს გავლენა. ამ თვალსაზრისით, აფხაზეთში სომხების დამატებითი ჯგუფის გაჩენამ, რომლებიც უკიდურესად ანტითურქულად არიან განწყობილები, შეიძლება, დააბალანსოს თურქეთის გავლენა. არაერთხელ გვისაუბრია, ასევე, აფხაზურ-სომხურ ურთიერთობაზე. სომხები აფხაზეთში, რაოდენობრივად, მეორე თემია; ზოგიერთის აზრით, მათ გადაუსწრეს რიცხოვნობით აფხაზებსაც და აქვთ დიდი ეკონომიკური წონა, მაგრამ არ აქვთ არანაირი პოლიტიკური წონა. ეს არ შეესაბამება მათ ეკონომიკურ გავლენას, მათ წილს მოსხლეობის საერთო რაოდენობაში.

– ამიტომაც ითვლება, რომ დე-ფაქტო აფხაზეთის კანონები აპარტეიდულია.

– რამდენ ხანს მოითმენენ სომხები აფხაზეთში ასეთ მდგომარეობაში ყოფნას, არავინ იცის. აფხაზი პოლიტიკური ელიტა კი საკმაოდ ჭირვეულია რუსეთისადმი. მათ უნდათ, რომ რუსეთისგან მიიღონ სიკეთეები, მაგრამ მოქმედებენ თავიანთი ინტერესებით.
შესაძლოა, რუსეთი, ასევე, დაინტერესებული იყოს, მიიღოს აფხაზ ელიტაზე დამატებითი ზემოქმედების ბერკეტი. ამასთან, ეს სომხები უკვე მთლიანად რუსეთზე იქნებიან დამოკიდებულები და არა აფხაზებზე. ამას გარდა, სომხეთი – რუსეთის მოკავშირე უკვე შეეჯახა დევნილების პრობლემას. ყარაბაღიდან დევნილების საერთო რაოდენობა დიდი არაა - 100 000 ადამიანი, მაგრამ სომხეთისთვის ეს დიდი რაოდენობაა, თუ გავითვალისწინებთ სომხური ეკონომიკის საშინელ მდგომარეობას და ჩვენ უკვე შევიტყვეთ, რომ სომხეთის ხელისუფლება არ აპირებს, აღმოუჩინოს დახმარება მათ და ისინი იძულებული არიან, თავიანთი ხარჯით დაიქირაონ საცხოვრებელი ან შეეკედლონ ნათესავებს. აშკარაა, რომ ეს შემქნის ეკონომიკურ პრობლემას და ამ პრობლემის გადანაწილება აფხაზეთისთვის სომხეთის ინტერესია და რუსეთისაც, რომელიც ასპონსორებს სომხეთის ეკონომიკას.
კიდევ ერთი ასპექტიცაა: სირიელი დევნილები, სირიელი სომხები, რომლებიც ჩაასახლეს ყარაბაღში. იმ ადამიანებს არ აქვთ რუსეთის ან სომხეთის მოქალაქეობა. სად უნდა წაიყვანონ ისინი? რუსეთში მათი ჩასახლება პრობლემურია. რაც შეეხება სომხეთს, იქ მათი ადგილი არაა და შეიძლება, რომ ისინი ჩასახლდნენ აფხაზეთში. ესეც ვარიანტია. დათანხმდებიან თუ არა ამას აფხაზები, არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ რუსეთზე ზემოქმედების ბერკეტები მათ არ აქვთ, ხოლო რუსეთს აქვს აფხაზეთზე ზემოქმედების საშუალება. იმის თქმა მინდა, რომ, თუ რუსეთი მოინდომებს აფხაზეთში სომხების ჩასახლებას, უპრობლემოდ შეძლებს.

– რუსეთს უნდა, რომ აფხაზეთმა მისცეს არააფხაზეთის მცხოვრებლებზე მიწის გაყიდვის უფლება, მაგრამ აფხაზები უარზე არიან.
– რუსეთის ოლიგარქატს არ აინტერესებს აფხაზეთის მიწა.

– მაგრამ რუსეთის პოლიტიკური ინტერესი არ არის, რომ რუსეთის მოქალაქეებს ჰქონდეთ აფხაზეთში უძრავი ქონების ყიდვის საშუალება?

– რუსული ელიტა დაინტერესებულია, გააკეთოს ფული. აფხაზეთზე ფული არ კეთდება. აფხაზეთი ტურისტული ზონაა ღარიბი რუსებისთვის, შეძლებული ადამიანები იქ არ ჩადიან დასასვენებლად და უამრავი ფული უნდა ჩაიდოს იმისთვის, რომ ტურიზმი განვითარდეს. სოფლის მეურნეობაც საშინელ დღეშია. რუსეთს, ფაქტობრივად, არაფერში სჭირდებათ აფხაზეთში ქონების ყიდვა. ამიტომ ამის გამო ძალიანაც არ „აწვებიან“, უბრალოდ, იყენებენ გავლენის ბერკეტად. თუ აფხაზები ძალიან გაჭირვეულდებიან, ამით ამშვიდებენ, მადლობელი იყავით, რომ ეს არ ხდებაო.

– რამდენიმე თვის წინათ ბჟანიამ განაცხადა თბილისთან დიალოგის მზაობა ახალი ფურცლიდან, მაგრამ აფხაზი საზოგადოების რეაქციით ნათელია, რომ ამისთვის იქ მზად არ არის საზოგადოება. მათ არ უნდათ, დაუჯერონ მოსკოვს, მაგრამ უნდათ რუსული ფული, მათ არ უნდათ თბილისი, მაგრამ უნდათ დახმარება. ასეთ პირობებში რამდენ ხანს შეიძლება, გაგრძელდეს მათი „დამოუკიდებლობანას“ თამაში?

– უსასრულოდ დიდხანს, თუ რაღაც სერიოზული ძალები, თურქეთის სახით, არ მოითხოვენ რუსეთისთვის სერიოზული სანქციების დაწესებას. ახლა არანაირი ზეწოლა არაა. ქართული დიპლომატია, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებს, რიტუალური ნაბიჯების გარდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი