პოლიტიკა

ყირამალა პოლიტიკა

№12

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 30.03, 2021 წელი

ყირამალა პოლიტიკა
დაკოპირებულია

ანუ ვინ მიასწრებს სკამს

მაშინ, როდესაც, სახელდობრ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი შიდა პოლიტიკითაა გართული (თუმცა, მე მაპატიეთ, მაგრამ, რაც ახლა ჩვენს მედია-პოლიტიკურ სივრცეში ხდება, ნაკლებად შეიძლება, იწოდებოდეს პოლიტიკად, მაგრამ ჯანდაბას, დავიცავ ეთიკის ნორმებს) და მხოლოდ იმას ანგარიშობს, რამდენ სკამს იმსახურებს ხელისუფლებაში, არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, მთელ მსოფლიოში პროცესები ისეთ ყირამალას ჭიმავს, შენი მოწონებული.

რუსეთ-თურქეთ-ირანი სამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის გადასანაწილებლად სინჯავს ძალებს (მე ერთი ის მამშვიდებს, რომ ეს სამი ერთად ვერასდროს მოძოვს, რაც უნდა დროებითი ზავები ჩამოცვივდეს მათ შორის). ეს კი ნიშნავს, რომ შავ ზღვაზეცაა მოსალოდნელი გამიშვი-დამიჭირე (უკაცრავად ოდნავ დარდიმანდული ტონისთვის, სხვაგვარს უკვე გეოპოლიტიკაც აღარ იმსახურებს, იმდენად აირია პოლიტმონასტერი). ჰოდა, შესაძლოა, ამიტომაც, შსს-ს ცნობით, საქართველოს ტერიტორიულმა წყლებმა „ნატოს“ მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთს (SNMG2) უმასპინძლა.

აქვე გულსაც გაგიკეთებთ (აბა – ჩვენ კაი ხანია, მხოლოდ საზღვაო-საპატრულო კატარღების იმედად ვართ) შენაერთის შემადგენლობაში იყვნენ: საფლაგმანო ხომალდი CRISTOBAN COLON (ესპანეთი), REGINA MARIA (რუმინეთი), KEMALREIS (თურქეთი) და SMELI (ბულგარეთი).

გვაუწყებენ, რომ სტუმრობის მიზანი საქართველოსა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება გახლდათ.

ოღონდ, რაკი კორონაპანდემიააო, შეხვედრები დისტანციურად გამართეს, აი, დაგეგმილ ერთობლივ წვრთნებში კი მხოლოდ ხომალდებმა მიიღეს მონაწილეობა, ეკიპაჟები დისტანციას იცავდნენ.

ზემოაღნიშნულმა ხომალდებმა უკვე დატოვეს ჩვენი ტერიტორიული წყლები და ისინი ჩვენმა სანაპირო კატარღებმა გააცილეს. მესმის, რომ ცოტა ანეკდოტივითაა – თუმცა, სინამდვილეში, აი, შევარდნაძის მმართველობიდან მოყოლებული ყველა, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა, რომ საქართველოს ფლოტი არ ჰყოლოდა, უნდა მიაყენო და ოთხივე ზემონახსენები ხომალდი უხელთათმანო ხელებითა და ცივი წყლით ახეხინო!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი