პოლიტიკა

„ფაიზერი“ თუ „ასტრაზენეკა“

№13

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 06.04, 2021 წელი

ფაიზერი თუ ასტრაზენეკა
დაკოპირებულია

ანუ ფილერი თუ „ფაიზაღი“?!

მაშინ, როდესაც ლამის მიზეზიც კი არ არის საჭირო, რომ საზოგადოება ორ ნაწილად გაიყოს და განა უბრალოდ ორად, ისეთ ორად, ლამისაა, ერთმანეთს საძილე არტერიები საკუთარივე კბილებით გადაუღრღნან, რა გასაკვირია, რომ დადგა დილემაც: ავიცრათ თუ არა.

უფრო ზუსტად, უნდა იყოს თუ არა აცრა სავალდებულო (არადა ტექნიკის ამბავია: თუ საქმიანობასა და მისვლა-მოსვლას ვერ შეძლებ, ეგრეთ წოდებული, კოვიდპასპორტის გარეშე, გინდა ნებაყოფლობითი დაარქვი და გინდა – სავალდებულო).

ერთი სიტყვით, სანამ საზოგადოება ბჭობს (რბილად ვამბობ – თანაც, ვერც სრულიად კაცობრიობაა მაინცდამაინც ჩამოყალიბებული, შველის თუ არა აცრა, მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა), „ასტრაზენეკის“ ვაქცინით ერთი აცრილი უკვე გარდაიცვალა (რამაც ერთ ნაწილს შიში გაუმძაფრდა, მეორეს კი – პირიქით, აცრის სურვილი გაუძლიერა – აცრაღა თუ დაგვიცავსო, რაც ბუნებრივია, სხვა რომ არაფერი – იმიტომ რომ, კაცია და გუნება), ამდენად, აწ კიდევ ერთი ნაწილი გამოიკვეთა, რომლებიც „ფაიზერის“ ვაქცინას მოითხოვენ, მოტივით – უფრო კეთილსაიმედოაო; პირადად მე ვერაფერს ვიტყვი, ვინაიდან, ჯერ ერთი, ადამიანი უნიკალური არსებაა (ანუ ერთადერთი და განუმეორებელია), ხოლო აცრის სარგებლიანობა სტატისტიკას ემყარება (ანუ გასაშუალებულ მონაცემს), მეორეც, რაც დროში არ გამოცდილა, იმის შესახებ სათქმელი არაფერი მაქვს.

თუმცა ამასობაში გვაცნობეს, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა, მაინცდამაინც, კეთილსაიმედოდ ვერ მოქმედებს ფილერშეყვანილებზე (აი – სახის კორექციის მიზნით რომ სახეს იბერავენ ტუჩებიანად), შეიძლება, დასივდნენო.

მე არ ვიცი, როგორ იმოქმედებს ეს ფაქტი „ფაიზერისტების“ მომლოდინეთა სასარგებლოდ (თუ მათ შორის დაფილერებულებიც არიან), მაგრამ იმას კი ნაღდად ადასტურებს, რომ მარცხი, მართლაც, ელანძეა – აბა, სად – კორონა და სად – ფილერი?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი