პოლიტიკა

მასტერკლასი რეჯებისგან

№46

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 21.11, 2022 წელი

მასტერკლასი რეჯებისგან
დაკოპირებულია

ანუ თვით დემოკრატის სულიც კი ტკბილია...

გემახსოვრებათ, თურქეთის პრეზიდენტმა რომ ფინეთსა და შვედეთს მოსთხოვა, თუ ქურთების მხარდაჭერას არ შეწყვეტთ და ტერორისტებს არ გადმოგვცემთ, ისევე ვერ იხილავთ საკუთარ თავს „ნატოში“, როგორც საკუთარსვე ყურებსო.

და, ალბათ, ისიც კარგად გახსოვთ, ფინეთისა და შვედეთის პირველკაცებმა რომ შემოიხიეს ტანზე, ჩვენს მოქალაქეებს არავის გადავცემთ, ჩვენივე კანონმდებლობით ვუვლით, ვინაიდან ადამიანის უფლებები წმიდათაწმიდააო.

ამასობაში კი, „ნატომ“ მიიღო ამ ორი ქვეყნის საკუთარ რიგებში გაწევრიანების გადაწყვეტილება (მეორე მხრივ, რუსეთი, მართალია, უკრაინას თავს დაესხა, სწორედ იმ მოტივით, „ნატო“ არ მომიახლოვდესო, მაგრამ, შედეგად, საკუთარ საზღვრებთან, საერთოდაც, „ნატოს“ წევრ ფინეთს მიიღებს მეზობლად. აი, ასეთი მოულოდნელობები სჩვევია ცხოვრებას), მაგრამ ეს გადაწყვეტილება რომ რეალობად იქცეს, მას „ნატოს“ ყველა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი, ხოლო თურქეთი „ნატოს“ წევრია, თუმცა რფ-ს ფრიად აქტიურად და უცნაურად ეთანამშრომლება.

ასეა თუ ისე, 8 ოქტომბერს ანკარაში შვედეთის პრემიერ-მინისტრი (ულფ კრისტერსონი) და თურქეთის პრეზიდენტი (რეჯეფ ერდოღანი) შეხვდნენ ერთმანეთს. ბუნებრივია, შვედეთის „ნატოში“ მიღებასა და თურქეთის მოთხოვნის შესრულებაზე ისაუბრეს (აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ აგვისტოს მიწურულს მადრიდში მემორანდუმით დაჰპირდა შვედეთი თურქეთს, ქურთების მხარეს აღარ დავიჭერო). თურქეთის პრეზიდენტმა შვედ პრემიერს აჩქარებისკენ მოუწოდა და ამ უკანასკნელმაც დადო პირობა, უფრო სხარტად ვიმოქმედებო.

აღმოჩნდა, რომ შვედეთისთვის უსაფრთხოებაა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანის უფლებები (არადა წმიდათაწმიდააო?!), ანუ საკუთარი სული გაცილებით ტკბილია (და ვერც ვერავის დავძრახავთ), თუმცა გაკვეთილად უნდა მივიღოთ, იმიტომ რომ ყველა დროსა და თვით დემოკრატიის ზეობისასაც უნივერსალური პრინციპია: ჯერ თავო და თავოო (და არც ის იქნება ურიგო, ეს ჩვენი მეზობელი რეჯები თუ პოლიტვაჭრობის მასტერკლასებს ჩაგვიტარებდა)...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი