პოლიტიკა

ორ ცეცხლს შუა გამოჭიმულები

№11

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 21.03, 2023 წელი

ორ ცეცხლს შუა
გამოჭიმულები
დაკოპირებულია

ანუ გასულია დიპლომატიის მომსახურების ზონიდან?!

მთლად ისეც არ ვართ, აქეთ ნუში, იქით ნუშიო, მაგრამ აშკარად ორ ცეცხლს შუა გამოვიჭიმეთ: ჩრდილოეთიდან რუსი გვაწვება (დაგარტყამთო – არადა, თუ ბიჭები არიან, უკრაინაში მიაღწიონ თავიანთ სამხედრო მიზნებს, მაგრამ, ბუნებრივია, საქართველოზე ჯავრის ამოყრა ურჩევნიათ), დასავლეთიდან – ჩვენი დასავლელი პარტნიორები, არა რუსულ კანონსო, შუიდან, ანუ ჩვენ კი გავიძახით: ძირს დამპალი რუსეთის იმპერიაო.

არადა, წესითა და რიგით, ჩვენი პარტნიორები კმაყოფილები უნდა იყვნენ, რაკი ავად სახსენებელი კანონი გაწვეულია და თვით ვენეციის კომისიასაც კი შევთხოვეთ – აღარ მოცდეთ მისი განხილვისთვისო, ჩვენებური ახალგაზრდებისა და სპეცრაზმის შებმაც დასრულდა და, სავარაუდოდ, დავასრულეთ დალეწილი სახელმწიფო ქონების დათვლაც.

მაგრამ ამასობაში ავანსცენაზე აშშ-ის ელჩიც გამოჩნდა და მოგვიწოდა (ჩვენ რა – ჩვენს კანონმდებლებს მოუწოდა): „ყველას გვსურს, ვიხილოთ, რომ პარლამენტის თითოეულმა წევრმა დააჭიროს ხელი წითელ ღილაკს და ოფიციალურად უარყოს კანონები, რომლებიც შთაგონებულია კრემლის მიერ.“

მე არ ვიცი (და არც მას დაუკონკრეტებია), რომელ კანონებს გულისხმობდა კრემლის მიერ შთაგონებულად (შეიძლება ანტიდისკრიმინაციულსაც – რას გაუგებ დემოკრატიას?!), ოღონდ არც ის ვიცი, როგორ უნდა მოხდეს ეს პრაქტიკულად ან იქნებ სჯობდეს, რომ კანონმდებლები ცალ ფეხზე დადგნენ და ისე დააჭირონ ხელი წითელ ღილაკს (ვფიქრობ არც თუ ურიგო ვარიანტია)?!

და, მიუხედავად იმისა, რომ ქ-ნმა კელიმ რაღაცნაირად მოახერხა და დატოვა დიპლომატიის მომსახურების ზონა, მაინც მგონია, რომ ზურიკელას შეგონებას უნდა მივსდიოთ და მკაცრი დირექტივებისადმი დასტურის ნიშნად ჩვენებურმა კანონმდებლებმა დაიძახონ: ბეეე...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი