პოლიტიკა

მუშაობს თუ არა რუსეთის გენშტაბი დე-ფაქტო აფხაზეთის, ცხინვალისა და გიუმრის სამხედრო ბაზების პირდაპირ, სახმელეთო გზით დაკავშირების გეგმაზე

№14

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 14.04, 2021 წელი

დავით თევზაძე
დაკოპირებულია

ყარაბაღის ბოლო ომის შედეგმა სრულიად შეცვალა სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკურ ძალთა ბალანსი და, დიდი ალბათობით, ეს გავლენას მოახდენს არა მხოლოდ მთლიანად შავი ზღვის რეგიონზე, არამედ ახლო აღმოსავლეთზეც. ამ ომის შემდეგ თურქეთმა ირანი ოფიციალურად მოიპატიჟა სამხრეთ კავკასიაში, ცოტა ხნის წინათ კი „ნატოს“ გემებმა შემოისეირნა ჩვენს პორტებში, ანუ შავ ზღვაში და მათ შორის იყო თურქული ხომალდიც. სავარაუდოდ, სამხრეთკავკასიური ომის თეატრის სცენა შავ ზღვაზე გადმოინაცვლებს. დავით თევზაძესთან ერთად მიმოვიხილავთ რეგიონში მიმდინარე პროცესებს.

– ყარაბაღის ომის შედეგმა რა შეცვალა სსრკ-ის დაშლის შემდგომ სამხრეთ კავკასიაში არსებულ სტატუსკვოში?

– მე არ ვიტყოდი, რომ ომი დასრულებულია. სხვათა შორის, ორიოდე კვირის წინათ თავად ფაშინიანმაც თქვა, რომ ეს არ არის ომის დასასრული. ბუნებრივია, იმიტომ რომ იმ სივრცემ, რომელიც შეიქმნა ამ ხანგრძლივი ომის შემდეგ, უფრო მეტი კითხვა გააჩინა, რაც თითქოს არ უნდა გაჩენილიყო იმ წარმატების ფონზე, რასაც აზერბაიჯანმა მიაღწია. გარდა ამისა, გამიჭირდებოდა იმის თქმა, რომ თურქეთი ახალი მოთამაშეა, მისი აქტიურობა იგრძნობოდა, მაგრამ მე ვერ ვიტყვი, რომ გადამწყვეტი იყო. თურქეთი აზერბაიჯანთან წლებია, თანამშრომლობს, საკმაოდ გეგმაზომიერად. ერთ პერიოდში ჩვენც მოვყევით ამ ტალღაში და გახსოვთ, რომ თურქეთმა ხელი მოჰკიდა ჩვენი სამხედრო აკადემიის რეფორმას და ოფიცერთა აღზრდის პროცესს, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ბოლომდე ამ პროცესის მიყვანა ვერ შეძლეს, ვინაიდან საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო მაშინ ბ-ნმა ოქრუაშვილმა და განდევნა თურქეთის სამხედრო წარმომადგენლობა სამხედრო აკადემიიდან, რითაც აკადემიამ საკმაოდ იზარალა. საქმე ისაა, რომ რეგიონში მათ უკვე ჰქონდათ მსგავსი გამოცდილება და აზერბაიჯანში საკმაოდ წარმატებით მოახერხეს ამ პროგრამის სისრულეში მოყვანა და საკმაოდ გამართული სამხედრო ბაზაც დატოვეს – აზერბაიჯანელი ოფიცრების კვალიფიკაციას ვგულისხმობ. ამან გამოავლინა ის, რომ აზერბაიჯანი საკმაოდ კარგად ფლობს ომის იმ ხერხებს, რომლებიც დღეს გამოიყენება.

– მე, როგორც მახსოვს, როდესაც დაიწყო წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა ნატოელი თურქი ოფიცრები მუშაობდნენ ჩვენს სამხედრო კონტინგენტთან, ერთგვარად თურქეთის ფრთის ქვეშ ვიყავით „ნატოსკენ“ მიმავალ გზაზე. მხოლოდ ოქრუაშვილის გადაწყვეტილება იყო ეს?

– მე არ ვიცი, ვისზე იყო დამოკიდებული ამ საკითხის მოგვარება, აკადემია სულ სხვა პროგრამა იყო, წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაში თურქები არ ჩარეულან, ის მთლიანად ამერიკული პროგრამა გახლდათ. სამხედრო აკადემიის პროგრამა სხვა რამეს გულისხმობდა – ქართველი ოფიცრების მომზადებას თურქი ოფიცრების მიერ. თურქეთის სამხედრო მანქანა საკმაოდ სერიოზული სამხედრო მანქანაა და ამ კავშირის გაწყვეტა დღესაც არ მიმაჩნია სასარგებლო გადაწყვეტილებად. იმის თქმა მინდა, რომ აზერბაიჯანული არმია საკმაოდ კარგად იყო მომზადებული, ომის მსვლელობაში, გარდა იმისა, რომ აზერბაიჯანმა მოახერხა რეალურად თავისი რესურსის ხარჯზე წარმატების მოპოვება, რუსეთიდან ჩარევამ და აზერბაიჯანის სახის შესანარჩუნებლად ამ პროცესში თურქეთის ჩართვამ, გარკვეულწილად, შექმნა რეალობა, რომელიც შეიძლება, შენარჩუნდეს ხანგრძლივად, თუკი რუსეთი იქ დარჩება, როგორც ნათქვამია – არა 5 წელი და ვიცით, რომ ავტომატურად გრძელდება შეთანხმება – არამედ 20-25 წელი. აი, ეს შეიცვალა და ეს არ არის მშვიდობის პირობა არც აზერბაიჯანისთვის და არც სომხეთისთვის და ხანგრძლივ პერსპექტივაში უფრო ბუნდოვანს ხდის იმ სივრცეს, რომელიც შეიქმნა ომის შემდეგ. ამდენად, ოპტიმისტი არ ვიქნებოდი – დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა, გამარჯვებული მხარე არის თუ არა გამარჯვებული სტრატეგიულ პერსპექტივაში და გამარჯვებულად თავისი თავი ვის მიაჩნია, ისიც საკითხავია. აზერბაიჯანის ტერიტორიების ნაწილი, ფაქტობრივად, მისი გავლენის ქვეშ არ არის და სხვები აკონტროლებენ, ისიც ბუნდოვანია, თურქეთი რამდენად იქნება რუსეთისთვის დაბრკოლება, თუ რუსეთი რამეს ჩაიფიქრებს და ბუნებრივია, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც სცილდება გეოპოლიტიკას და გეოსტრატეგიაში გადადის: მიმოსვლის კონტროლს ვგულისხმობ. თუკი საქართველო იმის გამო, რომ კონფლიქტი მწავავე ფაზაში იყო და ცუდი მშვიდობის გარანტირებულ ვარიანტში ცხოვრობდა, დღეს ეს ბალანსი დარღვეულია და რთული სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები.

ერთი სიტყვით, შექმნილი სიტუაცია ძალიან ჰგავს 100 წლის წინანდელ მდგომარეობას. რეალურად ერთი ერთში მეორდება ამ სივრცის ათვისება რუსეთის მიერ, როგორც მან ეს მოახერხა 100 წლის წინათ: ჯერ დაიკავა სომხეთი, შემდეგ – აზერბაიჯანი და ბოლოს, საქართველო. ბუნებრივია, ამან გაამწვავა საგარეო საფრთხეები და ძნელი სათქმელია, რუსეთი და თურქეთი რამდენ ხანს დარჩებიან შეხმატკბილებულები და რაზე იქნება ეს შეხმატკბილება მიბმული. თუ მოხდა იმ პროექტის რეალიზება, რაზეც თქვენც მიანიშნეთ: რუსეთი-თურქეთი-ირანი-აზერბაიჯანი-სომხეთი და ათიოდე დღის წინათ ჩინეთმა და ირანმა ხელი მოაწერეს საკმაოდ საინტერესო ხელშეკრულებას, 25 წელზე გათვლილს, ამ სივრცეში საქართველო როგორ მოახერხებს თავისი თავის შენარჩუნებას, რთული სათქმელია. საერთოდ, რუსეთი და თურქეთი არ მგონია, ბოლომდე შეხმატკბილებულები დარჩნენ, იმიტომ რომ ამას მოწმობს ამ ორი ქვეყნის დაპირისპირების ისტორია, რაც რუსეთი გამოჩნდა რეგიონში, რომელიც თურქეთს თავისად მიაჩნდა. თუმცა მათ ჰქონდათ მშვიდობიანი პერიოდებიც და ჩვენთვის ეს არაფერი კარგით არ სრულდებოდა. არ მინდა, ვილაპარაკო პროგნოზებზე, ჯერ ვიცით ის, რომ ყარაბაღში დამყარდა მშვიდობა, მაგრამ ჯერ არ ვიცით, ვისთვისაა ეს ხელსაყრელი. რუსეთისთვის ხელსაყრელია, რომ იქ გაიჩინა მეოთხე საყრდენი ამიერკავკასიაში, გიუმრიში ყოველთვის ჰქონდა საყრდენი, ახლა დაემატა ყარაბაღი და ის, ალბათ, ბაზად გადაკეთდება, გიუმრის ზურგად და საყრდენად. ასევე, რუსეთს ორი ბაზა დარჩა აფხაზეთსა და შიდა ქართლში 2008 წლის შემდეგ და რუსეთისთვის, მას შემდეგ, რაც ეს ბაზები დაამკვიდრა, დგას ამ ბაზების ერთმანეთზე გადაბმის საკითხი და ამ ორი ბაზის გიუმრისა და ყარაბაღთან მიბმის საკითხიც განიხილება, ალბათ, რუსეთის სამხედრო შტაბში.

– რას გულისხმობთ მიბმაში?

– საჰაერო კომუნიკაცია არ არის საკმარისი კომუნიკაცია, სახმელეთო კომუნიკაციაა ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ერთი ბაზა აფხაზეთშია და მეორე – ცხინვალის ტერიტორიაზე, ადვილი წარმოსადგენია, სად შეიძლება, გაიაროს მათმა დამაკავშირებელმა ხაზმა, მით უფრო, რომ ის სივრცე ქართველი მოსახლეობისგან, ფაქტობრივად, დაცლილია. ისედაც რთული რელიეფია და წარმოუდგენელი რამ არ არის, ერთი მხრივ, თითქოს რუსეთისთვის მნიშნელოვანია ცხინვალის ბაზის მიბმა გიუმრიზე, მაგრამ, ვიდრე ეს მოხდება, ერთი ხაზი მაინც უნდა გაიჭრას, ან სოხუმიდან ბათუმზე, ან სოხუმიდან ცხინვალზე. სხვანაირად ეს კონფიგურაცია ვერ იქნება მყარი, ამას გეუბნებით, სამხედრო-სტრატეგიული ხედვიდან გამომდინარე.

– ანუ საქართველოს ტერიტორიაზე შემოვა სრულად?

– შეიძლება, სრულად არც განიხილებოდეს, მაგრამ იოლია საზღვრის გადმოწევა საქართველოს მთისწინეთში.

– ბათუმი რომ ახსენეთ, იმიტომ ვთქვი, სრულად-მეთქი.

– ბათუმში საზღვაო კომუნიკაცია ვიგულისხმე. იმ ტვირთების ტრანსპორტირება, რაც საჭიროა გიუმრის ბაზის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად, გაცილებით მარტივია, თუკი იქნება კომუნიკაცია ბათუმსა და სოხუმს შორის, ანუ გეოგრაფია ამის საშუალებას იძლევა: გზები არის, მათ გაკეთება სჭირდება, მაგრამ გზის გამკეთებლებიც გამოჩნდებიან, ვისაც რუკასთან უმუშავია, ის ამას ადვილად ხედავს. თუ გავიხსენებთ რუსეთის მიერ კავკასიის დაკავების ისტორიას, ბოლო 300 წლის განმავლობაში, სწორედ, ასე ხდებოდა: ჯერ ჩნდებოდა რაღაც საყრდენი ერთ მხარეს, შავი ზღვისპირეთისკენ, მეორე საყრდენი ჩნდებოდა ვოლგისპირეთისკენ, კასპიის ზღვასთან ახლოს, შემდეგ ივლებოდა ხაზი პირდაპირი მნიშვნელობით. სულ სამი ასეთი ხაზია ცნობილი – გაგონილი გექნებათ „კავკაზსკიე ლინიი“, ნაბიჯ-ნაბიჯ ხდებოდა ამ ხაზების ჩამოწევა და ბოლოს ჩამოვიდნენ იქ, სადაც ჩამოვიდნენ. ძველი გეოპოლიტიკური ხედვაა, მაგრამ რუსეთის გენერალური შტაბი ამ წანამძღვრებიდან ამოდის.

რომ დააკვირდეთ რუკას, ნახავთ, რომ ყირიმის დაკავება ბუნებრივი იყო, თუკი „ნატოში“ აღმოჩნდებოდა უკრაინა. თუ გავიხსენებთ იმასაც, რომ დაახლოებით, 300 წელს ქმნიდა რუსეთი სრუტეებთან მიმავალ დერეფნებს და საბჭოთა კავშირის დროს ეს მოხერხდა ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების ხარჯზე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს დერეფანი მთლიანად ამოვარდა, რადგან „ნატოში“ შევიდა მთელი აღმოსავლეთ ევროპა და ბალტიის ქვეყნები და რუსეთი ჩაიკეტებოდა აზოვის ზღვაში, თუკი ყირიმი უკრაინას დარჩებოდა. ამდენად ცხადია, ის ეცდებოდა, ეს სივრცე გაეხსნა, გამოსულიყო შავ ზღვაში და ახლა რაღაცნაირად ეცდება, თუ იმ მხარის მეცადინეობით არა, რასაც ადრე ეყრდნობოდა – ბულგარეთსა და რუმინეთს ვგულისხმობ, თურქეთის მეშვეობით მისწვდეს სრუტეებს. ყველა ეს ვერსია განიხილება, თუმცა რა როგორ მოხდება, სხვა პარამეტრებიც განსაზღვრავს ამას და ამიტომ ვამბობ, რომ ისევ ბუნდოვანია ყველაფერი. როდესაც ისეთი მსხვილი მოთამაშეები გაკრავს გარშემო: რუსეთი, თურქეთი და ახლა უკვე აზერბაიჯანიც, დღეს ჩვენ ვართ მეგობრები, მაგრამ ხვალ რა იქნება, არავინ იცის. მე, საერთოდ, წინააღმდეგი ვარ, რომელიმე სახელმწიფოსთან მიმართებაში იხმარებოდეს სიტყვები მტერი და მეგობარი, არც ერთ სახელმწიფოს არ ჰყავს მტერი და მეგობარი, სახელმწიფოს აქვს ინტერესები, რომელთა გატარება მას შეუძლია ან არ შეუძლია და რაღაც ინტერესების დამთხვევის გამო ის ირჩევს პარტნიორებს და ისინი ამ ინტერესებს ერთად ახორციელებენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი