პოლიტიკა

პოლიტდაშტერება?!

№13

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 06.04, 2021 წელი

პოლიტდაშტერება
დაკოპირებულია

ანუ „შედი „ბუტკაში“, მაშასადამე, პარლამენტში

თუმცა არაერთხელ მითქვამს, მაინც გავიმეორებ, ვინაიდან, ვისაც უნდა ესმოდეს, ვერა და ვერ იგებს, მსოფლიოში ისეთი რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა, რომ მალე შესაძლოა, ისეც მოხდეს, ცენტრმა სატელიტი არ აიყვანოს ხელში, ამიტომაც ყველა დიდი მოთამაშე ცდილობს, რომ თავისი გავლენის სივრცეები უკეთაც აკონტროლოს და ადგილზე სტაბილური პოლიტიკური სიტუაცია შეინარჩუნოს. შესაძლოა, ამ მიზეზითაცაა, რომ მთელი დასავლეთი ერთხმად მოუწოდებს ჩვენს მშობლიურ ოპოზიციას, შედით და პარლამენტში იმუშავეთო,

მეტიც, უკვე ერთმანეთის მიყოლებით ამბობენ უცხო-უცხო ელჩები, რაც ხდება (ანუ შემოდი-არ შემოვალ) მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალსო.

ამის გამო გერმანიის ელჩი ისე შეირისხა, რომ ლამისაა ოკუპაციის მუზეუმში მოითხოვონ მისი ფოტოსურათის ჩამოკიდება (ნაკლები ბედი, კაცმა რომ თქვას, არც ევროპიდან წარმოგზავნილ შუამავლებს, აი ფასილიტატორებს რომ უწოდებენ, ელით, იმიტომ რომ ისინიც იმავეს ამბობენ), თუმცა ამასობაში ევროპელთა წყალი ამერიკელებსაც გადასხმიათ და აქამომდე ჩვენებური ოპოზიციის მხარდამჭერებად შერაცხილ სენატორებს – რიშსა და შაჰინსაც – უთქვამთ, რომ ეს ქაოსი რუსეთის ინტერესია (ანუ შედით პარლამენტშიო).

მეტიც – მმართველმა პარტიამ დასავლური კურსი შეინარჩუნაო.

ჯერჯერობით ჩვენებურებს არაფერი უთქვამთ ამერიკელ სენატორებზე (სხვათა შორის, არც ბ-ნ შალვას დაუკონკრეტებია, ივანიშვილმა მოისყიდაო), თუმცა პირადად მე იმთავითვე მიკვირდა, რატომ ვერ აანალიზებდა ჩვენებური ოპოზიცია, რომ შექმნილ გეოპოლიტიკურ ფონზე საქართველოში არათუ ქაოსი, წაკამათებაც კი ანტიდასავლური ქმედებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა მოცდა ჯობია (სახელმწიფო ინტერესებისთვისაც და პარტიულისთვისაც, ვინაიდან, წესითა და რიგით, პოლიტიკურ პარტიას, გარდა სახელმწიფო ინტერესისა, რა უნდა აინტერესებდეს?!).

შესაბამისად, ორი ვარიანტია: ან მართლაც, ნებსით თუ უნებლიეთ, რუსეთს ეხმარებიან, მაგრამ შესაძლოა, იყოს მესამე ვარიანტიც – უბრალოდ, ანალიტიკური აზროვნების დეფიციტი. ეს ვერსია მას შემდეგ გამიჩნდა, როდესაც აღმოვაჩინე, რომ მეცნიერულად საბუთდება, ადამიანის ტვინი, თუ მას მდარე ინფორმაციით კვებავ, უბრალოდ, შტერდება. ჩვენებური პოლიტიკა კი (თავისი მედიაპროდუქტიანად) კარგა ხანია, უმდარესია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი