პოლიტიკა

„ჰომო-სოვეტიკუსის“ მეორე სიცოცხლე

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 02.03, 2021 წელი

„ჰომო-სოვეტიკუსის“ მეორე
სიცოცხლე
დაკოპირებულია

                                                  ანუ როგორ მიიძინა ჰომო-საპიენსმა

შესაძლოა, სწორედ იმიტომ, რომ ჰომო-სოვეტიკუსი ჯერ არ მომკვდარა თვით საქართველოს მოქალაქეშიც კი, ძველი „უფროსი ძმა“ თითქმის მეყსეულად ჩაანაცვლა ახლით – დასავლეთით, უფრორე ამერიკის შეერთებული შტატებით. აქედან გამომდინარე კი, მით უფრო, რომ დასავლეთი ყოვლად შეუმცდარ და მზისდარ მხარედ მიიჩნეოდა (და მართლაც ასეთია სსრკს-სა და რფ-ის ფონზე), ისევე ეთაყვანებოდა და ცმუკავდა ქართული პოლიტიკურ-საზოგადოებრივი სპექტრი ბრიუსელისა და ვაშინგტონისადმი, როგორც ადრე მზე ჩრდილოეთიდან ამოუდიოდათ (ცხადია, გამონაკლისები ყველგან და ყოველთვის იყვნენ და არიან).

მკითხველისთვის რომ ნათელი იყოს, მაინც დავაზუსტებ, ჩემთვის დასავლეთის უპირატესობა ჩრდილოეთზე უპირობოა, სხვა რომ არაფერი, სწორედ, დასავლეთი აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, რფ კი – სამ სახელმწიფოს ამ ერთ საქართველოში, უბრალოდ, მონურ მორჩილებას შევნიშნავ (მონები კი, მოგეხსენებათ, თვით ტირანებსაც კი არ უყვართ), რადგან დასავლეთს ის გამოარჩევს, რომ მისი გადარწმუნებაა შესაძლებელი, განსხვავებით ჩრდილოეთისგან.

ერთი სიტყვით, ისე მოხდა, რომ ეს ჩვენებური ოპოზიცია მამასისხლადაა დასავლელ დიპლომატებთან (განსაკუთრებით, ისინი, რომლებისთვისაც აქამომდე მზე დასავლეთიდან ამოდიოდა, რაც უბრალოდ, იმას მიანიშნებს, რომ აღტაცებაც ფარისევლობა უნდა ყოფილიყო და, ზედაც, ისევ და ისევ ჰომო-სოვეტიკუსობას, რომელიც არ უნდა ემონებოდეს, ან ოქტომბრის დიდი სოციალისტური რევოლუციებისმაგვარს აწყობდეს), მეტიც, მაგალითად, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ ფბ-ში გამოქვეყნებული განცხადების ქვეშ (არადა მხოლოდ კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებენ პოლიტიკურ მხარეებს) ბოტ-ტროლები და ზოგჯერ ძალიანაც კონკრეტული ადამიანები ისეთი უშვერი სიტყვებით ლანძღავენ საელჩოს, აი, რუსეთის მისამართითაც რომ არ მომისმენია, ეგრეთ წოდებული, მედასავლეთეებისგან.

ჰომო-სოვეტიკუსი იქით იყოს და აშკარაა – ჰომო-საპიენსსაც საღათას ძილით ჩასძინებია, თუ, რასაკვირველია, მზის ისევ ჩრდილოეთიდან ამოსვლას არ მოელიან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი