პოლიტიკა

კონფისკაცია და ევაკუაცია

№5

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 07.02, 2023 წელი

კონფისკაცია და ევაკუაცია
დაკოპირებულია

ანუ ჩემი პოლიტკორექტულობა...

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები თუმცა ბლომად შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში და უფრო ბლომად – სხვა ქვეყნებში, ეს მაინც ზღვაში წვეთია რუსეთის 145-მილიონიანი მოსახლეობის ფონზე. დედა რუსეთიდან მათი გადინების მიზეზიც ცნობილია: ზოგს პუტინის რეჟიმი არ მოსწონს, ზოგსაც – ომში წასვლა არ უნდა.

და თუმცა გასულთა ოდენობა ზღვაში წვეთია-მეთქი, გადინება მაინც თვალში საცემია, ჰოდა, რუსული მედიის ცნობით, რუსმა „დუმელებმა“ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ქვეყნიდან წასული მოქალაქეების ქონების კონფისკაციის საკითხი უნდა განიხილონ. გასულ კვირას ეს ამბავი რფ-ის სახელმწიფო „დუმის“ სპიკერს (ვიაჩესლავ ვოლოდინი) უბრძანებია.

გადაწყვეტილება კი შემდეგნაირად აუხსნია: „ქონების ჩამორთმევას გადაჭარბებულ ზომას უწოდებენ, მაგრამ საუბარია იმ ბოროტმოქმედების ქონებაზე, ვინც კანონი დაარღვია და ზიანი მიაყენა ქვეყანას. მათ ამაზე პასუხი უნდა აგონ.“

მეორე მხრივ, რუსეთის მოქალაქეების (ვინც რუსეთი არ დატოვა) ქონებას დასავლეთი ყინავს და პრინციპში, არც კონფისკაციას გამორიცხავენ (უკრაინის სასარგებლოდ), ხოლო რუსეთი მათ ქონებას უპირებს კონფისკაციას, ვინც რუსეთი დატოვა. ვითარება ერთობ ტრაგიკომიკურია, თუმცა ეს ელფერი (ანუ ტრაგიკომიკური) საქართველოში უკრაინის ელჩმაც შემოიტანა: თუ რუსეთიდან საქართველოში ფრენები აღდგება, უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციას მოვახდენთო (პირადად მე ის უფრო მაინტერესებს, უკრაინელები თუ არიან თანახმა, რომ საქართველოდან წაიყვანონ? კაცმა რომ თქვას, ისინიც ხომ ომს გამოექცნენ, განსაკუთრებით, მამაკაცები?!).

აქედან გამომდინარე კი, პოლიტკორექტულად მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს სლავი პოლიტიკოსები გამორჩეულად უცნაური ხალხი ყოფილა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი